დაშბაშის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი ბუნებრივი ძეგლია თავისი უხვი სიმწვანითა და ულამაზესი ჩანჩქერებით. თუ ბუნებაში გასასეირნებლად მარტივ, ერთდღიან მიმართულებას ეძებ რაიმე განსაკუთრებული აღჭურვილობისა და მანქანის დაქირავების გარეშე, მაშინ დაშბაშის კანიონი აუცილებლად უნდა განიხილო. დაშბაშის კანიონის დამოუკიდებლად მოსანახულებლად საჭირო ყველა ინფორმაციას იპოვი ამ სტატიაში.
რატომ უნდა ილაშქრო დაშბაშის კანიონში
კანიონი თბილისიდან 110კმ-ში, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქალაქიდან – წალკიდან, 2კმ-ში მდებარეობს. დაშბაშის კანიონი რეალურად ვულკანური ლავის ნალექებისგან შექმნილ კლდეებს შორის მდინარე ხრამის მიერ გამოძერწილი, უნიკალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ ძეგლს წარმოადგენს.
კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემა საკმაოდ მეჩხერია და ამის ფონზე არსებული მდიდარი მცენარეული საფარი საკმაოდ უჩვეულოა. თუმცა, ფლორა დრამატულად იცვლება, რაც უფრო მეტად უახლოვდები ჩანჩქერებს ციცაბო ფერდებიდს გავლით ღრმა ხეობაში შესვლისას.

დაშბაშის კანიონის სიგრძე 8კმ-ია, მაგრამ დამთვალიერებლისთვის მხოლოდ მისი მცირე ნაწილია ხელმისაწვდომი. თბილისთან სიახლოვე და ბილიკის სიმარტივე საკმაოდ პოპულარულს ხდის ამ ადგილს, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ხეობაში გაცილებით მეტად გრილა ირგვლივ არსებულ დასახლებებთან შედარებით.
ლაშქრობა დაშბაშის კანიონში
დაშბაშის კანიონის მოსანახულებლად, ფაქტობრივად, არაფერი გჭირდება: არც სპეციალური სალაშქრო აღჭურვილობა და არც ოფლაინ რუკა, რადგან ბილიკი ერთმნიშვნელოვნად გასაგებია. როცა მიუახლოვდები ნიშნულას, რომელსაც აწერია სოფელი დაშბაში, Google Map გიჩვენებს მოკლე ასაქცევ გზას, რომელიც ხეობის გადასახედიდან იწყება და კანიონში ჩადის; მაგრამ რეალურად, მსგავსი ბილიკი ვერსად დავინახეთ.
მეორე ბილიკს რუქა, გასახედიდან 470მ-ის მოშორებით მდებარე ორ კაფესთან მანახებდა. ჩვენც სწორად აქეთ ავიღეთ გეზი. აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც დაშბაშის კანიონის ბილიკი იწყება. შეგიძლია ამ ორ კაფეს შორის არსებულ ბილიკს გაუყვე ან კაფე-მაღაზია პეპოს (Pepo) ეზოს გავლით შეუყვე კანიონს.
შემდეგ ნელა ჩაუყევი გრუნტის გზას. ბილიკი ძალიან კარგად არის დატკეპნილი. გზად აუცილებლად შეგხვდებიან სხვა დამთვლიერებლებიც, ასე რომ აქ დაკარგვა შეუძლებელია. თუმცა, ფრთხილად იყავი, ბილიკის გარკვეული ნაწილები ძალიან სლიპინაა და ადვილად შეიძლება მოსრიალდე.
როცა ხეობის ბოლომდე მიხვალ, ჩანჩქერებთან ახლოს მისასვლელად დიდ ლოდებზე აცოცება მოგიწევს. წყლის ნაკადი კასკადისებურად ნელა მოჩქეფს ხავსით დაფარულ დატერასებულ კლდეზე და ულამაზეს სანახაობას ქმნის. ხავსითაა ამოფენილი პატარა ტბორიც და ზურმუხტისფერი წყლის ილუზიას ქმნის.
შეგიძლია, ირგვლივ არსებულ რომელიმე კლდეზე ჩამოჯდე და ამ მწვანე, მშვიდი ატმოსფეროთი დატკბე.
უკანა გზაზე თუ წმ. გიორგის ეკლესიისკენ გაისეირნებ, ხეობისა და წალკის ლამაზ ხედებსაც დაათვალიერებ.
ლაშქრობისას აუცილებელი ნივთები
- კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც არ სრიალებს და კარგად არის ფეხზე მომჯდარი
- ქუდი
- საწვიმარი ან ქარგაუმტარი მოსაცმელი
- წყალი
- საკვები ან წასახემსებელი ტკბილეული
შეგიძლია, რომელიმე ზემოთაღნიშნულ კაფეში წაიხემსო (ჩვენ არ შევსულვართ და ნამდვილად ვერ გეტყვი, ღირს თუ არა) ან სახლიდან გაიყოლი პირის ჩასატკბარუნებელი და ძალიან ლამაზ ადგილას იპიკნიკო სოფელში მისვლამდე ან შიგნით კანიონშივე.

საუკეთესო დრო დაშბაშის კანიონში სალაშქროდ
როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაშბაშის კანიონი მთელი წლის განმავლობაში ულამაზესია. ჩვენ სექტემბრის ბოლოს ვიყავით, როდესაც ჯერ კიდევ საკმაოდ თბილა. შემოდგომის ფერები საოცარ ელფერს აძლევდა იქაურობას. ინტერნეტში არაერთხელ გადავწყდომივარ ზამთრის დაშბაშის სურათებს, როდესაც გაყინული ჩანჩქერები ზღაპრულ გარემოდ გარდაქმნიან აქაურობას.

ლაშქრობისას სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია
- ბილიკის სიგრძე დაახლოებით 4კმ-ია
- ბილიკი ზოგ ადგილას საშუალო სირთულისაა
- ჩამოტვირთე ტრეკი Wikiloc-დან
- შაბათ-კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში აქაურობა საკმაოდ გადატვირთულია, ამიტომ იქ წასვლა კვირის დღეებში ყველაზე საუკეთესო ვარიანტია
როგორ მიხვიდე დაშბაშის კანიონამდე
თუ დაშბაშის კანიონამდე საკუთარი მანქანით გეგმავ მისვლას, მაშინ 2 ვარიანტი გაქვს. მათ შორის განსხვავება მხოლოდ 10წთ-ია და დამოკიდებულია შენს საცხოვრებელ ადგილზე. გზის მდგომარეობა ორივეზე გადასარევია. პირველი – მიჰყვები რუსთავის გზატკეცილს თეთრიწყაროს მიმართულებით, მაგრამ ფარცხისში არ გაუხვევ თეთრიწყაროსკენ, არამედ პირდაპირ გააგრძელებ გზას; მეორე – წყნეთისა და მანგლისის გავლით.
თუ საკუთარი მანქანა არ გყავს, ნავთლუღის ავტოსადგურიდან წალკის მიმართულებით ყოველდღე დადიან მარშრუტკები და ერთი გზის ღირებულება 8 ლარია. პირველი დილის 08:00-ზე გადის, შემდეგი – 11:00-ზე. ხოლო შემდეგ, ყოველ საათში ერთხელ. გაითვალისწინე, რომ მგზავრობის დროები სეზონურად და მოთხოვნის შესაბამისად იცვლება ხოლმე და სჯობს 1-2 დღით ადრე შეამოწმო. 11:00-იანსაც რომ გაჰყვე, საკმარისი დრო გექნება კანიონის მოსანახულებლად.
მძღოლი წინასწარ გააფრთხილე, რომ ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან ჩამოგსვას. გზიდანვე ადვილად შეამჩნევ ტურისტულ ნიშნულას „დაშბაშის კანიონი“. გაუყევი გზას სოფელ დაშბაშამდე, რომლის სიგრძე დაახლოებით 2კმ-ია. სოფლისკენ გზად ჩაივლი საპიკნიკე ქოხებს, სადაც უკანა გზაზე შეგიძლია მშვიდად იპიკნიკო.
ჩამოსვლისას მძღოლს აუცილებლად ჰკითხე წალკიდან თბილისის მიმართულებით რომელზე გადის მარშრუტკა და რა დროსაც გეტყვის, დაახლოებით 30 წუთით ადრე უკვე ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან იდექი.