ბირთვისის კანიონი საქართველოს მასშტაბით არც ისე ცნობილი ადგილია, არადა აქ გასაოცარი ხედებია ვულკანურ კლდეებზე. თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზე მდებარე კანიონი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ბუნებაში გასეირნება უნდა რაიმე განსაკუთრებული აღჭურვილობისა და მანქანის დაქირავების გარეშე. ქვემოთ ბირთვისის კანიონის მოსანახულებლად საჭირო ყველა ინფორმაციას იპოვი. მაშ, ასე, დავიძრათ ბირთვისებისკენ?
რატომ უნდა ილაშქრო ბირთვისის კანიონში?
ბირთვისის კანიონი მდებარეობს ქვემო ქართლში, თრიალეთის გეგმარებით ეროვნულ პარკში, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე. კანიონისთვის ძალიან სახასიათოა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მდგარი კლდეები და წამოწვეტილი პატარ-პატარა ვულკანური გორაკები, რომლებიც მილიონობით წელს ითვლიან და აქ არსებულ, აქტიურ ვულკანურ ამოფრქვევაზე მიუთითებენ. მოგვიანებით, წლებთან ერთად, ცხადია, ქარისა და წვიმის ზემოქმედებით, ფორმები და ზომები შეიცვალა.
სწორედ აქ, ამ პირამიდის მსგავს კლდოვან მასივში მდებარეობს ბირთვისის ციხე, ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისადგომი ციხე მთელ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ნაგებობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად ჩვ.წ. მე-11 საუკუნეშია ნახსენები.

სრულიად გასაოცარია ის ფაქტი, თუ როგორ გამოიყენეს ციხის მშენებლებმა ირგვლივ არსებული რთული რელიეფი კედლით დაცული ციხე-სიმაგრის ასაშენებლად ქედის გაყოლებაზე. მთლიან კომპლექსს რამდენიმე მკვიდრად ნაგები თავდაცვითი კოშკი ამაგრებს. ამ ციხეების გარდა, აქვეა საცხოვრებელი შენობების ნანგრევები, ცხოველების საბინადროები და წყლის მომარაგების სისტემა.
ციხე-სიმაგრის უმაღლეს კოშკამდე – შეუპოვრამდე – მისვლა მხოლოდ კლდეში ნაკვეთი, ციცაბო ბილიკით არის შესაძლებელი. აქედან მთელს ირგვლივ არსებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ულამაზესი და ვრცელი ხედი იშლება, რაც თავის დროზე, შემოსევებისას ამ კოშკს ფასდაუდებელს ხდიდა.

ბირთვისის ციხე, მისი აუღებლობის გამო, საუკუნეების მანძილზე საქართველოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ნაგებობა იყო. მე-14 საუკუნის უძლიერეს და უსასტიკეს დამპყრობელს, თემურ ლენგსაც კი ბირთვისის ციხეზე 8-ჯერ მოუწია იერიშის მიტანა, სანამ საბოლოოდ მოახერხებდა მის აღებას. სამწუხაროდ, ბოლო ცდისას ციხის გატეხვა შიგნით არსებული მოღალატის დახმარებით მოახერხა.
ლაშქრობა ბირთვისის კანიონში
ლაშქრობის დასაწყებად საუკეთესო წერტილია სოფელი ტბისი, საიდანაც უნდა აუყვე კლდეზე არსებულ კარგად მოცვეთილ ბილიკს, რომელიც პატარა ტყემდე მიგიყვანს.
როცა დაინახავ ნიშნულას წარწერით „ბირთვისის ბუნებრივი ძეგლი“ – ეს ნიშნავს რომ სწორ გზაზე დგახარ. სამწუხაროდ, ბილიკი არ არის მონიშნული და სჯობს Wikiloc-დან ჩამოტვირთო ტრეკი ან ჩემი საყვარელი ოფლაინ რუკა-აპლიკაცია დაიხმარო – Maps.me. ჩვენ მეგობრებთან ერთად მოვიარეთ კანიონი, ერთ-ერთი მათგანი გიდია, რომელმაც საკუთარი ხელისგულივით იცის ეს ტერიტორია.
დაახლოებით 150მ-ში მარჯვნივ გაუხვიე და ტყეში გაუყევი ბილიკს. სიმაღლის აკრეფასთან ერთად, შენგან მარცხნივ შეამჩნევ კონუსისებურ კლდეებს, რომლებიც ხეების ტოტებს შორის პერიოდულად ჩნდებიან. გზად რამდენიმე ციცაბო ლოდის გადავლა მოგიწევს. თუმცა, ვერც სიმაღლის აკრეფას შეამჩნევ დიდად და ვერც სრიალა ქვებს ირგვლივ არსებული ხედები იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავია.
დაახლოებით 1.5კმ-ში მიადგები დევის ნაპრალს – ვიწრო ღიობს, ორ კლდეს შორის, რომელიც შემოსაზღვრულია დახავსებული ნაშალი კლდეებით, ხის ფესვებით, ყვავილებითა და სიმწვანით. ბილიკს ბირთვისის ციხის ძირამდე, მაღალრცხილებიან ფართო ადგილამდე მიჰყავხარ, რომელსაც ბირთვისის საბანაკესაც ეძახიან მოლაშქრეები და ძალიან მოხერებული ადგილია ლანჩის მისართმევად და შესასვენებლად.
შემდეგ შეგიძლია დაალოებით 230 მეტრის რადიუსში იტრიალო, მოინახულო სრულ სიმწვანეში მიმალული არსენას კოშკის ნანგრევები. შემდეგ დაუბრუნდე საპიკნიკე ადგილს და გაუყვე ბილიკს შეუპოვარისკენ.
გაითვალისწინე, რომ ძალიან ციცაბო და სრიალა კლდეებზე მოგიწევს აცოცება, ამიტომ ყურადღებითაც უნდა იყო და ფეხსაცმელიც მოხერხებული უნდა გეცვას. რამდენიმე ადგილას ცოცვისას ხელის გამოყენებაც დაგჭირდება, მაგრამ ხედები ამად ღირს. და ბოლოს, როცა შეუპოვარიდან გადმოიხედავ მიხვდები, რატომაც შეარქვეს ამ ციხეს ეს სახელი.
ლაშქრობისას აუცილებელი ნივთები
- კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც არ სრიალებს და კარგად არის ფეხზე მომჯდარი
- საწვიმარი ან ქარგაუმტარი მოსაცმელი
- წყალი
- საკვები
საუკეთესო დრო ლაშქრობისთვის
ბირთვისის კანიონში ლაშქრობა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუმცა, ზაფხულში აქ საკმაოდ ცხელა და მიმდებარედ სასმელი წყალიც შრება. ძლიერი წვიმების შემდეგ სჯობს არ ეწვიო ამ ადგილს, რადგან ზოგიერთ ადგილას ძალიან ტალახიანია და წყლის დონეც მაღლა იწევს.
ჩვენ მარტის დასაწყისში ვიყავით. ცოტათი ცოიდა და ქარი იყო ყველაზე მაღალ წერტილზე, მაგრამ სხვამხრივ, ძალიან სასიამოვნო გასეირნება გამოგვივიდა.
ბირთვისში ლაშქრობისას სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია
- ლაშქრობის სრული მანძილი დაახლოებით 5კმ-ია
- ბილიკი ზოგ ადგილას საშუალო სირთულისაა
- ლანდშაფტი კლდოვანი და ციცაბოა
- ხეობაში, ქვემოთ საბანაკესთან, ტელეფონი არ იჭერს
- ჩამოტვირთე ტრეკი Wikiloc-ზე ან გადმოწერე Maps.me
- საბანაკე ადგილი ძალიან მოხერხებულია
როგორ მიხვიდე ბირთვისის კანიონამდე
ბირთვისის კანიონამდე მისასვლელი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი მანქანით წასვლა რუსთავის გზატკეცილის გავლით მარნეულის მიმართულებით E117-ზე. შემდეგ სოფ.კოდასთან მარჯვნივ გაუხვევ და გაივლი ასურეთს, ჯორჯიაშვილს, საღარაშენს. აქედან უკვე შეამჩნევ ყავისფერ საინფორმაციო დაფებს, რომელთაც ,,ბირთვისის კანიონი“ აწერია. განაგრძე გზა ფარცხისის მიმართულებით, არ გადაუხვიო მარცხნივ თეთრიწყაროსკენ და სოფ. ტბისის ნიშნულასთან, ხეებს შორის სადმე დატოვე მანქანა.
თუ მანქანა არ გყავს, ნავთლუღის ავტოსადგურიდან ყოველდღე გადიან მარშრუტკები წალკის მიმართულებით. ასევე შეგიძლია თეთრიწყაროს მარშრუტკასაც გაჰყვე და ფარცხისში, ხიდთან ჩამოხვიდე და ტბისამდე ის მცირე მანძილი ფეხით გაიარო. თუ წალკისას გაჰყვები, მაშინ მარცხენა მხარეს ტბისის ნიშანს რომ დაინახავ, ზუსტად მანდ გააჩერებინე.
მგზავრობის საფასურია 3ლარია. მგზავრობის დროები 1-2 დღით ადრე შეამოწმე, რადგან სეზონურად და მოთხოვნის შესაბამისად იცვლება ხოლმე.
ბირთვისის კანიონიდან თბილისში ჩამოსვლა ძალიან მარტივია. შეგიძლია, მთავარ გზას გამოუყვე და დაელოდო წალკიდან, ნინოწმინდიდან მომავალი ხაზის მარშრუტკა როდის გამოივლის ან ავტოსტოპით დაბრუნდე ქალაქში. თუ გირჩევნია რომ გარანტირებულად, მარშრუტკას დაემთხვე, 16:00-16:30-თვის მთავარ გზაზე იყავი უკვე. თუმცა, როგორც ჩვენმა მეგობარმა გვითხრა, უამრავჯერ არის ბირთვისში ნამყოფი და აქედან სულ 2-3-ჯერ თუ გამოჰყოლია უკან მარშრუტკას, რადგან ავტოსტოპი ძალიან სწრაფად და გარანტირებულად „მუშაობს“ ამ მიდამოებში.