fbpx
თურქეთი

ანკარა – აღმოაჩინე თურქეთის დედაქალაქი

თურქეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, შესაძლოა, ანკარა სულაც არ იყოს პოპულარული მიმართულება ტურისტებისთვის. გაცილებით მეტი ვიზიტორი ჩადის სტამბოლში, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია, რადგან ის ჩემთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია, სადაც მიმოგზაურია. მუდამ მოფუსფუსე სტამბულისგან განსხვავებით, დედაქალაქში სრულიად სხვაგვარი არქიტექტურა, ხალხი და ღირსშესანიშნავი ადგილებია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ ანკარაში 3-დღიანი მოგზაურობისთვის ზედგამოჭრილ აქტივობებს.

რა ვნახოთ ანკარაში

საერთოდ ღირს ანკარაში წასვლა?

ანკარა უძველესი ქალაქია და შესაბამისად აქ გადააწყდები რომაული, ბიზანტიური, ელინისტური და ოსმალური ტიპის არქიტექტურასა და ამ პერიოდების შესაბამის არქეოლოგიურ ღირსშესანიშნავ ადგილებს. კლდოვან გორაზე გადაშლილი ისტორიულად ცენტრალური ადგილი საუკეთესოდ წარმოსახავს ოსმალების ბატონობის პერიოდის არქიტექტურას, რომელშიც რომაული პერიოდის ძეგლებია შეზავებული – ავგუსტუსის ტაძარი და ქრ. შობამდე XX საუკუნით დათარიღებული რომაული აბანოები.

რა ვნახოთ ანკარაში

შესაბამისად, ისტორიისმოყვარულთათვის ანკარა ზედგამოჭრილი ადგილია. ქალაქში ხეტიალი არამხოლოდ მის ისტორიული ნაწილში მოგეწონება, არამედ ცენტრალური უბნით კაზილაითაც ძალიან ისიამოვნებ. მუზეუმის მოყვარულები ბევრ მათთვის საინტერესო სივრცეს აღმოაჩენენ აქ და ზოგადად რომ ვთქვათ, ანკარაში ნებისმიერი ტიპის მოგზაური იპოვის თავისთვის საინტერესო ადგილს.

როგორ მოხვდე ანკარაში

ანკარის ცენტრალური ნაწილიდან 30კმ-ის მოშორებით მდებარეობს მისი ერთადერთი – ანკარას ესენბოგას აეროპორტი. იმის მიუხედავად, თუ საიდან მოგზაურობ, ანკარას მიმართულებით ფრენის პოვნა არ უნდა გაგიჭირდეს, რადგან აქ ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენა ხორციელდება.

თუკი თურქეთის რომელიმე ქალაქიდან მოფრინავ, ყველაზე იაფი და შედარებით კომფორტული ავია-კომპანიაა პეგასუსი, რომელიც საზღვარგარეთაც უამრავი მიმართულებით დაფრინავს, როგორიცაა ევროპა, შუა აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქალაქიდანაც იპოვი ანკარას მიმართულებით ფრენებს თურქიშ ეარლაინსის, უკრაინული ავიახაზების, ლუფთანზას და LOT-ის ჩამონათვალში.

როგორ გადავადგილდეთ ანკარაში

ანკარა საკმაოდ დიდი ქალაქია, ძალიან კარგად გამართული საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემით – ავტობუსებით, მეტროთი, რკინიგზითა და დოლუმებით (მინიბუსებით). აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ჰავას კომპანიის სპეციალური ავტობუსია დანიშნული. თითო მგზავრობის ბილეთის ფასია 11₺. თურქეთის ყველა აეროპორტში შეხვდებით ამ ავტობუსებს. 

თუკი ფეხით სიარულის დიდად მოყვარული არ ხარ, ანკარაში კი ღირსშესანიშნაობები საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, სჯობს, ერთჯერადი სამგზავრო ბილეთების ნაცვლად ანკარას სამგზავრო ბარათი იყიდო. ბარათი მოქმედებს ავტობუსებსა და მეტროში და 75 წუთის განმავლობაში ყოველ მეორე მგზავრობაზე ფასდაკლებას იღებ.

ბარათის შეძენა შესაძლებელია მეტროსადგურებზე. მისი ღირებულებაა 6₺ და ერთი გზა 2,50₺ ღირს. ბარათზე ნებისმიერი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ევროპაში გავრცელებული ბარათებისგან განსხვავებით, ამას არ აქვს დარჩენის დღეები განსაზღვრული ანუ ბარათი, ფაქტობრივად, უვადოა. 

რა ვნახოთ ანკარაში

ანითქაბირი

ანითქაბირი ითარგმნება როგორც მემორიალური საფლავი და წარმოადგენს მუსტაფა ქემალ ათათურქის, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის მავზოლეუმს. აქვე ათათურქის გვერდით არის დასაფლავებული ქვეყნის მეორე პრეზიდენტი ისმეთ ინოლუც.

რა ვნახოთ ანკარაში

მავზოლეუმი არის უზარმაზარი და ჩემ მიერ აქამდე მონახულებულ ვერცერთ ადგილს ვერ შევადარებ. ის მოიცავს 4 ნაწილს: ცერემონიალების მოედანს, ლომების გზას, ღირსების დარბაზსა და მშვიდობის პარკს.

,,ლომების გზა“ არის საფხმავლო ხეივანი, რომელსაც ორივე მხარეს 12 წყვილი ლომის ქანდაკება ჩაუყვება. ისინი ,,გამოსახავენ“ ოღუზი თურქების 24 ტომს.  ლომები მჯდომარე პოზაში არიან, რაც სიმბოლურად მშვიდობასა და ძალაუფლებას ნიშნავს. 

რა ვნახოთ ანკარაში

ცერემონიალების მოედანი ცენტრალურ ადგილას მდენარეობს და დაახლოებით 15,000 ადამიანს იტევს. მისი იატაკი საკმაოდ ლამაზია და თურქული ფარდაგებისა და ხალიჩების 373 სხვადასხვა ორნამენტითაა გაფორმებული.

ათათურქის საფლავი ღირსების დარბაზში სიმბოლურად 40-ტონიან სარკოფაგშია მოთავსებული. ნამდვილი სხეული ზუსტად სარკოფაგის ქვეშ არის დამარხული, 7 მეტრის სიღრმეზე და შემოსაზღვრულია თურქეთის ყველა რეგიონის მიწით, მათ შორის ჩრდილოეთ კვიპროსისა და აზერბაიჯანის. 

მთელი კომპლექსი მშვიდობის პარკით არის გარშემორტყმული. პარკს სახელწოდება ათათურქის ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად დაერქვა: მშვიდობა შინ, მშვიდობა მთელს მსოფლიოში.

რა ვნახოთ ანკარაში

კომპლექსში განთავსებულია მუზეუმი, რომელიც ათათურქის ცხოვრების ყველა პერიოდს მიუყვება. აქ იპოვით მის დაბადების მოწმობას, პირად ნივთებს, ტანსაცმელს, წიგნებს, სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნების საჩუქრებს, ლინკოლნის მანქანას 1935 წლიდან და ა.შ. მენდეთ, ეს ჩამონათვალი ზღვაში წვეთივითაა! აქ იმ სახლის ქვაც კი ინახება მაკედონიიდან, სადაც ათათურქი დაიბადა!

მავზოლეუმში ყველაზე მეტად მისი განლაგება მომეწონა. ათათურქის ცხოვრების ყველა პერიოდი ძალიან კარგად არის წარმოდგენილი. მის მიერ გატარებულ ყველა მნიშვნელოვან რეფორმას ცალკე კუთხე ეთმობა და ქრონოლოგიურად გაყოლის შემთხვევაში მარტივად წარმოიდგენ, თუ როგორ შექმნა მან მე-20 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა. ამას გარდა, 3 პანორამა ეთმობა თურქეთის დამოუკიდებლობის ომს, სადაც ომის სიმულაციაა წარმოდგენილი. ოთახებში სიარულისას გესმის თოფის სროლა, ხალხის ყვირილი და წყლის შესხმის ხმები. 

ჩვენ მართლა ძალიან მოგვეწონა აქაურობა და თუ დააპირებ, დაახლოებით 2 საათი გამოყავი მის სრულად დასათვალიერებლად.

  • სამუშაო საათები: 1 თებერვალი – 14 მაისი: 09:00-16:30;
    15 მაისი – 31 ოქტომბერი: 09:00-17:00;
    1 ნოემბერი – 31 იანვარი: 09:00-16:00
  • ბილეთის ფასი: უფასო

ანკარას ციხე-სიმაგრე

გზა ანკარას ციხე-სიმაგრემდე მიუყვება ფილაქნებიან, ვიწრო ქუჩას, სადაც სხვადასხვა ტიპის მაღაზიები მდებარეობენ, იქნება ეს სუვენირების, პირსახოცების, ქსოვილების, სუნელებისა თუ მინერალური ქვების. მეტიც, ანკარას ამ ნაწილში ხშირად შეხვდებით ოსმალეთის პერიოდისთვის დამახასიათებელ თეთრ, ხისა და ქვისგან ნაშენ სახლებს.

რა ვნახოთ ანკარაში

ციხე-სიმაგრე თარიღდება გვიან ანტიკური-ადრე შუა საუკუნეების პერიოდით და დედაქალაქზე ძალიან სახასიათო პანორამულ ხედს გვთავაზობს. თავის დროზე თავდაცვითი ნაგებობა, დღეს ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ღირსშესანიშნაობაა. შეგიძლია, კედლებზე აცოცდე და იქიდან დატკბე ასევე ოსმალების პერიოდისთვის დამახასიათებელი წითელ-კრამიტიან-სახურავიანი სახლებით ალტინდაგის უბანში, შორს კი, ჰორიზონტზე თანამედროვე ანკარას გახედო.

ჰამამნონუს უბანი

ანკარას ციხე-სიმაგრის გარდა, მთავარი ისტორიულ ადგილად ასევე მიჩნეულია ჰამამნონუს უბანი. ამ ადგილის ისტორია უკავშირდება პერიოდს, როდესაც ანკარა გახდა თურქეთის დედაქალაქი, თუმცა ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტი გაცილებით ძველიცაა.

2011 წელს ამ უბანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მას მერე ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა. აქ შეხვდებით ოსმალების ბატონობის პერიოდისთვის სახასიათო საცხოვრებელი სახლებისა და უბნების საუკეთესო მაგალითებს. ამ მომხიბვლელი თეთრი სახლების არქიტექტურაში შეზავებულია ოსმალების საქალაქო ტიპის არქიტექტურაც, რაც ერთგვარად ძველ ანკარაში სამოგზაურო დროის მანქანასავით ,,მუშაობს“.

კაფეებისა და საცხოვრებელი სახლების გვერდით, ამ უბანში გადაეყრები მე-15 საუკუნით დათარიღებულ აბანოს სახელად ქარაჩაბეი ჰამამს, თაჩედდინ სულთანის მეჩეთს, ჰაჩი მუსას მეჩეთსა და საათ-კოშკურას.

რაჰმი მ. ქოჩის მუზეუმი ანკარაში

ეს მუზეუმი ყოველგვარი ზედმეტი მსჯელობის გარეშე ჩემი საყვარეული მუზეუმია მათ შორის, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ! ეს არის წარსულისა და მომავლის ტექნოლოგიების მუზეუმი!

რა ვნახოთ ანკარაში

აქ ნებისმიერი ტიპის მექანიკური დანადგარის ევოლუციას დაინახავ, მათ შორის, კომპიუტერების, საბეჭდი მანქანების, რადიოსი, ტელევიზორის, კალკულატორის, მეცნიერული ხელსაწყოების, სამხედრო აღჭურვილობის, მანქანების, გემების, ველოსიპედების, მოტოციკლეტების, ორთქლის მოტორების და ა.შ. აქვე იპოვი უამრავ ისეთ რამეს, რაზეც არათუ არასოდეს გაგიგია, არამედ, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ არსებობდა! სრულიად გასაოგნებელი გამოფენაა.

რა ვნახოთ ანკარაში

ეს მუზეუმი თურქი ბიზნესმენის რაჰმი მუსტაფა ქოჩის პირადი კოლექციაა. 2016 წელს იგი  ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 906-ე ადგილზე გავიდა 2,6 მილიარდი დოლარის ქონებით. აქვე აღსანიშნავია, რომ მან არამხოლოდ უამრავი თანხა დახარჯა ექსპონატების მოსაპოვებლად მთელი წლის განმავლობაში, არამედ უშუალოდ იყო ჩართული მუზეუმის მოწყობაში, განსაკუთრებით მის განლაგებასა და თემატური ოთახების შექმნაში.

რა ვნახოთ ანკარაში

ისტორიულ უბანში მდებარე ჩენგელჰანის ნაგებობა ერთ-ერთია სულეიმან დიდებულის პერიოდიდან პირვანდელი სახით შემორჩენილ ისტორიულ შენობათა შორის. აქ ადრე განთავსებული იყო რაჰმის მამის, ვეჰბი ქოჩის მაღაზია, სადაც მან თავისი ბიზნეს-კარიერა დაიწყო და გახდა თურქეთში ყველაზე მდიდარი კაცი. მუზეუმის მოწყობისას, ქოჩის ოჯახი აკონტროლებდა, რომ შენობას თავისი პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა და არ დაზიანებულიყო. ასევე მუზეუმის ტერიტორიაზეა ისტორიული, 1511 წლით დათარიღებული საფრანჰანის შენობა. ეს ერთ-ერთი ტიპური ანატოლიური ქარვასლაა. მუზეუმში ამ შენობის მაღაზიების ექსპონატებიც კი არის გამოფენილი.

იმის გარდა, რომ აქ გამოფენილი ნივთებით სრულად ინუსხები, ჩვენ უფრო მეტად გაგვაოგნა იმ ფაქტმა, რომ ზოგიერთი მათგანი ახლაც კი მუშაობს და ღილაკზე დაჭერით შეგიძლია აამოქმედო. მუზეუმში გასატარებლად მინიმუმ 2 საათი გამოყავი!

  • სამუშაო საათები: ოქტობერი – მარტი: სამშაბათი-პარასკევი: 10:00-17:00,
    შაბათ-კვირა: 10:00-18:00; აპრილი-სექტემბერი: 10:00-19:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები – 10₺.

ქოჩათეპეს მეჩეთი

ეს ანკარას ყველაზე დიდი მეჩეთია, რომელიც აშენებულია 1967-1987 წლებში. მეჩეთს თანამედროვე და ინოვაციური დიზაინი აქვს, უფრო ზუსტად ოსმალების ბატონობის პერიოდის ნეო-კლასიკურ სტილშია აგებული, რომელიც ნაკარნახევია სტამბულის სულთან აჰმედითა (ლურჯი მეჩეთი) და ედირნეს სალიმიიეს მეჩეთით.

გენჩლიკ პარკი

თურქეთის დედაქალაქში უამრავი პარკია. ცენტრალურად მდებარე გენჩლიკის პარკი 27,5 ჰექტარზეა გაშენებული. მის მიმდებარედ მდებარეობს: ულუს მოედანი, ანკარას საოპერო სახლი, ანკარას ცენტრალური მოედანი და სტადიონი.

ამ პარკშივე არის განთავსებული ცალკე გასართობი პარკი სხვადასხვა ატრაქციონებითა და ეშმაკის ბორბლით. ჩვენი ვიზიტისას, რადგანაც ტურისტული სეზონი ჯერ არ იყო დაწყებული, პარკი მხოლოდ შაბათ-კვირას იყო ღია, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მთავარ პარკში გავისეირნეთ.

ანკარას რომაული აბანოები

თანამედროვე ანკარას წინამორბედი ქალაქის ანკირას ღია ცის ქვეშა მუზეუმში წარმოდგენილია რომაული აბანოების ნანგრევები. რომაულ პერიოდში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ქალაქ ანკირას სტრატეგიულმა მდებარეობამ განსაზღვრა მისი გალათიის პროვინციის დედაქალაქად გადაქცევა.

მე-3 საუკუნეში იმპერატორ კარაკალას მიერ აშენებული ეს აბანოები მედიცინის ღმერთ ასკლეპიოსს ეძღვნება. კომპლექსში სამი მთავარი ოთახია: ცხელი, თბილი და გრილი აბანოები. შესასვლელში თავიდან შეაბიჯებთ საბრძოლო არენაზე, რომელიც პორტიკოებითა და 128 ცალი მარმარილოს სვეტით იყო შემოსაზღვრული. ეს ადგილი აქტიურად გამოიყენებოდა მე-8 საუკუნემდე. მოგვიანებით ხანძარმა გაანადგურა მისი ძირითადი ნაწილი და დღეს შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული და საძირკველი.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე: 08:30 – 17:30
  • ბილეთის ფასი: 6₺

ქუულუ პარკი

ქუულუს პარკი, რომელიც ითარგმნება როგორც გედების პარკი, მორიგი ძალიან სასიამოვნო და მშვიდი ადგილია სასეირნოდ ჩანქაიას უბანში. როგორც სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდი, აქ გედები იყრიან თავს ბატებთან და იხვებთან ერთად. დაახლოებით 1 ჰექტარის მოცულობის პარკი საკმაოდ დიდია და ძალიან კარგი საშუალებაა ანკარაში ცხელი დღის გასატარებლად და ადგილობრივების დასაკვირვებლად.

თავდაყირა სახლი

თუკი ანკარაში განსხვავებულ რამეებს ეძებ, მაშინ დიდი ალბათობით დედაქალაქის გარეუბანში მდებარე  თავდაყირა სახლი ანუ თურქულად იგივე Tepetaklak EV ძალიან მოგეწონება. ამ ორსართულიან სახლს 3 ოთახი აქვს ზედა სართულზე, ხოლოდ ქვედაზე – ერთი. სახლში თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ამოყირავებულია. ბავშვები ძალიან გაერთობიან აქ, თუმცა არც მე დამიკლია ☺ 

ეს ადგილი გასართობი პარკის ნაწილია და თავდაყირა სახლის გარდა აქვეა, ილუზიების მუზეუმი, კაფეები, ბავშვების მატარებელი და მოშინაურებული ბატები და იხვები. სავარაუდოდ, ეს ადგილი გასაფხულსა და ზაფხულში, როდესაც ამინდი გაცილებთ თბილია, მეტად გადატვირთულია, თუმცა ჩვენი ვიზიტისას მარტში, აქ ძალიან სიხალვათე იყო.

როგორ მოხვდე აქ: თუკი ანკარაში მანქანას ქირაობ, მაშინ თავდაყირა სახლში მოხვედრა ძალიან მარტივია. მეტად რთულია საჯარო ტრანსპორტით აქ მისვლა, თუმცა არც ესაა შეუძლებელი. თავიდან უნდა ჩაჯდე მეტროს ნებისმიერ გაჩერებაზე წითელ ხაზზე M1-2-3 და ჩამოხვიდე კურუს მოედანზე. ამოდი მეტროდან ანკარალილარის ქუჩისკენ და იარე ავტობუსის გაჩერებამდე.

შენ გჭირდება N589 ავტობუსი ან ნებისმიერი, როელიც ესკი კაპის გაჩერებამდე მიდის. დაიმახსოვრე, რომ ავტობუსის გაჩერება მთავარ გზატკეცილზეა და შესაბამისად ავტობუსი თავდაყირა სახლის მოპირდაპირე მხრიდან მოვა. ავტობუსიდან არ ჩამოხვიდე. ავტობუსი მიდის პატარა დასახლებაში და შემდეგ შენთვის საჭირო მიმართულებისკენ წავა – ესკი კაპისკენ. შენ უნდა ჩამოხვიდე პეტროლ ოფისის ბენზინგასამართი სადგურის ახლო-მახლო. თავდაყირა სახლი კაფეებისა და მაღაზიების უკან მდებარეობს.

ანკარაში დასაბრუნებელი გზა იგივეა. უბრალოდ დაელოდე ავტობუსს ბენზინგასამართი სადგურის წინ.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-19:00
  • ბილეთის ფასი: თავდაყირა სახლი და ილუზიების მუზეუმი სათითაოდ 15₺

ოქროს პავილიონის მუზეუმი

ეს ანკარაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და უცნობი ადგილია. მეც სრულიად შემთხვევით გადავეყარე მასზე ინფორმაციას, მოგზაურობის დაგეგმვისას გუგლში რომ ვქექავდი სხვადასხვა ადგილებს. მისი თურქული სახელია Altın Köşk და ბილკენტის უბანში მდებარეობს. 1996 წელს აშენებული სახლი ეკუთვნის თურქ ბიზნესმენ ალი რიზა ბოზკურტს, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო კომპანიას ფლობს და ამერიკაში ცხოვრობს.

რატომ არის ეს სახლი ასეთი გამორჩეული? ანკარაში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლია დაათვალიერო თურქეთის სხვადასხვა ადგილებში მდებარე სასახლეებისა და მდიდრული ვილების რეპლიკაციები. იმის მიუხედავად, რომ სახლის დომინანტური ფერი ოქროსფერია, ინტერიერიც და ექსტერიერიც ძალიან გემოვნებიანია. უზარმაზარი ოთახები, რომელთა კედლები და ჭერი მოხატულია, მდიდრული ავეჯითაა და ჭაღებითაა მოწყობილი. 

როგორ მოხვდე აქ: მეტროს წითელი ხაზის M 1-2-3 ნებისმიერი გაჩერებიდან Bilkent-ის სადგურამდე მიდი და ამოდი მეტროდან ბილკენტის ბულვარის მხარეს. წადი Beytepe Koyu Yolu-ს ქუჩის მიმართულებით და მოძებნე Bilkent-ის ავტობუსის გაჩერება. შენ N111 ავტობუსი გჭირდება. ავტობუსიდან ჩამოდი Safak Sitesi-ზე. მუზეუმი ზუსტად გაჩერების წინაა და ავტობუსიდანვე დაინახავ. ანკარაში დასაბრუნებლად უკან იგივე გზა უნდა გამოიარო.

  • სამუშაო საათები: ორშაბათობით დაკეტილია. სამშაბათი-კვირა: 09:00-17:00
  • ბილეთის ფასი: უფასო, თუმცა ნაბყოფლობით შემოწირულობა შესაძლებელია

ათაქულეს კოშკი

ეს არის სავაჭრო ცენტრი, სადაც 125 მეტრის სიმაღლის გადმოსახედი კოშკი მდებარეობს, საიდანაც თურქეთის დედაქალაქის ძალიან კარგი პანორამები იშლება. აქ არის რესტორანი სევილია, რომელიც საათში ერთხელ 360 გრადუსით ბრუნავს. ამ რესტორანის თავზე კიდევ ერთი გუმბათია, მაგრამ ეს არ ბრუნავს. კაფე ზუსტად გადასახედი ტერასის ქვეშ მდებარეობს.

რა ვნახოთ ანკარაში

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ შესვლა, რადგან რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. პერსონალის მტკიცებით, სამუშაოები ზაფხულისთვის უკვე დამთავრებული იქნება. კოშკზე ასვლის ნაცვლად, იქვე გავისეირნეთ, შიდა რესტორნებში ყავა დავლიეთ და მაღაზიებშიც შევიჭყიტეთ.

ანკარას ღირსშესანიშნავი ადგილები, რისი ნახვაც ჩვენ ვერ მოვასწარით

იქიდან გამომდინარე, რომ ანკარა საკმაოდ დიდი ქალაქია და ზოგიერთი ადგილი, რომელთა დათვალიერებაც გვინდოდა, ქალაქიდან მოშორებით ან სულაც მის გარეთ მდებარეობს, დრო კარგად ვერ გავთვალეთ და ვერც ის გავითვალისწინეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადგილებამდე მისვლა 1 საათზე მეტს მოითხოვდა.

ამიტომ, მოგვიწია მოსანახულებელი ადგილები პრიორიტეტების მიხედვით გაგვეცხრილა. ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილებიდან, ჩვენ ყველა არ გვაინტერესებდა, მაგრამ მაინც ვტოვებ ჩამონათვალში, თუნდაც იმის დასანახად, რომ ანკარაში უამრავი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

ანატოლიური ცივილიზაციის მუზეუმი

ისტორიის მოყვარულები ძალიან ისიამოვნებთ Anadolu Medeniyetleri-ში იგივე ანატოლიური ცივილიზაციის მუზეუმში ვიზიტით, სადაც კარგად მოწყობილ დარბაზებში გამოფენილია პალეოლითის ხანიდან დღემდე მოპოვებული ანატოლიური ექსპონატების უზარმაზრი კოლექცია. მუზეუმი კარგად წარმოადგენს ადრინდელ თურქეთსა და მის დედაქალაქს.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე. საათები იცვლება სეზონების მიხედვით.
  • ბილეთის ფასი: 30₺

ანკარას ეთნოგრაფიული მუზეუმი

თუკი ცივილიზაციების კვლევა და შესწავლა შენი ჰობია, მაშინ ანკარას ეთნოგრაფიული მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულო. მუზეუმში სხვადასხვა არტეფაქტების, მანუსკრიპტების, ძვირფასეულობის, შუშისა და თიხის ნაკეთობების, ხელნაკეთი, ნაქსოვი, ნაძერწი და მეტალის ნივთების საშუალებით გადმოცემულია თურქული ცივილიზაციის მარადცვლადი კულტურული ეპოქები.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე, რელიგიური დღესასწაულების გარდა. საათები იცვლება სეზონების მიხედვით.
  • ბილეთის გასი: 12₺

დამოუკიდებულობის ომის მუზეუმი

თურქეთის ისტორიის დეტალურად შესწავლის მსურველთათვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია. აქ გამოფენილია ომის პერიოდის მნიშვნელოვანი სურათები, დოკუმენტები და ავეჯიც კი. ყურადღებით დაათვალიერე ზეთში დახატული სურათები კორიდორში, რომლებზეც 1918-1923 წლების მოვლენებია ასახული და საპრეზიდენტო ოთახი, რომელშიც ორიგინალი ნივთებია გამოფენილია, მათ შორის საპრეზიდენტო ბეჭდის პლომბი. მეტიც, ადმინისტრაციულ ოთახში შეგიძლია ათათურქის პირადი ნივთებიც ნახო. 

  • სამუშაო საათები: ყოველდღე. საათები იცვლება სეზონის შესაბამისად
  • ბილეთის ფასი: 10₺

აქუა ვეგას აკვარიუმი

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში მდებარე აქუა ვეგას აკვარიუმი წარმოადგენს გრძელ სასეირნო გვირაბს, საიდანაც შეგიძლია დაინახო წყალქვეშა არსებების ბუნებრივი ჰაბიტატი. აქ არის განსხვავებული ოთახები თემატიკიდან გამომდინარე, მაგალითად მტკნარი და მარილიანი წყლების მაცხოვრებლები. ეს ჯადოსნური ადგილია პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც. აკვარიუმის გარდა აქვეა რეპტილიების სახლი, აუზები, სუვენირების მაღაზიები და კაფე.

ულუჯანლარის ციხის მუზეუმი

ულუჯანლარის ციხის მუზეუმი მათთვისაა, ვისაც უცნაური და უჩვეულო ადგილების მონახულება უყვარს. თურქეთში ამ ტიპის სხვა მუზეუმი არ არსებობს. ეს მუზეუმი ყოფილი სახელმწიფო საპყრობილე იყო და მუზეუმად ალტინდაგის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული რეაბილიტაციის შემდეგ გადაკეთდა.

მუზეუმის დათვალიერება საკმაოდ ემოციურია, რადგან აქაურობას თითქოს წარსულში გადაჰყავხარ ბნელი და ცივი კორიდორების გავლით. აქ გაეცნობი იმ ცნობილი ადამიანების სიას, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით აქ იყვნენ დამწყვდებულები და დაათვალიერებ სურათებს, რომლებიც ამ ადგილის 81წლიან ისტორიას გადმოსცემენ.

  • სამუშაო საათები: ორშაბათობით დაკეტილია. სამშაბათი-პარასკევი: 10:00-16:00;
    შაბათ-კვირა: 10:00-17:00

ჩერმოდერნი 

2010 წელს გახსნილი CerModern ხელოვნების მოყვარულებისთვის განკუთვნილი ადგილია. ძველ რკინიგზის ქარხანაში განთავსებული გალერეა გასაოცარ მოდერნისტულ ხელოვნების ნიმუშებს ინახავს. გამოფენა მუდივად იცვლება და აქ პერმანენტული კოლექცია არ აქვთ. საგამოფენო დარბაზების დათვლიერების გარდა, შეგიძლია, გალერეის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის ვორქშოფებშიც მიიღო მონაწილეობა.

  • სამუშაო საათები: ორშაბათობით დაკეტილია. სამშაბათი-კვირა: 10:00-20:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები: 20₺; სტუდენტები – 10₺

ანკარას სამხედრო-საჰაერო ძალების მუზეუმი

ეს არის სამხედრო თვითფრინავებით დაინტერესებული ადამიანების სამოთხე. გაითვალისწინე, რომ ქალაქში ამ ტიპის ორი მუზეუმია. ეს არის უშუალოდ ქალაქში, Altindag-ის უბანში, მეორე კი – ანკარის ავიაციის მუზეუმი – Etimesgut-ის უბანში.

რა ვნახოთ ანკარაში

700-ზე მეტი არტეფაქტით, ფოტოებით და დოკუმენტებით ანკარას სამხედრო-საჰაერო მუზეუმი ვიზიტორებს დეტალურად აცნობს თურქეთის ავიაციის ისტორიას. აქვე გამოფენილია პილოტების სერთიფიკატები, უნიფორმები და მედლები. მუზეუმის ბაღში ორიგინალური თვითმფრინავების მოდელებია განთავსებული. ადრენალინის მოყვარულთათვის აქვე არის საპარაშუტე კოშკი და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია გადმოხტე კიდევაც. 

  • სამუშაო საათები: ორშაბათობით დაკეტილია. სამშაბათი-კვირა: 09:00-16:30

ალტინკოის ღია ცისქვეშა მუზეუმი

თუკი გაინტერესებს, როგორ ცხოვრობდნენ ადრე თურქეთის სოფლებში, მაშინ სწორედ ამ ღია ცის ქვეშა მუზეუმს უნდა ესტუმრო. კომპლექსში წარმოდგენილია სახლების, მეჩეთების, შადრევნების ნიმუშები და დანარჩენი ყველაფერი, რაც საჭიროა რამდენიმე ასეული წლის წინანდელი თურქული სოფლური ცხოვრების აღსაწერად. აქვეა ფერმერთა ბაზარი და რესტორანი, თუკი მუზეუმის დათვალიერებისას მოგშივდება.

  • სამუშაო საათები: ორშაბათობით დაკეტილია. სამშაბათი-პარასკევი: 09:00-19:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები: 5₺; სტუდენტები: 2₺

თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

2 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!