მე ბაია ვარ, ამ ბლოგის წითელქუდიანი ავტორი. ბლოგზე ჩემთან ერთად თანაცხოვრობს ჩემი მეუღლე – ოთო, რომლის საყვარელი პოზიცია ფოტოკამერის უკან დგომა და დაუვიწყარი მომენტების კადრებით დაჭერაა.
მე ვცხოვრობ თბილისში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც თანამედროვე ტენდენციებისა და ანტიკური ისტორიის უსაინტერესოესი ნაზავია; იქ, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება და იკვეთება ალი და ნინოს ქანდაკებასავით; ქვეყანაში, რომელმაც საუკუნეების მანძილზე უუგემრიელესი სამზარეულო და ქარვისფერი ღვინო შექმნა.
ჩემმა მოგზაურობისადმი და ახალი კულტურების, ტრადიციების, უცხო ხალხთა ჩვევების აღმოჩენისადმი სიყვარულმა საბოლოოდ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ მინდა ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს მოგზაურობა შეადგენდეს. ამიტომაც, 2017 წლიდან კარიერის არც ისე რადიკალური, მაგრამ მაინც ცვლილება გადავწყვიტე და ჟურნალისტობიდან ფრილანსერ მოგზაურ ბლოგერობაზე გადავედი.
„წითელქუდას დღიური“ – ეს ბლოგსივრცე შევქმენი, რათა მარტივად გამეზიარებინა ჩემი გამოცდლებები მოგზაურობისას, ამბები, პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, პატარ-პატარა ეშმაკობები და რაც ყველაზე მთავარია, შენი შთაგონებისთვის, რომ იმოგზაურო ძალიან ბევრი ამ გასაოცარ დედამიწაზე რაც შეიძლება იაფად.
ამავე გზაზე მოგზაურობისას შემომხვდა ოთო, რომელიც დიდი სიყვარულითა და თანადგომით აგრძელებს გზას ჩემთან ერთად, მიღებს სურათებს და მეხმარება მოგზაურობების დაგეგმვასა და ბლოგის მართვაში.
თუ ჩემი სამოგზაურო ჟურლალისტიკითა და ამ სახის სტატიებით დაინტერესდი, შეგიძლია თვალი პორტფოლიოს გადაავლო.
ბლოგი უმეტესად ეხება იაფად მოგზაურობის ხრიკებს, განსაკუთრებით კი მივიწყებულ და ჯერ არც ისე პოპულარულ ადგილებში როგორიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, აღმოსავლეთ ევროპა და ა.შ.
თუმცა, ამასთანავე, ჩვენ ძალიან ცნობილ ქვეყნებსა და ქალაქებსაც ვსტუმრობთ და ამ ადგილების ბიუჯეტურ გზამკვლევებს გიზიარებთ.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოტივაციას გაგიასმაგებთ, გაიძულებთ დატოვო შენი კომფორტის ზონა და დაიწყო მოგზაურობა შენთვის საოცნებო ან ინსტაგრამზე ნანახ და მოწონებულ ადგილებში.
როგორც ნებისმიერი ზურგჩანთით მოგზაურის (ბეგფექერის) ბლოგის ისტორია იწყება, ჩემიც ასევე დაიწყო… ერთ დღესაც გადავწყვიტე დიდი ხნის ოცნება ამეხდინა და 2014 წელს #213დღეაზიაში მოგზაურობით გამეტარებინა ჩემს ძააალიან ახლობელ მეგობარ მარიამთან ერთად.
მოგზაურობა ნეპალიდან დავიწყეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ განვაგრძეთ გზა. მთელი ამ თავგადასავლის ფარგლებში ვიყავით ტაილანდში, ლაოსის ნაწილში, კამბოჯასა და მალაიზიაში. სწორედ იმ პერიოდში დავიწყე ამ ბლოგის წერა, მაგრამ სხვა სახელწოდებით…
ახლანდელი სახელი – წითელქუდას დღიური, სწორედ ამ მოგზაურობაში დაიბადა. თუკი მსოფლიოს ამ ნაწილში გიმოგზაურია, მაშინ გეცოდინება როგორ ცხელი მხარეა. ჩემი ჯანმრთელობისთვის და სხეულის დაცვის მიზნით წითელი, ფარფლებიანი შლიაპა მეხურა ხოლმე.
სრულიად შემთხვევითად, ფეისბუქზე ჩვენ მიერ დაპოსტილ ყველა სურათში სწორედ ამ წითელი ქუდით ვიყავი და მეგობრები გვეხუმრებოდნენ, რომ ინდიანა ჯონსის მსგავსად, ჩემი ქუდი, ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა!
ჩემთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობა რადიკალური ცვლილებების ათვლის წერტილივით იყო, სადაც უამრავი კარგი და ცუდი თავგადასავალი გადამხდა. მინდოდა, რომ ბლოგს ჩემთვის იქ გატარებული დაუვიწყარი მომენტები გაეხსენებინა და სწორედ ასე დაიბადა წითელ-ქუდას დღიური – Red Fedora Diary.
ჩვენი აზიაში მოგზაურობა იყო ქაოსური, დაუგეგმავი და დაუჯერებლად ბიუჯეტური. რამდენიმე ათასი კილომენტრის მოგზაურობის შემდეგ, საბოლოო ჯამში, გამოუცდელობისა და უცოდინრობის გამო მხოლოდ 108 დღე დავყავით იქ.
ამ მოგზაურობის განმავლობაში იმაზე გაცილებით მეტი ვისწავლე, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი!
მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, ჩემსავით ძალიან ბევრი სტრესი გაიარო და შეცდომები დაუშვა!
სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ რჩევები მოგცე, გამოცდილება და პრაქტიკული ინფორმაცია გაგიზიარო მომავალი მოგზაურობებისთვის.
ჩვენ აქ არაფერს ვწერთ ისეთს, რაც მე და ოთოს არ გამოგვიცდია. თუ პოსტი დასპონსორებულია, ეს მითითებულია ხოლმე; თუ სასტუმრომ ან რესტორანმა დაგვპატიჟა და მიგვიწვია, ამასაც ვწერთ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ მაინც ძალიან გულწრფელ და ობიექტურ ინფორმაციას გიზიარებთ.
თუკი Red Fedora Diary-სთან თანამშრომლობით დაინტერესდი, შეგიძლია დეტალებსა და სტატისტიკას გაეცნო.
კითხვების გაჩენის შემთხვევაში, არ მოგერიდოს – სიამოვნებით გიპასუხებ!
მაშ, კეთილი იყოს შენი მობრძანება, შეიკარი ღვედი და მოემზადე ერთობლივი დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის ♥