fbpx
თურქეთი

კაპადოკია – როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა კაბადოკიაში ჩვენით

თურქეთის მასშტაბით ყველაზე მონახულებად ადგილებს შორის სტამბოლის შემდეგ კაპადოკია (ქართულად რატომღაც “კაბადოკია”-დ მოიხსენიება) მეორე ადგილზეა და მოდით, მიზეზს ნუ იკითხავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ვულკანური მწვერვალების ფონზე აფრენილი ფერადი აეროსტატები (საჰაერო ბუშტები) ნამდვილად ძალიან ამაღელვებელი სანახაობაა! იმის მიუხედავად, რომ ბევრი მოგზაური სწორედ აეროსტატით საფრენად ჩამოდის კაპადოკიაში, აქ სხვა გაცილებით მეტი რამის გაკეთებაცაა შესაძლებელი.

კაბადოკია

კაპადოკიის ტურების უამრავი რეკლამა და შემოთავაზება მინახავს, მაგრამ მე ისევ და ისევ, თვითორგანიზებულ ტურს ვუწევ რეკომენდაციას. სრულიად სხვაგვარი შეგრძნება გექნება, როდესაც ტურში სხვა ადამიანებთან ერთად იქნები. ეს დეტალური სამოგზაურო პოსტი კი დაგეხმარება შენი ტურის სწორად დაგეგმვაში.  

სად მდებარეობს კაპადოკია?

კაპადოკია, ისტორიული რეგიონი ცენტრალურ ანატოლიაში, მოიცავს ნევშეჰირის, ქირშეჰირის, ქაისერის, ნიიდეს და აქსარაის ოლქებს თურქეთში. დასაბამიდან დღემდე, კაბადოკია – როგორც ეს ქრისტიანული წყაროებშია მოხსენიებული – ბუნებრივი ძეგლების, უნიკალური გეოლოგიის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით მდიდარი კუთხეა.

კაბადოკია

რეგიონის ოთხი მთავარი ქალაქი ძალიან პოპულარულია ვიზიტორებს შორის: ნევშეჰირი, ქაუშერი, ნიიდე და აქსარაი. კაპადოკიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქებია: გორემე, ურგუპი, უჩისარი, ავანოსი, იჰლარას ველი, ზელვე, სალიმე და გუზელიურთი.

როგორ მოხვდეთ კაპადოკიაში

რადგანაც კაპადოკია თურქეთის ძალიან პოპულარული მიმართულებაა, აქ მოხვედრა რამდენიმენაირად არის შესაძლებელი. ყველაზე ეფექტური და კომფორტული ვარიანტი ფრენაა. კაბადოკიასთან ყველაზე ახლომდებარე აეროპორტი ნევშეჰირია, ხოლო ქაისერის აერიპორტი კი გორემედან ავტობუსით სულ რაღაც 40 წუთის სავალზეა.

კაპადოკიისკენ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ბევრი თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანია ახორციელებს, როგორებიცაა პეგასუსი, სანექსპრესი და ატლასგლობალი. უფრო კომფორტული მგზავრობისთვის თურქიშ ეარლაინი განიხილე. ასევე ძალიან მარტივად იპოვი ფრენებს თურქეთის მთავარი ქალაქებიდან, როგორებიცაა სტამბული, ანკარა, იზმირი, ტრაბზონი და ა.შ.

თუკი თურქეთში კაბადოკიასთან ერთად სხვა ქალაქების დათვალიერებაც გინდა, გაითვალისწინე, რომ ნევშეჰირამდე და ქაისერამდე ავტობუსებიც დადიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ძალიან კომფორტულად ვიმგზავრეთ ანკარადან ნევშეჰირამდე Kamil Koc ავტობუსების კომპანიით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა.

ნევშეჰირიდან და ქაისერიდან სხვა ქალაქებში მოხვედრაც არ წარმოადგენს პრობლემას, იმის მიხედვით თუ რომელ ქალაქში აპირებ გაჩერებას. თურქეთში ტრანსპორტირების სისტემა კარგადაა გამართული. ნევშეჰირის ავტოსადგურიდან მინიავტობუსები გადიან გორემეს, ურგუპის, უჩისარის და ჩავუშინის მიმართულებით.

კაბადოკია

ადგილობრივებს დიდად ნუ დაუჯერებთ გვიან საღამოს თუ მიხვალთ ავტოსადგურში და გეტყვიან, რომ მეტი ავტობუსი აღარ გავა. ნევშეჰირის მიმართულებით გაჰყევი მინიავტობუსს და მძღოლს შეუთანხმდი, რომ სასურველი ქალაქის გაჩერებაზე გაგიჩეროს. შესაძლოა, ცოტა დიდი ხანი დაგჭირდეს ლოდინი, რადგან ბოლო ავტობუსი 22:00 ან 22:30-ზე გადის.

სად გაჩერდე კაპადოკიაში?

გორემე ცენტრალური ქალაქი და ამასთანავე იდეალური ადგილია კაპადოკიაში გასაჩერებლად, რადგან მთავარ ველებს შენითვე დაათვალიერებ ძალიან მარტივად. გორემეს შემდეგ მე, უჩისარს და ჩავუშინს გირჩევ. ამ ქალაქებიდან ადვილად მოხვდები სიყვარულის, წითელი და ვარდების, ჯადოსნური საკვამურების და მტრედების ველებზე, ასევე გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმში.

კაბადოკია ცნობილია ულამაზესი გამოქვაბულ-სასტუმროებით გორემეში, უჩიშარსა და ურგუპში. Museum Hotel Cappadocia, Cappadocia Cave Suites, Artemis Cave Suites და Sultan Cave Suites ყველაზე პოპულარული და საინსტაგრამე ფოტოებისთვის ზედგამოჭრილი გამოქვაბულ-სასტუმროებია ამ ტერიტორიაზე.

ჩვენ გორემეში, Goreme Cave Rooms Hotel-ში დავრჩით. ამ პატარა სასტუმროს ტერასა ქალაქის ცენტრს გადაჰყურებს. ოთახები სუფთაა და მადუღარასთან ერთად მოჰყვება ყავა-ჩაიც. ფასში შემავალი საუზმე ძალიან განსხვავებული და გემრიელი იყო.

ზოგადი რეკომენდაციები კაპადოკიაში მოგზაურობისას

კაპადოკიაში მოგზაურობისას ჩემი მხრიდან უპირველესი რჩევაა Maps.me-ის აპლიკაციის გადმოწერა ტელეფონში. მასში ყველა ის მარშრუტია დატანილი,რომელიც დაგჭირდება. ჩემი კაბადოკიაში მოგზაურობის დეტალური ბმულია შეგიძლია ჩამოტვირთო აქ.

სხვადასხვა ველებზე სასიარულოდ აუცილებლად კომფორტული ფეხსაცმელი გაიყოლე. განსაკუთრებული სპეციალური სასიარულო ფეხსაცმელი არ დაგჭირდება, ჩვეულებრივი ბოტასებიც სრულიად საკმარისია.

კაპადოკია

მინილაშქრობებში აუცილებლად გაიყოლე წყალიც. ადგილზე შეგხვდება კაფეები, მაგრამ ჩვენი მოგზაურობისას, მარტში, ეს კაფეები დაკეტილი იყო. ასევე თან გაიყოლე წასახემსებელი, რადგან მთელი დღის განმავლობაში მოგიწევს სიარული.

გორემეში სულ ორი სუპერმარკეტია A101 და ბიმი. თუ ორივე მათგანი დაკეტილია, მაშინ ადგილობრივ საქონლის მაღაზიებში შეძლებ პროდუქტის შეძენას.

თუკი თურქეთში აქამდეც გიმოგზაურია, მაშინ მეტნაკლებად გეცოდინება გარეთ კვება რა ჯდება. შევამჩნიე, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით გორემეში უფრო მაღალი ფასებია. თუმცა, ზოგადად, შესაძლოა იაფადაც კი მოგეჩვენოს, გააჩნია, რომელი ქვეყნიდან ხარ ჩასული.

გორემედან სხვა ქალაქებში ჩასვლა შედარებით მარტივია. მინიავტობუსები ყოველდღიურად დადიან დილიდან გვიან ღამემდე. ბილეთის ფასი 3-7₺ -მდეა, საბოლოო მიმართულების მიხედვით.

ტური კაბადოკიაში

სამოგზაურო კომპანიები, ვიზიტის ხანგრძლივობის შესაბამისად, ძირითადად მწვანე და წითელ ტურებს გთავაზობენ კაპადოკიაში. ეს ტურები ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც დიდი დრო არ აქვს რეგიონის დასათვალიერებლად და შესაბამისად მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა სურს. მე გირჩევ, რომ ამ ტურების გარეშე, დამოუკიდებლად იმოგზაურო. ამ ტურების ფარგლებში ველების გადასახედებამდე მიგიყვანენ მხოლოდ და არა უშუალოდ ველებში შიგნით და რაც მე შევატყვე, ამ გადასახედი ადგილებიდან ხეობების მთელი სიმშვენიერის აღქმა ცოტა რთულია.

კაბადოკია

ყველა სააგენტოს ორივე ტიპის ტურები აქვს, მაგრამ ოდნავ განსხვავებული ერთმანეთისგან. კაპადოკიის მწვანე ტურები მოიცავს დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქს, ლაშქრობას ილჰარას ხეობაში, სელიმეს სამონასტრო კომპლექსს, გორემეს გადასახედებს, მტრედების ველსა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრს. ფასში შედის ღირსშესანიშნაობების ბილეთები, ტრანსპორტირება, ლანჩი და გიდი.

კაპადოკიის წითელი ტურები მოიცავს უჩიშარის სასახლეს, გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმს, ჩავუშინს, ავანოშს, ფაშაბას გადასახედებს, დევრენთს და ურგუპის ველს. სხვა ტურების მსგავსად, საფასურში შედის ლანჩი და ღირსეშანიშნაობების ბილეთების საფასური.

როგორ ვომოგზაუროთ კაბადოკიაში ჩვენით, ტურის გარეშე

კაპადოკიის მთავარი ატრაქცია მის სხვადასხვა ხეობებში ხეტიალია. აქ უამრავი ველია, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია სიყვარულის, წითელი და ვარდების, ჯადოსნური საკვამურების, დევრენტის (წარმოსახვითი) და თეთრი ველები. ამ ველებზე არსებული კლდეები ვულკანების ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბდა ათასწლეულების წინ. რადგანაც კაპადოკია ქარიანი ადგილია, დროთა განმავლობაში კლდეებმა ფორმები და ზომები იცვალეს და საბოლოოდ, დღევანდელი ულამაზესი, გასაოცარი, უცნაური და უცხო სვეტების სახე შეიძინეს.

მეტიც, დროთა განმავლობაში აქ ადამიანებმა სახლები, მონასტრები და ეკლესიებიც კი გამოკვეთეს. ხეობებში სეირნობისას დღემდე შესაძლებელია ამ საცხოვრებელი სივრცეების და რელიგიური ნაგებობების ნახვა.

ქალაქი გორემე

გორემე შედარებით პატარა ქალაქია სახასიათო, ჯადოსნური საკვამურების კლდოვანი სვეტებით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ქალაქი საუკეთესო ვარიანტია ხეობებთან ახლოს დასარჩენად. მთავარი ღირსშესანიშნაობებია გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი და გორემეს პანორამა გადასახედი. ქალაქში უამრავი რესტორანია, სადაც ადგილობრივ სამზარეულოს გასინჯვაა შესაძლებელი და სუვენირების მაღაზიების ნაკლებობაც არ შეინიშნება. სხვა მხრივ, აქ მეტს ვერაფერს ნახავ.

კაბადოკია

გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი UNESCO-ს კულტურულ ძეგლთა სიაშია შესული და მოიცავს 30-მდე ეკლესიას, სამლოცველოს და რამდენიმესაუკუნოვან, კლდეში ნაკვეთ მონასტრებს. ზოგიერთ მათგანს IX-X საუკუნეებით დათარიღებული, გასაოცარი და კარგად შენახული ფრესკებიც კი აქვს შემორჩენილი

  • სამუშაო საათები: 1 აპრილი – 1 ოქტომბერი 08:00-19:00;
    1 ოქტომბერი – 1 აპრილი 08:00-17:00
  • ბილეთის ფასი: 45₺

სიყვარულის ველი (Love Valley)

ეს სახელი ზუსტად აღწერს ამ ველზე ძალიან დიდი რაოდენობით არსებულ ფალოსის ფორმის მქონე კლდეებს. ეს კაპადოკიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველია, სწორედ ამ ფორმის სვეტების გამო. გორემეს დასავლეთით მდებარე ეს ველი, ყველა სხვის მსგავსად, სადაც ჩვენ ვიყავით, სასიარულოდ ძალიან ადვილია. საერთოდ არ არის საჭირო რაიმე განსაკთრებული აღჭურვილობა ან ფეხსაცმელი. უბრალო ბოტასითაც სრულიად შესაძლებელია აქ სიარული.

ლაშქრობის დასაწყებად გორემედან ჯერ უჩიშარში უნდა ჩახვიდე Adnan Menderes-ის ქუჩის გავლით. გაცდი საბანაკეს Panorama Campground; მარჯვნივ დაინახავ სამანქანო გზას – სწორედ ესაა ლაშქრობის საწყისი წერტილი. თუ ბილიკს გაჰყვები, პანორამულ ხედთან მიხვალ. ამის სანაცვლოდ, ჩვენ საფეხავლო ბილიკს გავუყევით ხეობის მიმართულებით.

დაახლოებით 2 საათი დაგვჭირდა ნელი ტემპით ფალოსის კლდეების ველის დასათვალიერებლად, ზუსტად გადასახედის ქვეშ.

თეთრი ველი (White Valley)

სიყვარულის ველიდან თეთრი ველის გავლით შეგიძლია მტრედების ველისკენ გააგრძელო გზა. ეს ნაკლებად პოპულარული ადგილია და მის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად ვერ მოვიპოვე მოგზაურობის დაგეგმვისას. სახელიდან გამომდინარეც ადვილი მისახვედრია, რომ კლდეები თეთრია.

კაბადოკია

ხეობის ზოგიერთი ნაწილი რთული სასიარულოა, რადგან კლდეებზე უნდა გადაიარო, მაგრამ, ცხადია, სრულიად შესაძლებელია მისი გავლა ზედმეტი გართულებების გარეშე. ველს ჩამოუყვება ნაკადული, რომელიც ზაფხულში შრება, მაგრამ სხვა დროს საკმაოდ ატალახიანებს აქაურობას.

ქალაქ უჩისართან ახლოს მდებარე თეთრი ველის გასავლელად დაახლოებით 40 წუთი დაგჭირდება და სიარულს Özler Center Artısanal-თან დაასრულებ. აქ ყოფნისას კი უჩისარის ულამაზეს ხედს დაინახავ.

მტრედის ველი (Pigeon Valley)

მტრედის ველი ქალაქ უჩისართან ახლოს იწყება ხის სვეტებზე დაბუდებული მტრედების ქანდაკებებიდან. ძალიან რთულია ეს ,,ნიშანი“ გამოგრჩეს. ამ ველზე ორი მარშრუტია: მტრედის ბუდის ველი (Pigeon House Valley), რომელიც გორემეში სრულდება და მტრედის ველი (Pigeon Valley), რომელი პანორამულ გადასახედამდე მიდის. ველის სახელწოდება ციცაბო კლდეებსა და ფალოსის ფორმის სვეტებზე გამოკვეთილი მტრედების ასეულობით ბუდისგან მომდინარეობს.

პირველ დღეს ჩვენ გავიარეთ მტრედების ბუდის ველი და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აქაური ლანდშაფტი გაცილებით ლამაზია, ვიდრე მეორე. აქ დადიხარ ძალიან ლამაზ ხეობაში, რომლის გასწვრივაც უამრავი სამტრედულები და ასევე ადამიანების საცხოვრებელი საბინადროებიცაა. სიარულისას აუცილებლად გიჩნდება კითხვა, როგორ ახერხებდნენ ადამიანები ასე მაღლა საცხოვრებელი ადგილების გამოჩორკნას.

მტრედების ველის გადმოსახედიდან ქალაქ უჩისარისა და მისი სასახლის ულამაზესი ხედი იშლება. მეტიც, ამ მარშრუტის ჩაყოლებაზე ბევრი ადგილია სპეციალურად მონიშნული ფოტოების გადასაღებად და მტრედების გამოსაკვებად მარცვლეულს იქვე იყიდი 1₺-ად.

წითელი და ვარდების ველი (Red & Rose Valley)

ეს ორი ერთმანეთზე გადაჭდობილი ველი ერთმანეთს ალამაზებს დიდებული, წითელ-მოვარისფრო ხეობით, კლდეში ნაკვეთი ეკლესიებითა და სახლებით. ამ ბილიკის გასავლელად უნდა გაუყვე Bilal Erogu-ს ქუჩას და გაუხვიო Kadost Atv Safari-სთან ახლოს. შემდეგ მიჰყვებi  გზას და დაინახავ ნიშანს წითელი და ვარდების ველი. ეს ყველაზე კარგად მარკირებული მარშრუტი იყო მათ შორის, რაც გავიარეთ.

ამ ულამაზეს ხეობასა და აქვე მდებარე ეკლესიებში სასეირნოდ რამდენიმე საათი გათვალე. ბილიკი სოფელ ჩავუშინთან ახლოს სრულდება.

ჩავუშინი (Cavusin)

სოფელ ჩავუშინში, ამ ტერიტორიაზე მდებარე სხვა სოფლების მსგავსად, მდებარეობს კლდეში ნაკვეთი და ქვის სახლები. ასევე, აქ ნახავ წმ. იოანე ნათლისმცემელის დიდი ბაზილიკისა და ჩავუშინის ეკლესიას. ელეგანტურად გაფორმებული ფასადები კარგად მიუთითებენ, თუ როგორი ექსტრაორდინალური იყო ეს სოფელი.

კაბადოკია

აქედან შეგიძლია გზა ბერების ველისკენ გააგრძელო. სამწუხაროდ, ჩვენი მოგზაურობის ფარგლებში, ჩვენ ამ ველის მონახულება ვერ მოვახერხეთ. აქვე, გზის პირას შეგიძლია დაელოდო მინიავტობუსს, რომელიც გორემეში ან ავანოსში ჩაგიყვანს.

ავანოსი (Avanos)

ავანოსი ცნობილია თიხის ნაკეთობებით, რომელთაც თითქმის ყველგან გადააწყდები სუვენირების მაღაზიაში კაპადოკიაში. თვითონ ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობა არ არის, ამიტომ აქ ჩასვლის უმთავრესი მიზეზი ძირითადად არის კერამიკული ნაწარმის შეძენა ან თიხის ჭურჭლის დამზადების ვორქშოფში მონაწილეობა.

კერამიკული ნაწარმით ვაჭრობა აქ საუკუნეებს ითვლის და ველის დაარსებიდან დღემდე, მის დასამზადებლად იგივე ტექნიკას იყენებენ თიხის ბორბლის სახით. თბილ მზიან დღეს შეგიძლია, მდინარეზე ნავითაც გაისეირნო.

როგორ მოხვდე ავანოსში: ყოველდღიურად მინიავტობუსები დადიან ავანოსის მიმართულებით. რადგანაც ჩვენ გორემეში დავრჩით, გზის პირას დაველოდეთ ავანოსისკენ მიმავალ ავტობუსს. გორემედან ავანოსამდე ბილეთის ფასია 4₺.

დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქი (Derinkuyu)

კაბადოკია ცნობილია მის ფარგლებში სხადასხვა ადგილას მიმოფანტული მიწისქვეშა ქალაქებით. აქ დღემდე არსებობს 36 მსგავსი ქალაქი, რომლებიც რომაული იმპერიის შემოსევების პერიოდში თავშესაფრებად გამოიყენებოდა. ამ 36 ქალაქიდან ტურისტულად ყველაზე პოპულარულია დერინკუიუს და ქაიმაქლის მიწისქვეშა ქალაქები.

დერინკუიუ დაახლოებით 60 მეტრის სიღრმეზეა და თავის დროზე 20,000 ადამიანამდე იტევდა თავისი საკვების მარაგებითა და საცხოვრებლებით, ამიტომაც ამ ტიპის ყველაზე დიდი ქალაქია მთელს თურქეთში. აქ გადააწყდებით ზეთისა და ღვინის სათავსოებს, საწყობებს, სამლოცველოებს, მარნებს, თავლებს და ა.შ. აქვეა 55-მეტრიანი სავენტილაციო ხვრელი, რომელსაც წყლის მარაგის შესავსებადაც იყენებდნენ თავის დროზე.

როგორ მოხვდე აქ: თავდაპირველად ქალაქ ნევშეჰირში უნდა ჩახვიდე. შემდეგ კი მძღოლს სთხოვე დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქის გაჩერებსათან გაგიჩეროს. აქ კი მოგიწევს დაელოდო ავტობუსს, რომელსაც კაიმაკლისა და დერინკუიუს მიმართულებით გადაჰყავს ტურისტები. ავტობუსი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის. მგზავრობის საფასური თითო მიმართულებით არის 8₺

  • სამუშაო საათები: აპრილი-ოქტომბერი 08:00-19:00;
    ოქტომბერი-მარტი: 08:00-17:00
  • ბილეთის ფასი: 35₺

უჩისარი (Uchisar)

უჩისარი მორიგი პოპულარული ადგილია მიმდებარე ტერიტორიაზე და თვალს იტაცებს თავისი 60მეტრიანი ციხე-სიმაგრით მთაზე. საკმაოდ მოცულობითი ცილინდრული კოშკის გარდა, ციხე-სიმაგრეს ბევრი მიწისქვეშა ოთახი და დერეფანი აქვს, რომელთა უმრავლესობა ჩაკეტილია. ციხე-კოშკში დაახლოებით ათასამდე ადამიანი ეტეოდა და დღეს სრულიად დაუსახლებელია. ქალაქიდან ძალიან ლამაზი ხედები იშლება ჯადოსნურ საკვამურებზე, გამოქვაბულ სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებზე.

აეროსტატით ფრენა

აეროსტატით ფრენა კაპადოკიის პოპულარობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მთელს მსოფლიოში. ამ უცნაური და ულამაზესი კლდოვანი ველების თავზე ფრენა გასაოცარი გამოცდილებაა.

აეროსტატით ფრენა მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია, უბრალოდ დიდწილად დამოკიდებულია ამინდზე. ჩვენი ვიზიტისას კაპადოკიაში მაინცდამაინც კარგი ამინდი არ იყო და ფრენების უმეტესობა გაუქმდა.

აეროსტატები ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ბოლო დილას აფრინდნენ და ჩვენც ფრენის ნაცვლად გადავწყვიტეთ, რომ გორემეს პანორამული გადასახედიდან დავმტკბარიყავით ხედით და ასეთი შესანიშნავი ფოტოები გადაგვეღო.

ფრენის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი. ამ სერვისს უამრავი სამოგზაურო კომპანია ახორციელებს და დაჯავშნა უშუალოდ იქვე, სასტუმროს მიმღებშიც კი შეგიძლია. ფრენის საფასური სხვადასხვაგვარია და 1 ადამიანზე 150$-დან იწყება. ტურში შედის: სასტუმროდან წაყვანა, აფრენის ადგილამდე ტრანსპორტირება, ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი ტურის ბოლოს და სასტუმროში დაბრუნება.

ადგილები, რომლების ნახვაც ვეღარ მოვახერხეთ

დევრენთის ველი

დევრენთი იგივე წარმოსახვითი ველი მდებარეობს ავანოსსა და ურგუპს შორის და ცნობილია როგორც აქლემის კლდე, რაც კლდესთან მდგომ აქლემს გულისხმობს, რომელთანაც ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ეს სურათი ნანახი გექნებათ კიდევაც. ამის გარდა კი ველზე უამრავი უცნაურფორმიანი კლდის ფორმაციებია, რომელიც შენს წარმოსახვას ფრთების უკიდეგანოდ გაშლის საშუალებას აძლევს.

ზელვეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი

ზელვეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი ერთ დროს უზარმაზარ თემს აერთიანებდა. დღეს კი ამ სულისშემკვრელ კლდეში ნაკვეთ ქალაქში შეგიძლია ნახო საცხოვრებელი სახლები და რელიგიური შენობები. გორემედენ ავანოსის მიმართულებით 10კმ-ში მდებარე ეს ქალაქი  მუსულმანებისა და ქრისტიანების საერთო საცხოვრებელს წარმოადგენდა 1924 წლამდე. ამ წელს კი ქრისტიანებს მოუწიათ სოფლის დატოვება, რადგან საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოხდა უმცირესობების მიმოცვლა, ხოლო მუსულმანები აქ მხოლოდ 1950-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, რადგან ეს ტერიტორია ეროზიისადმი მიდრეკილია და სახიფათოა.

ამ ადგილების დასათვალიერებად დაახლოებით 2 საათი დაგჭირდება. აქ მთელს რეგიონში უძველეს არქიტექტურულ ძეგლებსა და ფრესკებს გადააწყდები.

  • სამუშაო საათები: აპრილი-ოქტომბერი 08:00-19:00;
    ოქტომბერი-მარტი 08:00-17:00
  • ბილეთის ფასი: 15₺

იჰლარას ველი

იჰლარას ველი დაახლოებით 100 მეტრის სიღრმის კანიონია. ეს 14 კილომეტრიანი მარშრუტი იწყება სოფელ იჰლარაში და სრულდება სოფელ სალიმეში. მარშრუტი ცნობილია ასეულობით გამოქვაბულების, ეკლესიებისა და საცხოვრებელი სახლების ულამაზესი ხედებით.

კანიონს ოთხი შესასვლელი აქვს, ერთი სოფელ იჰლარადან; მეორე (ყველაზე პოპულარული) –  4კმ-ით მოშორებით ქალაქიდან; მესამე – სოფელ ბელისირმადან და მეოთხე – კანიონის ბოლოდან ანუ სალიმეს სამონასტრო კომპლექსიდან.

თუ მანქანით ხარ, კანიონში მისასვლელი გზებიდან საუკეთესოა მესამე შესასვლელი. შეგიძლია მანქანა აქ გააჩერო და ლანჩისთვის ან სადილისთვის სოფელში შეისეირნო.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!