fbpx
საქართველო

რა ვნახოთ ზუგდიდში – გაეცანი სამეგრელოს რეგიონს

სამეგრელო ცნობილია ხელუხლებელი ბუნებით, ზღაპრული კოშკით, უგემრიელესი სამზარეულოთი, შავიზღვისპირა ქალაქებით, უძველესი ნაქალაქევით და ა.შ. სამეგრელოს დედაქალაქ ზუგდიდში, არც თუ ისე ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია,  მაგრამ აქ შეგიძლია კარგად გაიცნო თვითონ რეგიონი, ან გადახვიდე სვანეთში და მოინახულო ქვეყნის ყველაზე შორი სამთო რეგიონი. 

როგორ მოვხვდეთ ზუგდიდში

თბილისიდან ან სხვა ქალაქებიდან ზუგდიდში მარტივად მოხვდები. შეგიძლია ისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ყოველდღიური “მარშრუტკით” ან მატარებლით. 

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი

თბილისიდან ზუგდიდამდე მატარებელი ყოველ დღე გადის. არის როგორც ღამის, ასევე დღის რეისები, რომლებიც დღეში ორჯერ გადის. გაითვალისწინე, რომ ღამის მატარებელი უფრო ნელა მოძრაობს. ფასი სხვადასხვაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მატარებლით ისარგებლებ. ბილეთის ფასი 16-35 ლარს შორის მერყეობს. ფასისა და განრიგის შემოწმება შეგიძლია საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდზე.

თბილისი ზუგდიდის მარშრუტკა

მატარებლის მსგავსად, სამარშუტო ტაქსებიც ყოველდღიურად გადის, თუმცა უფრო ხშირად. თუ მარშრუტკით მგზავრობას არჩევ, მაშინ დიდუბის ავტოსადგურზე უნდა გახვიდე და მეტროს გაჩერებასთან ზუგდიდის მანქანები იკითხო. როცა შესაფერის ტრანსპორტს იპოვი,  თანხას მძღოლს გადაუხდით და ჰერი ჰერი ზუგდიდისკენ. 

ქუთაისი-ზუგდიდის მარშრუტკა

ვინაიდან ჩვენ საქართველოში ვმოგზაურობდით, ზუგდიდში ქუთაისიდან სამარშუტო ტაქსით ვიმგზავრეთ. მარშუტკები ცენტრალურ ავტოსადგურიდან (მაკდონალდსთან ახლოს) გადის. მგზავრობაში 7 ლარი გადავიხადეთ და 2 საათში ზუგდიდში ვიყავით. 

ზუგდიდის ღირსშესანიშნაობები

დადიანების სასახლე

ეს ზღაპრული სასახლე სამეგრელოს მთავრებს – დადიანების დინასტიას ეკუთვნოდა. დღევანდელი შენობა 19 საუკუნეში აიგო. კომპლექსი შედგება კოშკის, ტაძრისა და ბოტანიკური ბაღისგან.

ეკატერინე ქავჭავაძე-დადიანმა, სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის მეუღლემ, გადაწყვიტა ძველი შენობის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ მე19 საუკუნის 60-იან წლებში. გერმანელმა არქიტექტორმა შენობას გოთიკური ელემენტები შემატა და შექმნა შენობა იმ სახით, როგორიც დღესაა. 

დღეს სასახლეში ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც შეგიძლია იხილო დინასტიის მემკვიდრეების პირადი ნივთები, ასევე ხელოვნების იშვიათი ნიმუშები და იარაღი როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. სამწუხაროდ, ვიზიტორებისთვის ღიაა მხოლოდ სასახლის მეორე სართული, დანარჩენი ნაწილი კი დახურულია.

აქ შეგიძლია ნახო 400-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული ნივთები, ოჯახის ნუმიზმატიკური კოლექცია, ქანდაკებები, ისტორიული ნიღბები, ხელნაწერი დოკუმენტები და წიგნები, ასევე სხვადასხვა ნახატები საქართველოდან თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან. 

მუზეუმი ინახავს ორ მნიშვნელოვან არტეფაქტს – ღვთისმშობლის ხელთუქმნელ კვართს და ნაპოლეონ I-ის სიკვდილის ნიღაბს, რომელიც საქართველოში აშილ მიურატმა – დავით დადიანის ნათლულმა ჩამოიტანა. 

  • სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა. 10:00- 18:00
  • ბილეთის ფასი: ზრდასრულებისთვის 5ლ, სტუდენტებისთვის -1ლ

ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დადიანების სასახლესთან მდებარეობს. ის ღიაა ნებისმიერ დროს და მისი მონახულება სრულიად უფასოდ შეგიძლია. ბაღი 65 ჰექტარზეა გაშენებული და მოიცავს სხვადასხვა მცენარეს, ხეებსა და ბუჩქებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენი ვიზიტის დროს, ბაღში სარემონტო სამუშაოები იყო, რის გამოც ამ იშვიათი მცენარეების მონახულება ვერ შევძელით.

დავით დადიანმა ეს ბაღი საკუთარი ცოლისთვის – ეკატერინესთვის გააშენა და სპეციალურად მოიწვია ცნობილი მებაღე და ფლორისტი იოზეფ ბაბანი იტალიელ სპეციალისტებთან ერთად.

ეკატერინემ მცენარეთა ნერგები სპეციალურად საფრანგეთიდან შეუკვეთა, კონკრეტულად კი – ვერსალის ბაღიდან. 

სამწუხაროდ, ეს ბაღი 1856 წელს ოტომან ფაშამ გაანადგურა. პრინცესამ შეძლო და აღადგინა ბაღის პირვანდელი სახე და გააშენა მცენარეები ინდოეთიდან, იაპონიიდან და იტალიიდან. ამ მცენარეების ნახვა დღესაც შეგიძლია. 

რუხის ციხე

ზუგდიდთან საკმაოდ ახლოს მდებარე რუხის ციხე მე-17 საუკუნით თარიღდება და დადიანების ოჯახის მიერაა აშენებული. ადრე ის სამეგრელოსთვის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო პუნქტი იყო, ვინაიდან პატარა ენგურის ნაპირთან იყო გაშენებული და აფხაზეთის საზღვარს მიუყვებოდა. 

ციხე გარშემორტყმული იყო 10-12 მეტრის სიმაღლის კედლებით. დღეისათვის შემორჩენილი შენობა პირვანდელისგან საკმაოდ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ციხის ნანგრევები ხავსითა და მცენარეებითაა დაფარული, მაინც ძალიან შთამბეჭდავია და აუცილებლად ღირს მისი ნახვა, თუკი ზუგდიდთან ახლოს იქნები.

როგორ მოვხვდეთ რუხის ციხესთან: სამარშუტო ტაქსი ზუგდიდის ბაზართან, რუსთაველის ქუჩაზე ჩერდება. თუ ვერ იპოვი, შეგიძლია ადგილობრივებს სთხოვო და მიგასწავლიან გზას რუხის სოფლამდე. ერთ ადამიანზე ბილეთის ფასი 1 ლარია. მძღოლი გააფრთხილე, რომ რუხის ციხესთან მიდიხარ და იქვე ახლოს გაგიჩერებს. უკან წამოსასვლელადაც იმავე ადგილას გაჩერდი და ტრანსპორტიც ჩამოივლის. 

ენგურის წყალსაცავი

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავი ენგურის მდინარესთან მდებარეობს და მსოფლიოში სიმაღლით მეორეა თაღოვან დამბებს შორის. ამ სადგურის აშენების პირველადი იდეა ნიკიტა ხრუშჩოვს ეკუთვნის, თუმცა ლოკაციად აფხაზეთში მდებარე ბზიფის მდინარეს მიიჩნევდა, ვინაიდან სწორედ აქ იყო მისი საყვარელი კურორტი. ექსპერტებმა ურჩიეს, რომ ბზიფი ვერ დაიტევდა ამხელა პროექტს, ნაპირი დაირღვეოდა და კატასტროფული შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა. სწორედ ამის შემდეგ, ჰიდროელექტროსადგური ენგურზე გაშენდა. 

როგორ მოვხვდეთ ენგურის წყალსაცავთან: რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბაზართან ჩამოივლის ჯვარისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი. მისი ფასი დაახლოებით 2-3 ლარია. შემდეგ კი, წყალსაცავთან მისასვლელად ტაქსის დაქირავება დაგჭირდება. 

ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი 

ნოქალაქევის ციხე-ქალაქი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. მე-4 – მე-8 საუკუნეებში აქ ეგრისის დედაქალაქი იყო, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელების ისტორიასთან. კომპლექსი 20 ჰექტარზე ვრცელდება და იყოფა ორ ნაწილად ქვედა ქალაქად და ციტადელად, რომელიც ტეხურას მდინარეს მიუყვება. ადრე აქ მაღალი კედლები და სხვადასხვა ზომის კოშკები იყო. 

აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პირველი ორი სასახლე ადრექრისტიანულ ხანას მიეკუთვნება, მესამე კი – დადიანების სასახლის სახელით ცნობილი, შუა საუკუნეებში აშენდა. აქ შეგიძლია მოინახულო ადრექრისტიანული და რომაული სტილის სამეფო აბაზანები. ამასთანავე, ქალაქის ქვეშაა გვირაბი, რომელიც საგანგებო სიტუაციებისას გამოიყენებოდა ქალაქიდან თავის დასაღწევად. 

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, აიას მითიური ქალაქი სწორედ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარებოდა და სწორედ აქედან წაიღეს ოქროს საწმისი იასონმა, მედეამ და არგონავტებმა.

სამწუხაროდ, ჯერ არაა შესწავლილი ქალაქის ურბანული სტრუქტურა, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აქაური ქუჩები სავსე იყო ხალხით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია ადგილობრივი და იმპორტული ნივთები, რომლებიც დამზადებულია თიხისგან და ბრინჯაოსგან, ასევე სამკაული, ოქროს მონეტები და ბევრი სხვა რამ. ეს ნივთები აქვე მდებარე მუზეუმში შეგიძლია ნახო. 

როგორ მოვხვდეთ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალთან: პირველ რიგში სენაკისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გწირდება, რომელიც ზუგდიდის ბაზართან ჩამოივლის. ბილეთის ფასი 3 ლარია. მძღოლი მატარებლის სადგურთან გაგიჩერებს. ლიანდაგები გადაკვეთე და იქვე, მარჯვენა მხარეს, ავტობუსებისა და მარშრუტკების გაჩერებას შეამჩნევ. აქედან მგზავრობის საფასური 1 ლარია. 

  • სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა. 10:00-18:00
  • ბილეთს საფასური: ზრდასრულებისთვის – 5₾, სტუდენტებისთვის – 1₾

ანაკლია და განმუხურის სანაპირო

ჩვენი მოგზაურობისას ანაკლიის და განმუხურის სანაპიროს მონახულება ვერ შევძელით, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რომ სიაში შემეყვანა. თუ ზაფხულში ზუგდიდთან ახლოს მოხვდები და გსურს შავ ზღვაში გაგრილება, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულო სამეგრელოს ეს ნაწილი. ორივე კენჭებიანი სანაპიროა და ზუგდიდისგან დაახლოებით ერთნაირი მანძილითაა დაშორებული. განმუხურის სანაპირო უფრო სუფთაა, რადგან ანაკლია ენგურისა და შავი ზღვის შესართავთან მდებარეობს და წყალი შედარებით  ბინძურია. 

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კანიონია, რომელიც განსაკუთრებულად მწვანე ფერის წყლით გამოირჩევა. აქ მთავარი ღირშესანიშნაობა ნავების ტურია, რომელიც მხოლოდ 5 წუთს გრძელდება, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავია და ტერიტორიის კარგად აღქმის საშუალებას იძლევა. 

როგორ მოვხვდეთ მარტვილის კანიონთან: მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის კანიონი სამეგრელოს რეგიონს მიეკუთვნება, ზუგდიდიდან ტრანსპორტის პოვნა ცოტა რთული საკითხია. სამარშრუტო ტაქსების პირდაპირი რეისი აქამდე არ მოდის. ასე რომ, კანიონის მონახულებას მხოლოდ იმ შემთხვევასი გირჩევ თუ მანქანით მოგზაურობ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტვილში ქუთაისიდან უფრო მარტივად მოხვდები. თუ არადა, ზუგდიდიდან მაშინ ღამის გათენება სოფელ მარტვილში მოგიწევს. 

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი სამეგრელოს რეგიონის მორიგი ღირშესანიშნაობაა, რომელიც ფოთის მახლობლად მდებარეობს. პარკის შემადგენლობაში შედის შავი ზღვის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი და პალიასტომის ტბა. მისი დაარსების მიზანი კოლხეთის წყლების მოვლა და გადამფრენი ჩიტებისთვის გარემოს გაუმჯობესება იყო. ეროვნული პარკი მდიდარია ფლორითა და ფაუნით, ჭაობიანი თუ ფოთლოვანი ტყეებით, სანაპიროებით და კიდევ მრავალი სხვა ლანდშაფტით.  

აქ ფრინველთა მინიმუმ 194 სახეობაა, რომელთაგანაც 21 ამ ადგილს იყენებს როგორც სეზონურ თავშესაფარს მიგრაციის დროს. თუ შევადარებთ სხვა პარკებს სადაც ვყოფილვარ, კოლხეთის ეროვნულ პარკში არაა საფეხმავლო ბილიკები და აქ ძირითადად ნავებითა და კაიაკებით გადაადგილდებიან. თუ პარკის მონახულებას გადაწყვეტ, მაშინ წინასწარ ჩაეწერე და პერსონალს აცნობე, თუ რა სერვისების გამოყენებას აპირებ. მაგალითად, ნავის დაჯავშნა აუცილებელია და მასზე 3 ადამიანი მოთავსდება. მოზრდილ ჯგუფებს პრონტონების გამოყენება შეუძლიათ, რომლებზეც 15 მგზავრამდე ეტევა. 

როგორ მოვხვდეთ კოლხეთის ეროვნულ პარკში: პირველ რიგში, უნდა მოხვდე ზუგდიდის ავტოსადგურზე, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს და გაჰყვე ფოთისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსის. გზას დაახლოებით 1 საათი სჭირდება და მგზავრობა 6₾ ღირს. 

ამის შემდეგ, ადგილობრივი სამარშუტო ტაქსი გჭირდება – მალთაყვასკენ მიმავალი 20 ნომერი, რომელიც ფოთის ცენტრში ჩამოივლის. მძღოლი გააფრთხილე, რომ პარკის ვიზიტორთა ცენტრში მიდიხარ, სადაც შეგიძლია გაეცნო ინფორმაციას პარკის, ეკოსისტემის და დაარსების ისტორიის შესახებ. 

როცა თანხას გადაიხდი და რეგისტრაციასაც გაივლი, მიიღებ ნაბეჭდ შავ-თეთრ რუკას. პარკის თანამშრომელი აგიხსნის როგორ უნდა მიხვდე პარკის შესასვლელთან, რომელიც ვიზიტორითა ცენტრიდან დაახლოებით 4 კილომეტრში მდებარეობს. 

რა უნდა იცოდე: ჩვენთვის დავჯავშნე ნავით გასეირნება, რომელიც, წარმომადგენლის მიხედვით, 2 საათს უნდა გაგრძელებულიყო. როცა უკვე ნავში ვიყავით, რეინჯერმა გვკითხა თუ გვინდოდა სანაპიროზე პიკნიკის მოწყობა. როცა უარი ვუთხარი, მან მიპასუხა, რომ 2-საათიანი გასეირნება მოიცავს პიკნიკსაც და ამ დროს რეინჯერი გველოდება ჩვენ. სხვა შემთხვევაში, გასეირნება მხოლოდ ერთ საათს გრძელდება. გასაკვირია, მაგრამ არავის უთქვამს ჩემთვის არაფერი მსგავსი, ცენტრშიც კი დავრეკე რამდენჯერმე. 

საერთო ჯამში, მაინც კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. მომეწონა თუ არადა და მიღირდა თუ არა თანხის გადახდა? კიც და არაც. მსგავს პარკში აქამდე არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ვისიამოვნე ჭაობების ხილვით, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად ახლოს არც არაფერთან მივსულვარ – გარდა “კოლხეთის ჯუნგლებისა” – როგორც ამას რეინჯერმა უწოდა. ამასთანავე, არ დამინახავს არც ჩიტები და არც მცენარეთა ყვავილობა და ჩავტვალე, რომ არასწორ დროს მოვინახულე პარკი. ალბათ უკეთესია, რომ ვიზიტის დრო სათანადოდ შეარჩიო. 

  • ნავით გასეირნება: 90₾ 3-კაციანი ნავი

რა ვჭამოთ სამეგრელოში: კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯო ზუგდიდში 

საქართველოს ყველა რეგიონს გამორჩეული კერძები ახასიათებს, რაც ქართულ სამზარეულოს ასე მრავალფეროვანს ხდის. მეგრული სუფრა ცნობილია თავისი ცხარე და განსაკუთრებული არომატების მქონე კერძებით. აი ჩემი რეკომენდაცია იმ კერძებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯო სამეგრელოში: 

ღომი

ღომი ღერღილისგან მზადდება და ამ კუთხის მარგალიტია. უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, შიგნით სულგუნის ნაჭრები უნდა ჩადო და დააცადო, სანამ ყველი კარგად ჩადნება. 

ღომის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს – ნადუღითა და პიტნით, რომელსაც “ღომი ფუჩხოლია ყველით” ჰქვია.

ელარჯი

ელარჯი ღომის კიდევ ერთი სახეობა და უდავოდ ჩემი ფავორიტია! ის ღომივით მზადდება, ოღონდაც ყველის ნაჭრები მომზადების პროცესშივე ხვდება ღერღილის მასაში, რაც მას საოცრად წელვადს ხდის! თითებს ჩაიკვნეტ ისეთია!

კუპატი

კუპატი ქართული სოსისია და ქვეყნის ყველა კუთხეშია პოპულარული. მას გამორჩეულად ცხარე არომატი აქვს. არსებობს კუპატის იმერული და მეგრული სახეობები და მზადდება ძროხის ან ღორის ხორცისგან, ასევე ღორის შიგნეულობისგან – ღვიძლისგან, ფილტვისა და თირკმელისგან.

გებჟალია

გებჟალია არის ყველის ცივი აპეტაიზერი და ჩემი კიდევ ერთი საყვარელი კერძი. იგი სულგუნის რულეტისგან კეთდება რომელიც პიტნით, მარილითა და წიწაკითაა შეკაზმული. რულეტი სპეციალურ სიუსში იდება, რომელიც რძის, ნადუღისა და არაჟნისგან მზადდება. უბრალოდ ღვთაებრივია!

მეგრული ხაჭაპური

ხაჭაპური ზოგადქართული კერძია. არსებობს მისი ათზე მეტი სახეობა და ყველა რეგიონს თავისებური ვარიაცია აქვს. მეგრული ხაჭაპური იმერულისგან იმით განსხვავდება, რომ მის ზედაპირზე ყველის დამატებითი ფენაა. ყველის ორმაგი სამოთხეა!

ხარჩო

ჩვეულებრივ, ღომიც და ელარჯიც ხარჩოს გარნირად თავსდება თეფშზე. ხარჩოს სხვადასხვა ვარიანტი არსებობს – ძროხისა თუ ქათმით, ნიგვზითა თუ მის გარეშე. ღომსა და ელარჯს ყველაზე მეტად ნიგვზიანი ხარჩო უხდება. უბრალოდ ჩააწეთ ცხელ ხარჩოში და ისიამოვნეთ გემოების სინთეზით! 


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!