მოგეხსენება, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას ყველაზე დიდი ხარჯი ავიაბილეთია. მისი იაფად ყიდვა თითქმის შეუძლებელია. მართალი გითხრა, ბილეთში კოლოსალური თანხის გადახდა არ მიყვარს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ბევრი ვეძებო და ავიაბილეთები იაფად ვიპოვო. მართალია, Wizzair-ის ბილეთები შედარებით იაფია, მაგრამ ზოგჯერ ეს მიმართულებები სადაც კომპანია ოპერირებს საკმარისი არაა. სხვა ქვეყანაში მოგზაურობა კი ძვირი ჯდება. ამ პოსტში კი ჩემს ყველა ხრიკსა და რჩევას გაგიზიარებ.
ზოგადი რჩევები თუ როგორ ვიპოვოთ ავიაბილეთები იაფად
- პირველ რიგში დაიმახსოვრე, რომ ბილეთების იაფად მოძიებას დიდი დრო და ენერგია ჭირდება.
- აუცილებლად გამოიყენე Chome-ის ინკოგნიტო ფანჯარა. საძიებო სისტემები შენს ყველა ნაბიჯს კარგად აკვირდებიან, ამიტომ ხშირად უფრო მაღალ ფასს განახებენ.
- ავიაბილეთი მინიმუმ ოთხი თვით ადრე შეიძინე. ჩემი გამოცდილებით ბილეთის ყიდვა ყველაზე ხელსაყრელი ექვსი თვით ადრეა.
- გამოიწერე საიტის “ნიუსლეთერი” ან ფასის ცვალებადობის მანიშნებელი ელ.ფოსტა.
- თუ არჩეული ქვეყნის კარგად დათვალიერებას აპირებ, ბილეთი ერთი მიმართულებით იყიდე და სხვა ქალაქიდან დაბრუნდი უკან.
- მოიწონე კომპანიების სოციალური ქსელის გვერდები. დიდი შანსია აქციას გამოკრა ხელი.
- ბილეთები Kiwi-ზე, Skyscanner-სა და eDreams-ზე მოძებნე.
დაყავი ბილეთი რამდენიმე მიმართულებად
ალბათ არასდროს გიფიქრია ბილეთის რამდენიმე მიმართულებად დაყოფაზე. ახლავე აგიხსნი რას ვგულისხმობ. ჩემი დაკვირვებით, იმ აეროპორტიდან უფრო იაფია გაფრენა რომელიც ყველაზე დატვირთულია. ჩვენს შემთხვევაში ასეთი სტამბოლის აეროპორტია.
მოგეხსენება, რომ თბილისიდან ფრენა საკმაოდ ძვირია. ასე რომ ბილეთის დაყოფა თბილისი-სტამბოლი და შემდეგ სტამბოლი-[ნებისმიერი მიმართულება] უფრო იაფია ვიდრე პირდაპირ თბილისი-[ნებისმიერი მიმართულება].
აი მაგალითად, სექტემბერში ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილში მივდივარ.
ავიაბილეთის ფასი, ერთ კაცზე, თბილისი-დუბროვნიკი Skyscanner-ზე:

ახლა კი ჩემს მიერ, იანვარში, ნაყიდ სტამბოლი-დუბროვნიკის ბილეთის ფასს შეხედე. გარდა იმისა რომ ბილეთში, ორ კაცზე $124.88 გადავიხადე, ათენის დათვალიერებასაც შევძლებ. ასეთ გრძელ მანძილზე პირველად ვიყიდე ბილეთი ასე იაფად.

თბილისი-სტამბოლის ავიაბილეთი კი დაახლოებით იგივე ღირს და სადღაც $60-70-ის ფარგლებში მერყეობს. თან ძვირადღირებული ბილეთით მოსკოვის აეროპორტში 14 საათის გატარება მომიწევდა!
დარწმუნებული ვარ ფიქრობ უკანა გზაზე რას ვაპირებ, არა? მაქამდეც მივალ.
ბილეთის ფასი ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე გადაამოწმე
როდესაც ყველაზე ხელსაყრელ ბილეთს იპოვი, მაშინვე ნუ იყიდი. საიტები რომლებიც სხვადასხვა ავიაკომპანიის ბილეთებს გაჩვენებს, დიდი ალბათობით, სერვისის თანხას ამატებს.
ამიტომ, თუ ავიაბილეთები იაფად გინდა იყიდო, ერთ-ერთი ხრიკი, ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე გადამოწმებაა. სავარაუდოდ, ფასი იქ ფასი შეიძლება უფრო დაბალი იყოს.

თუმცა, გაითვალისწინე, რომ როდესაც ფრენის ბილეთებს წინასწარ ყიდულობ, საავიაციო კომპანიის ვებგვერდმა შეიძლება ყველა რეზულტატი არ გიჩვენოს. მე ასეთი რამ შემემთხვა: როდესაც Skyscanner-ის მეშვეობით Aegean Airlines-ის ბილეთი ვიპოვე, ოფიციალურ საიტზე სექტემბრის თარიღები ჯერ არ ქონდათ დამატებული. ამიტომ, ჩემს მესამე საყვარელ საიტ eDreams-ზე მოვიძიე და ავიაბილეთიც იქ ვიყიდე.
ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება. ასეთ საიტებზე უფრო დაბალია ბილეთის ღირებულება ვიდრე ოფიციალურ საიტებზე. ამიტომაა საჭირო ყველაფრის კარგად გადამოწმება.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ავიაბილეთის იაფად ყიდვას დიდი დრო და ენერგია მიაქვს.
დააყენე ფასის ცვალებადობის მანიშნებელი

Skyscanner-ს ერთი ძალიან კარგი ფუნქცია აქვს. თუ ავიაბილეთის ფასი იცვლება, ელ.ფოსტაზე მოგდის შესაბამისი წერილი და თუ ასეთ ცვლილებას დაინახავ აუცილებლად სწრაფად უნდა იმოქმედო. სამწუხაროდ ცოტა ხანი დამიგვიანდა და ბილეთი უკვე გაძვირებული დამხვდა. ორ ავიაბილეთში $88 გადავიხადე.
უკან დასაბრუნებელი ბილეთი
ხორვატიაში 20 დღის გატარებას ვგეგმავ. მოგზაურობას დუბროვნიკიდან ვიწყებ, ქვეყნის სანაპიროს მივუყვები და ბოლოს დედაქალაქში ვამთავრებ ტურს. ზაგრები-თბილისი ან ზაგრები-სტამბოლის ავიაბილეთების ფასი კი საკმაოდ ძვირია.


ზაგრებიდან ყველაზე ახლო ქალაქი სადაც Wizzair დაფრინავს ბუდაპეშტია. კიდევ ერთი ქალაქის ნახვის შესაძლებლობა! აქ 2012 წელს, უნივერსიტეტიდან ვიყავით ბავშვები ექსკურსიაზე. ახლა კი იმის დათვალიერება შემიძლია რაც მაშინ ვერ მოვახერხე, თან ოთოც არაა ნამყოფი.
ბუდაპეშტი-ქუთაისის ავიაბილეთი უფრო ძვირი დამიჯდა, ვიდრე ვგეგმავდი. ისიც იმიტომ რომ ვერ ჩამოვყალიბდი კიდევ მინდოდა რომელიმე ქვეყანაში გადასვლა თუ არა. აქამდე თუ ვერ მიხვდი, პირდაპირ გეტყვი: მაწანწალა ვარ! :)
საბოლოოდ რამდენი დავზოგე?
ორ კაცზე: თბილისი-დუბროვნიკი $478 + $133 ბუდაპეშტი-ქუთაისი = $611
ჩემი ხარჯი ორ კაცზე: თბილისი-სტამბოლი $88 + სტამბოლი-დუბროვნიკი $124.88 + ბუდაპეშტი-ქუთაისი $133 = $345.88
დანაზოგი: $265.12
როგორ ვიყიდოთ ავიაბილეთები იაფად Kiwi.com-ის საშუალებით
Kiwi.com ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საძიებო პლატფორმაა. აქ ყველაფერია, რის საშულებითაც ჩემს სასურველ მიმართულებებზე ყოველთვის ვახერხებ იაფი ფრენების პოვნას. ჰოდა, თუ როგორ იფრინო Kiwi-ის საშუალებით უფრო იაფად, აქ ჩამოვწერ რჩევებს:
მოძებნე ბილეთი „ნებისმიერ ადგილას“ და „ნებისმიერ დროს“ გრაფის მეშვეობით
არაერთხელ აღმინიშნავს, რომ იაფი მოგზაურობის დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია დროსა და სივრცეში თავისუფალი და მოქნილი იყო. ამ გრაფაში შენი ადგილმდებარეობიდან გიჩვენებს ყველაზე იაფ ფრენებს ყველგან, მთელი წლის განმავლობაში. Kiwi-ზე ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბიუჯეტურ ფრენებს ტოპ-ქვეყნების მიმართულებით კი გიჩვენებს, მაგრამ დამატებით სხვა ადგილებსაც გიჩვენებს და თან ამ ყველაფერს ფასებთან ერთად რუკაც აქვს თანდართული. როგორც კი უფრო დეტალურად ეცდები ჩაუღრმავდე, იქვე გაწვდის ფრენის დეტალურ ინფორმაციას და გეუბნება, თუ რამდენი ღამე შეგიძლია დარჩე იქ.
ქვეყნის არჩევის შემდეგ, ვებგვერდი გიჩვენებს ავიახაზებს, ფასებს, თარიღებსა და ღამეების რაოდენობას. შემდეგ შეგიძლია, შენთვის ყველაზე ხელსაყრელი აარჩიო. ასევე დამატებით გითვლის, თუ რამდენს დაზოგავ, შენთან ახლოს არსებული სხვა აეროპორტით თუ ისარგებლებ.
თუ ფასი მაინც გეძვირება, იქვე არის „უიაფესი“ განყოფილება, რომელიც იმ ქვეყნის მიმართულებით გადაადგილების ყველაზე იაფ საშუალებებს გაჩვენებს. როგორც ადრე აღვნიშნე, მსგავსი ფრენები რამდენიმე გადაჯდომას გულისხმობს და გაცილებით ხანგრძლივია, თუმცა აქაც შეიძლება დადებითი დეტალის დაჭერა – შეგიძლია ის ქალაქი მოინახულო, სადაც ხანგრძლივი გადაჯდომა გიწევს.
სასურველი ქვეყნის მიხედვით ძებნა
თუკი უკვე წინასწარ იცი, რომელ ქვეყანას გინდა ესტუმრო, მაგრამ ქალაქი დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა, შეგიძლია „კენ“ გრაფაში ქვეყნის სახელი ჩაწერო და საუკეთესო ვარიანტებს თვითონ შემოგთავაზებს. ესეს ერთ-ერთი ხრიკია რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ და ავიაბილეთები იაფად გამომდის. მაგალითად, თბილისი-თურქეთის ორმხრივი ფრენის ძებნის შემთხვევაში, როცა დრო არ გაქვს მითითებული, შედეგები ასე გამოიყურება:

თუკი, ღამეების მოცემული რაოდენობა ძალიან ბევრია შენთვის, შეგიძლია თარიღებს დააჭირო და ამ თვის ყველაზე იაფი ფრენები ნახო. მაგალითად, თბილისი-თურქეთი 5-14 მარტიდან: ყველაზე იაფი ფრენებია: თბილისი-სტამბული 135$, თბილისი-ანკარა 186$ და თბილისი-ანტალია 191$
ფასების ცხრილი
Kiwi-ის მორიგი დადებითი მახასიათებელი ფასების ცხრილია. როდესაც ქვეყანას აარჩევ და ავიახაზების მიერ შეომოთავაზებულ ფრენის თარიღებს ნახავ, შეგიძლია ფასების ცხრილიც შეამოწმო და შედარო, სხვა რიცხვში უფრო იაფი ხომ არ არის ფრენა, ვიდრე Kiwi-მ შემოგთავაზა.

თარიღის მიხედვით ძებნა
თუ კერძო თვეს ან თარიღზე გინდა გამგზავრება, მაშინ Kiwi ამ მითითებული თარიღებისთვის გიჩვენებს საუკეთესო ვარიანტებს. მაგალითად, თუ 1-10 მარტის ჩათვლით გაწყობს გაფრენა ნებისმიერ დღეს და უკან უნდა დაბრუნდე 14-15 მარტს, სხვა ძებნების მსგავსად, Kiwi გიჩვენებს ფასს, ღამეების რაოდენობას, ავიახაზებს და ფრენის თარიღებს და შენ ისღა დაგრჩენია, შენთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ამოარჩიო.

ძებნის გაფილტრვა
როცა იაფიან ბილეთებს ამოგიყრის, შემდეგ სხვადასხვა კრიტერიუმებით მათი გაფილტრვაც კი შეგიძლია, მაგალითად: ტრანსპორტის სახეობა (ფრენა, მატარებელი, ავტობუსი), გაჩერებები (უწყვეტი, 1, 2 და ა.შ.), ფრენის ხანგრძლივობა, ბარგის რაოდენობა, ჩაფრენის დღის ზუსტი საათი, კვირის დღეები, ავიახაზები და აეროპორტები.
Nomad, ანუ ე.წ „მომთაბარე“ ბილეთი
Kiwi-მ ახალი ფუნქციაც დაამატა, სახელად – მომთაბარე. ეს გულისხმობს მოგზაურობის იმ ტიპს, როდესაც რამდენიმე ადგილას მიდიხარ და ერთდროულად გჭირდება ყველა ბილეთის ყიდვა. ამ ქალაქებს შორის გიჩვენებს ფრენების, ავტობუსისა და მატარებლის განრიგებს ფასებითურთ.

ეს ყველაფერი კი შემდეგნაირად გამოიყურება: ჩაწერ გასვლის ადგილსა და დროს, შემდეგ მონიშნავ საწყის ადგილას ბრუნდები თუ არა, შემდეგ – თარიღს. თარიღის არჩევისას შეგიძლია „ნებისმიერ დროს“ მიუთითო ან ჩაწერო რამდენ ღამეს აპირებ დარჩენას ქვეყნის გარეთ.
სხვა დაგეგმილი ადგილებიც უნდა მიუთითო დასარჩენი ღამისთევების რაოდენობასთან ერთად. მაგალითად, ვთქვათ პრაღაში მიფრინავ და ასევე გინდა ვენასა და ბუდაპეშტში გადახვიდე. ჩემი აზრით, აპლიკაციის ეს ფუნქცია ძალიან კარგია მათთვის, ვისაც მეტი დრო აქვს სხვადასხვა ქალაქებს შორის სახეტიალოდ.
როგორ ვიყიდოთ ავიაბილეთები იაფად Skyscanner-ის საშუალებით
Skyscanner-ი ერთ-ერთი საიტია, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ ავიაბილეთების მოსაძებნად ან ფასების შესადარებლად. ყველა ასეთი საიტი სხვადასხვა ფასს გაჩვენებს. არავის უყვარს იმის აღმოჩენა, რომ იგივე ბილეთი სხვა საიტზე შეიძლება უფრო იაფად ეყიდა. ამიტომ, რამოდენიმე საიტს ვამოწმებ და ამის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას.
ბევრი მიზეზია რატომ მირჩევნია Skyscanner სხვა მსგავს საიტებს. მას რამდენიმე ძალიან კარგი ფუნქცია აქვს, რომელიც იაფფასიან ავიაბილეთებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგაძებნინებს.
როცა მოგზაურობას ვგეგავ და რომელიმე კერძო მიმართულება არ მაქვს წინასწარ განსაზღვრული, მიყვარს სავარაუდო ვარიანტების დათვალიერება. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქალაქის ან ქვეყნის ჩაწერა დამღლელია და თან შეიძლება იმ მომენტში არც გაგახსენდეს რომელიმე ქვეყანა. ამისთვის არსებობს კარგი ფუნქცია:
ძიება „ყველგან“ (Everywhere)
ავიაბილეთების იაფად შეძენის ერთერთი გზა To: ველში ყველგან (everywhere) მითითებაა. ეს ფუნქცია მაშინ გამოგადგება, როდესაც ჯერ არ იცი კონკრეტულად სად გინდა გამგზავრება. საიტი კი იმ ქალაქების/ქვეყნების სიას გაჩვენებს სადაც შეგიძლია კონკრეტული ქალაქიდან გაემგზავრო. თან მიახლოებით ფასსაც აქვე განახებს.
ამის შემდეგ შეგიძლია მგზავრობის თარიღიც მიუთითო.
ხოლო, თუ არც თარიღი გაქვს ჯერ არჩეული და ყველაზე იაფი ვარიანტი გაინტერესებს, მაშინ წაიკითხე შემდეგი რჩევა.
აირჩიე „იაფი თვე“
ეს ფუნქცია თარიღის ველზე ღილაკის დაჭერისას ჩანს და მაშინაც გამოგადგება თუ დანიშნულების ადგილიც იცი, მაგრამ არ გაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ თვეს გინდა გამგზავრება.

ხოლო თუ გამგაზვრების თვე უკვე არჩეული გაქვს, მაგრამ არ იცი რომელ რიცხვში გაემგზავრო, ავიაბილეთების იაფად შეძენის კიდევ ერთი გზა „მთლიანი თვის“ (whole month) არჩევაა. ამ ფუნქციის მეშვეობით საიტი გაჩვენებს რომელი თარიღის ბილეთის ფასია ყველაზე იაფი.
დააყენე ფასის შეტყობინება (Price Alart)
მოდი ვივარაუდოთ, რომ შენ უკვე არჩეული გაქვს მიმართულება და ავიაბილეთის ფასიც იცი. მაგრამ იქნებ ჯერ არ ხარ მზად ბილეთის შესაძენად ან ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულხარ გინდა თუ არა ამ ქვეყანაში გამგზავრება?

სწორედ ასეთი სიტუაციებისთვისაა ფასის შეტყობინების ფუნქცია Skycanner-ზე. თუ შენს მიერ არჩეული ბილეთის ფასი იცვლება, წერილი ელ.ფოსტაზე მოგდის და ამის შესახებ გატყობინებს.
სწორად, ასე შევძელი თბილისი-სტამბოლის ბილეთის ყიდვა $25 დოლარით იაფად.
ფასის შეტყობინების დაყენება ყველაფერზე შეგიძლია – კონკრეტული მიმართულება თარიღით, „ყველგან“ და „იაფი თვე“ ფუნქციების გამოყენებით.
მაგალითად, ავიაბილეთების იაფად შეძენისთვის დაყენებული მაქვს ფრენა ნებისმიერი მიმართულებით ქუთაისიდან და თბილისიდან. Skyscanner-ი კი ფასის ცვლილების შესახებ კვირაში რამდენჯერმე მატყობინებს.
როგორ ვიყიდოთ ავიაბილეთები იაფად Secret Flying-ის საშუალებით
Secret Flying მორიგი გადასარევი ვებგვერდია, სადაც მსოფლიოში ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლია იაფი ფრენების პოვნა. დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ აქ შემოთავაზებული ფრენები ეხება ამერიკის, ბრიტანეთის, ინდოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ევროპის, ჩინეთის და ა.შ. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს.

სამწუხაროდ, თბილისიდან ფრენებზე შემოთავაზებები არ არის, მაგრამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ნახავ გადასარევ შემოთავაზებებს. აი, რამდენიმე დღის წინ, ლონდონიდან მაროკოში ორივე გზა 27GBP ღირდა!
რასაც დავაკვირდი, Secret Flying ძალიან კარგია, როდესაც შორ დისტანციაზე მიფრინავ, მაგალითად, ევროპიდან ვიეტნამში, ბანგკოკში ან ბრაზილიაში, ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპაში, აზიაში ან სამხრეთ ამერიკაში.
ისეთი მოცლილი და გადარეული ნამდვილად არ ვარ, Secret Flying ყოველდღე ვამოწმო. უბრალოდ, მათი ფეისბუქგვერდი მაქვს მოწონებული და ყოველთვის, როგორც კი რაიმე ახალს დაწერენ, ეგრევე მიხტება სიახლეებში. ამისათვის საჭიროა, რომ მოიწონო მათი გვერდი და გამოწერის ველში დააჭირო პირველ რიგში ნახვა-ს ან იგივე გააკეთო ტვიტერზე.