fbpx
საქართველო

45+ ლამაზი ადგილი საქართველოში

საქართველო მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამოირჩევა – მთები, უდაბნოები, კანიონები, ულამაზესი ტბები და კიდევ ბევრი სხვა. მოგზაურობა „კავკასიის მარგალიტის“ ნებისმიერ რეგიონში ძალიან შთამბეჭდავია. ტურისტების ყველაზე მიმზიდველ პუნქტებად ისევ თბილისი, მცხეთა, მთიანი სვანეთი და ბათუმის ზღვის კურორტი რჩება, თუმცა საქართველოში გაცილებით მეტი საინტერესო ადგილია, რომელიც აღმოჩენას ელის. ეს პოსტიც სწორედ ამას ეძღვნება, მე შევეცდები მოგიყვე სხვადასხვა ღირშესანიშნაობებზე – პოპულარულ ლოკაციებზეც და იმ ადგილებზეც, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი ადგილობრივებისთის თუ ტურისტებისთვის. 

პოპულარული ქალაქები

თბილისი

საქართველოში ჩამოსვლისას ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი მაინც დედაქალაქია. აქ ბევრია სანახავი – ძველი და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავი, ვიწრო ქუჩები, არ-ნუვოს სტილის შენობები, გოგირდის აბანოები და კიდევ ბევრი სხვა. 

Tbilisi

აქ მთავარი ტურისტების სიმრავლე აბანოთუბანსა და ძველ ქალაქში იგრძნობა. მე-4 საუკუნით დათარიღებულ ნარიყალაზე საბაგირო გზით ან საფეხმავლო მარშრუტით მოხვდები. აქედან პანორამული ხედით შეგიძლია თბილისის ძველი უბნების დათვალიერება. იქვეა ქართლის დედის ქანდაკებაც – ხმლითა და ღვინით სავსე ჯამით. ეს ძეგლი საქართველოს და ქართული ხასიათის სიმბოლოა, სტუმრებს ღვინით ვხვდებით, მტრებს კი – ხმლით. 

აქედან მარტივად მოხვდები ბოტანიკურ ბაღში, ან შეგიძლია აბანოთუბანში დაბრუნდე, გაისეირნო მოკირწყლულ ბეთლემისა და გომის ქუჩებზე და თბილისური ხის აივნების ცქერით დატკბე.

აქვეა რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი, სადაც შეგიძლია მუზეუმები მოინახულო და მეტი გაიგო საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. ამ უბანში მრავალფეროვან ბარებსაც შეხვდები, სადაც ღვინის დაგემოვნება და ქართული კერძების გასინჯვა შეგიძლია.

თბილისის ამოწურვა შეუძლებელია! ვაგრძელებ თხრობას საქართველოს სხვა ქალაქების შესახებ. 

მცხეთა

საქართველოს უძველესი დედაქალაქი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია – მცხეთა – თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზეა. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი შუა საუკუნეების არქიტექტურის უბადლო ნიმუშია და, თბილისის წმინდა სამების ტაძრის შემდეგ, სიდიდით მეორე ეკლესიაა ქვეყანაში. მიიჩნევა, რომ აქაა შემონახული ქრისტეს კვართი, რის გამოც ტაძარს პილიგრიმები ხშირად სტუმრობენ. 

მცხეთის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა ჯვრის მონასტერი, ქალაქის მეორე მხარეს, გორაკზე აღმართული ტაძარი. როცა წმინდა ნინომ კაპადოკიიდან ქრისტიანობა საქართველოში ჩამოიტანა, სწორედ ამ ადგილას აღმართა ხის ჯვარი, რომლის ირგვლივაც მოგვიანებით ეს ტაძარი აშენდა. გარკვეული დროის შემდეგ, ეს ჯვარი მოზრდილი ჯვრით ჩანაცვლდა, სახელი ჯვარი კი ეკლესიას თავისი ჯვრული გეგმის გამო ეწოდა. 

გორი

გორი პატარა ქალაქია თბილისთან ახლოს და საუკეთესო არჩევანია ერთდღიანი დასვენებისთვის. სწორედ გორში დაიბადა საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი, რის გამოც გორი პატარა მემორიალურ ქალაქად იქცა – აქაა სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელიც ინახავს ფოტოებს, დოკუმენტებს, ნიღბებს და პირადი ვაგონიც კი. აქვეა სახლიც, რომელშიც სტალინმა ბავშვობა გაატარა.

საინტერესოა გორის სხვა ნაწილიც – კლდეში ნაკვეთი უფლისციხე, რომელიც აქედან მხოლოდ 14 კმ-ის მანძილზეა დაშორებული. უფლისციხის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ქვევით ნახავ – კლდეში ნაკვეთ სხვა ქალაქებთან ერთად. 

ქუთაისი

მცხეთის მსგავსად, ქუთაისიც საქართველოს დედაქალაქი იყო. დღეისათვის ის სიდიდით მეორე ქალაქს წარმოადგენს და მასაც UNESCO-ს მსოფლიო ძეგლების სიაშიც იხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკმაოდ დიდია, ისტორიული ძეგლები აქ არც თუ ისე მრავლადაა, სამაგიეროდ, ქუთაისი საუკეთესო ადგილია იმერეთის სხვადასხვა საინტერესო ადგილების აღმოსაჩენად.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შემავალ ბაგრატის ტაძარს აუცილებლად უნდა ესტუმრო, ესტუმრე ქუთაისის ისტორიის მუზეუმს, დაისვენე ქალაქის რამდენიმე პარკში და პარლამენტის ფუტურისტული შენობაც მოინახულე. ქუთაისის ღირშესანიშნაობები ასევე მოიცავს გელათის მონასტერს, სათაფლიას ნაკრძალს, მოწამეთას მონასტერს და პრომეთეს მღვიმეს. 

სათაფლია ცნობილია თავისი კარსტული მღვიმეებითა და დინოზავრის ნაკვალევით, პრომეთეს მღვიმე კი ტურისტებს სხვადასხვა ფერებში განათებული მღვიმეებით ხიბლავს.

თელავი

კახეთის რეგიონის ცენტრალური ქალაქი ერთ დროს სამეფო ქალაქი იყო. აქ შეგიძლია აღმოაჩინო ბატონის ციხე, მოინახულო მუზეუმი და მეტი გაიგო ერეკლე II-ზე, ასევე ქართლისა და კახეთის რეგიონების გაერთიანების, გეორგიევსკის ტრაქტატისა და რუსეთის მხრიდან პროტექციის მოპოვების შესახებ. 

ქალაქში გასეირნების შემდეგ, აუცილებლად უნდა მოინახულო წინანდალი – ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი სასახლე, თვალისმომჭრელი ბაღითა და სახლ-მუზეუმით. თუ დრო დაგრჩება, მაშინ გრემისა და ნეკრესის მონასტრებსაც ესტუმრე, რომლებიც ქრისტიანული არქიტექტურის უბადლო ნიმუშებია. 

სიღნაღი

კახეთის რეგიონის კიდევ ერთი მარგალიტი სიღნაღია, რომელიც დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს. ეს არის ციხით გამაგრებული ძველი ქალაქი, სპეციფიკური კოხტა სახლებითა და ხის აივნებით. ქალაქის გალავანი დაახლოებით 40 კილომეტრზეა გაშლილი, აქედან კი საოცარი ხედებია ალაზნის ველსა და კავკასიის მთებზე. 

ბათუმი

ბათუმი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი კურორტია. ბოლო პერიოდში აქაური არქიტექტურა მკვეთრად შეიცვალა და ბათუმი იქცა თანამედროვე ქალაქად შავი ზღვის სანაპიროზე. 

Things to do in Batumi

ბათუმის ღირშესანიშნაობათა რიცხვში შედის ანბანის კოშკი, ჭაჭის კოშკი, რომელიც კარგა ხანია აღარ მუშაობს, მაღალ შენობაში განთავსებული “ეშმაკის ბორბალი”, ულამაზესი კათოლიკური ტაძარი, ქალაქში განფენილი სტრიტ-არტი, 12 კილომეტრზე გადაჭიმული ბულვარი თავისი ულამაზესი სკულპტურებით და კიდევ ბევრი სხვა. 

კლდეში ნაკვეთი ქალაქები

უფლისციხე

გორთან ახლოს მდებარეობს თბილისიდან ერთდღიანი მოგზაურობისთვის კიდევ ერთი ზედგამოჭრილი ლოკაცია – უფლისციხე. იგი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია. ეს ადგილები მჭიდროდ იყო დასახლებული ჯერ კიდევ ძვ.წ. 1 ათასწლეულიდან. უფლისციხე გამოირჩევა ქვის კვეთის სხვადასხვა ტრადიციებისა და კულტურების ნაზავით – აქ შეხვდებით სპარსულ, ირანულ, ქრისტიანულ და წარმართულ გავლენებსაც კი. 

საკმაოდ დიდ ფართობზე გაშლილ კლდეებში აღმოაჩენ სარეზიდენციო შენობებს, ნაკვეთ ტაძარს, სახაბაზოს, თეატრს და ა.შ. 

ვარძია

უფლისციხისგან განსხვავებით, ვარძია გვიან პერიოდს მიეკუთვნება და XII საუკუნით თარიღდება, თუმცა სიდიდით საქართველოში კლდეში ნაკვეთი ყველაზე დიდი ქალაქია. მისი აშენება თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული და დიდი შემოსევების დროს ის საკმაოდ გამაგრებული პუნქტი უნდა ყოფილიყო. აქ სულ 13 სართული და დაახლოებით 6,000 ოთახია, რომლებიც მოიცავს საცხოვრებელს, სატახტო ოთახს, ტაძრებს, მარნებს, სამრეკლოს და მრავალ სხვას. 

ვარძიის ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილია თამარ მეფის ფრესკა და ქართული კედლის მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშები. 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

თუ ვარძიას და უფლისციხეს შევადარებთ, დავით გარეჯი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია და არა მთელი ქალაქი. კახეთის რეგიონში მდებარე ნახევარუდაბნო – დავით გარეჯი, მოიცავს ტაძრებს, ასობით საცავს და ულამაზეს ფრესკებს. 

ასურელი მამებიდან ერთ-ერთმა – დავითმა, აქ მონასტერი მე-6 საუკუნეში დააარსა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს მონასტერი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო.
აქაურობის მოსანახულებლად საუკეთესო დროა გაზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ზაფხულში აქ სტუმრობას არ გირჩევ, ვინაიდან უდაბნოში ძალიან ბევრი ქვეწარმავალია. ასევე გაითვალისწინე, რომ ქალები ქრისტიანული წესის მიხედვით უნდა იყვნენ შემოსილნი და არ უნდა ეცვათ შარვალი. 

აუცილებლად სანახავი უნიკალური ადგილები

კაცხის სვეტი

კაცხის კირქვის ბუნებრივი სვეტი აუცილებლად უნდა მოინახულო. 40-45 მეტრის ბუნებრივი საოცრება ბევრ ტურისტს იზიდავს, ვინაიდან ქუთაისიდან სულ რათაც 62 კილომეტრითაა დაშორებული.

ამ ღირშესანიშნაობამ სახელი სვანური ენიდან აიღო, რომელზეც “კაცხი” მწვერვალს ნიშნავს. 

ჭიათურა

საბჭოთა ეპოქაში აქ მანგანუმის საბადო იყო. ესაა საბაგიროების ქალაქი, რომლებიც ჭიათურის სხვადასხვა უბნებსა და მაღაროებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ აშენდა, რომ აქ მომუშავეებს გადაადგილება გამარტივებოდათ. 

დღეს ქალაქში ისევ მოიპოვებენ მანგანუმს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბებით, როგორც ადრე. შესაბამისად, ბევრი საბაგირო უკვე აღარ ფუნქციონირებს, ხოლო ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, დაარსების დღიდან, ანუ ადრეული 50-იანების შემდეგ არ შეკეთებულა. საბაგიროთი სარგებლობა უფასოა და, ბუნებრივია, ადრენალინის მოყვარულთათვის ზედგამოჭრილი აქტივობაა. 

ქობულეთის ბუნებრივი ნაკრძალი

ეს ადგილი სულ ახლახანს აღმოვაჩინე. შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ქობულეთი, რომელიც ბათუმთანაც საკმაოდ ახლოსაა, სასტუმროების სიმრავლით გამოირჩევა. აქ ბევრი არც არაფერია სანახავი გარდა ბუნებრივი ნაკრძალისა.

Kobuleti Nature Reserve

რატომ არის ეს ადგილი ასეთი უნიკალური? აქ მოიპოვება უიშვიათესი სპაგნუმის ხავსი, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი ფილტრირებადი ხავსია. ის საკმაოდ მგრძნობიარეა დაბინძურების მიმართ და წყალი ვერასდროს ფარავს მას ბოლომდე. წვიმების სეზონის დროს, სპაგნუმი ღრუბელივით იწოვს წყალს. თუ მას გაწურავ, მისგან სუფთა წყალი წამოვა. არ იღელვო, ამით ეკოსისტემას არ აზიანებ, უბრალოდ უკანვე დააბრუნე და თავისით მოახდენს რეგენერირებას. საინტერესოა, არა?

ყაზბეგის ტრავერტინები

საქართველოში ტრავერტინების ნახვა ბევრგან შეგიძლია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია. ტრავერტინი არის კირქვის სახეობა, რომელიც მინერალური წყლების მეშვეობით ჩნდება. ის სხვადასხვა ფერისაა – ყავისფერი, თეთრი, რძისფერი და ჟანგისფერი. 

2012 წელს, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ეს ტრავერტინები მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომდევნო წელს კი მათ ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

უდაბნო

ივრის ზეგანზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად იპოვით სოფელ უდაბნოს. აქ, წყლის ნაკლებობის გამო, მცენარეული საფარი საკმაოდ მცირეა და ნიადაგიც საკმაოდ გამომშრალია. ზაფხულის მწველი სიცხეები ბალახს ახმობს, წყლებს აშრობს და ამ დროს განსაკუთრებით მრავლდებიან ქვეწარმავლები, ამიტომაც, ზაფხულში აქ სტუმრობა არაა რეკომენდებული. 

ნოქალაქევი

ნოქალაქევი ეგრისის სამეფოს დედაქალაქი იყო მე-6-მე-8 საუკუნეებში. აქ შეგიძლია ნახო შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის განსაკუთრებული ნიმუშები. კომპლექსი 20 ჰექტარზეა გაშენებული და ორ ნაწილადაა დაყოფილი – ქალაქი და ციტადელი. აქ ადრე მაღალი საფორტიფიკაციო კედლები იყო და რამდენიმე კოშკსაც შეხვდებოდი. აქ ასევე არის უძველესი, რომაული სტილის აბანოების ნაშთები და გვირაბი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მდინარესთან გაგიყვანს.

აბასთუმანი

აბასთუმანი ცნობილია თავისი ასტროფიზიკული ობსერვატორიით, რომელიც 1930-იან წლებში აშენდა. მეცნიერებმა ეს ლოკაცია შეგნებულად შეარჩიეს – მთიანი ლადშაფტი და წიწვოვანი ტყე აბასთუმნის ცას დაბინძურებისგან და ხელოვნური ილუმინაციისგან იცავს. 

თუ ვარსკვლავები გაინტერესებს ან მოგზაურობ შენს საყვარელ ადამიანთან ერთად, ეს ალბათ ყველაზე რომანტიკული ადგილია ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ პიკნიკის მოსაწყობად. არ დაგავიწყდეს, რომ ობსერვატორიას წინასწარ უნდა დაუკავშირდე ამინდის პროგნოზის გასაგებად. 

კარსტის მღვიმეები – პრომეთე, სათაფლია და ნავენახევი

საქართველო კარსტის მღვიმეების სიმრავლით გამოირჩევა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანი არის ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი. ერთ-ერთია პრომეთეს მღვიმე, კუმისთავის სოფელთან ახლოს. ეს მღვიმე მდიდარია სტალაქმიტებითა და სტალაქტიდებით, ქვის ფარდებითა და ჰელიქტებით. ტურისტული გზა 1420 მეტრის სიგრძისაა და გიდის გარეშე მღვიმეში არ შეგიშვებენ. მთელი მღვიმე განათებულია სხვადასხვაფერი შუქებით, რაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს აქაურობას. 

სათაფლიის მღვიმე სათაფლიის ნაკრძალში მდებარეობს. ის 900 მეტრის სიგრძისაა და 10 მეტრია სიღრმეში. ეს პირველი კარსტული მღვიმე იყო საქართველოში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა გაშენდა და მნახველებისთვის გაიხსნა. არ დაგავიწყდეს, რომ სწორედ აქაა შემონახული დინოზავრის ნაკვალევი.

ნავენახევის მღვიმე ხელმეორედ 2018 წელს გაიხსნა, განახლებული განათების სისტემითა და გზებით. თერჯოლის რაიონში მდებარე ეს მღვიმე განსაკუთრებულად თვალწარმტაცი სტლაქტიდებითა და სტალაქმიტებით გამოირჩევა. 

ბახმარო

ბახმარო ალპური კურორტია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს. ფიჭვოვანი და ნაძვოვანი ტყეები ბახმაროს გარს აკრავს, შესაბამისად, ეს ზედგამოჭრილი ადგილია მათთვისაც, ვისაც ფილტვების დაავადებები, ტუბერკულოზი ან ბრონქიტი აწუხებს.

ტემპერატურა აქ საკმაოდ დაბალია, ზაფხულშიც კი. დილაობით ნისლია, რაც განსაკუთრებით ლამაზ სანახაობას ქმნის. აუცილებლად ადექი მზის ამოსვლამდე და სპეციალური გორაკიდან შეეგებე მზის ამოსვლის თვალისმომჭრელ ხედს.  

გომის მთა

გომის მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ალპური კურორტია, რომელიც ზღვის დრონიდან 2100-2755 მეტრზეა გაშენებული. ბახმაროს მსგავსად, აქ ზამთარი თოვლიანია, ზაფხული კი საკმაოდ გრილი. მთავარი ღირსშესანიშნაობა აქ, მზის ჩასვლის ულამაზესი ხედით ტკბობაა, რაც თავისთავად გაგრძნობინებს თითქოს ღრუბლებს ზევით ხარ. თუ მოისურვებ ამ მიდამოებში გასეირნებას, მოინახულე ჩინჩაოს ტბა, რომელიც გომის მთასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. 

საქართველოს კანიონები

მარტვილი

სამეგრელოში მდებარეობს მარტვილის კანიონი, რომელიც გამოირჩევა მასში გამდინარე საოცრად ლამაზი ზურმუხტისფერი წყლით. აქ მოხვედრა მარტივად შეიძლება ქუთაისიდან. მთავარი აქტივობა აქ პატარა ნავებით გასეირნებაა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ მოკლეა, მაგრამ მაინც შთამბეჭდავია. შემდეგ კი, მოკლე ბილიკზე გაისეირნე და დატკბი ხავსით დაფარული ტყით. 

ოკაცე

ოკაცე ბევრად უფრო გრძელი ტურისტული ბილიკით გამოირჩევა ვიდრე მარტვილის კანიონი. აქაც ქუთაისიდან უფრო მარტივად მოხვდები. კანიონში ჰაერში გამოკიდებულ საფეხმავლო ბილიკებზე დადიხარ და ულამაზესი ხედებით ტკბები. საკუთრივ კანიონი 16 კილომეტრი სიგრძისაა და სიღრმეში 35-50 მეტრია, თუმცა რეალურად, გზა მხოლოდ 1,5 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. 

დაშბაში

დაშბაში თურქული სიტყვაა და “ქვისთავიანს” ნიშნავს. წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე დაშბაშის ვულკანური კანიონი სიგრძეში 30 კილომეტრია. ამ კანიონის იშვიათი ბუნება და გამორჩეული ბიომრავალფეროვნება ვულკანურ მთაზე, მდინარის ირგვლივაა გაშლილი. მცენარეები კანიონის დამრეც ფერდობებზე ხარობენ, თვალისმომჭრელი ჩანჩქრები კი ამ მიკრო-ლანდშაფტს განსაკუთრებულ ელფერს სძენენ. 

საქართველოს მთიანი რეგიონები

თუშეთი

თუშეთი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი მთიანი რეგიონია. ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრზე მდებარე ეს ტერიტორია შედგება სხვადასხვა სოფლებისგან, რომელთა შორისაც ცენტრალური ომალოა.

თუშეთში შემონახულია შუა საუკუნეებში ფიქალის ქვით აგებული თავდაცვითი კოშკები. ეს რეგიონი ასევე გამოირჩევა თავისი ტბებით, რომლებიც მყინვარებიდან იღებს სათავეს. სწორედ თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორმა – ზღვის დონიდან 2345 მეტრზე გაშენებული და ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი ევროპაში. 

სვანეთი

სვანეთი კიდევ ერთი ულამაზესი მთიანი რეგიონია საქართველოში, სადაც თავდაცვითი კოშკების კიდევ უფრო განსხვავებულ ტიპს შეხვდები, აქაა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული სოფელი უშგული და კავკასიის მთათა სისტემის ოთხი უმაღლესი მწვერვალი. 

სვანეთში საოცარი ბუნებრივი ლანდშაფტი და ულამაზესი ტბებია და ალბათ, სწორედ ამიტომაცაა სვანეთი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი. აქ თუ მოხვდები, აუცილებლად უნდა ესტუმრო მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, რათა მეტი შეიტყო სვანური ტრადიციების, კულტურის, რუდუნებით შემონახული განძისა და ცხოვრების წესის შესახებ. 

ხევსურეთი

ხევსურეთი კავკასიის მთების ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და სამ ნაწილადაა დაყოფილი: მოღმახევი, შატილი და არხოტი. საუკუნეების განმავლობაში, ხევსურეთი სხვადასხვა ქართული სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო და ჩრდილოეთიდან შემოსული მტრებისგან თავდასაცავ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. აქ შეგიძლია ნახო შუა საუკუნეების ისეთი ძეგლები, როგორებიცაა ხახმათის, ახიელის და ლაბაისყარის ციხეები, შატილის სოფელი, მუცო და ხახაბო, ასევე გუდანის, ანატორის ტაძრები და ბევრი სხვა. 

View this post on Instagram

В Грузии очень много мест связанные со странными и страшными легендами. 😱Один из тех мест, это село #Муцо в #Хевсурети. Вообще, этот регион один из загадочных регионов Грузии. Еще много чего мы не знаем про историю, а именно про село Муцо или как его еще называют – "Мёртвый город". Тут около 40 домов-крепостей. Они находятся далеко в горах и служили для Грузии как защитой от вторжения врагов. Но никто точно не знает, когда построили дома-крепости и почему их покинули жители. 🤷‍♂️ Существует одна очень интересная легенда. Недалеко от село находятся небольшие каменные помещения без двери, но с окном, говорят во время эпидемий чумы там людей хоронили заживо. Крыши или стены разбирали, а потом замуровывали заново. Связь с внешним миром у обречённых была лишь через окно. Но связь эта была недолгой. До сих пор там лежать скелеты ☠️. Жуть просто. Знаменитый село #Шатили находиться недалеко (10 км), который тоже имеет похожие дома-крепости. Про Шатили я уже писал пост, когда посетил его летом 2017 года. А вы какие легенды знаете про Грузию❓ . . . #грузия #грузиямоимиглазами #дикаяприрода #мертвыйгород #грузиярядом #грузиятрип #путешествуйте #сакартвело #тбилиси #отдыхвгрузии #фотографгрузия #путешествиепогрузии #крепость #легенда #моягрузия #неизвестныйкавказ #хочувгрузию #люблюгрузию #tbilisi #georgia #georgia2018 #mutso #shatili #khevsureti #mountains #caucasuslife

A post shared by Объездил всю Грузию 🇬🇪 (@fa_huu) on

სტეფანწმინდა

სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მისკენ მიმავალი მარშრუტი მიჰყვება სამხედრო გზას საქართველოსა და ვლადიკავკაზს შორის. გზა საკმაოდ ციცაბოა, მაგრამ საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა. აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გერგეთის სამების ტაძარია, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ყაზბეგის მთის წიაღში, საოცრად ამაღელვებელ ლანდშაფტშია ჩაკარგული.

ზემო აჭარა

აჭარის რეგიონი მოიცავს ტერიტორიას შავი ზღვის სანაპიროდან მცირე კავკასიონის ქედებამდე. აჭარის დაბლობებს სტუმრები არ აკლია, თუმცა მთიან ნაწილში ტურისტები იშვიათად ჩადიან. ბეშუმის ულამაზესი სოფელი ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე მდებარეობს და განსაკუთრებულად ლამაზი ლანდშაფტით გამოირჩევა – აქ არის მდინარეები, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და ალპური და წიწვოვანი ბალახების ჰარმონიული კომბინაცია. 

სათხილამურო კურორტები

გუდაური

გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთების სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2,196 მეტრზე მდებარეობს. სათხილამურო სპორტის მოყვარულები აქ თბილისთან სიახლოვის გამოც ჩამოდიან. გუდაური საუკეთესო ადგილია თხილამურებით და სნოუბორდით სრიალისთვის დაახლოებით 4,200 მეტრიანი გზითა და თოვლის იდეალური საფარით. აქ ნებისმიერ მსურველის შეუძლია ამ სპორტით ისიამოვნოს, მიუხედავად იმისა დამწყებია თუ პროფესიონალი.

ბაკურიანი

ბაკურიანი საოჯახო დასვენების მსურველებისთვის გამოდგება. ზღვის დონიდან 1,700-2,000 მეტრზე გაშენებული სათხილამური კურორტი თავგადასავლის მაძიებლებისთვისაც ზედგამოჭრილია, თუმცა აქ დამწყებებისთვისაც მოიძებნება სასრიალო სივრცე. ყველაზე ცნობილი სასრიალო გზებია კოხტა, დიდველი და ტატრა. 

სვანეთი

სვანეთის ცენტრალური ქალაქი, მესტია, კიდევ ერთი ლოკაციაა მათთვის, ვინც სასრიალო ადგილს და კავკასიონის ულამაზეს ხედებს ეძებს. ეს კურორტი ნაკლებად გამოირჩევა მოწყობილი ინფრასტრუქტურით, ბაკურიანისგან და გუდაურისგან განსხვავებით.

View this post on Instagram

#back 🚡 #mestiaskiresort

A post shared by Nino Tkavadze (@ninotkavadze) on

მესტიის გარდა, სვანეთში თეთნულდზეც შეიძლება სრიალი. თეთნულდის მთის ფერდობი ზღვის დონიდან 1,600-3,165 მეტრის სიმაღლეზეა და სამ ძირითად სასრიალო გზას მოიცავს. 

გოდერძი

გოდერძი სულ ახლახან დაემატა საქართველოს სათხილამურო კურორტების სიას. ბათუმიდან მხოლოდ ორი საათის სავალია. ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე მდებარე გოდერძის კურორტს შეგიძლია სამი სეზონის განმავლობაში ესტუმრო – თოვლი აქ ნოემბრიდან აპრილამდე არ დნება. 

ნაკრძალები და ეროვნული პარკები

სათაფლიას ნაკრძალი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სათაფლია ე.წ. სათაფლიის მთასთან, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს. მას სახელი ფუტკრებისა და სკების სიმრავლის გამო ეწოდა. აქ შეგიძლია ნახო კარსტული მღვიმეები და ბიო-სპელეოლოგიური მუზეუმი, ასევე დინოზავრის ნაკვალევი. 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხი საქართველოში ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელიც უნიკალური და მრავალფეროვანი ეკოსისტემების სახლია – აქ შეგიძლია იპოვო კავკასიის რეგიონის 121 ენდემური სახეობა, მათ შორის 9 მხოლოდ საქართველოში მოიპოვება. აქ არის 4 ძირითადი საფეხმავლო გზა, რომელთაგანაც ნინოსხევის ჩანჩქერი და შავი კლდეების ტბა ყველაზე ცნობილია. 

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას მთა ზღვის დონიდან 1,381 მეტრზეა. ეს არის საქართველოში ყველაზე ნესტიანი ადგილი და მისი სახელიც აქედან მოდის. კლიმატის გამო მტირალას მთა საკმაოდ ნისლიანია, რაც მისტიკურ სანახაობას ქმნის. აქ არის 2 ძირითადი გზა და ზიპ-ლაინი, იმ შემთხვევისთვის, თუ ახალ შთაბეჭდილებებს ეძებ. 

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან პალიასტომის ტბამდეა გაშენებული. მდიდარი ფლორა და ფაუნა, ფოთლოვანი ტყეები და ჭაობები პარკის ღირშესანიშნაობების არასრულ სიას წარმოადგენს. აქ არ არის საფეხმავლო გზა, შესაბამისად, მთავარი აქტივობა ნავით ან კაიაკით სეირნობაა. 

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ვულკანური წარმოშობის მთებს მოიცავს, რომლებიც გაშლილია ფართო მასშტაბზე საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში. აქ ხშირად შეხვდები გადამფრენ ფრინველებს, რომლებიც ევროპა-აზია-აფრიკის გავლით გაივლიან მიგრაციას. აქ რამდენიმე ტბაა: კარწახი, ხანჩაკი, მადათაფა, ბუხდაშენი, საღამო, ფარავანი და ტაბაწყური. 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ვაშლოვანი თბილისიდან 160 კილომეტრზე მდებარეობს და განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა. აქაური კლიმატი ნოტიო და სუბტროპიკულია, აქ შეხვდები ნახევარუდაბნოებსა და ტყეებს. აქ არის რამდენიმე საფეხმავლო გზა, რომლებიც ზაფხულში რეპტილიებითაა სავსე. ეს გზები საკმაოდ კარგადაა მარკირებული, გზად ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებიც შეგხვდება. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ეს არის ევროპაში უდიდესი ეროვნული პარკი, რომელიც 85,093 ჰექტარზე ვრცელდება და ქვეყნის 1%-ს წარმოადგენს. აქ შესაძლებელია რამდენიმედღიანი მარშრუტის დაგეგმვა. პარკში სულ 12 საფეხმავლო გზაა, რომლებიც ზღვის დონიდან 400 მეტრზე იწყება და 2,642 მეტრამდე ადის. ყველა ბილიკზე შეხვდები ღამის გასათევ, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილებს. 

სპა-კურორტები

ბორჯომი

ბორჯომი მინერალური წყლებით ცნობილი კურორტია. საბჭოთა პერიოდში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული კურორტი იყო მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ის მინერალური გაზიანი წყალი, რომელსაც ასე ხშირად ვხვდებით მაღაზიების დახლებზე, სწორედ აქ ამოდის. დღეს ბორჰომი ძველი დიდების აღდგენას ცდილობს და აქ მაღალი კლასის სასტუმროები და ახალი ინფრასტრუქტურა შენდება. 

წყალტუბო

წყალტუბო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპა კურორტი იყო. აქაურ წყლებს სამკურნალო თვისებები აქვს, შესაბამისად, ქალაქის ირგვლივ ბევრი სანატორიუმი და საკურორტო ზონაა გაშენებული. დღეისათვის ბევრი მათგანი უფუნქციოდაა, ზოგიერთში კი აფხაზეთის ომის ლტოლვილთა თავშესაფარია მოწყობილი.

თუ ეძებ მიტოვებულ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავ შენობებს, წყალტუბო სწორედ ასეთი ადგილებით გამოირჩევა. ამასთანავე, ბუნებრივი აბანოები დღემდე ფუნქციონირებს. თუ პრომეთეს მღვიმეში დაგეგმავ წასვლას, წყალტუბოში აუცილებლად შემოიარე.

საირმე

საირმის კურორტი თბილისიდან 245 კილომეტრის მოშორებით და ქუთაისიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს. ეს ერთადერთი კურორტია საქართველოში, რომელშიც 4 სხვადასხვა მინერალური და თერმული წყალი ამოდის. ყველა მათგანს სამკურნალო ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. საირმე გარშემორტყმულია ფიჭვის, ნაძვის, ცაცხვის და წაბლის ხეებით. ეს არის იდეალური დასასვენებლად და განსატვირთად, მიუხედავად იმისა, გსურს თუ არა მინერალური წყლებით მკურნალობა. 

საქართველოს ულამაზესი ტბები

აბუდელაურის ტბები

ხევსურეთში მდებარე აბუდელაურის ფერადი ტბები როშკას სოფლის მახლობლად მდებარეობს. აქ სამი ტბაა – მწვანე, ლურჯი და თეთრი. ყველა მათგანი ერთმანეთისგან ფეხით სავალი მანძილითაა დაშორებული. წელიწადში 6 თვის განმავლობაში ეს ტბები დაფარულია თოვლით, რომელიც მხოლოდ მაისში დნება.

მწვანე ტბა თავის ფერს ფლორის გამო იღებს. ლურჯი ტბა სუფთაა, მასში სხვა შენაკადები არ ჩაედინება და, შესაბამისად, ინარჩუნებს თავის კრიალა ფერს. თეთრი ტბა კი რამდენიმე ათწლეულის წინ ჩამოყალიბდა აბუდელაურის მყინვარის ფერდობთან ახლოს. მყინვარიდან ჩამოდენილი ტალახიანი წყალი განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს ტბას და სახელიც აქედან მიიღო.  

ტობავარჩხილის ტბები

ტობავარჩხილის ტბები სამეგრელოს რეგიონის მარგალიტია და 6 გამჭვირვალე ტბისგან შედგება. მეგრულად ტობავარჩხილი ვერცხლის ტბას ნიშნავს. დიდი ტბა, რომელიც მყინვარის ძირში მდებარეობს, განსაკუთრებით ლამაზია. მათი მდებარეობის და დამრეცი კალთების გამო, ტბებს ხშირი სტუმარი არ ჰყავს. სასურველია, რომ მათ მოსანახულებლად გიდთან ერთად გაემგზავრო. 

ჟინვალი

ჟინვალის წყალსაცავი სტეფანწმინდსა და გუდაურისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. იგი ხელოვნური წყალსაცავია, რომლის მოცულობაც 11.5 კვადრატული კილომეტრია. წყალსაცავი ჟინვალის ჰიდროლექტროსადგურის ნაწილია და თბილისს საკმაო რაოდენობის ელექტროენერგიით ამარაგებს. 

პალიასტომი

პალიასტომი სიდიდით მესამე ტბაა საქართველოში და მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში. აქაურობა გარშემორტყმულია უნიკალური ხედებითა და ლანდშაფტით და იდეალურია, მათთვის, ვისაც ფრინველებზე დაკვირვება (birdwatching) უყვარს. ევროპიდან აზიაში (და პირიქით) გადამფრენი ფრინველები ხშირად აქ ისვენებენ. თავისი დაბლობებით, ტყეებითა და ჭაობებით, პალიასტომი კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილია.

მწვანე ტბა

ზემო აჭარაში მდებარე მწვანე ტბამ სახელი ირგვლივ მდებარე ხასხასა მწვანე ტყის გამო მიიღო. ტბის წყალი მინერალებითაა სავსე, სუფთაა და დასალევადაც გამოდგება. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით აქ სხვა ტბების ნახვაცაა შესაძლებელი.

ბატეთის ტბა

სოფელ ბატეთის ნასახლართან ახლოს ულამაზესი ადგილი მდებარეობს. დაახლოებით ასი წლის წინ, აქ მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ბეტისწყალს გზა ჩაუკეტა. შედეგად, აქ ჩამოყალიბდა სუფთა წყლით სავსე წყალსაცავი. მის ირგვლივ მდებარე ფიჭვის და თხილის ტყეები განსაკუთრებით თვალწარმტაც ლანდშაფტს ქმნის. დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ტბა იყინება და ზამთრის ზღაპრულ აურას ქმნის. შემოდგომაზე მრავალფერად შეფერილი ფოთლები კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს ტბას. 

შავი კლდეების ტბა

ლაგოდეხის ნაკრძალის ალპურ ზონაში მყინვარული წარმოშობის შავი კლდეების ტბა მდებარეობს. ზღვის დონიდან 2,900 მეტრზე მდებარე ეს ტბა საქართველოსა და დაღესტნის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი საზღვრის ფუნქციას ასრულებს. ტბისკენ მიმავალი გზაც ულამაზესია, განსაკუთრებით, როცა მცენარეული საფარი თანდათან ქრება და იგვლივ მხოლოდ კავკასიონის ხედები რჩება. 

ფარავანი

ფარავანი საქართველოში უდიდესი ტბაა, რომელიც ჯავახეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 2,073 მეტრზე მდებარეობს. ტბა ულამაზესია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ თუ განსაკუთრებით ხატოვან ხედებს ეძებთ, მაშინ აქ ზამთარში უნდა მოხვიდეთ, როცა ტბა იყინება და აქაურობა ზამთრის ზღაპარს ემსგავსება.

საუკეთესო ადგილები ლაშქრობისთვის

საქართველო საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ლაშქრობები უყვარს. აქ არის უამრავი გზა ეროვნულ პარკებსა თუ მწვერვალებში, ერთი სოფლიდან მეორე სოფლამდე, ერთი მთიდან მეორე მთამდე. რთულია ამოირჩიო რომელია საუკეთესო მარშრუტი, ვინაიდან ყველა მათგანი საოცრად ამაღელვებელი ლანდშაფტით გამოირჩევა. სპეციალური ვებგვერდიც კი არსებობს ლაშქრობის მოყვარულთათვის – Caucasus Trekking. აქ შეგიძლია ზედმიწევნით წაიკითხო შენს მიერ არჩეული მარშრუტის ბევრი დეტალი. საიტი ერთგვარი ბიბლია მოგზაურთათვის და მათთვის, ვისაც მთების დაპყრობა სურს. 

საუკეთესო სანაპიროები საქართველოში

როცა საქმე სანაპიროს ეხება, უნდა იცოდე, რომ აქ არც თეთრი და არც ოქროსფერი ქვიშა არ უნდა ეძებო. შავი ზღვის სანაპირო კენჭებითაა დაფარული. მიუხედავად ამისა, აქ მაინც არის ქვიშიანი ნაპირები, თუმცა ისინი სამკურნალო ფუნქციებს ატარებს.

საქართველოს ორი რეგიონი გურია და აჭარა განსაკუთრებით ცნობილი სანაპიროებით გამოირჩევა, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც ბათუმია. გაითვალისწინე, რომ ზაფხულის ბათუმი ძალიან ხალხმრავალია და ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. თუ უფრო მშვიდ ადგილს ეძებ, მაშინ შეგიძლია ურეკი, შეკვეთილი ან გრიგოლეთი მოინახულო, თანაც, აქ ქვიშიანი სანაპიროა. 

ხოლო თუ ბათუმთან ახლოს გსურს დარჩენა, სარფს, კვარიათს ან მწვანე კონცხს ესტუმრე. 


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!