კრაკოვი, ღვთაებრივი გოთური ქალაქია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქი იყო ვარშავამდე. ეს უსაყვარლესი, პატარა ქალაქი სავსეა საინტერესო აღმოსაჩენი ადგილებით, რომლებიც ერთმანეთისგან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. მაშ ასე, შენს წინაშეა კრაკოვის ღირსშესანიშნაობები, რომელიც თავისუფლად შეგიძლია ორ დღეში ნახო.
ვარშავისგან განსხვავებით, მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში კრაკოვის არქიტექტურა დრამატულად არ დაზიანებულა. მთავარი ღირსშესანიშნაობები ავთენტურია, თუმცა უმრავლესობა მათგანი ნაცისტური ოკუპაციის სულისშემძვრელ ისტორიებს ინახავს. ქალაქის დათვალიერების საუკეთესო საშუალება ფეხით სიარულია, რადგან საინტერესო ადგილების უმრავლესობა ერთმანეთთან ახლო-ახლოს მდებარეობს.
როგორ ჩახვიდე კრაკოვში
კრაკოვში მოხვედრა საკმაოდ მარტივია, რადგან ამ პოლონურ ქალაქში მისასვლელი რამდენიმე საშუალება არსებობს. ყველაზე კომფორტული გზა, რა თქმა უნდა, ქალაქისგან მოშორებით, პატარა სოფელ ბალისში მდებარე კრაკოვის იოანე-პავლე II-ის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენაა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან საკმაოდ იაფიანი ავიახაზები – ვიზეარი, რაინეარი – ოპერირებენ.

კრაკოვიდან ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით მატარებელი და ავტობუსებიც დადიან. თუ სადმე ახლომახლო მოხვდები, შეგიძლია, მანქანითაც კი გადახვიდე. მაგალითად, ჩვენ პრაღიდან კრაკოვში დაქირავებული მანქანით გადავედით.
რა ვნახოთ კრაკოვში
უფასო საფეხმავლო ტური
თუკი კრაკოვის დათვალიერება გინდა გიდთან ერთად, გირჩევ უფასო საფეხმავლო ტურებს აეკიდო. გიდები, ცხადია, ადგილობრივები არიან და თავიანთ ქალაქს საკუთარი ხელისგულივით ცნობენ. ამ კომპანიას რამდენიმე საფეხმავლო ტური აქვს და შენი გემოვნებისა და ინტერესის შესაბამისად შეგიძლია რომელიმე აარჩიო: ძველი ქალაქი, ებრაული კრაკოვი, WWII კრაკოვში, სთრითარტი და ა.შ.
არ დაგავიწყდეს, რომ უფასო საფეხმავლო ტურებზე ფიქსირებული თანხას არ იხდი წინასწარ და გიდის ანაზღაურება მთლიანად დამოკიდებულია ტურისტების მიერ დატოვებულ თიფზე.
კრაკოვის ღირსშესანიშნაობები ქალაქის ცენტრში
ბაზრის მოედანი
მონღოლთა შემოჭრის შემდეგ, 1257 წელს აშენებული მოედანი მინიმუმ 100 კვ. მეტრისაა და ერთერთი მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილია კრაკოვში. რეგიონის უძველესი ბაზარი ქვეყნის ისტორიული მოვლენების ეპიცენტრია. აქ უამრავი ფესტივალი, ღონისძიება და დემონსტრაცია ჩატარებულა.

დღესაც ასეა, მოედანი ყოველთვის სავსეა ადგილობრივებით, რომლებიც მზის თბილი სხივებით ტკბებიან, მტრედებს აჭმევენ, საუბრობენ ან უბრალოდ საკვებს მიირთვამენ.
აქვე მდგარი წმინდა მერის ბაზილიკა ქალაქის პანორამული ხედისთვის შესანიშნავი ადგილია.
კრაკოვში აღდგომის პერიოდში მოვხვდი. ბაზრის მოედანზე სააღდგომო ბაზრობა იყო გაშლილი და ყველას ტრადიციული კოსტუმი ეცვა. შესანიშნავი სანახავი იყო.
იაგელონის უნივერსიტეტი
იაგელონის უნივერსიტეტი ქალაქის უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც ნამდვილად არაა გამოსატოვებელი. 1364 წელს დაარსებულ უნივერსიტეტში ნიკოლოზ კოპერნიკი და ნავოიკა სწავლობნენ. ნავოიკა იყო პირველი ქალი რომელიც უნივერსიტეტში 15-ე საუკუნეში სწავლობდა.

კრაკოვის ღირსშესანიშნაობები: აუცილებლად სანახავი უბნები
კაზიმერის უბანი
არც ებრაულ უბანია გამოსატოვებელი, სანამ კრაკოვში ხარ. აქ მცხოვრებმა ებრაელებმა თავის დროზე მდიდარი კულტურული ცენტრი შექმნეს, რაც ყველა კუთხეში ძალიან კარგად ჩანს. მდიდარი ისტორიით გამორჩეული უბანი, კრაკოვის ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია. დაბალბიუჯეტური სადილისთვის და გართობისთვის ეს რაიონი ზედგამოჭრილია შენთვის.

ნოვა ჰუტა
კრაკოვის ეს უბანი ქალაქის ყველაზე დასახლებული ნაწილია. ეს არე ერთ-ერთია იმ ორთაგან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სოციალისტური რეალიზმის სტილში დაიგეგმა. თავის დროზე იდეოლოგიურ ქალაქად აშენებული ქალაქის ქუჩები, დიზაინი და გარკვებული სიმაღლის შენობები საკმაოდ ჩამოჰგავს ლონდონსა და პარიზს.

კრაკოვის ღირსშესანიშნაობები: ციხე სიმაგრე და სასახლე
ბარბიკანი
ბარბიჩიანი ქალაქის შუასაუკუნეების დროინდელი ციხე სიმაგრეა რომელიც 15-ე საუკუნეში კრაკოვის მთავარი შესასვლელის დასაცავად აშენდა. მას 24.4 მ. დიამეტრი და 3 მ. სისქის კედლები აქვს. ასეთი კონსტრუქციის ჯერ კიდევ არსებული ციხე ევროპაში მეტი არ არის.

დღეს აქ, სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. აპრილიდან ოქტომბრამდე შეგიძლიათ ციხე შიგნიდან დაათვალიეროთ და მის ისტორიას გაეცნოთ.
- თვის ყოველ მეორე ორშაბათს დაკეტილია
- ბილეთის ფასი: მოზრდილები – 9 PLN
- გაითვალისწინე: ბილეთში შედის Defense Walls-ის დათვალიერება. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვიზიტორთა ცენტრში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე Sukiennice, Rynek Główny 1.
ვაველის სასახლე
ვაველის სასახლე მთაზე მდებარეობს და იგი ქალაქის ყველა კუთხიდან კარგად ჩანს, შესაბამისად სასახლე ერთ-ერთი მთავარი ადგილია კრაკოვის ღირსშესანიშნაობებს შორის. თუ ეიფელის კოშკი პარიზის სავიზიტო ბარათია, ვაველი კრაკოვისაა. მისი ზღაპრული დიზაინის ფანჯრები და დრამატული წვეტები მისი დიდების დროინდელ ერას ადვილად წარმოგიდგენენ.

კომპლექსში არსებული სამეფო კათედრალი ბევრი პოლონელი მეფის კორონაციის, ქორწინების და პანაშვიდის მომსწრეა.
აქ ნახევარი დღე მაინც უნდა გაატარო. კარგად დაათვალიერე საოცარი სამეფო რეზიდენციები, ტაძრები და კათედრალი. არ დაგავიწყდეს დრაკონის გამოქვაბულის ნახვა. აუცილებლად გადმოხედე მდინარე ვიუსულას და დატკბი კრაკოვის განსაცვიფრებელი ხედებით.
კრაკოვის ღირსშესანიშნაობები: მუზეუმები
რინეკის მიწისქვეშა მუზეუმი
ეს კრაკოვის მორიგი ძალიან საინტერესო ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. მთავარი ბაზრის მოედნის ქვეშ მდებარე მაღალტექნოლოგიური მუზეუმის დასათვალიერებლად მიწისქვეშ 4 მეტრი უნდა ჩახვიდე. აქ შეძლებ გაეცნო შუასაუკუნეების სამეწარმეო-სავაჭრო საქმიანობასა და კრაკოვის მთელ ისტორიას – მისი პირველი მოსახლეებიდან იოანე-პავლე მეორის სიკვდილამდე.
მუზეუმში თითქმის 6,000 მეტრის მულტიმედიაა გამოფენილი. მუზეუმი ძალიან პოპულარულია და ერთჯერადად მხოლოდ 300 დამთვალიერებელს იტევს, ამიტომ სჯობს, ბილეთი წინასწარ – ონლაინ ან მეორე მხარეს, Cloth Hall-ში მდებარე საინფორმაციო ცენტრში იყიდო.
- ბილეთის ფასი: მოზრდილები – 21 PLN. სამშაბათობით – უფასო
ოსკარ შინდლერის მარმარილოს ქარხანა
კრაკოვი ნაცისტური ოკუპაციისას 1939-1945 წლებში – გამოფენა, რომელსაც ყოფილი მარმარილოს ქარხანა მასპინძლობს. ეს სწორედ ის შენობაა, სადაც შინდლერის ქარხანა ფუნქციონირებდა, ადამიანის, რომლის მიზანდასახულობამ მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის 1000 ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. გამოფენა მხსნელი ადამიანის პარალელურად ასევე ,,გვიყვება“ ამბავს ნაცისტ გერმანელზე, რომელიც ამ ქალაქში ჩამოვიდა და საუკუნეების განმავლობაში არსებული ებრაულ-პოლონური მეგობრობა დაანგრია. კრაკოვში ყოფნისას, ეს მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახო!
- თვის ყოველ პირველ სამშაბათს დაკეტილია
- ბილეთის ფასი: მოზრდილები 24 PLN. ბილეთი და ტური წინასწარ უნდა იყიდო ონლაინ. შეგიძლია, ამ ლინკს გაეცნო
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
მუზეუმი ოსკარ შინდლერის ყოფილი მარმარილოს ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ გამოფენილია ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების ნამუშევრები. საგამოფენო დარბაზის გარდა სივრცე აერთიანებს ბიბლიოთეკას, წიგნების მაღაზიას, თანამედროვე ხელოვნების კონსერვაციის ლაბორატორიასა და კაფეს.

- ბილეთის ფასი: მოზრდილები – 14 PLN. სამშაბათობით – უფასო
აუშვიც-ბირკენაუ საკონცენტრაციო ბანაკი
ერთი დღე, ჩემი აზრით, აუშვიცის სანახავად უნდა გამოყო, რომელიც ქალაქიდან 50 კმ-შია. აუშვიცი შემაძრწუნებელი ადგილია, რომელიც სხვადასხვა ემოციებით აგავსებს.
პოლონეთის წყნარი ქალაქი ოსვენციმი ნაცისტური რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკი გახდა. თუმცა გერმანელებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ბანაკი უახლოეს მეორე ქალაქ ბრზეზინკამდე გამოაგრძელეს. საბოლოო ჯამში, ბანაკი მინიმუმ 425 ჰექტარზე იყო განთავსებული.
აქ ყველაფერი საიდუმლოდ კეთდებოდა და ნაცისტები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბანაკი მიუვალი ყოფილიყო.
აუშვიცის აღწერა სიტყვებით წარმოუდგენელია. ეს შენით უნდა გამოსცადო. ვიცი რომ საკმაოდ ემოციური იქნება შენი ვიზიტი, იგივე იყო ჩემთვისაც. მაგრამ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. 20-ე საუკუნის ყველაზე სასტიკი მმართველის მიერ შესრულებული დაუჯერებელი რეალობაა.
- ბილეთის ფასი: მოზრდილები 460 PLN, დამოკიდებულია გიდის სერვისზე
ვიელიჩკას მარილის მაღარო
კრაკოვთან ძალიან ახლოს ერთი ფრიად საინტერესო ადგილია – ვიელიჩკას მარილის მაღარო. ეგრეთწოდებული ,,სუფრის მარილი“ აქ იწარმოებოდა ანტიკური პერიოდიდან 2007 წლამდე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მარილის საბადოა.

დღეს უკვე ეს მაღარო პოლონეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლია და დამთვალიერებლებს მასპინძლობს. აქ შეგიძლია იხეტიალო მაღაროს ლაბირინთებში, დატკბე ძველი ტექნოლოგიით, ეწვიო მიწისქვეშა ტბას, სალოცავებს და დაათვალიერო მარილის ქვისგან გამოთლილი ქანდაკებები.
- ბილეთის ფასი: მოზრდილები 89 – 94 PLN. იცვლება სეზონების მიხედვით; ბილეთის საფასურში შედის ადგილობრივი გიდი