fbpx
ესპანეთი

რა ვნახოთ ბარსელონაში ბიუჯეტურად

კატალონიის რეგიონის დედაქალაქი ბარსელონა, დანამდვილებით არის ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი, რომელიც სრულიად იმსახურებს ამ ყურადღებას თავისი გამაოგნებელი არქიტექტურით, მხატვრული ხედებით, მუზეუმებითა და მსოფლიოში განთქმული ხელოვანებით. ქალაქი თითქოს ღიაცისქვეშა მუზეუმია, სადაც ძალიან ყურადღებით უნდა იყო თითოეული ნაბიჯის გადადგმისას, რომ შემთხვევით რაღაც ძალიან უნიკალური და მშვენიერი არ გამოგეპაროს. მაშ ასე, რა ვნახოთ ბარსელონაში ბიუჯეტურად? აქ წაიკითხავ რჩევების ჩამონათვალსა და რეკომენდაციებს, თუ რა უნდა ნახო ბარსელონაში მცირე ბიუჯეტით.

ამ მოგზაურობისას ჩემს ინტერნეტკავშირს უზრუნველჰყოფდა ბილაინი. სულ რაღაც 1GB როუმინგ ინტერნეტი სრულიად საკამარისი იყო ესპანეთში გადასაადგილებლად და ჩემთვის სასურველი ადგილების საპოვნად. ამას გარდა, ინტერნეტ პაკეტის შეძენისას, GPI-ს 14 დღიან სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრად მიიღებ.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ბარსელონას ტრანსპორტი

სანამ უშუალოდ ბარსელონაში გადაადგილებაზე დავიწყებდე ლაპარაკს, მანამდე აუცილებლად დაგჭირდება გაიგო, თუ როგორ მოხვდე ბარსელონას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში. აეროპორტის ჩამომსვლელთა ყველა გამოსასვლელში დგას პირდაპირ ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსი Aerobus, რომელიც ყოველ 5 წუთში ერთხელ გადის.

ერთი მიმართულების ბილეთი ღირს 5,90€, ხოლო 15 დღის განმავლობაში მოქმედი ორი მიმართულების ბილეთი უფრო იაფია – 10,20€. ავტობუსი ჩერდება სადგურზე PI. Espanya, Gran Via-Urgell, PI. Universidad და PI. Catalunya-ზე. ბილეთის ყიდვა შეგიძლია ელექტრონულადაც, გაჩერებაზევე ავტომატურად საკრედიტო ბარათით ან მძღოლთან ნაღდი ანგარიშსწორებით.

ბარსელონას მეტრო
ბარსელონას მეტრო

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა ძალიან დიდი ქალაქია, მეტროს სისტემა ძალიან მარტივია და ადვილად გაგნებადია. მეტიც, ბარსელონა სასეირნო ქალაქია და ყველა ღირსშეანიშნავი ადგილი ფეხით სავალ მანძილზეა ერთმანეთისგან.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ბარსელონას მეტრო ათი ხაზისგან შედგება და თითოეულს თავისი ფერი აქვს, რაც ძალიან ამარტივებს მათ დამახსოვრებას. მე პლაჩა კატალუნიასთან ახლოს ვცხოვრობდი, ამიტომ მეტრო დიდად არ გამომიყენებია. თითქმის ყველგან ფეხით ვიარე. თუ ტრანსპორტით გადაადგილება დაგჭირდება, შეგიძლია იყიდო სპეციალურად ვიზიტორებისთვის განკუთვნილი 2-3-4-5 დღიანი ბარათები. ელექტრონულად ყიდვისას 10%-იან ფასდაკლებას იღებ. სხვა შემთხვევაში კი ერთი მგზავრობის ფასია 2.20€. ასევე შეგიძლია შეიძინო T-10 ბილეთი და 10.20 ევროდ იმგზავრო 10-ჯერ ქალაქის მასშტაბით.

რა უნდა იცოდე სანამ ბარსელონაში იმოგზაურებ

ყურადღებით იყავი ჯიბის ქურდებთან, რომელთაც ძალადობა და უხეშობა არ ახასიათებთ, მაგრამ ძალიან სწრაფები არიან! ძვირფასი და ძვირადღირებული ნივთები ყოველთვის ახლოს იქონიე, განსაკუთრებით ტურისტული ადგილების მონახულებისას. დილაადრიანაც კი ვერ იქნები უსაფრთხოდ, ღია კაფეებსა თუ ნებისმიერ ადგილას!

ბარსელონა ყოველთვის, მთელი წლის განმავლობაში გადატვირთულია ტურისტებით! თუ შენც ჩემსავით დიდად არ გხიბლავს ბევრი ხალხი ირგვლივ, მაშინ ძალიან ადრე უნდა ადგე და ასე ცნობილი ადგილების მშვიდად დათვალიერებას შეძლებ.

ყველაზე მთავარი რამ, რაც ბარსელონაში უნდა გააკეთო, ეს გაუდის სუნთქვის შემკვრელი არქიტექტურული ძეგლების დათვალიერებაა. ამიტომ, აუცილებლად იყიდე ბილეთი წინასწარ, ელექტრონულად, რომლის დროსაც გარკვეული ფასდაკლებებიც მოქმედებს და რიგში დგომაც არ მოგიწევს. მუზეუმის რიგები აქ ცოტა არ იყოს ექსტრემალურია ხოლმე!

თუკი, ბიუჯეტურად მოგზაურობ, გარკვეული მუზეუმების დათვალიერება სულაც უფასოა ყოველი თვის პირველ კვირადღეს და შენი მოგზაურობის დაგეგმვისას, ამ სასარგებლო დეტალის გათვალისწინება არ გამოგრჩეს. ზოგი მუზეუმი სხვა დღეებშიც აცხადებს უფასო შესვლას და მათი ვებგვერდების წინასწარ შემოწმება ნამდვილად ღირს. ასევე გაითვალისწინე, რომ გაუდის არქიტექტურული სასწაულები, როგორიცაა Casa Batllo, Casa Mila, Casa Vicen Gaudi ან La Sagrada Familia  ყოველთვის ფასიანია.

რა ვნახოთ ბარსელონაში

გოთური კვარტალი

ბარსელონაში სანახავი ადგილები საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანია; ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გოთური კვარტალია თავისი მომხიბვლელი, შუასაუკუნეების ქუჩებითა და ვიწრო შესახვევებით. ის აერთიანებს ქალაქის ყველაზე ძველ ნაწილებს და მოიცავს რომის პერიოდის ბარსელონას კედლის ნანგრევებსა და რამდენიმე მნიშვნელოვან იმ დროინდელ ორიენტირს. მიუხედავად დასახელებისა, დღევანდლამდე შემორჩენილი შენობების უმეტესობა თარიღდება XIX-XX საუკუნეებით და არა შუა საუკუნეებით.

კვარტალი ლაბირინთივითაა დაგეგმარებული, სადაც პატარ-პატარა ქუჩები სხვადასხვა მოედნებთან სრულდებიან. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: რომაული და შუასაუკუნეების პერიოდის კედლები, რომაული ტაძარი, სანტა მარია დელ პის ეკლესია, სანტა ეულალიას კათედრალი, პლაჩა დელ რეი, პლაჩა დე სენტ ფილიპ ნერი, პალაუ რეიალ მაჯორი და კაფე “ოთხი კატა” (Els Quatre Gats).

უბანი ელ ბორნი

გოთური კვარტლის გვერდზე მდებარე ეს უბანი ნაკლებად ხმაურიანია და მეტად წყნარია. მათ შორის მსგავსება კი ვიწრო ქუჩებსა და შუა საუკუნეების დროინდელ არქიტექტურაშია. აქ აუცილებლად უნდა ნახოთ სანტა მარიას ბაზილიკა დელ მარი, პიკასოს მუზეუმი და ბორნის ბაზარი.

ასევე, ელ ბორნში ძალიან ლამაზი ადგილებია სურათების გადასაღებად. აქ გადაეყრები ულამაზეს სთრითარტს ქუჩების ჩაყოლებაზე, რომლებიც ნათურებითა და პატარა დროშებითაა შემკული.

ბორნის ბაზარი თავის დროზე საჯარო სივრცე იყო, დღეს კი არქეოლოგიური მოედანია. ეს ევროპაში ყველაზე დიდი გადახურული მოედანია, რომელმაც კატალონიურ არქიტექტურაში მოდერნიზმს ჩაუყარა საფუძველი. ბაზრობა 1876-1971 წლები ფუნქციონირებდა. არქეოლოგიური გათხრების დროს მე-3 საუკუნით დათარიღებული ქალაქური ტიპის ნაშთები აღმოაჩინეს. დღესდღეობით კომპლექსში არის მუდმივი და დროებითი გამოფენები, სენსორული ეკრანები რომლებიც ელ ბორნს 3D-ში უჩვენებენ, მთლიანი კომპლექსის მოდელი და საჩუქრების მაღაზია.

რა ვნახოთ ბარსელონაში
  • სამუშაო საათები: სულ
  • ბილეთის ფასი: უფასო

ბარსელონას კათედრალი

ბარსელონას კათედრალი გოთური რელიგიური შენობა და ბარსელონას არქიეპისკოპოსის საბრძანებელია. XIII-XV საუკუნეებით დათარიღებული კათედრალი გასაოცარი ნაგებობაა მე-19 საუკუნის ნეო-გოთიკური ფასადითა და სუნთქვისშემკვრელი სახურავით, რომელიც შინაური და მითოლოგიური ცხოველების მონუმენტებითაა გაფორმებული.

რა ვნახოთ ბარსელონაში
  • სამუშაო საათები: ტურისტებისთვის: ორშაბათი-პარასკევი 12:30 – 19:15; შაბათ-კვირა 12:30 – 16:45
  • ბილეთის ფასი: 7€

Las Ramlbas

La Rambla ბარსელონას მთავარი 1,2კმ-იანი საფეხმავლო ხეებით დაფარული ქუჩაა. ის მოიცავს რამდენიმე მოკლე ქუჩასა და შესახვევს განსხვავებული სახელებით, ამიტომაც ესპანურად მრავლობითში ითქმის ხოლმე. სწორედ ამ ქუჩით უკავშირდება ერთმანეთს პლაჩა დე კატალუნია (Placa de Catalunya), პორტ ველი (Port Vell) და ქრისტეფორე კოლუმბის მონუმენტი. ლა რამბლას ქუჩები ძალიან გადატვირთული და ხალხმრავალია, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონებზე, ამიტომ ყურადღებით იყავი ჯიბის ქურდებთან.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ბოქუერიას ბაზრობა (Mercado de La Boqueria)

ბოქუერიას უზარმაზარი ბაზრობა მდებარეობს ლა რამბლაზე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის, სწორედ ამიტომაც აქ მუდმივად ხალხმრავლობაა. აქ ყველაფრის პოვნა შეიძლება, მათ შორის ახალდაწურული წვენების, ხილის სალათების, თევზისა და ზღვის პროდუქტების სნექების, ხილის, ბოსტნეულის, შაშხის, ყველის, ზეთისხილის და ა.შ.

საგრადა ფამილია (Sagrada Familia)

ანტონიო გაუდის საგრადა ფამილია (წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი) დაუსრულებელი რომაული კათოლიკური ტაძარი და ბარსელონას უმთავრესი ღირსშსანიშაობაა. კონსტრუქცია ჯერ კიდევ შენების პროცესშია და 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს. ის ნაწილი, რომელიც გაუდის მიერ არის აშენებული UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

რა ვნახოთ ბარსელონაში

მშენებლობა 1882 წელს ესპანელი არქიტექტორის ფრანცისკო დე პაულა დელ ვილარის მეთველყურეობით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ არქიტექტორმა უარი თქვა მშენებლობის გაგრძელებაზე და გაუდიმ გადაწყვიტა მისი დასრულება სრულიად ახლებურ, თავისებურ სტილში. შენობა აერთიანებს მრუდწიროვან არტ-ნუვოსა და გოთიკურ ელემენტებს.

გაუდიმ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ამ პროექტს მიუძღვნა და მის გარდაცვალებისას 1926 წელს შენობის ნახევარიც კი არ იყო დასრულებული. შენობა მხოლოდ და მხოლოდ კერძო შემოწირულობებით საზრდოობს, სწორედ ამიტომაც დასჭირდა ამდენი ხანი და ცხადია ესპანეთის სამოქალაქო ომმაც გაახანგრძლივა პროცესი. აჯანყებულებმა ცეცხლი წაუკიდეს გაუდის განსასვენებელს და ნაწილობრივ გაანადგურეს გეგმის ორიგინალები, მინიატურული მოდელები და ნახაზები. 16 წელი დასჭირდა ფრაგმენტების შეკოწიწებას და საბოლოო ვერსიის გეგმის ჩამოყალიბებას.

  • სამუშაო საათები: ნოემბერი-თებერვალი: 09:00 – 18:00; მარტი-ოქტობერი: 09:00 – 19:00; აპრილი-სექტემბერი: 09:00 – 18:00
  • ბილეთის ფასი: 17€. ბილეთები ელექტრონულად შეიძინე აქ

კასა ბატლიო (Casa Batllo)

გაუდის მორიგ შედევრად მიჩნეული კასა ბატლიო, სინამდვილეში მან უბრალოდ გადააკეთა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ნაგებობის სახელწოდება ინგლისურად ითარგმნება როგორც ,,ძვლების სახლი“, მისი ჩონჩხოვანი, ვისცერალური და ორგანული შესახედაობიდან გამომდინარე.

ჩემი ვიზიტისას კასა ბატლიოს ფასადს რეკონსტრუქცია უტარდებოდა და შესვლის მომლოდინეთა რიგის სიგრძე სასაცილოც კი იყო. სწორედ ამიტომაც, სჯობს მსგავსი ადგილების ბილეთები ონლაინ შეიძინო!

გაუდის სხვა ნამუშევრების მსგავსად ესეც არტ-ნუვოსა და მოდერნიზმის სტილის ნაერთია. პირველ სართულს ძალიან უჩვეულო და გამორჩეული კამარისა ამშვენებს (ქვის მოჩუქურთმებული ჩარჩო, რომელიც მოზაიკურ შუშას იჭერს გოთურ სარკმლებში), უსწორმასწორო ოვალური ფანჯრები და ნატიფად დამუშავებული ქვა. შენობას რამდენიმე სწორი ხაზიც აქვს, თუმცა უმეტესად გარეთა ფასადი შემკულია დატეხილი კერამიკის ფილების ფერადი მოზაიკით.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 09:00 – 21:00
  • ბილეთის ფასი: 25€-დან. ბილეთები ელექტრონულად შეიძინე აქ

კასა ამალიე (Casa Amatller)

კასა ამალიე კასა ბალიოს გვერდზე მდებარე მოდერნიზმის სტილის ჯოზეფ პუიგ ი კადაფაჩის მიერ აშენებული ნაგებობაა. ეშამპლეს (Eixample) უბანში მდებარე კასა ბალიო, კასა ლეო-მორერა და კასა მულერასი ქმნიან ძალიან მნიშვნელოვანი სახლების ერთობას, რომელსაც Block of Discord (“დისონანსის ბლოკსაც”) უწოდებენ სხვაგვარად.

  • სამუშაო საათები: როგორც წესი, რეკონსტრუქციის გრაფიკზეა დამოკიდებული, მაგრამ წინასწარ დაგეგმილი ტურებიც ტარდება ხოლმე გიდთან ერთად
  • ბილეთის ფასი: 10€. შეამოწმე ვებგვერდი

კასა მილა (Casa Milla)

ლა პედრერად წოდებული კასა მილა ითარგმნება როგორც ,,ქვის სამტეხლო“, რაც მის უსწორ-მასწორო დიზაინს ძალიან კარგად შეესაბამება. ეს მოდერნისტული სახლი უკანასკნელი იყო, რომელიც კერძო ოჯახისთვის დააპროექტა გაუდიმ 1906-1912 წლებში.

რა ვნახოთ ბარსელონაში

შენობისთვის სახასიათოა ქვის ნაჭდევებიანი, ტალღოვანი ექსტერიერი, რომელიც დამუშავებული რკინის აივნებით შექმნილ ტერასაში გადადის. გაუდის სხვა ყველა ნამუშევრის მსგავსად, კასა მილაც UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

  • სამუშაო საათები: 1 მარტი – 3 ნოემბერი: 09:00-20:30; 4 ნოემბერი – 28 თებერვალი: 09:00-18:30; ასევე ტარდება ღამის ტურებიც.
  • ბილეთის ფასი: 22€-დან. ელექტრონულად ბილეთები შეიძინე აქ

გაუდის კასა ვისენსი (Casa Vinces Gaudi)

კასა ვისენსი გაუდის მორიგი შედევრია. გრაციას უბანში მდებარე  ეს ნაგებობა ანტიონიო გაუდის მიერ დაპოექტებული პირველი სახლი იყო და ასევე პირველი არტ-ნუვოს სტილში. მასში ნეო-მუდეხარულ არქიტექტურულ სტილთან ერთად იგრძნობა ნეო-კლასიკური და ორიენტალური სტილებიც.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ამ შენობის უნიკალობა თავის დროზე განსაზღვრა გაუდის მიერ მის შესამკობად გამოყენებულმა სხვადასხვა საშუალებებმა, როგორიცაა კერამიკული კრამიტი, რკინა, ბეტონი და შუშა. კასა ვისენსი იყო ერთგვარი განაცხადი ტრადიციული არქიტექტურის წინააღმდეგ და ეს იყო პირველი ახალი სტილის ნაგებობა, რომლითაც გაუდიმ საკუთარი, განუმეორებელი სტილი შექმნა არქიტექტურაში.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 1 აპრილი – 14 ოქტომბერი: 10:00-20:00; 15 ოქტომბერი – 31 მარტი: ორშაბათობით 10:00-15:00, სამშაბათი-კვირა 10:00-19:00
  • ბილეთის ფასი: 16€. ბილეთები ელექტრონულად შეიძინე აქ
  • გაითვალისწინე: 22 მარტს შესვლა უფასოა.

გუელის პარკი (Park Guell)

გუელის პარკი ანტონიო გუდის მორიგი შედევრი და საჯარო პარკია. მთა კარმელზე მდებარე პარკი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული და დამთვალიერებლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. პარკი საკმაოდ დიდია და გაუდის არქიტექტურული ნაწილის გარდა, ყველგან შესვლა უფასოა.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ესპანელმა ანტერპრენერმა ეუსებიო გუელმა დაითანხმა გაუდი რომ პარკი დაეპრეოქტებინა. მშენებლობა დაიწყო 1900 წელს და 14 წელი გრძელდებოდა. თუმცა, ოფიციალურად გაიხსნა მოგვიანებით, 1926 წელს. პარკის შიდა სივრცე ასახავს გაუდის ნატურალისტურ ფაზას, როდესაც ის გატაცებული იყო ორგანული ფორმებით.

რა ვნახოთ ბარსელონაში

დიზაინის შექმნისას, მან ფაქტობრივად გამოათავისუფლა თავისი ყველა არქიტექტურული ფანტაზია და თავისი ინოვაციური, სტრუქტურული გადაწყვეტები რეალობაში ასახა. ამან დასაბამი მიცა მისი ორგანული, სახასიათო სტილის განვითარებას და ფაქტობრივად საგრადა ფამილიას დიზაინისთვის საფუძველი შექმნა.

  • სამუშაო საათები: იცვლება სეზონის შესაბამისად
  • ბილეთის ფასი: 10€. შეიძინე ბილეთი აქ და შეამოწმე განრიგი
  • გაითვალისწინე: განხსნამდე თუ ძალიან ადრე დილას მიხვალ, უფასოდ შეძლებ შესვლას

წვეტებიანი სახლი (Casa de les Punxes)

წვეტებიანი სახლი, სხვაგვარად ცნობილი როგორც კასა ტერადასი (Casa Terradas), მოდერნისტულ სტილში აშენებული ნაგებობაა სამი ქუჩის შესაყარზე ეშამპლეს (Eixample) უბანში. ბარტომეუ ტერადას ბრუტაუმ დაიყოლია ჯოზეფ პუიგ ი კადაფალჩი, რომ დაეპროექტებინა სახლი თავისი სამი დისთვის – ჯოზეფასთვის, ანგელასთვის და როზასთვის.

რა ვნახოთ ბარსელონაში

საბოლოო ჯამში, დიზაინში გამოსჭვისის შუა საუკუნეების სასახლეებისთვის დამახასიათებელი ელემენტები, ასევე სხვა სტილების დეტალები და მე-20 საუკუნის წამყვანი მიმართულებები. მას სახელი ,,წვეტებიანი სახლი“ მისი 6 წვეტიანი, განსხვავებული დიზაინის მქონე კოშკის გამო შეერქვა.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე: 10:00-19:00, ბოლო ვიზიტორის შესვლის დრო 18:00
  • ბილეთის ფასი: 13€-დან. ბილეთები შეიძინე აქ და გადაამოწმე განრიგი.
  • გაითვალისწინე: დილას ადრე, გახსნამდე მოსვლის შემთხვევაში, უფასოდ შეხვალ

სანტა კატერინას ბაზარი

ეს გახლავს მორიგი, ცენტრში მდებარე ბაზარი, რომელიც ნაკლებად ტურისტული და ხალხმრავალია. აქ შეგიძლია, აუჩქარებლად და მშვიდად დაათვალიერო დახლები და იყიდო პროდუქტი. თუმცა, ტურისტებით გადატვირთული ლა ბოქუერიასგან განსხვავებით აქ მზა და შეფუთულ სნექებს ვერ იპოვი, მხოლოდ ახალდაწურულ წვენებს და ხილის სალათებს გადაეყრები. თუ აპარტამენტში რჩები, გადასარევი ადგილია პროდუქტის საყიდლად.

რა ვნახოთ ბარსელონაში

შეუერთდი ფოტო-ტურს

აღმოაჩინე ბარსელონა სხვა კუთხიდან. რადგანაც ამჯერად მარტო ვმოგზაურობდი და მჭირდებოდა ვინმეს გადაეღო სურათები ქალაქში, გადავწყვიტე ცენტრალური უბნების საფეხმავლო ფოტო-ტური შემეკვეთა ადგილობრივი ფოტოგრაფისთვის.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ტური დავჯავშნე Triple.co-ზე. ესაა სპეციალურ პლატფორმა, სადაც სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადგილობრივები ევროპის მთავარ ქალაქებში, როგორიცაა ამსტერდამი, ბერლინი, ბოლონია, ლისაბონი, ლონდონი, მადრიდი და ა.შ. ვიზიტორებს სთავაზობენ სხვადასხვა სერვისებს.

აქამდე არასოდეს დამიჯავშნია მსგავსი ტური, ამიტომ ცოტათი ვშფოთავდი კიდევაც. ტური დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა და ჯგუფი სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა, ჩვენს შემთხვევაში – 4. ფოტოგრაფი გაგვიძღვა ელ ბორნისკენ, გოთური კვარტლისკენ და ციტადელის პარკისკენ.

ყველანი ერთმანეთს ვამხნევებდით და ვახალისებდით, რომ სურათები მეტად ბუნებრივი გამოსულიყო. მზა სურათების ბმულს იღებ დაახლოებით ერთ კვირაში, მაგრამ უფასოდ მხოლოდ 25 შეგიძლია ჩამოტვირთო. ტურის დასრულებისას ფოტოგრაფი იქვე აგიხსნის ყველა საჭირო დეტალს.

პლაჩა დე კატალუნია (Placa de Catalunya)

ეს დიდი მოედანი, რომელიც 50,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს ბარსელონას ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ამასთანავე წარმოადგენს ძველი უბნისა (გოთური კვარტალი და ელ ბორნი) და ეიშამპლეს გზაშესაყარს. ასევე აქვე ერთდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ქუჩაც, მათ შორის: ლა რამბლა, პასეი დე გრაცია, პორტალ დე’ლ ანჯელი და რამბლა დე კატალუნია. მოედანი ასევე ცნობილია ქანდაკებებითა და შადრევნებით.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ტრიუმფალური თაღი (Arco de Triunfo)

ტრიუმფალური თაღი ნეო-მუდეხარული სტილის აგურების თაღს წარმოადგენს, რომელიც აშენდა, როგორც მთავარი კარიბჭე ბარსელონაში 1888 წელს ჩატარებული საერთაშორისო გამოფენისთვის. წინა მხარეს გამოსახულია ქვის სკულპტურა ,,ბარსელონა მიესალმება სხვადასხვა ერებს“, ხოლო მეორე მხარეს არსებული ქვის ჩუქურთმები დასათაურებულია როგორც ,,დაჯილდოება“ და გამოხატავს გამოფენის მონაწილეთა მიმართ მადლიერებას. გვერდებზე ასევე სკულპტურებით ალეგორიულად გამოხატულია მრეწველობა და აგროკულტურა, ხელოვნება და ვაჭრობა.

სუიტადელის პარკი  (Ciutadella Park)

მე-19 საუკუნის შუა წლებში შექმნილი პარკი, იმ პერიოდში ერთადერთ მწვანე სივრცეს წარმოადგენდა. ის გაშენებულია 280,000 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს ზოოპარკს, პატარა ტბას, კატალონიის პარლამენტს, რამდენიმე მუზეუმსა და ჯოზეფ ფინტსერეს მიერ დაგეგმარებულ შადრევანს. ითვლება, რომ შადრევანის დიზაინზე ახალგაზრდა გაუდიმაც იმუშავა.

რა ვნახოთ ბარსელონაში

პიკასოს მუზეუმი ბარსელონაში

ამ მუზეუმში პაბლო პიკასოს ნამუშევრების ყველაზე სრული კოლექციაა წარმოდგენილი. აქ შეძლებ დაათვალიერო მისი ბავშვობის ნახატებიდან მოყოლებული კუბიზმის პერიოდის ჩათვლით სულ 4,251 ნამუშევარი. ცხადია, აქვე ნახავ მის ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან ნახატებს – ,,პირველი ზიარება“ და ,,მოწყალების მეცნიერება“. ზოგადად კი, მუზეუმი კარგად გადმოსცემს პიკასოსა და ბარსელონას ურთიერთდამოკიდებულებას.

ზედმეტი დეტალებით თავს აღარ შეგაწყენ. აქ აუცილებლად უნდა მიხვიდე, მიუხედავად იმისა, გიყვარს თუ არ გიყვარს, იცი თუ არ იცი ბევრი რამ პიკასოს შესახებ.

  • სამუშაო საათები: ორშაბათობით: 10:00-17:00; სამშაბათი-კვირა: 09:00-18:30; ხუთშაბათობით: 09:00-21:30
  • ბილეთის ფასი: 12€. ბილეთები ელექტრონულად შეიძინე აქ და გადაამოწმე განრიგი
  • გაითვალისწინე: მუზეუმში უფასოდ შესვლა შეიძლება ყოველი თვის პირველ კვირადღეს (09:00-19:00), ხუთშაბათობით 18:00-21:30 და 12 თებერვალს, 18 მაისსა და 24 სექტემბერს. თუმცა, ელექტრონულად ბილეთის ,,ყიდვა“ მაინც მოგიწევს, პირდაპირ რომ მიხვიდე, არ შეგიშვებენ.

სანტ-პაუს ჰოსპიტალი (Hospital de la Santa Creu i Sant Pau)

ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი 1901-1930 წლებში ლუის დომენეკ ი მონტანერის მიერ დაპროექტებული ყოფილი საავადმყოფოს კომპლექსია ელ-გინარდოს უბანში, რომელიც 2009 წლამდე საავადმყოფოდ ფუნქციონირებდა. დღეს ეს ადგილი უკვე მუზეუმია და შეგიძლია რამდენიმე სხვადასხვა შენობა დაათვალიერო, გაიგო ისტორია და ნახო როგორ გამოიყურებოდა პალატები.

რა ვნახოთ ბარსელონაში

კომპლექსი საკმაოდ დიდია და 26 შენობას აერთიანებს. ინსტიტუციას საფუძველი ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ჩაეყარა, როდესაც შუასაუკუნეების 6 პატარა საავადმყოფო გაერთიანდა. 2003 წელს ახალი ნაგეგბობა აშენდა და სწორედ ამიტომაც შეწყვიტა ძველმა საავადმყოფოდ ფუნქციონირება. კატალონიური მუსიკის სასახლესთან ერთად საავადმყოფო შესულია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

  • სამუშაო საათები: აპრილი-ოქტომბერი: ორშაბათი-შაბათი 09:30-19:00; კვირა და დღესასწაულები: 09:30-15:00.
    ნოემბერი-მარტი: ორშაბათი-შაბათი 09:30-17:00; კვირა და დღესასწაულები 09:30-15:00
  • ბილეთის ფასი: 14€-დან. ელექტრონულად ბილეთები შეიძინე აქ
  • გაითვალისწინე: უფასოდ შეხვალ თვის პირველ კვირადღეს და პიკასოს მუზეუმისგან განსხვავებით, შეგიძლია პირდაპირ მიხვიდე, ყოველგვარი ბილეთის წინასწარ ფორმალური ყიდვის გარეშე

კატალონიური მუსიკის სასახლე (Palau de la Musica Catalana)

ბარსელონაში ყოფინისას აუცილებლად უნდა მოინახულო ეს სასახლე, ყველაზე სანახაობრივი და გამაოგნებელი საკონცერტო დარბაზი, რაც კი მინახავს. ლუის დომენეკ ი მონტანერის მიერ დაპროექტებული შენობა აშენდა 1905-1908 წლებში სპეციალურად საგუნდო საზოგადოება ორფეო კატალა-სთვის.

რა ვნახოთ ბარსელონაში

მე მხოლოდ ტურის ფარგლებში მოვინახულე სასახლე, მაგრამ თუ შეგიძლია, აუცილებლად დაესწარი რაიმე კონცერტს ან ფლამენკოს ცეკვების შოუს. ეს იქნება სრულიად ახალი  და დაუვიწყარი გამოცდილება! საკონცერტო დარბაზის ინტერიერიცა და ექსტერიერიც სრულიად დამაჰიპნოზირებელია. ვაპირებდი, რომ დამოუკიდებელი ტური ამეღო, ჩემთვის მესეირნა, მაგრამ სამწუხაროდ უახლოესი 3 თვის განმავლობაში ყველა ბილეთი გაყიდული იყო. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ გიდის თანხლებით მომიწია სასახლის დათვალიერება, რადგან ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე, იმაზე მეტი, ვიდრე ინტერნეტში ვიპოვიდი და წავიკითხავდი.

რა ვნახოთ ბარსელონაში

საკონცერტო დარბაზის ასაშენებელი თანხა ძირითადად საზოგადოებამ შეაგროვა, თუმცა ბარსელონას ბურჟუაზიამ და მდიდარმა მეწარმეებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრებაა, თავის თავს სრულად ინახავს დამთვალიერებლებისგან შემოსული თანხითა და კულტურის ენთუზიასტების მიერ შემოწირულობებით მთელი მსოფლიოდან.

ტური დაახლოებით 1 საათი გრძელდება და აუცილებლად გადის უმშვენიერეს აივანსა და მთავარ დარბაზში, სადაც დეტალურად აგიხსნიან ყველა არქიტექტურულ წვრილმანსა. ეს ერთადერთი საკონცერტო დარბაზია ევროპაში, რომელიც ბუნებივი სინათლით ნათდება! თუმცა, სულაც არ ვაპირებ ყველა საიდუმლო გავცე, თუ საიდან მიიღო დომენეკმა შთაგონების წყარო მისი დაპროექტებისას. უმჯობესია, საკუთარი თვალებით ნახო ეს ყველაფერი.

  • სამუშაო საათები: აპრილი-ოქტომბერი: ორშაბათი-შაბათი 09:30-19:00; კვირა და დღესასწაულები 09:30-15:00.
    ნოემბერი-მარტი: ორშაბათი-შაბათი 09:30-17:00; კვირა და დღესასწაულები 09:30-15:00
  • ბილეთის ფასი: 20€; 21 დღით ადრე შეძენის შემთხვევაში – 16€; გიდის გარეშე დათვალიერება – 15€. ელექტრონულად ბილეთები შეიძინე აქ

გრასიას უბანი

გრასიას უბნის ქუჩებსა და მოედნებზე ხეტილი ერთ-ერთი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება ბარსელონაში გააკეთოს ადამიანმა. აქ, მოგუგუნე ქალაქის ცენტრისა და ტურისტებისგან მოშორებით, ნამდვილი, მრავალფეროვანი კატალონიური ცხოვრების შეგრძნება საუკეთესოდაა შესაძლებელი. ეს ზედგამოჭრილი ადგილია იმის გასაგებად, თუ როგორ ატარებენ დღეს ადგილობრივები, ყოველგვარი უცხო ზეგავლენების გარეშე. დაჯექი სკვერში, მოედანზე, კაფეში ან პირდაპირ ტროტუარზე ადგილობრივივით და მოუსმინე ქუჩის მუსიკოსებს ან დააკვირდი როგორ ატარებენ ოჯახები ერთად დროს.

ესპანეთის მოედანი (Placa d’Espanya)

აუცილებლად ეწვიე ესპანეთის მოედანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდ მოედანს ბარსელონაში. 1929 წლის საერთაშორისო გამოფენისთვის აშენებული ეს მოედანი მოიცავს შადრევანს, ორ ვენეციური კოშკს და კატალონიის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმისკენ მიმავალ პრომენადეს. მთელს მოედანს ზემოდან რომ გადმოხედო და ერთიანად აღიქვა იგი, ადი სავაჭრო ცენტრ არენას სახურავზე. იქვე, მოედანზე დგას მრგვალი შენობა, ადვილად მიხვდები. იქვე არის ლიფტი, რომელსაც პირდაპირ პანორამულ ხედთან მიჰყავხარ, მაგრამ ამას გარკვეული საფასური აქვს. ასე რომ, შედი შენობაში და ესკალატორით ადი მეოთხე სართულზე – სრულიად უფასოდ.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ტიბიდაბო (Tibidabo)

ტიბიდაბო ბარსელონას ყველაზე მაღალი მთაა. მთის წვერზე ,,წმინდა გულის ტაძარი“ (Sagrat Cor Church) დგას და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ვიზიტორებისთვის. ტაძრის გუმბათზე, ცენტრალურ ნაწილზე დგას იესოს წმინდა გულის ქანდაკება და წარმოადგენს რიო-დე-ჟანეირო იესოს ქანდაკების ასლს. აუცილებლად შედი ეკლესიაში შიგნით ნახატებისა და დეკორაციების სანახავად. თუ მეტი დრო გექნება, აქვე არის გასართობი პარკი ცნობილი ეშმაკის ბორბლითა და სხვადასხვა კარუსელებით.

მთაზე შეგიძლია მოხვდე ტიბიდაბოს ფუნიკულიორით, ბარსელონას ვინტაჟური ტრამვაით (Tramvia Blau), ავტომობილით ან მინიბუს 111-ით რომელიც აკავშირებს ვალვიდრერას სოფელსა და ვალვიდრერას ფუნიკულიორის ზედა სადგურს.

კარმელის ბუნკერი (Bunkers del Carmel)

დელ კარმელის ბუნკერის დათვალიერება ბარსელონას ღირსშესანიშნაობებში საწყის პოზიციებს იკავებს, რადგან აქედან მთელ ქალაქზე ძალიან კარგი ხედია. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ტურო დე ლა როვირას მთის წვერი გამოიყენებოდა როგორც ანტისაავიაციო ფორტიფიკაცია მთელი ქალაქის დასაცავად.

აქ აუცილებლად იპოვი 105მმ ქვემეხებსა და ქვისა და აგურის დამცველობით ნაგებობებს ქალაქის დაბობმვისგან დასაცავად. ომის დასრულების შემდეგ, იარაღები გაიტანეს და დარჩა ცარიელი ბუნკერები. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ადგილები არ იყო პოპულარული, დღეს კი აქ იმდენი ადგილობრივი და უცხოელი დამთვალიერებელი მოდის, რომ ძალიან რთულია ჩამოსაჯდომი ადგილის პოვნა ხედით დასატკბობად.

ბარსელონას პორტი

საკონტიტენტთაშორისო კავშირების 2000-წლიანი ისტორიით ბარსელონას პორტი მნიშვნელოვანი კომერციული ჰაბია ხმელთაშუაზღვისპირეთში. ეს ასევე არის კატალონიაში ყველაზე დიდი პორტი და აერთიანებს 3 ზონას: ველის პორტი ანუ ძველი პორტი, ბარსელონას თავისუფალი პორტი და კომერციული/ინდუსტრიული პორტი. შეისეირნე აქ გვიან შუადღეს ან საღამოს. თუ მოგშივდება, პორტში უამრავი რესტორანი და კაფეა, სადაც კატალონიური სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებ.

რა ვნახოთ ბარსელონაში

ბარსელონას სანაპიროები

ღირსშესანიშნაობების გარდა, ბარსელონა თავისი ქვიშიანი სანაპიროებითაც იწონებს თავს. აქ სანაპიროები ძალიან სუფთაა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას გთავაზობს კომფორტულად დასვენებისთვის. სანაპირო ხაზი დაახლოებით 160კმ-ია და დაყოფილია რამდენიმე არედ: ბარსელონეტა, ნოვა იკარია, ბოგატელი, მარ ბელა და ა.შ.

სანაპიროს ნებისმიერ არეში უზრუნველყოფილია საჯარო შხაპები, საპირფარეშოები, ბუნგალოები, შეზლონგები და ქოლგები. დამატებით, აქვეა ბავშვების სათამაშო და კალათბურთის მოედნები.

ბარსელონას ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლის ნახვაც და დათვალიერებაც მე ვერ მოვასწარი

ბარსელონას ისტორიის მუზეუმი

ისტორიის მოყვარულები ძალიან ისიამოვნებენ ამ ადგილით, რადგან აქ ყველაფერია ქალაქის ისტორიის ღრმად გასაცნობად მოყოლებული რომაული მმართველობის პერიოდიდან დღემდე. მუზეუმის მთავარი შენობა მდებარეობს პლაჩა დელ რეიზე გოთურ კვარტალში და აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ წერტილს მთელს ქალაქში.

მონტჯუიკი

მონტჯუიკი მორიგი მთაა ბარსელონაში, სადაც მდებარეობს სასახლე, მაგიური შადრევანი, ფუნდაჩიო ხუან მიროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი, ეთნოლოგიის მუზეუმი, კატალონიის არქეოლოგიის მუზეუმი და ოლიმპიური და სპორტის მუზეუმი.

ჰორტას ლაბირინთის პარკი

ეს დამალული  და არც ისე პოპულარული ადგილი ბარსელონაში, საუკეთესო გამოსავალია ხალხმრავალი ადგილებისგან თავის დასაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ პარკში მდებარეობის ნეოკლასიკური სტილის რამდენიმე შენობა და იტალიური კულტურით შთაგონებული ტერასები, აქაურობის მთავარი ატრაქცია თვითონ ლაბირინთია.

600 მეტრის სიგრძის ლაბირინთის – რომელიც შექმნილია საკმაოდ მაღალი ცოცხალი მცენარეებით – შუაში შეხვდებით ბერძნული სიყვარულის ღმერთის ეროსის ქანდაკებას. სხვა პავილიონებიც გადაჰყურებენ ლაბირინთს და თავს იწონებენ სხვადასხვა ბერძნული ღმერთების ქანდაკებებით.

ეროტიკის მუზეუმი

თუკი არაორდინალური მუზეუმები გიზიდავს, მაშინ ბარსელონას ცენტრში მდებარე ეროტიკის მუზეუმს უნდა ეწვიო. იმის მიუხედავად, რომ კოლექცია საკმაოდ პატარა და მოკრძალებულია, მაინც ძალიან დამაინტრიგებელია. მთლიანი კოლექცია ეკუთვნოდა ერთ ადამიანს. ეს მსგავსი ტიპის ერთადერთი მუზეუმია მთელს ესპანეთში, სადაც ნახავთ კაცობრიობაზე ეროტიკის გავლენის კულტურულ და ისტორიულ ჩანაწერებს დასაბამიდან მოყოლებული.

შოკოლადის მუზეუმი

შოკოლადის მოყვარული ხარ? მაშინ აუცილებლად უნდა მიხვიდე აქ და გაიგო თუ როგორ გავრცელდა შოკოლადი ევროპაში, რა სამედიცინო და ნუტრიციოლოგიური  სარგებელი მოაქვს მას. აქვე გამოფენილია შოკოლადიგან მაღალმხატვრულად დამზადებული ბარსელონას ყველაზე სახასიათო შენობების მაკეტები.

სამგლოვიარო კარეტების მუზემი

მე პირადად ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მუზეუმში მისვლა ვერ მოვახერხე, რადგან ის მსფლიოს უცნაურ მუზეუმთა სიაშიც კი არის შეტანილი. კოლექციაში შესულია 13 დიდებულად მოხატული სამგლოვიარო კარეტები, 3 მოტორული ავტომობილი და 6 სპეციალური დიზაინის მქონე ეტლი ჭირისუფლებისა და ნათესავების ეკლესიასა და სასაფლაოზე გადასაყვანად.

ყველა მათგანს აქვს ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულება, როგორც მე-18 საუკუნეში ამ ყოველდღიური რიტუალების გადმოცემისა და აღწერის საუკეთესო საშუალებებს.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!