fbpx
ევროპა,  საბერძნეთი

ათენის ღირსშესანიშნაობები: ერთი დღე ათენში

ერთ დღიანი მოგზაურობა ათენში, არატურისტული ადგილები და აუცილებლად გასასინჯი საკვები

საბერძნეთის დედაქალაქში სანახავი ადგილების სია საკმაოდ დიდია, მაგრამ მე და ოთოს სტამბოლიდან დუბროვნიკამდე ფრენებს შორის მხოლოდ რამდენიმე საათი გვქონდა, ამიტომ, ძალიან ტურისტული ადგილებისა და მუზეუმების გამოტოვება და ქალაქში ხეტიალი გადავწყვიტეთ. წარმოგიდგენ ჩემს ალტერნატიულ სიას თუ რა ვნახოთ ათენში ერთ დღეში.

4 პრაქტიკული ინფორმაცია

  1. ყველა გადასახურდავებელი ჯიხური საკომისიოს იღებს. თუ ქვეყანაში დოლარით ჩადიხარ, იცოდე რომ გადახურდავებისას საკმაოდ ბევრ ფულს კარგავ. ჩემი შეცდომაც ეს იყო. დოლარში აღებული ხელფასი თბილისში ევროზე არ გადამიხურდავებია იმ იმედით, რომ იქაც მარტივად გადავახურდავებდი
  2. აეროპორტიდან ცენტრამდე ავტობუსის ბილეთი €6 ღირს.
  3. ბარგის დატოვება აეროპორტშივე შეგიძლია სპეციალურ შემნახველ პუნქტში. ფასი საათის მიხედვით ანგარიშდება. ჩვენ ბარგი დაახლოებით 12 საათამდე პერიოდით დავტოვეთ და თითო ჩანთაში €8 გადავიხადეთ.
  4. თანხის დაზოგვის მიზნით შეგიძლია ე.წ. Athens City Pass ბარათი €30 შეიძინო. ბარათის მეშვეობით აკროპოლისს და რამოდენიმე მუზეუმს უფასოდ ნახავ.

რა ვნახოთ ათენში ერთ დღეში

უბანი პლაკა

უბანი პლაკა ქალაქის უძველესი ნაწილია, შესაბამისად, ათენის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილია. მისი ქუჩების უმეტესი ნაწილი ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი. აქ ნახავ სუვენირების და სამკაულების უამრავ მაღაზიას, კაფეებს, ბარებსა და რესტორნებს. სწორედ ამიტომ, პლაკა ყველაზე ტურისტული ადგილია, მთელს ქალაქში.

უბანი აკროპოლისის ქვეშ მდებარეობს და იმდენად დიდია რომ სინტაგმას მოედნამდე გრძელდება. ქუჩებში გზის აბნევის ალბათობა საკმაოდ დიდია, მაგრამ თუ ორ ძირითად ქუჩას – კიდათინეონსა და ადრიანოუს – არ გასცდები, მაშინ არაფერი გაქვს სანერვიულო.

მონასტირაკი

მონასტირაკი ე.წ ‘ფლი მარკეთითაა’ ცნობილი. აქ, კვირაობით მეორადი და ანტიკვარული ნივთების დიდი ბაზარი იმართება. თუმცა, თუ შენი ვიზიტი კვირა დღეს არ ემთხვევა, არ იდარდო. აქ მაინც შეხვდები რამდენიმე მაღაზიას, რომელიც სულ ღიაა.

აქვეა ატიკა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი სუვენირებისა და სხვა ათასი ნივთის შესაძენად. მოედანზეა პანათასას ეკლესია (Church of the Panatassa). აქვე შეგიძლია ჩამოჯდე, დაისვენო და გარემოთიც დატკბე.

ანაფიოტიკა

ეს არის ადგილი რომელიც ძალიან ჰგავს საბერძნეთის კუნძულებს. დაბალი სახლები, თეთრად შეღებილი კედლები და ფერადი კარ-ფანჯრები. აქ მოხვედრა აკროპოლისიდან პატარა ქუჩების მეშვეობით შეგიძლია.

პიტაკის ქუჩა

თუ შენც ჩემნაირად გიყვარს გრაფიტი და ქუჩის არტი, მაშინ პიტაკის ქუჩა აუცილებლად უნდა მოინახულო. ჩინური ქაღალდის ფარნები, შუა საუკუნეების ლითონის ნათურები, 40-იანი წლების ყვავილის პრინტის ლამპიონები, მაროკოული სარკეები და ვინტაჟური დეკორაციებით შემკული ქუჩა, ამ ანტიკურ ქალაქს თანამედროვე ხიბლს სძენს.

ათენი

გინდა შენი ინსტაგრამის ფოტოებიც განსხვავებული იყოს? აქ ადვილად იპოვი საინტერესო და შთამბეჭდავ ფონს.

ბაზარი

ათენის ქუჩებში სიარულისას პატარა ბაზარს წავაწყდით, სადაც ხილ-ბოსტნეული და ადგილობრივი ზეთისხილი იყიდებოდა. მსოფლიოში ცნობილი ბერძნული ზეთისხილის გასინჯვის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით.

ათენი

რა ვჭამოთ ათენში

ბერძნული სალათი

ბერძნული სალათი ჩემი ერთ-ერთი  ყველაზე საყვარელი სალათია. ზუსტად ამიტომ, ვერც ამის ცდუნებას გავუძელი და ერთ-ერთ კაფეში პატარა დოქ თეთრ ღვინოსთან ერთად შევუკვეთეთ.

ათენი

ფალაფელი

ფალაფელი მუხუდოს პატარა მრგვალი კატლეტებია. ერთ-ერთ ბლოგზე წავიკითხე რომ ათენში ეს აუცილებლად უნდა გამესინჯა და თან Falafellas ჯიხუში.

მრავალფეროვანი არჩევანის ფონზე, ჩვენ ყველაზე მარტივი, კლასიკური ფალაფელ სენდვიჩი ავირჩიეთ. სენდვიჩი 2.50€ ღირდა და იმდენად მსუყე იყო რომ, ბოლომდე დასრულებაც კი გაგვიჭირდა. პიტას პური სავსე იყო ფალაფელის ბურთებით, ბოსტნეულითა და საკმაოდ ბევრი სიუსით.

ლუკუმადესი (Loukoumades)

ლუკუმადესი ბერძნული დესერტია, რომელიც ძალიან გავს “პიშკას”, თუმცა ბევრად გემრიელია! ცომის ბურთულები ზეთში იბრაწება და შენი სურვილისამებრ, სხვადასხვა დანამატებით ფორმდება. მაგალითად, შეგიძლია შაქრის ფხვნილი, დარიჩინი, თაფლი ან შოკოლადი მოაყარო.  ერთი პორცია ორ კაცზე საკმარისია. ყველაზე ცნობილი ადგილი სადაც ეს უნდა გასინჯო Lukumades კაფეა.

ათენი

ბარი ბრეტოსი

ე.წ. “ფერადი ბარი” დიდი ადგილია ბერძნული ღვინისა და ადგილობრივი სასმელის უზოს (Ouzo) დასაგემოვნებლად. Brettos უძველესი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა საბერძნეთში. იგი დაახლოებით 100 წელია ფუნქციონირებს. აქ შეგიძლია გასინჯო მათი წამოებული სამი სხვადასხვა სახეობის უზო და 160-მე დასახელების ბერძნული ღვინო.

დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე კი შეგიძლია ღვინის დეგუსტაციას დაესწრო.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

2 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!