fbpx
საქართველო

ბათუმი და აჭარის ღირსშესანიშნაობები – სრული მეგზური

ბათუმი აჭარის რეგიონის მთავარი ქალაქი და შავი ზღვის სანაპიროს გამორჩეული სამკაულია. უკანასკნელ ათწლეულში ქალაქი ინფრასტრუქტურულად ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და შედეგად აქ გადაეყრები უამრავ ძველ და ახალ არქიტექტურულ ძეგლს, ძვირადღირებულ სასტუმროს, რესტორანს და აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობებს. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებისა და კაზინოების სიმრავლის გამო ბათუმს ,,შავი ზღვის ლას ვეგასსაც“ ეძახიან. აქ უამრავი ადგილობრივი ისვენებს ზაფხულობით და მეზობელი ქვეყნებიდან მოგზაურებიც აუცილებლად გამოივლიან ხოლმე. ამ მეგზურში იპოვით ბევრ რამეს, რისი ნახვაც ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში შეგიძლია.

Things to do in Batumi

აჭარის რეგიონი საქართველოში ავტონომიური დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით სარგებლობს. აქ გასაოცრად ერწყმის ერთმანეთს მთა და ზღვა. ზემო აჭარა სრულიად სხვა სამყაროა ბათუმთან და რეგიონის დაბლობ ნაწილებთან შედარებით. ეს საუკეთესო ადგილია მიტოვებული და თითქმის ხელშეუხებელი ადგილების მოყვარულთათვის.

როგორ მოხვდეთ ბათუმში

ბათუმი თბილისიდან 386კმ-ით დაშორებული ქალაქია და ჯერ კიდევ ვერდასრულებული ავტობანის გამო, მანქანით აქ ჩასვლას 4-5 საათი სჭირდება. ამას გარდა, იქ ჩასვლა რამდენიმე საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებითაა შესაძლებელი. ვეცდები, მოკლედ აღვწერო ყველა მათგანი. 

თბილისი ბათუმის მატარებელი

თბილისი-ბათუმის მატარებელი, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და ხშირად გამოყენებადი სატრანსპორტო საშუალებაა ადგილობრივებისთვისა და უცხოელებისთვისაც. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ჩამოიყვანეს სწრაფმავალი ორ-სართულიანი შტადლერის მატარებელი, რომელიც დღეში ორჯერ გადის ბათუმის მიმართულებით და ამ გზის გავლას 5 საათს ანდომებს.

მეორე კლასის ბილეთის ფასია 25₾, პირველი კლასის – 61₾, ხოლო ბიზნეს კლასის – 100₾. მესმის, 5 საათი არც ისე ცოტა დროა, მაგრამ ვაგონებში უფასოა ვაიფაია და შესაბამისად, გაცილებით სწრაფად გადის დრო. იგივე პირობებია ბათუმი-თბილისის მიმართულებითაც. მატარებლების გასვლის განრიგი შეგიძლია აქ შეამოწმო

თბილისი ბათუმის ავტობუსი

ბათუმში ჩასასვლელად ჩემი მეორე საყვარელი საშუალება ავტობუსია. თურქული კომპანიის Metro Georgia-ს ძალიან კომფორტული ავტობუსები დღეში რამდენიმეჯერ დადიან ამ და საპირისპირო მიმართულებით. მატარებლის მსგავსად, აქაც უფასოა wi-fi და მგზავრობის განმავლობაში რადენიმეჯერ გთავაზობენ ცხელ და ცივ სასმელებს. ბილეთის ფასი – 25₾. განრიგი და ფასები შეგიძლია აქ ნახო

თბილისი ბათუმის მარშრუტკა

გადაადგილების ეს საშუალება ძალიან არ მიყვარს, რადგან არაკომფორტულობის გარდა, მძღოლები იმაზე გაცილებით გიჟურად ატარებენ, ვიდრე ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ქართველი მძღოლი. მარშრუტკები დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, დიდუბის ავტოვაგზლიდან გადიან ყოველ საათში ერთხელ, ადრეული დილიდან გვიან ღამემდე. ბილეთის ფასი დაახლოებით 18-20 ლარია. ბილეთის ყიდვა წინასწარ არ არის საჭირო, შეგიძლია, პირდაპირ მიხვიდე, ადგილი დაიკავო და იქვე გადაიხადო. 

თბილისი ბათუმი ფრენა

სამშაბათის გარდა, ყოველდღე დაფრინავს პატარა თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. ბილეთის ფასი 125₾-ია და ხანგრძლივობა სულ რაღაც 1 საათი. 

საუკეთესო დრო ბათუმის მოსანახულებლად

თუ ზედმეტი ხალხის თავიდან არიდება და იაფად მოგზაურობა გინდა ბათუმში, მაშინ ამისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილ-მაისი) და შემოდგომა (ოქტომბერ-ნოემბერი). ზაფხულში აქ ჩამოდიან ადგილობრივებიც და უცხოელებიც, ამიტომ ღამისგასათევი ადგილების ფასები სამმაგდება და ქუჩებიცა და სანაპიროც ძალიან გადატვირთულია. ამასთანავე, ზაფხულში ძალიან ცხელა და ხშირადაც წვიმს. ზამთარი კი აქ თბილი და მცირეთოვლიანია.

რა ვნახოთ ბათუმში

ბათუმი ძალიან მომხიბვლელი ქალაქია თავისი ძველი, უცნაური და ახალი არქიტექტურული ძეგლებით, დიდებული სთრითარტით, დახვეწილი სასტუმროებითა და რესტორნებით. ქალაქი თითქოს დიდი არ გეჩვენება, მაგრამ მისი სრულად ფეხით დათვალიერება ნამდვილად მომქანცველია. ქალაქის მთავარ გამზირებსა და ქუჩებზე თანამედროვე ავტობუსები მოძრაობენ და შეგიძლია მათი გამოყენებით მარტივად გადაადგილდე საჭირო ადგილებში. თუმცა, ალბათ, აღნიშვნაც არაა საჭირო, რომ ფეხით სიარულის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გაცილებით მეტ საინტერესო და სახასიათო დეტალს აღმოაჩენ ხოლმე. 

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი მთავარი ატრაქციაა ქალაქში, რომელიც ჯერ კიდევ 1880-იანი წლებიდან არსებობს. ის, რასაც დღეს ვხედავთ, გაფართოებული და დაგრძელებული ვარიანტია. პირველ წლებში ბულვარს მხოლოდ ორი ზოლი ჰქონდა და მოიცავდა ტერიტორიას დღევანდელი ზღვისპირა პარკიდან ჯაფარიძის ქუჩამდე.

დღესდღეობით ბულვარი 7კმ-ია, სადაც შეგიძლია, ფეხით ან ველოსიპედით ისეირნო, თან დაათვალიერო უამრავი საინტერესო ქანდაკება და თანამედროვე ხელოვნების ნიმუში მის ჩაყოლებაზე. შებინდებამდე ბულვარში სეირნობა რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ბათუმის სანაპირო

ბათუმის სანაპირო მიუყვება ბათუმის ბულვარს და შესაბამისად, საკმაოდ გრძელიცაა. სანაპირო კენჭიანია და აქვე, მარტივად შეგიძლია ქოლგებისა და შეზლონგების დაქირავება. ფასები მთელი დღის განმავლობაში ვარირებს 3-5 ლარს შორის. ბათუმის პლაჟის უმეტესი ნაწილი აღჭურვილია შხაპებითა და გამოსაცვლელი კაბინებით. იქვე, ბულვარის მხარეს განლაგებულია პატარა ჯიხურები, სადაც შესაძლებელია ცივი სასმელების, წასახემსებლების და ნაყინის ყიდვა.

ბათუმის პორტი

შავი ზღვის სხვა პორტებს შორის, სავაჭრო მიმოსვლის კუთხით, ბათუმი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია. ნავთობის ტრანსპორტირების ჯაჭვში ევროპასა და აზიას შორის ის ერთ-ერთი მედიატორული წერტილია. 

ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობისას შეგიძლია დატკბე ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვებით, თუ როგორ თევზაობენ ან გემებზე მუშაობენ.

საოცრებათა პარკი

საოცრებათა პარკი ზუსტად ბათუმის პორტის მიმდებარედ მდებარეობს და აქ ყველაზე უცნაური ფორმის შენობებს გადააწყდები მთელს ქალაქში. ჭაჭას კოშკი – 25-მეტრიანი შადრევანი საათით. თავდაპირველი ჩანაფიქრით, შადრევანში ჭაჭას უნდა ედინა, მაგრამ სამწუხაროდ, დღედღეობით ეს სისტემა არ მუშაობს.

ალი და ნინოს ქანდაკება მორიგი ძალიან პოპულარული ნამუშევარია, რომელიც უკვდავ სიყვარულს გამოხატავს. თამარ კვესიტაძემ ეს ქანდაკებები შექმნა ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც გადმოსცემს ქართველი ქრისტიანი საზოგადო მოღვაწის ქალიშვილისა და მუსულმანი აზერბაიჯანელი ბიჭის ბაქოში განვითარებული სიყვარულის ამბავს. ორ 8-მეტრიანი ქანდაკება ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობს, რამდენიმე წამით ერთარსად იქცევა და შემდეგ ისევ შორდება ერთმანეთს. შემდეგ კი, ეს ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. 

ალი და ნინოს ქანდაკებების შემდეგ გაისეირნე ანბანის კოშკისკენ, რომელიც გამოსახავს 135 მეტრის სიმაღლის დნმ-ის მოლეკულას, რომლის ჩონჩხზეც, სპირალურად ,,ასხმულია“ ქართული ანბანის ასოები. შეგიძლია ლიფტით ისარგებლო და კოშკის ზედა ნაწილიდან გადმოხედო ბათუმსა და შავ ზღვას. ასვლის საფასური 8 ლარია.

ქალაქის და ზღვის პანორამული ხედები შეგიძლია ეშმაკის ბორბლიდანაც დაათვალიერო, რომელიც სულ რაღაც 5 ლარი დაგიჯდება.

უშუალოდ ქალაქი ბათუმი

ბულვარისა და საოცრებათა პარკის გარდა, ბათუმი მდიდარია გასაოცარი და სახასიათო შენობებით, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს და აუცილებლად ნახო საკუთარი თვალით. ერთ-ერთი მათგანია ევროპის მოედანი, რომელიც ბათუმის ძველ ქალაქში მდებარეობს. მოედნის ცენტრში დგას მედეას ქანდაკება, როგორც ევროპისა და საქართველოს მჭიდრო კავშირის სიმბოლო. მედეა აიეტის, კოლხეთის მითიური მეფის, ქალიშვილი იყო, რომელიც იასონსა და არგონავტებს ცნობილი ოქროს საწმისის მოპარვაში დაეხმარა.

ამავე მოედანთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრაქცია არის ასტრონომიული საათი, გამსახურდიას და მ. აბაშიძის ქუჩების კვეთაზე. ეს საათი თითქოს წააგავს ძველ პრაღაში არსებულს, მაგრამ ბათუმის საათი უფრო პატარა და ახალგაზრდაა. აგრეთვე, დღის კონკრეტული მონაკვეთის მიუხედავად, საათი უჩვენებს მთვარისა და მზის პოზიციას, მერიდიანსა და ჰორიზონტს. 

ბათუმური სთრითარტი

თუ შენ ჩემსავით კარგი და საინტერესო სთრითარტის მოყვარული ხარ, მაშინ ძალიან სწორ ადგილას მოხვდი. ბათუმი ბევრ ძალიან კარგ, გამორჩეულ და უნიკალურ სთრითარტს იტევს საქართველოს მასშტაბით, მეტიც, ისინი გაცილებით მაგარია თბილისში არსებულთან შედარებით. 

აქ შეგიძლია ნახო, ბათუმური სთრითარტის რამდენიმე გამორჩეული ნიმუში ადგილმდებარეობებითურთ: 

ბათუმის პორტის კედელი
გენერალ მაზნიაშვილის ქ. 23
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კედელი კაზინოს მხარეს
მემედ აბაშიძის გამზ. 2

6 მაისის პარკი

ხმაურიანი ქუჩებისგან და ბევრი ხალხისგან დასასვენებლად 6 მაისის პარკში გასეირნება ერთ-ერთი საუკეთესო იდეაა. ქალაქის ცენტრში არსებულ, ტბის ნაპირზე გაშენებულ პარკში არის ჩამოსაჯდომი სკამები, პატარა ზოოპარკი, დელფინარიუმი და ნავით გასეირნების საშუალებაც.

პიაცას მოედანი

პიაცას მოედანი ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. მოედანი გაფორმებულია მოზაიკური იატაკით და შუშები მოხატულია მიმდებარე შენობებზეც კი. აქ მდებარე სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებში იპოვით ადგილობრივ და უცხოურ სამზარეულოებს. მოედანი 5,700 კვადრატული მეტრია და აქტიური სეზონის დროს სავსეა მაგიდებითა და სკამებით, რაც ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად აქცევს აქაურობას ყავის დასალევად ან ლანჩის მისართმევად. შეგიძლია, ამ ტერიტორიაზე ისეირნო, დატკბე თანამედროვე არქიტექტურით და ბევრი სურათიც გადაიღო. არავინ არაფერს გეტყვის, თუ კაფეებით არ ისარგებლებ და არც არაფერს შეუკვეთავ. 

მოცეკვავე შადრევანი

ბულვარის თითქმის ბოლოსკენ ე.წ. მოცეკვავე შადრევნებს გადაეყრები. ყოველდღე 20:30-დან 00:30-მდე შადრევანი ირთვება და მუსიკისა და ლაზერების თანხლებით გარკვეული თეატრალური სანახაობა იმართება ხოლმე.

თევზის ბაზრობა

თუ თევზი და ზღვის პროდუქტი გიყვარს, მაშინ ბათუმიდან ოდნავ მოშორებით მდებარე თევზის ბაზარში აუცილებლად უნდა წახვიდე. აქ, არამხოლოდ ადგილობრივ, იქვე დაჭერილ თევზს იპოვნი, არამედ, იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებსაც. ბაზრის გვერდზე არის რესტორანი და შეგიძლია, გამყიდველს უთხრა, რომ აქვე გინდა მირთმევა. ცხადია, შეგიძლია, სახლში წაიღო და შენ თვითონ მოამზადო. ფასები საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომია.

რა ვნახოთ ბათუმთან ახლოს – ტოპ 7 ადგილი

ბათუმის გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია აჭარისა და გურიის რეგიონის სრულად დასათვალიერებლად. კარგად გამართული საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა საშუალებას გაძლევს მიმდებარე ტერიტორიებზე მარტივად გადაადგილდე საკმაოდ იაფად, 1-3 ლარის ფარგლებში. 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქიდან 9კმ-ში, მწვანე კონცხზე მდებარეობს. ბოტანიკური ბაღი 1912 წლიდან გაშენდა და დღეს 108 ჰექტარზე 5,000 სახეობის მცენარეს მოიცავს. იგი დაყოფილია 9 ფლორისტულ ზონად და შესაბამისად, თუ სრულად გინდა მისი დათვალიერება, სჯობს, ერთი მთლიანი დღე გამოყო ამისთვის.

ჩვენი ვიზიტისას, პარკის მესამედის დათვალიერება შევძელით და სალაროში მოცემულ რუკაზე ის არეები ავარჩიეთ, რომელზეც, ვიფიქრეთ, რომ ყველაზე მეტად მოგვეწონებოდა. ბოტანიკური ბაღი კარგად მარკირებულია და ხშირად გადაეყრები საინფორმაციო დაფებსა და გზის მანიშნებლებს. მეტიც, ძალიან მომეწონა, რომ ყველა მცენარეს დაფა ჰქონდა მიმაგრებული სახეობითა და წარმომავლობის ქვეყნის მინიშნებით.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 09:00-21:00
  • ბილეთის ფასი: საქართველოს მოქალაქეები – 8₾; უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 15₾; მოსწავლეები 16 წლამდე – 1₾.
  • ელექტრომანქანით სარგებლობა: 5₾ დამატებით – არ შედის ბილეთის ღირებულებაში. 
ბათუმი
Another gorgeous plant

როგორ მიხვიდე ბათუმის ბოტანიკურ ბაღამდე: აქ მისასვლელად რამდენიმე საშუალება არსებობს. შეგიძლია, ცენტრიდან პრიდაპირ N31 მარშრუტკას გაჰყვე – უბრალოდ დადექი სადმე, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე და ჩამოივლის. ასევე საბაგირო არგოსთან დგას მარშრუტკა, N15 ავტობუსი რუსთაველის ქუჩიდან და მარშრუტკა N40 კი ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მიგიყვანს შესასვლელამდე.

გონიოს ციხე-სიმაგრე

გონიოს ციხე-სიმაგრე ანტიკური პერიოდით დათარიღებული ერთ-ერთი ნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია აჭარაში. თავის დროზე აქ რომაელი სამხედრო კოჰორტები იდგნენ და შესაბამისად ქალაქიც ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით იყო მოწყობილი. მოგვინებით,მონღოლებისა და ბიზანტიელების შემოსევისას გონიო ერთ-ერთ უძლიერეს ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე ორშაბათის გარდა 10:00-18:00
  • ბილეთის ფასი: 3₾

როგორ მიხვიდე გონიოს ციხე-სიმაგრემდე: ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმიდან გონიოს ციხემდეც მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა. შეგიძლია N16 ავტობუსს გაჰყვე ან ჭავჭავაძისა და აბუსელიძის ქუჩიდან ნებისმიერ მარშრუტკას, რომელიც გონიომდე ან სარფამდე მიდის. 

პეტრას ციხე

ციხისძირში მდებარე პეტრას ციხე მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არქეოლოგიურ-ისტორიული ადგილია აჭარის რეგიონში. ციხე-სიმაგრე სტრატეგიულად, ახ.წ.აღ. VI საუკუნეში ბიზანტიელი იმპერატორის იუსტინიანეს მიერ აშენდა ირანსა და სომხეთს შორის გზის გასაკონტროლებლად.

ბათუმი

ციხე-სიმაგრის ტერასულ ნანგრევებზე სეირნობა და საღამოს მზის ჩასვლის აქედან ყურება უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებს. ნანგრევების ნახევარი მწვანე, ხვიარა მცენარითაა დაფარული და მის ინტერიერ-ექსტერიერს უფრო მიმზიდველსა და ლამაზს ხდის.

  • სამუშაო საათები: ყოველთვის
  • ბილეთის ფასი: უფასო

როგორ მიხვიდე პეტრას ციხემდე: ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან უნდა გაჰყვე ქობულეთის მიმართულებით მიმავალ მარშრუტკას. მგზავრობის საფასურია 1,5-2₾. მძღოლს სთხოვე, რომ პეტრას ციხის შესასვლელთან ჩამოგსვას. ბათუმში დასაბრუნებლად, ზუსტად პეტრას მხარეს დადექი გზის განაპირას და დაელოდე გამვლელ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან შეგიძლია ჰიჩჰაიკინგითაც მარტივად გახვიდე ფონს. 

შეკვეთილი

შეკვეთილი ბათუმიდან 47კმ-ში მდებარე პატარა სოფელი და საზღვაო კურორტია. აქ შეგიძლია მაგნიტური ქვიშებისთვის ჩახვიდე და ბარემ აქ ყოფნისას Black Sea Arena-ს მიმდებარედ არსებული მუსიკოსების პარკი დაათვალიერო. პარკში ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ქანდაკებებია მიმოფანტული.

ბათუმი

აქ არსებულ 23 ქანდაკებას შორის არიან: ბითლზები, ელვის პრესლი, ბობ მარლი, ელტონ ჯონი, უიტნი ჰიუსტონი და ა.შ. ქანდაკებებთან მიახლოვებისას ისმის მათი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ქანდაკება საერთოდ არ ჰგავს ორიგინალს, თუმცა გამოცნობის პროცესში ძალიან ვიხალისეთ. სცადე, საინფორმაციო ფირფიტის შეხედვის გარეშე, მუსიკით ან გარეგნობით გამოიცნო, თუ რომელი ქანდაკების წინ დგახარ.

  • სამუშაო საათები: ყოველთვის
  • ბილეთის ფასი: უფასო

ციცინათელა

რადგანაც შეკვეთილში ხარ, შეიძლება იქვე არსებული ეს გასართობი ცენტრიც მოინახულო. თემატური პარკი ციცინათელა აერთიანებს 40 განსხვვებულ ატრაქციონს და აქ თუ ბავშვებთან ერთად მიხვალ, მაშინ მთელი დღის საკმარის აქტივობებს მარტივად გამოძებნი.

ბათუმი
  • სამუშაო საათები: ყოველდღე 18:00-00:00
  • ბილეთის ფასი: უფასოა თუ არცერთი ატრაქციონით არ აპირებ სარგებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უნდა იყიდო ბარათი 1 ლარად და შემდეგ უკვე დაამატებ ანგარიშს იმის მიხედვით, თუ რომელ ატრაქციონზე გინდა დაჯდომა.

მინიატურული საქართველო

ციცინათელას გვერდით არსებულ პარკს მინიატურული საქართველო ჰქვია და აქ შეგიძლია მინიატურულ ზომებში ნახო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ლენდმარკები. ეს გადასარევი საშუალებაა, დაათვალიერო სახასიათო ღირსშესანიშავი ადგილები ერთად, თუკი არ გაქვს უშუალოდ მათი მონახულების დრო და ფინანსები ან პირიქით, აქ მათი მინიმოდელების ნახვის შემდეგ, შეიძლება უფრო მეტად მოგინდეს მოგზაურობა და ორიგინალის ნახვა.

ბათუმი
Georgia in Miniature park

აქ ყველაფერია – თბილისიდან დაწყებული სვანეთის თავდაცვითი კოშკების ჩათვლით. გულწრფელად რომ ვთქვა, სწორედ აქ რამდენიმე ისეთი რამ ვნახე, მათი არსებობის შესახებ მანამდე რომ არც გამეგო და მოტივაცია გამიჩნდა, ადგილზე მომენახულებინა. 

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-00:00; კვირაობით 12:00-00:00
  • ბილეთის ფასი: 3₾ +1 თუ ციცინათელას ბარათი არ გაქვს.

როგორ მიხვიდე მუსიკოსების პარკამდე: მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ძველი ავტოსადგურიდან უნდა გაჰყვე მარშრუტკას შეკვეთილის მიმართულებით და მძღოლი გააფრთხილო, რომ ბლექ სიი არენასთან გაგიჩეროს. აქედან ან 4.7კმ ფეხით უნდა იარო გზატკეილზე ან ჰიჩჰაიკინგის საშუალებით გაჰყვე ნებისმიერ მანქანას ან ხაზის მარშრუტკას ქობულეთის ან ბათუმის მიმართულებით ციცინათელამდე.

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი

ეს ადგილი აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია, არადა ნებისმიერი მოგზაურის გეგმაში უნდა მოიაზრებოდეს. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი, არათუ ერთ-ერთი უნიკალურია საქართველოში, არამედ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელს მსოფლიოში სრულიად გამორჩეული ადგილია.

ბათუმი

რატომ არის ასეთი უნიკალური? ხელუხლებელი სფანგუმის/ხავსის ტორფიანი ჭაობის გამო! ეს არის უიშვიათესი და ერთადერთი გასუფთავებული ხავსიანი ჭაობი მსოფლიოში და ძალიან მოწყვლადი გარემოს დაბინძურებისადმი! ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ბუნებრივმა ნაკრძალმა, რომელზეც ინფორმაცია თითქმის არავის აქვს. მეც კი არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, სანამ შემთხვევით არ გადავაწყდი ერთ-ერთ წიგნში.

ბათუმი
“სამთო თხილამურები”

ტორფი არასოდეს იფარება წყლით, ხოლო ხავსი ღრუბელივით ეფარება მას. როცა ქობულეთში წვიმს, ვენერასებრი ხავსი წყალს შეიწოვს და თავის წონას 25-ჯერ აჭარბებს ანუ ღრუბელივით ისრუტავს მას. თუ მოწყვეტ და ხელს მოუჭერ, სუფთა წყალი გადმოდინდება. ეკოსისტემის განადგურებაზე ნუ ინერვიულებ, როგორც კი ადგილზე დააბრუნებ, რეგენერაციას განიცდის. სწორედ ამ გარემოს გამსახურებაა, რომ ქობულეთი არასოდეს იტბორება დიდი ნალექის მიუხედავად. ტეროტირია დაახლოებით 770 ჰექტარზეა გადაჭიმული.

ბათუმი
სფანგუმის/ხავსის ტორფიანი ჭაობის

იშვიათი სახეობის ჭაობის, სადაც იზრდება Ispani I და Ispani II, ფეხით შემოვლა დაშვებულია რეინჯერთან ერთად. თუმცა, წინასწარ მოემზადე, რომ კარგად მოწყობილ და გატკეპნილ ბილიკზე არ მოგიწევს სიარული, პიქირით ბუჩქებს შორის, ველურ ბუნებაში იხეტიალებ, ამიტომ წყალგაუმტარი ბათინკი ან ბოტები დაგჭირდება. ეს ცალკე თავგადასავალი იყო, სანამ მივიდოდი არსად იყო მითუთებული თუ რა ტიპის ფეხსაცმელი უნდა მცმოდა და ჩვეულებრივი ბოტასებით მივედი.

ბათუმი

ადგილზე შეგიძლია იქირაო ე.წ. ,,სამთო თხილაურები“, რაც რეალურად თოკით ერთმანეთზე გადაბმულ ტოტებს წარმოადგენს, რომელსაც ფეხსაცმელზე შემოგახვევენ და ბალანსის დაცვასა და წყალში არ ჩაძირვაში გეხმარება. ამ ტიპის ფეხსაცმლის დანამატები ადრე აჭარაში, ზამთარში გამოიყენებოდა ხოლმე. ,,ფეხსაცმლის“ ღირებულება სულ რაღაც 2 ლარია.

იმის მიხედვით, თუ რომელ სეზონში სტუმრობ ნაკრძალს, აქ ნახავ განსხვავებული სახეობის ჩიტებს, კუებს, ჭაობის ყვავილებს და სხვა ტიპის ხავსებს.

  • სახელწიფო ნაკრძალის სამუშაო საათები: ყოველთვის
  • ადმინისტრაციის სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • ბილეთის ფასი: უფასო

როგორ მიხვიდე ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში: პეტრას ციხის მსგავსად, ქობულეთის მიმართულებით მიმავალ მარშრუტკას უნდა გაჰყვე და მძღოლს სთხოვო, რომ ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციასთან გაგიჩეროს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს. უმჯობესია, ადმინისტრაციაში წინასწარ დარეკო და გააფრთხილო რომ მისვლას აპირებ. დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად შეამოწმე ეს გვერდი. ადმინსიტრაციის შენობიდან ნაკრძალის ტერიტორიის შესასვლელამდე 3კმ ფეხით გავლა მოგიწევს ან შეგიძლია, ტაქსი დაიქირავო იქვე.

მხუნცეთის ჩანჩქერი და თაღიანი ხიდი

ბათუმიდან სულ რაღაც 40 წუთის სამანქანო გზაზე, ზემო აჭარაში მდებარეობს სოფ. მახუნცეთი – უცხოელი მოგზაურების და ადგილობრივების მიერ ერთ-ერთი ხშირად მონახულებადი ადგილი ბათუმის მიმდებარედ. სწორედ ამიტომ, ზაფხულში, სეზონზე საკმაოდ გადატვირთულია. 

ბათუმი

ჩანჩქერი მთავარი გზიდან არ ჩანს და მიმართულების ნიშნულებს უნდა გაჰყვე. მართლა ძალიან ლამაზია 36-მეტრის სიმაღლის კლდიდან გადმომდინარე ჩანჩქერი. აქვე, გზიდან შორი-ახლოს მდებარეობს მორიგი საინტერესო ატრაქცია – თაღიანი ხიდი. ითვლება, რომ ეს ხიდი მე-12 საუკუნეში აშენდა ორი ნაპირის ერთმანეთთან დასაკავშირებლად და გამოირჩევა კონსტრუქციის უცნაურობითა და განსხვავებულობით. 

ბათუმი

როგორ მიხვიდე მახუნცეთის ჩანჩქერამდე: მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ძველი ავტოსადგურიდან გაჰყევი მარშრუტკას მახუნცეთის, შუახევის ან ხულოს მიმართულებით. ავტობუსები ყოველ საათში ერთხელ გადიან და ბილეთის ფასი 2 ლარია. როგორც ყოველთვის, მძღოლს სთხოვე, რომ ჩანჩქერთან ჩამოგსვას. ბათუმში დასაბრუნებლად, უბრალოდ გზის პირას გაჩერდი და დაელოდე მარშრუტკას ან თუკი ლოდინი გეზარება, ასეთ მომენტში ჰიჩჰაიკინგი ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია. 


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!