fbpx
საქართველო

ბორჯომი – რა ვნახოთ, სად დავრჩეთ, სად ვჭამოთ

ბორჯომი მინერალური წყლებით ცნობილი კურორტია საქართველოში. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. დღესდღეობით, მინერალური წყალიც პოპულარულია და ასევე ძალიან ძვირადღირებული სასტუმროები და განვითარებული ინფრასტრუქტურაც იზიდავს ხალხს. მაშ ასე, ეს გახლავთ ჩემი რეკომენდაციები ბორჯომში 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში აქტივობებისთვის.

ბორჯომი

როგორ მოვხვდეთ ბორჯომში

ბორჯომში ჩასასვლელად რამდენიმე ალტერნატივა არსებობს: მარშრუტკა, მატარებელი, მანქანა. თუ ყველაზე იაფიან ვარიანტს ეძებ, ყველაზე სწრაფი საშუალება მარშრუტკებია, რომლებიც თბილისიდან ბორჯომის  მიმართულებით საკმაოდ ხშირად გადიან სხვადასხვა ავტოსადგურებიდან: 08:00, 08:40 და 10:00-დან 19:00-მდე ყოველ 40 წუთში ერთხელ, ყოველდღე. ბილეთის ფასი 7-8 ლარი. გზას დაახლოებით 2 საათი სჭირდება. ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით ბოლო მარშრუტკა გამოდის 17:40-ზე, მაგრამ ყოველი შემთხვევითვის, სჯობს, რამდენიმე წუთით ადრე მიხვიდე სადგურზე.

ბორჯომი

ბორჯომის მატარებელი თბილისიდან გადის 06:40-სა და 16:15-ზე. ბილეთის საფასურია 2 ლარი. შეგიძლია ბილეთი წინასწარ იყიდო თბილისის რკინიგზის სადგურზე. მატარებელი არც ისე კომფორტული და სწრაფია, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელია. უკან დასაბრუნებლად შეგიძლია ისევ მატარებლით ისარგებლო, რომელიც ბორჯომიდან გამოდის 07:05-სა და 16:45-ზე. აქ ბილეთის წინასწარ ყიდვა არ არის აუცილებელი, უბრალოდ ადგილს დაიკავებ და ბილეთს იქვე იყიდი კონდუქტორთან.

ბორჯომში შეგიძლია გორიდანაც ჩახვიდე მარშრუტკით, რომელიც გადის 12:40-სა და 16:20-ზე. მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი და 40 წუთია.

ბორჯომის ისტორია

ბორჯომის ხეობა სილამაზით გამოირჩევა. მისი ფერდები დაფარულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით. ქალაქის მთავარ სიმდიდრეს მინერალური, ვულკანური წარმოშობის წყალი წარმოადგენს, რომელიც თავისი თერაპიული მახასიათებლებით არის სახელგანთქმული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის აბანოებზე დაფუძნებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წინაპრები ბორჯომის მინერალური წყლებით აქტიურად სარგებლობდნენ.

ბორჯომი

შუა საუკუნეებში, როდესაც საქართველოს უამრავი, სხვადასხვა ეროვნების დამპყრობელი ესეოდა, ბორჯომის მოსახლეობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაიხიზნა. ბორჯომის აღზევება უკავშირდება 1820-იან წლებში ხერსონის (ქალაქი უკრაინაში) გრენადერების პოლკი განლაგდა ბორჯომის მიმდებარედ. მდინარესთან ახლოს ჯარისკაცებმა იპოვეს მჟავე წყალი და ამის შესახებ თავიანთ მეთაურს მოახსენეს, რომელსაც კუჭის წყლული აწუხებდა. ბორჯომის წყალმა მას ძალიან შეუმსუბუქა მდგომარეობა და მინერალური წყლის მიმდებარედ აბანოს აშენება ბრძანა. ძალიან მალე, ცნობებმა მკურნალი წყლის შესახებ კავკასიის მეფისნაცვლის, ევეგენი გოლოვინის ყურამდეც მიაღწია, რომლის ქალიშვილიც ხშირად ავადობდა. წყალმა გოგონაც განკურნა. 

ბორჯომი

1844 წელს, კავკასიის ახალმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ბორჯომის პროექტის განვითარება დაიწყო, რომლის მიხედვითაც, ქალაქში, ახალი აბანოების, სასტუმროებისა და პარკის მიმდებარედ ბორჯომის მინერალური წყლის ადმინისტრაციაც მოეწყო. ამ ყველაფრის შედეგად, ქალაქს მოაწყდნენ როგორც ადგილობრივები სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე დამსვენებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. 

ბორჯომი

1862 წელს მიხეილ ვორონცოვი მეფისნაცვლის პოსტზე ჩაანაცვლა რუსეთის იმპერატორის ძმამ მიხეილ რომანოვმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბორჯომი ექცია რომანოვების სამეფო დინასტიის შთამომავლების საკუთრებად და საზაფხულო რეზიდენციად. შედეგად, ძალიან მალე, ბორჯომი გადაიქცა პირველი კლასის სამკურნალო ცენტრად, რომელიც იმ პერიოდის ევროპული მსგავსი კორორტების თანასწორ მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს. საბჭოთა პერიოდში რამდენიმე ათეული სანატორიუმი და პანსიონატი აშენდა, რომელთა ნანგრევებს აქ დღესაც გადაეყრებით.

ბოთლში ჩამოსხმული ბორჯომის წყალი

სამხედრო საველე საავადმყოფოს ფარმაცევტი ზახაროვი იყო პირველი, რომელმაც ბორჯომის მინერალური წყალი ნახევარლიტრიან შუშის ბოთლში ჩამოასხა და თბილისში გაყიდა 1850 წელს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1894 წელს მიხეილ რომანოვმა ააშენა წყლის ჩამომსხმელი საამქრო ბორჯომის მინერალური პარკის ტერიტორიაზე, რომელსაც მალევე მოჰყვა შუშის ქარხანა ქალაქის მიმდებარედ. 

ბორჯომი

ბორჯომის გაზირებული მინერალური წყალი ერთ-ერთი საყვარელი სასმელია ქართველებისთვის და არამხოლოდ. 1900 წლიდან მისი ექსპორტი დაიწყო რუსეთშიც და დღედღეობით 30-მდე ქვეყანაში იყიდება.

რა ვნახოთ ბორჯომში

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქალაქში მოსახლეობა ნელ-ნელა ბრუნდებოდა უკან და არც ახლა გამოირჩევა მოსახლეების დიდი რაოდენობით, შესაბამისად, ბორჯომში ბევრს ვერაფერს გააკეთებ. აქედან გამომდინარე, რელაქსირებული შაბათ-კვირის გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. 2 დღე სრულად საკმარისია მის დასათვალიერებლად, მეტიც, აქ ერთი დღითაც კი შეგიძლია ჩახვიდე.

გაისეირნე ბორჯომის ქუჩებში

ქალაქი მომცრო ზომისაა და სულ რაღაც 1-2 საათში შეგიძლია მოიარო საინტერესო ადგილები ცენტრალური პარკის ირგვლივ. დატკბე ძველი შენობებითა და საბჭოთა მოზაიკით, რომელიც ხან შენობებზე შემოგხვდება და ხანაც – პარკში. შემდეგ გაუყვე გზას მდინარის გასწვრივ ბორჯომის პარკის მიმართულებით. გზად რესტორნებისა და სუვენირების მაღაზიების გვერდით გადაეყრები ადგილობრივ თაფლს, ჯემებს და ხელნაკეთ ნივთებს.

ბორჯომი

პარკში შესვლამდე რამდენიმე მეტრით ადრე, მარცხენა მხარეს შეამჩნევ გამორჩეულად დიდებულ შენობას – სასტუმრო გოლდენ ტულიპს.  ეს არის 1892 წელს ირანელი კონსულის მირზა რიზა-ხანის მიერ აშენებული საზაფხულო რეზიდენცია. თვითონ ამ შენობას ფირუზას ეძახდა და თუ ყურადღებით დააკვირდები, ამ წარწერას წინა ფასადზე, სახურავთან ახლოს შეამჩნევ კიდევაც. აივნის ჭერი ფირუზისფერი მოზაიკით არის შემკული.

შემოიარე ბორჯომის პარკი

განახლებული პარკი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ატრაქციაა. ბორჯომის მინერალური წყლის მთავარი წყარო სწორედ აქ მდებარეობს. ასე რომ, დღის განმავლობაში აქ ნებისმიერს შეუძლია მოსვლა და მისი დაგემოვნება. შესვლის საფასურია 2 ლარი და ამ ბილეთით შეგიძლია მთელი დღე ისარგებლო. აქ შეგიძლია დაისვენო, ისეირნო, ხალხს დააკვირდე და კარუსელებზეც გაერთო.

ბორჯომი

დალიე ბორჯომის მინერალური წყალი უშუალოდ წყაროდან

პარკში შესვლისთანავე, რამდენიმე მეტრში ფირუზისფერ, ლამაზ კოშკურას შენიშნავ. სწორედ აქ მოედინება ბორჯომის მინერალური წყალი, რომელიც ცოტათი თბილია და გოგირდის გემო აქვს. შეგიძლია ბოთლი მიაწოდო, აგივსებენ და მთელი დღე თან იქონიო ცნობილი მინერალური წყალი.

ბორჯომი

იბანავე გოგორდის ცხელ აბანოებში

პარკის ბოლოს, ტყიანი 3კმ-იანი ბილიკის გავლის შემდეგ მიადგები ღია ცისქვეშ მოწყობილ ცხელი გოგირდის აბანოებს, რომელიც მუშაობს 06:00-დან 20:00-მდე და სულ რაღაც 5 ლარი ღირს. 8 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა. თანხას იხდი უშუალოდ აბანოების შესასვლელთან. ასე რომ, პარკში სასეირნოდ წამოსვლამდე დარწმუნდი, რომ ყველა საჭირო ნივთი თავ გაქვს წამოღებული.

დატკბი ბორჯომის ზედხედით

პარკის სრულად დათვალიერების შემდეგ, შეგიძლია შესასვლელთან დაბრუნდე და ამჯერად უკვე საბაგიროთი ისარგებლო და ქალაქსა და მის ნაძვნარით დაფარულ შემოგარენს ზემოდან დახედო, პანორამებით დატკბე. მგზავრობა სულ რამდენიმე წუთი გრძელდება. თითო გზა 5 ლარი ღირს. ზედა პარკში არის რესტორანი და ეშმაკის ბორბალი, რომლის საფასურია 1 ლარი.

ბორჯომი

შეგიძლია უკან დასაბრუნებელი ბილეთი პარკის შესასვლელშივე იყიდო, ან ზედა სადგურზე შეიძინო ან სულაც ფეხით ჩამოისეირნო ბილიკით, რომელიც 30 წუთში ბორჯომის ცენტრალურ პარკში ჩამოგიყვანს. 

დაათვალიერე ლიკანის საბჭოთა პერიოდის სანატორიუმები

ლიკანი, ეს ძალიან პატარა ქალაქი ბორჯომის მიმდებარედ, ერთ-ერთია ბორჯომის მინერალური წყლების ფუნქციური სექციებიდან, ვაშლოვან-ყვიბისის განყოფილებასთან ერთად. ბორჯომის მსგავსად, საბჭოთა პერიოდში ლიკანშიც უამრავი სანატორიუმი და  სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღემდე თითო სექციაში დაახლოებით 1200-1500 მეტრი სიღრმის 9 მუშა წყაროა. 28-33 გრადუსის მქონე ლიკანის თბილი მინერალური წყლის მთავარი, უნიკალური მახასიათებელი ჰიდროკარბონისა და კალციუმის კომბინაციაა, ბუნებრივი ნახშირმჟავას გაზით.

ბორჯომი

სწორედ ლიკანის პარკში ააშენეს რომანოვებმა თავიანთი სასახლე. პარკში ათასწლოვანი მუხებისა და ფიჭვის ხეების მიმდებარედ უამრავ დეკორატიულ ბუჩქს, ყვავილს თუ მომცრო ბაღს გადაეყრები. სამწუხაროდ, სასახლე დაკეტილია რეაბილიტაციის გამო და შიდა სივრცეს ვერ დაათვალიერებ, მაგრამ გარედან აუცილებლად ნახე.

ამ სასახლის აშენებას მალევე მოჰყვა მომცრო ჰიდროელექტროსადგურის აგება მის მიმდებარედ, ზაფხულში სამეფო ოჯახი ელექტრო-ენერგიით უზრუნველსაყოფად. კომპლექსი შვიდ შენობას აერთიანებს, რომელთაგან მთავარი მავრიტანულ სტილშია  აგებულია და ძალიან განსხვავებული არქიტექტურული დეტალები აქვს – შენობა ყველა მხრიდან სხვადასხვანაირად აღიქმება.

საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ დასასვენებლად ჩამოდიოდა ძალიან ბევრი საბჭოთა ლიდერი და 1951 წელს თვით სტალინიც კი ჩამოსულა რაღაც პერიოდით. ასე ამბობენ, სტალინმა ორი ცალი ლურსმანი ჩააჭედა რომანოვების კაბინეტშიო, ერთი იქვე მაგიდაზე – ჭიქის ჩამოსაკიდებლად და ერთიც კედელზე – კიტელისთვის.

რადგანაც ლიკანის სასახლეში ვერ შევედით, გადავწყვიტეთ, აქვე არსებული სხვა საბჭოთა პერიოდის სანატორიუმები მოგვენახულებინა. სამწუხაროდ, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში წვიმდა და სულ 1-2 საათით გამოანათა მზემ, ამიტომ მხოლოდ ერთი მათგანის მონახულება მოვახერხეთ, რომელშიც დღემდე ხელუხლებლად არის შემონახული ულამაზესი მოზაიკა.

ბორჯომი

შენობას გზიდანაც შეამჩნევ, მაგრამ იქამდე მისასვლელად საზ.ტრანსპორტს უნდა გაჰყვე ბოლო გაჩერებამდე ან ხიდამდე. ხიდზე გადასვლის შემდეგ უბრალოდ გზას გაჰყევი, წესით მარტივად გააგნებ მოზაიკიან შენობამდე. დღეს აქ დევნილები ცხოვრობენ, მაგრამ შენობისა და მოზაიკის დათვალიერებაში არავინ შეგიშლის ხელს. 

ლიკანში ჩასასვლელად შეგიძლია მესხეთის N3-თან მდებარე გაჩერებიდან გაჰყვე მიკროავტობუსს. ბილეთის ფასი 40 თეთრია და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის. ლიკანის მიმართულებით ასევე დადის მწვანე ავტობუსი, რომლის ბილეთი 20 თეთრი ღირს.

თუ სხვა სანატორიუმებიც გაინტერესებს, შეგიძლია ეს რუკა გამოიყენო 

ერთდღიანი გასვლა ბაკურიანში

ბორჯომიდან ძალიან ახლოს მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი სათხილამურო კურორტი – ბაკურიანი. ზამთრობით თოვლით დაფარული წიწვოვანი ტყეები სუნთქვისშემკვრელი სანახაობაა. ზაფხულში კი აქ შეგიძლია სიცხეებს გაექცე და შედარებით გრილად გაატარო დღე ამწვანებულ მთებში ჩაფლულმა.

ელ.ენერგიაზე მომუშავე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი, რომელსაც კუკუშკას ვეძახით, ბორჯომსა და ბაკურიანს აკავშირებს ერთმანეთთან. მატარებელი ბორჯომს ტოვებს დილას 07:15-სა და 10:55-ზე, ხოლო საპირისპირო მიმართულებით იძვრება 14:15-ზე და ბორჯომში ჩადის 16:32-ზე. ამიტომ, უმჯობესია ადრე ადგე და პირველივეს გაჰყვე ბაკურიანის მიმართულებით.

მოინახულე ძველი ტაძრები ბორჯომის მიმდებარედ

ბორჯომის ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი რელიგიური ნაგებობა მდებარეობს – ტიმოთესუბანი და მწვანე მონასტერი. ორივე მათგანის ერთ დღეში მონახულებისთვის საუკეთესო საშუალება ტაქსია. სხვა შემთხვევაში, რომელიმე მათგანამდე ფეხით მიღწევა იმდენად დიდ დროს წაიღებს, რომ ერთ დღეში ნამდვილად ვერ მოასწრებ მეორეს ნახვას.

ბორჯომი
ტიმოთესუბანი

სოფელ ტიმოთესუბანში ღვთისმშობლის სახელობის  XII-XIII საუკუნეში აშენებული და დღემდე ძალან კარგ მდგომარეობაში მყოფი ტაძარი დგას. ტაძრის სიმაღლე 28 მეტრია და მის გუმბათზე ჯვარია აღმართული. ეკლესიაში მე-13 საუკუნის ანუ თამარ დედოფლის მეფობის, საქართველოს ოქროს ხანის პერიოდის მოხატულობაა შემორჩენილი ფრესკების სახით.

ბორჯომი
მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი ბუდესავით არის მოთავსებული მშვიდ, წყნარ და მწვანე ხეობაში. სამონასტრო კომპლექსი აერთიანებს ერთნავიან ეკლესიასა და XV-XVI საუკუნეების სამრეკლოს.

საფეხმავლო ტურების ალტერნატივები ბორჯომში

ბორჯომი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ, რომელიც გადაჭიმულია 851კმ2 და მოიცავს 12 სხვადასხვა ტიპის, სირთულის, ხანგრძლივობის საფეხმავლო ბილიკს, რომლებიც სრულად მონიშნულია და ღამისგასათევი ქოხებითაც აღჭურვილია. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, ეს გვერდი შეამოწმე. ამ პარკში ყოფნისას კი ერთი რამ გარანტირებულია: შესანიშნავი ბუნება, ფლორა და ფაუნა ნებისმიერი ბილიკის გავლისას.

სად ვჭამოთ ბორჯომში

ბორჯომში ჩვენი ყოფნისას სულ რამდენიმე კაფეში ვიყავით ლანჩისა და ვახშმისთვის, რადგან უმეტესად სახლში ვიკვებებოდით. იაფი და გემრიელი საჭმლისთვის კოსტავას მოედანზე მდებარე რესტორან ბორჯომს მიაკითხე. ლაითბოქსზე აწერია ,,ბორჯომი“ და მარტივად მიაგნებ. გირჩევ, ქვედა სართულზე ჩახვიდე, სადაც ნაკლები ხალხია. სასიამოვნო აღმოჩენა იყო ის, რომ კერძები წინასწარ გამზადებული არ აქვთ. ხინკლის გახვევაც კი მაშინ დაიწყეს, როდესაც შევუკვეთეთ. ამიტომ სტადარტულზე მეტად დააგვიანდა კერძებს, მაგრამ გემრიელი და ახალი ნამდვილად იყო, რამაც ლოდინის დრო დააბალანსა. 20ც. ხინკალში, ისპანახისა და ბადრიჯნის ფხალში, შემწვარ კარტოფილსა და ერთ ბოთლ კოკა-კოლაში ჯამში 28 ლარი გადავიხადეთ.

მორიგი კაფე სახელად ,,My Home” შედარებით იაფი უნდა ყოფილიყო ინტერნეტში შეფასებების მიხედვით, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, კერძები საშუალოზე ძვირი ღირდა. 2 ცალ ბურგერში, სოკოს კრემ-სუპში, სალათასა და სახლის კამპოტში 42.90 ლარი გადავიხადეთ.

ცხელი ზაფხულის დღეებში გასაგრილებლად და ცოტათი მოსაცოცხლებლად, ცენტრალური პარკისკენ გზად მდებარე კაფე Rio-დან წამოღებული სხვადასხვა გემოიანი მილქშეიქები მისწრება იყო. აქვე აქვთ ლიმონათები, სლაშები, მოხიტო, ცივი და ცხელი ყავა. პატარა მილქშეიქი 2.40 ლარი ღირდა და დიდი -2.90 ლარი. 

ბარემ ბორჯომში ხარ და აუცილებლად გასინკე გირჩის მურაბა, რომელსაც ლამის ნებისმიერ ქუჩაზე გადააწყდები. მურაბას ნამდვილად საინტერესო გემო აქვს.

ბორჯომის სასტუმროები

ბორჯომში ღამისგასათევი ადგილების მხრივ ფართო ასორტიმენტია იაფიანი გესთჰაუსებიდან დაწყებული 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებით დასრულებული. თუკი ამის საშუალება გაქვს, შეგიძლია ძალიან მდიდრული სასტუმროები Crown Plaza Borjomi ან Golden Tulip Borjomi სცადო და თუკი ბიუჯეტური მოგზაური ხარ, მაშინ Guest House Khatuna-ს გირჩევ. დიასახლისი არის ძალიან მეგობრული და სასიამოვნო ქალი. 


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!