ესპანეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროზე მდებარე კოსტა ბლანკას დედაქალაქი ალიკანტე საშუალო ზომის ქალაქია, რომელიც თავისი გამორჩეული მახასიათებლებით, კლიმატით, კულტურული მემკვიდრეობითა და ბუნებრივი ძეგლებით ადგილობრივებისა და უცხოელი მოგზაურებისთვის აუცილებლად სანახავ ქალაქთა სიაში მოექცა. მართლაც, ვინ იტყვის უარს 18C სითბოსა და წლის განმავლობაში 3,000 მზიან საათზე ძირითადად მოქუფრულ ევროპაში? მგონი, რომ არც არავინ. მაშ ასე, აქ ჩამოწერილია ალიკანტეში 3-დღიანი არდადეგებისთვის სრულიად საკმარის აქტივობათა სიას.
სად მდებარეობს ალიკანტე?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ალიკანტე კოსტა ბლანკას დედაქალაქია და მდებარეობს ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს არე მდიდარია პატარა და საშუალო ზომის ზღვისპირა ქალაქებით, როგორიცაა ბენიდორმი, ხავეა, კაპლე, ტორევიეხა, ვილახოიოსა, ალტეა და ა.შ.

როგორ ჩახვიდე ალიკანტეში?
ალიკანტე სატრანსპორტო საშუალებებით ძალიან კარგად უკავშირდება ესპანეთის დანარჩენ ნაწილებსა და ევროპის ქვეყნებს. იგი საპორტო ქალაქია და შესაბამისად, აქ მოხვედრა სხვადასხვა საშუალებებით არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ალიკანტეს აეროპორტი „ელჩე“ ემსახურება შიდა და საერთაშორისო ავიახაზებს. ყველაზე იაფად ამ მიმართულებით ესპანური დაბალფასიანი ავიახაზი Vueling დაფრინავს. მე ბარსელონადან გავფრინდი და ორივე გზა $55-მდე დამიჯდა, მაგრამ თუკი ბილეთს წინასწარ, გარკვეული დროით ადრე იყიდი, უფრო იაფადაც იფრენ.

თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებას ანიჭებ უპირატესობას, აქ ავტობუსითაც და მატარებლითაც მოხდვები. მადრიდიდან ალიკანტეში ჩქაროსნული მატარებელი სულ რაღაც 2 საათში ჩადის. ბორანები დაცურავენ მხოლოდ ალგერიადან და ბალეარის კუნძულებიდან (იბერიული ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან არსებული არქიპელაგი).
როგორ მოხვდე ალიკანტეს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
ალიკანტეს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე პირდაპირ მიგიყვანს ავტბუსი C6, რომელიც გზად გაჩერდება მატარებლის, ავტობუსის, ტრამვაის გაჩერებებსა და პორტში. ავტობუსი დადის ყოველ 20 წუთში ერთხელ, ხოლო 22:00-დან 06:00-მდე შუალედში – 1 საათში ერთხელ. მგზავრობა ერთი მიმართულებით ღირს €3.85. ბილეთის ყიდვა ადგილზევე, მძღოლთანაც არის შესაძლებელი.
გაითვალისწინე: თუკი ტორევიეხაში მიდიხარ, ალიკანტეს აეროპორტიდან ამ მიმართულებითაც შევნიშნე პირდაპირი ხაზის ავტობუსები.
ალიკანტეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მარტივი სქემა
ალიკანტე ფეხით სასიარულო ქალაქია. მე მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუკი, შენ ქალაქის დათვალიერებას ტრანსპორტით ამჯობინებ ხოლმე, მაშინ ტრამვაის ქსელი ზედგამოჭრილია შენთვის.
ალიკანტეს მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტრამვაია, რომელიც არამხოლოდ ქალაქის ცენტრსა და პერიფერიაში დადის, არამედ კოსტა ბლანკას ახლომდებარე ქალაქებისკენაც. მაშ ასე, ტრამვაის ხაზს აქვს 6 ზონა: A, B, C, D, E, F და 6 ხაზი. ბილეთის ყიდვა შეგიძლია ტრამვაის სადგურზე ავტომატიდან. აქ შეგიძლია ტრამვაის რუკას გაეცნო.
ზონა A ქალაქ ალიკანტეს მოიცავს და ერთი ბილეთი €1.35 ღირს. ფასი ზონის შესაბამისად იზრდება. მაგალითად, წრიული მგზავრობა A ზონიდან B ზონაში €4.25 დაგიჯდება, A-დან C-მდე და უკან – €6.40, A – D – €5.25 და ა.შ.
თუკი ალიკანტეში ყოფნისას საზ.ტრანსპორტის ხშირად გამოყენებას აპირებ, სჯობს შეიძინო ბარათი Bono 10 ან Bono 30, რომელიც შესაბამისი რაოდენობის მგზავრობას მოიცავს ამ ზონებში. Bono ბარათების ფასი იცვლება იმ ზონების მიხედვით, სადაც იმგზავრებ. ფასები შეგიძლია აქ შეამოწმო.
რა ვნახოთ ალიკანტეში?
ესპანეთის ესპლანადა
ქალაქის მთავარი სასეირნო ადგილი პალმის ხეებითა და 6.5 მილიონი მარმარილოს ფილით ტალღოვან ფორმას ქმნის. პრომენადი, რომელიც ალიკანტეს პორტში იწყება და მარკ ჰერშის ქანდაკებასთან სრულდება ბევრი ადგილობრივისა თუ უცხოელი მოგზაურის შეხვედრის, დასვენების და გართობის ადგილია.
სანტა კრუზის უბანი
სანტა ბარბარას ციხე-სიმაგრისკენ მიმავალი ეს ფერადი უბანი ალიკანტეში ყოფნისას აუცილებლად უნდა დაათვალიერო. ალიკანტეს ძველი ქალაქის ამ ნაწილის ვიწრო ქუჩებში პატარა, თეთრი სახლები დგას ფერადი კარებით, აივნებით, ფანჯრებითა და ყვავილების ქოთნებით.
L’Erata-ს პარკი
სანტა კრუზის უბნის ბოლოს L’Erata-ს პარკში ამოჰყოფ თავს, რომელიც ზუუსტად მთა ბენაკანტილის ძირში მდებარეობს. პარკი ზუსტად სანტა ბარბარას ციხე-სიმაგრეს, პოშტიგეტის სანაპიროსა და პორტს შორის მდებარეობს.

პარკიდან ულამაზესი პანორამული ხედებია ხმელთაშუაზღვის ფონზე ჩალაგებულ ფორთოხლისფერ სახურავებზე.
მე გირჩევ, სანტა ბარბარას ციხე-სიმაგრის დათვალიერების შემდეგ პარკიდან სანაპიროს მიმართულებით გაუყვე გზას. ეს ბილიკი სავსეა გასაოცარხედებიანი ჩამოსაჯდომი ადგილებით.
სანტა ბარბარას ციხე-სიმაგრე
მთა ბენაკანტილზე მდებარე სანტა ბარბარას ციხე-სიმაგრის უნახავად ალიკანტეს დატოვება არაფრით შეიძლება. არაბული წარმოშობის ციხე-სიმაგრე შუასაუკუნეების ესპანეთის ყველაზე მასიური ძეგლია ალიკანტეს სანაპიროზე ულამაზესი ხედით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნაგებობის ორიგინალი დღემდე არ შემორჩენილა და რასაც ნახავ, სრულიად რეაბილიტირებული ვერსიაა.

ალიკანტეს თითქმის ყველა ისტორიული ამბავი სწორედ ამ ციხე-სიმაგრეს უკავშირდება და აქედან გამომდინარე, ის, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს აქ პატიმრებიც კი ჰყავდათ.
ციხე-სიმაგრის ტერიტორია საკმაოდ დიდია და ხმელთაშუაზღვის გასაოცარ ხედებს გადაჰყურებს. ამიტომ, აქაურობის მთავარი ადგილების დასათვალიერებლად 1 საათი აუცილებლად გამოყავი. ზოგიერთ ოთახში სხვადასხვა ტიპის გამოფენებიც კი არის განთავსებული.
ასევე გირჩევ რაიმე წასახემსებელი გაიყოლო, რადგან აქ კი ბევრი კაფეა, მაგრამ თან ძვირიცაა და თან გადატვირთულიც.
თუ მოისურვებ პოშტიგეტის პლაჟიდან ციხე-სიმაგრემდე ლიფტიც ფუნქციონირებს.
სამუშაო საათები:
- ზაფხული: აპრილი – სექტემბერი 10:00-22:00; ლიფტი 10:00-20:00
- ზამთარი: ოქტომბერი-მარტი 10:00-20:00; ლიფტი 10:00-20:00
წმინდა მარიას ბაზილიკა
წმინა მარიას ბაზილიკა XIV-XVIსს-ებში აშენდა დიდი მეჩეთის ნანგრევებზე. ნაგებობა ვალენსიურ გოთურ სტილშია აგებულია და უძველესი ეკლესიაა ქალაქში. მას ჯვრის ფორმა და 6 სამლოცველო აქვს. აქ დაცულია ძალიან ფასეული ხელოვნების ნიმუშები და დოკუმენტები.
წმ. ნიკოლოზის კათედრალი
ბარელი წმინდა ნიკოლოზისადმი მე-17 საუკუნეში მიღძვნილი რომაული კათოლიკური კათედრალი ასევე ეპისკოპოსის რეზიდენციასაც წარმოადგენს. წმ. მარიას ბაზილიკის მსგავსად ესეც მეჩეთის ნანგრევებზე აშენდა.
ნაგებობა ჰერარიულ რენესანსულ სტილშია აგებული და განსაკუთრებულია იმით, რომ ლურჯი გუმბათი ჯვრის ზემოთ 45 მეტრის სიმაღლეზე ადგას. ეს კათედრალი ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო კონსტრუქციაა ძველ ალიკანტეში.
სან ფრანცისკოს ქუჩა
სან ფრანცისკოს ქუჩა საფეხმავლო არეა, რომელიც სავსეა სოკოების ქანდაკებებით, კაფეებით, სუვენირების მაღაზიებითა და რესტორნებით. ნამდვილად ღირს აქ ერთხელ ჩასეირნება და სახალისო სურათების გადაღება.

ცენტრალური ბაზარი (Mercado Central)
მიუხედავად იმისა, პროდუქტების ყიდვასა და სახლში მომზადებას აპირებ თუ არა, ალიკანტეს ცენტრალუ ბაზარს აუცილებლად უნდა ესტუმრო. 1910-იან წლებში აგებული შენობა ფასეულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. 11,000კვ მეტრზე განთავსებულ ბაზარს მართკუთხედის ფორმის იატაკი აქვს, რომელიც ბაზილიკის სქემას იმეორებს.

დაახლოებით 245-მდე დახლზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის პროდუქტის ეპიცენტრში მოხვედრა ნამდვილად განგაცდევინებს ალიკანტეს ავთენტურ გარემოსა და ენერგიას. შეიძლება, არც არაფერი იყიდო, მაგრამ აქ შეძლებ გემრიელად ისაუზმო, ძალიან კარგი ყავა დალიო და ადგილობრივი პროდუქტი დააგემოვნო.
- სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 07:30-14:30. კვირას დაკეტილია
მოინახულე მუზეუმები
ალიკანტეში ჩემი ყოფინსას, საკმაოდ ძლიერად წვიმდა მთელი დღე. თუ შენც წვიმიანი პერიოდი დაგემთხვევა, სახლში არ დარჩე, მშვიდად, წყნარად დაგეგმე დღე. მოიმარჯვე საწვიმარი ან ქოლგა და ჩამოუყევი ალიკანტეს მუზეუმებს, რომელიც ჩემდა გასაკვირად, არცთუ ისე ცოტა აღმოჩნდა აქ.
ნამდვილად არ დავიწყებ მუზეუმებში გამოფენების დეტალურ აღწერას, უბრალოდ განსაკუთრებულად საინტერესოებზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. და აქვე დავსძენ, რომ თუ ალიკანტეში უფასო აქტივობები გაინტერესებს, მაშინ აქ ყველა მუზეუმში შესვლა სრულიად უფასოა.
MACA თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რომელიც სანტა მარიას ბაზილიკის მიმდებარედ მდებარეობს, გამოფენილია მე-20 საუკუნით დათარიღებული ნიმუშები, მათ შორის პიკასო, ჩილიდა, მირო, დალი და ა.შ.

თუ ანტიკური ალიკანტე გაინტერესებს, მაშინ პროვინციის არქეოლოგიურ მუზემ MARQ-ს უნდა ესტუმრო, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე მუზეუმად მიიჩნევა თავისი საკთხისადმი ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი აუდიოვიზუალური ტექოლოგიის გამო.
ადგილობრივი, ალიკანტელი არტისტებით თუ დაინტერესდები, მაშინ MUBAG-ს (გრავინას სახვითი ხელოვნების მუზეუმს) უნდა ეწვიო. თუ ოკეანე და ზღვაოსნობა გაინტერესებს, მაშინ აუცილებლად ესტუმრე ვოლვოს საწყალოსნო მუზეუმს, სადაც ძალიან დიდ ინფორმაციას მიიღებ მეზღვაურებსა და ოკეანის დამალულ საიდუმლოებებზე.
ალიკანტეს საუკეთესო სანაპიროები გარუჯვისა და რელაქსაციისთვის
სხვა საინტერესო ადგილების პარალელურად, ალიკანტეში უამრავი ძალიან კარგი სანაპირო და პლაჟია. ალიკანტეს ცენტრალური პლაჟი ზუსტად სანტა ბარბარას ციხე-სიმაგრის ქვეშ მდებარე პოშტიგეტიას პლაჟია – ქვიშიანი, უსაყვარლესი პრომენადე, მშვენიერი ხედებით. თუ მოგშივდება ან მოგწყურდება, აქვეა უამრავი კაფე.
მორიგი, ყველასთვის ყოველთვის საყვარელი სანაპიროა – სან ხუანი. გაითვალისწინე, რომ სან ხუანი 9კმ-ში მდებარეობს პოშტიგეტიდან, მაგრამ ამსათანავე საუკეთესო ადგილია წყლისქვეშა აქტივობებისთვის. თუკი ნაკლებად ხალხმრავალ სანაპიროს ეძებ, მაშინ ქალაქიდან 5კმ-ში მდებარე ალბუფერატას პლაჟს ესტუმრე.
მოინახულე ალიკანტესთან ახლოს მდებარე ქალაქები
ალიკანტეს მდებარეობიდან გამომდინარე, კოსტა ბლანკას სრულად დათვალიერება ძალიან მოსახერხებელია. სამწუხაროდ, მე ბევრი დრო არ მქონდა, რომ რეგიონის პატარა და საყვარელი ქალაქები დამეთვალიერებინა, მაგრამ ჩემი მიზანი იყო ფერად ქალაქ ვილახოიოსას დათვალიერება და ტორევიეხას ვარდისფერ ტბის სანაპიროზე გასეირნება. კოსტა ბლანკაში სამოგზაუროდ, საუკეთესო ვარიანტია მანქანის დაქირავება. თუმცა, თუ ბევრი დრო გაქვს, ტრამვაითაც სრულად შესაძლებელია კოსტა ბლანკას მოვლა.
ჩვენ ერთი დღით მანქანა ვიქირავეთ ალიკანტეში, სიქსტზე. მაგრამ შენ თუ ტრამვაით გირჩევნია გადაადგილება, ბილეთი უნდა იყიდო გაჩერებებზე არსებული ავტომატების საშუალებით. ყველა საჭირო დეტალი მსგავსი ტიპის გადაადგილებაზე ზემოთ ახსნილია „ალიკანტეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მარტივი სქემა“ სექციაში.
ტორევიეხას ვარდისფერი ტბა
ტორევიეხაში ვარდისფერი ტბის დათვალიერებისა და ლაგუნა როსაზე ყოფნის გარდა რა უნდა გააკეთო, ნამდვილად არ ვიცი. როდესაც ამ ტბის შესახებ გადავწყდი ინფორმაციას, იმდენად მოვიხიბლე, რომ ტორევიეხას სხვა ადგილებზე არც კი მიფიქრია (ბოდიში ☹).

კარგი, უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინე, რომ გუგლში ნანახი ფოტოებისგან რეალობა განსხვავდება და როგორც წარმომედგინა ისეთი ნამდვილად არ დამხვდა, მაგრამ ტბა უდაოდ უნიკალური, საინტერესო და სასიამოვნო ადგილია დღის გასატარებლად. და ზოგადად, რამდენად ხშირად სტუმრობ ხოლმე ვარდისფერ ტბას?
ტბას ასე უჩვეულოდ ბაქტერია ალგა ფერავს. ჰალობაქტერია ანუ „მარილოვანი ბაქტერია“ მარილით მდიდარ ადგილებში ცხოვრობს მიკრო-ალგებთან ერთად. სწორედ ამ ორი ინგრედიენტის ურთიერთთანამშრომლობით იხსნება ეს ბუნების სასწაული.

იქვე, ვარდისფერთან ახლოს არის მწვანე ტბაც და ორივე მათგანს ერთად Las Salinas de Torrevieja-თი მოიხსენიებენ. სამწუხაროდ, ჩვენ მწვანეს დასათვალიერებლად დრო აღარ გვეყო.
როგორ მიხვიდე ტორევიეხას ვარდისფერ ტბამდე:
ტბამდე რამდენიმე მისასვლელი არსებობს, ჩვენ სამი სხვადასხვა ვარიანტი ვცადეთ, მაგრამ არცერთი მოგვეწონა, რადგან კარგად არ უდგებოდა ტბას. ამიტომაც არის მანქანის დაქირავება საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში. ჩვენი ფავორიტი შესასვლელი არის მუნერას ქუჩიდან და ვია ვერდედან (Calle Munera and Via Verde de Torrevieja) . ამ ბილიკზე ცოტა ფეხით გავიარეთ და მივადექით ტბას. აქ ყურეც უფრო სუფთაა წყალში შესასვლელად.

გაითვალისწინე: რამდენიმეგან წავიკითხე, რომ მარილიან ტბაში ბანაობა აკრძალულია, სხვაგან კი საწინააღმდეგო ეწერა. ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, თუმცა ტბაში ბანაობა არც გვინდოდა. რამდენიმე სურათი გადავიღეთ და მარილიან ფსკერზე გავისეირნეთ.
ფერადი ქალაქი ვილახოიოსა
თუ ალიკანტესთან ახლომდებარე ქალაქის დათვალიერება გინდა ერთი დღით, ვილახოიოსაში წასვლას გირჩევ. La Vila Joiosa – ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე კოპწიად ჩალაგებული ფერადი სახლებით შექმნილი დასახლება.

ალიკანტედან სულ რაღაც 32კმ-ში მდებარეობს და ტრამვაით ძალიან მარტივად ჩახვალ. ქალაქის სახელი ითარგმნება როგორც „მხიარული ქალაქი“ და აქ ყოფნისას კითხვაც არ დაგჭირდება რატომ, ამ აურას უსიტყვოდ შეიგრძნობ.
ჩვენი იქ ყოფნისას ქალაქი მასპინძლობდა შუასაუკუნოვან გამოფენას და წვრილ, ფერად ქუჩებში ხეტიალის პარალელურად ტკბილეულობას ვაგემოვნებდით. თუ ტურისტული ადგილების დათვალიერება გინდა ვილახოიოსაში, მაშინ აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობებში აქ ამაღლების გოთური ტაძარი შედის. სხვა შემთხვევაში კი, იხეტიალე ქალაქში, დაიკარგე მის ვიწრო ქუჩებში და დაისვენე თეთრქვიშიან სანაპიროზე.
როგორ ჩახვიდე ვილახოიოსაში
თუ ტრამვაით აპირებ ჩასვლას, ვილახოიოსა არის L1-ზე Zona C, წითელი ხაზი. მგზავრობას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება და მთელი ამ დროის განმავლობაში უულამაზესი ხედები გექნება კოსტა ბლანკას პატარ-პატარა ზღვისპირა ქალაქებზე.
სად ვჭამოთ ალიკანტეში?
ალიკანტე გადაჭედილია რესტორნებითა და კაფე-ბარებით, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. მე ბიუჯეტურ და საშუალო-ფასიან ალტერნატივებს მივაგენი, ამიტომ აქ ჩამოვწერ ალიკანტეს საუკეთესო რესტორნების მოკლე სიას.
EL Moli Pan Y Café
მსუბუქი საუზმისა და ლანჩისათვის იდეალურია. ფასები საკმაოდ დაბალია და შესაბამისად, ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. მსგავსი დასახელების რამდენიმე კაფე არსებობს ქალაქში. მე ვიყავი ორგან, ალიკანტეს რკინიგზის ვაგზალთან ლა რამბლაზე და ალიკანტეს ბენუელას უბანში სანტა მარია მაზარელოს ქუჩაზე. უნდა ვაღიარო, რომ ეს უკანასკნელი უფრო მომეწონა.

Restorante El Gusto
განცხადებების მიხედვით ალიკანტეში საუკეთესო პაელა, ქალაქის მთავარი ბულვარისა და პრომენადეს უკან მდებარე რესტორან El Gusto-ში გავსინჯეთ. ესპანეთის მასშტაბით პაელას – ტრადიციული ვალენსიური კერძის – უამრავი განსხვავებული ვარიანტი არსებობს და ამ კერძო რესტორანში ალიკანტესეულ სახეობას ამზადებენ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ ვიგებ, რატომ არის ამხელა ამბავი ატეხილი პაელას ირგვლივ.
ეს ნამდვილად არის გემრიელი კერძი, მაგრამ ჩემი აზრით, ესპანურ სამზარეულოში სხვა გაცილებით საინტერესო და ავთენტური კერძები აქვთ. El Gusto-ს პაელა გემრიელი და სხვადასხვა არომატებით მდიდარი იყო და ერთ ადამიანის პორცია €12 ღირდა.
D’Tablas or Tapa-Cana
საუკეთესო ადგილია ცნობილი ესპანური ტაპების ალიკანტესეული ვარიანტის დასაგემოვნებლად. შესაძლოა, ალიკანტეში სხვაგან უკეთესი ტაპა გასინჯო, მაგრამ აქ გატარებული თითოეული წამი განსაკუთრებულად მახსოვს.

აქ გაწერილი მენიუ სასმელებისთვისაც კი არ აქვთ. შედიხარ, უბრალოდ ადგილს პოულობ და ელოდები სანამ მიმტანი სამზარეულოდან შენს მაგიდამდე არ მოიტანს სხვადასხვა სახეობების ტაპებით დატვირთულ უზარმაზარ ლანგარს, რომ სწორედ ისინი აარჩიო, რომელიც გაგიხარდება. ყველა სინზე განსხვავებული საკვები დევს.
ეს შესაძლოა იყოს ზღვის პროდუქტი, შეწვარი თევზი, ძეხვეული და ნამცხვრებიც კი. კერძები ხის დაფით მოდის და თითოეული 0.99 ცენტი ღირს. ბოლოს, თანხის გადასახდელად სწორედ ამ დაფებს ითვლიან და ყველა მათგანი უნდა შეინახო. ლუდის პატარა კათხა 0.60ცენტი ღირს.
Falafel Gourmet
სწრაფად წასახემსელბად სან ფრანცისკოს ქუჩაზე მდებარე Falafel Gourmet-ში შევიარე. ეს კაფე გატანაზე მუშაობს და პოშტიგეტის პლაჟიდან ისეთ დისტანციაზეა, რომ გზად ხელს გააყოლებ ან თუნდაც იქიდან ამოხვალ სნექის საყიდლად. მენიუ არც ისე დიდია, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი აქვთ და თუ ფალაფელის დიდად მოყვარული არ ხარ, შეგიძლია სენდვიჩები, სალათები და ახალდაწურული წვენი შეუკვეთო.