საქართველო მდიდარია ბალნეოლოგიური და მინერალური წყლებით. ბორჯომის და ლიკანის მსგავსად, საბჭოთა კავშირის პერიოდში კურორტი საირმე საკმაოდ პოპულარული იყო. წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებს შორის, დღეს აქ უამრავი მაღალი კლასის სასტუმროა გაშენებული. საირმე საუკეთესო ადგილია უქმეებზე განსატვირთად, ან, თუ ქუთაისთან ახლოს ხარ, მაშინ აქ ერთი დღეც შეგიძლია შემოიარო. სპაში გაჯანსაღების გარდა, აქ ბევრი სხვა აქტივობითაც შეიძლება დაკავდე.

რითია კურორტი საირმე განსაკუთრებული?
კურორტი საირმე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 245 კილომეტრის დაშორებით და ქუთაისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. ეს ერთადერთი კურორტია, სადაც ოთხი სხვადასხვა ტიპის მინერალური და თერმული ტყალი მოიპოვება. ყველა მათგანი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

როგორც უკვე გითხარი, საირმე გარშემორტყმულია დაახლოებით 60 ჰექტარზე გაშენებული ტყეებით, სადაც ხარობს ფიჭვის, ნაძვის, წიფელის, ცაცხვისა და წაბლის ასწლოვანი ხეები.
ლეგენდის თანახმად, საირმე აღმოაჩინეს მონადირეებმა, რომლებიც დაჭრილ ირემს მისდევდნენ. მათ შეამჩნიეს, რომ გარკვეული ტერიტორია მარილით იყო დაფარული, ხოლო ქვებს კი ჟანგი ჰქონდათ მოდებული. მიუხედავად ამისა, ბალახი ყოველთვის ხასხასა მწვანე იყო, თოვლი ძალიან სწრაფად დნებოდა და წვიმის შემდეგ ნიადაგიც მარტივად შრებოდა. მონადირეებმა მიიჩნიეს, რომ ეს სასწაულმოქმედი ადგილი იყო.

სინამდვილეში, ამ ყველაფრის მიზეზი თერმული, სულფურის შემცველი მინერალური წყლებია, რომელიც მდიდარია აზოტ-მეთანით. მეცნიერებმა 1920-იან წლებში შეისწავლეს საირმის წყლის დამახასიათებელი თვისებები; ნიმუშები პეტერბურგშიც გადააგზავნეს და აღმოჩნდა, რომ ამ წყლებს სრულიად განსხვავებული სამკურნალო ეფექტი გააჩნდათ და იმ დროისთვის მათი მსგავსი მსოფლიოში აღმოჩენილი ჯერ არ ყოფილა.

სულ რაღაც ათ წელში საირმეს მიენიჭა კურორტის ოფიციალური სტატუსი. განვითარდა ინფრასტრუქტურა, აშენდა გამაჯანსაღებელი ცენტრები და დაიგო გზა ბაღდათისკენ. 1945 წელს, მთავრობამ დაიწყო საირმეს მინერალური წყლის ჩამოსხმა და გავრცელება ქვეყანაში და მის გარეთ.
რა დაავადებებს კურნავს საირმეს წყალი?
კურორტის ამჟამინდელ ტერიტორიაზე 4 ბიუვეტია, რომელიც სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. გაითვალისწინე, რომ საირმის წყლები ზოგადად კარგია შენი ჯანმრთელობისთვის, მიუხედავად იმისა, გჭირს თუ არა რაიმე კონკრეტული დაავადება. ეს წყლები უხდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ძვლებსა და სახსრებს, ასევე კანის დაავადებებს და სხვა.

ჩამოსვლისას, უნდა მოინახულო პატარა კლინიკა და გაესაუბრო ექიმს, რომელიც გირჩევს რომელი წყალი უფრო მოგიხდება. აი, მაგალითად:
- ბიუვეტი #1 ნაღვლის კენჭები – ზოგადი დანიშნულება, ქრონიკული ჰეპატიტის მარტივი ფორმები, ქრონიკული ქოლეცისტიტი
- ბიუვეტი #2 მოშლილი მეტაბოლიზმი – მარილიანი დიათეზი, შაქრიანი დიაბეტი, ართრიტი და ოსტეოქონდროზი
- ბიუვეტი #3 – კუჭ-ნაწლავის დაავადებები – მომატებული ან შემცირებული მჟავიანობა, წყლულოვანი დაავადებები და კოლიტი
- ბიუვეტი #4 თირკმლის კენჭები – ზოგადი დანიშნულება, მარილიანი დიათეზი და თირკმლის ქრონიკული აშლილობა
თერმული აბანოები
საირმეს კურორტის სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი სულ ცოტა ხნის წინ განახლდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. აქ შეგიძლია ისარგებლო უამრავი სახის გამაჯანსაღებელი თუ გამაახალგაზრდავებელი პროცედურით.

აქ შეგიძლია ისარგებლო ღია და დახურულ აუზით, მშრალი და სველი საუნით, მარილის ოთახით, რომელიც უებარია ფილტვების გასაწმენდად და სხვა. ყველა ეს პროცედურა სრულდება თერმული წყლებით, 41-გრადუსიან აუზებში. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია – საშუალოდ 15-40 ლარი.

სასტუმროები საირმეში
საირმეში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროები, გესთ-ჰაუსები და დაბალბიუჯეტური საცხოვრებლებია. ასე რომ, საირმე ყველას ჯიბეს მოერგება.
Sairme Hotels & Resorts
Sairme Hotels & Resorts – არის განახლებული საბჭოთა სანატორიუმი, რომელსაც 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ყველა სტანდარტი გააჩნია. ის კორორტის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს. სასტუმროში მყუდრო ოთახები, ლობი და მშვიდი გარემოა. ყოველ ოთახს აივანი აქვს, საიდანაც შეგიძლია დატკბე ხედით ტყეზე ან მდინარეზე.

აქედან მარტივად მოხვდები ბიუვეტებთან, შეგიძლია ჩამოჯდე სკამებზე და გაეცნო სტრიტ-არისტების შესანიშნავ ნამუშევრებს.

შეგიძლია ისარგებლო სასტუმროს ავტობუსით, რომლებიც აქედან 4 კილომეტრში განთავსებულ გამაჯანსაღებელ ცენტრამდე მიგიყვანს.
Best Western Sairme Resort
ეს სასტუმრო სულ ახლახანს აშენდა და ძალიან ახლოსაა გამაჯანსაღებელ ცენტრთან. Sairme Hotels & Resorts-ის მსგავსად, ესეც 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, კომფორტული ავეჯით, მშვენიერი ტერასით და ა.შ.

თუ შევადარებთ წინა სასტუმროს, აქ ოთახებში ჭურჭელიც მოიპოვება. ლობიში კი შეგიძლია საირმის ცნობილი წყლები პირდაპირ დისპენსერიდან მიირთვა.

სასტუმრო იმერეთი
ეს ყველაზე ბიუჯეტური სასტუმროა, თუ გესთ-ჰაუსებს არ ჩავთვლით, თუმცა ინფრასტრუქტურა აქ საკმაოდ მოძველებულია. მთელი წლის განმავლობაში ერთი დღე-ღამის ფასი აქ 50-65 ლარს შეადგენს. გაითვალისწინე, რომ ოქტომბრიდან მაისამდე სასტუმრო დაკეტილია.

რატომ უნდა დარჩე სასტუმროში?
სამივე სასტუმროს ერთი მენეჯმენტი ჰყავს, შესაბამისად, ნებისმიერ მათგანში სტუმრობისას ბევრი ბენეფიტით ისარგებლებ. პირველ რიგში, კლინიკაში ვიზიტი უფასოა.
მეორედაც, ფასში შედის სამჯერადი კვება, სასტუმრო იმერეთშიც კი. აქაური საკვები ჯანსაღია და ახალი ადგილობრივი პროდუქტისგან მზადდება, მე, მაგალითად, ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ცომეული საფუარის გარეშე იყო გამომცხვარი.

მესამე – შენ შეგიძლია ისარგებლო ღია აუზით მთელი დღის განმავლობაში. ბავშვებიანი ოჯახების საყურადღებოდ – მომზადებული პერსონალი მზად არის იზრუნოს შენს პატარებზე მთელი დღის განმავლობაში, სანამ პროცედურებს ჩაიტარებ.
სხვა რისი გაკეთება შეიძლება საირმეში?
ჩვეულებრივ, როცა საქართველოს კურორტებს ვსტუმრობ, განუვითარებელი ინფრასტრუქტურის გამო არც თუ ისე ბევრი აქტივობით შემიძლია დავკავდე. საირმე კი ის გამონაკლისია, როცა შეგიძლია ფიზიკური აქტივობები დაკავდე და ცოტა ადრენალინიც მიიღო.
აქ არის თანამედროვე, კარგად დაცული 800-მეტრიანი ზიპ-ლაინი, რომელიც მთებში იწყება და პარკში სრულდება. მისი საფასური 50 ლარია, მაგრამ გაითვალისწინე, რომ ზიპ-ლაინი ორ ნაწილად იყოფა, შეგიძლია მხოლოდ ერთი ნაწილით ისარგებლო და, ამ შემთხვევაში, მხოლოდ 30 ლარს გადაიხდი. მე გირჩევდი, რომ ორივე ნაწილი მოსინჯო, დამეთანხმები, რომ წიწვოვანი ტყეების თავზე გადაფრენა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სასტუმროს სახურავზე!
თუ კიდევ უფრო მეტ გამოწვევას ეძებ, შეგიძლია მოინახულო თოკების ქალაქი – ერთი საათის ფასი 20 ლარია. “ქალაქი” ორსართულიანია, ზედა სართული უფრო რთულად გადასალახია. მე მხოლოდ პირველი ვცადე და ჩემი კუნთებისთვის ეს სრულებით საკმარისი იყო.

დაბოლოს, სასტუმროსგან ცოტა მოშორებით, არის კომპაქტური სპორტული სივრცე, სადაც შეგიძლია დაიხვეწო “თიხის მტრედების სროლაში”. ერთი ტყვიის ფასი 2 ლარია.

თუ რომელიმე აქტივობით დაინტერესდი, მაშინ აუცილებლად დაუკავშირდი შენთვის სასურველ სასტუმროს. ისინი დაგეხმარებიან შესაბამისი ტრანსპორტითა და პერსონალით.
კიდევ რა ხდება საირმეში?
საირმის კურორტის სასტუმროსა და ბესტ ვესტერნში ყოველ საღამოს ცოცხალი მუსიკის საღამო იმართება. ამასთანავე, აქ არის სუპერმარკეტი, სუვენირების მაღაზია, საცხობი და რესტორანი, ამიტომაც მგონია, რომ აქ არ მოიწყენ.

თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!
შენიშვნა: მე კურორტ საირმის სტუმარი ვიყავი, მაგრამ ყველა აზრი, როგორც ყოველთვის, ჩემი პირადი შეფასებაა