აზერბაიჯანის დედაქალაქი – ბაქო, თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავია, რაც მას საინტერესო ქალაქად აქცევს. ბაქოს მოდური ნაგებობები იდეალურად ერწყმის საუკუნეების წინ აშენებულ შენობებსა და კოშკებს. ქალაქში მიმოფანტული ათობით პარკი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა; აქ შაბათი-კვირის გატარება სავსებით საკმარისია. მაშ ასე, რა ვნახოთ ბაქოში?
როგორ მოვხვდეთ ბაქოში
მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში, ბაქოში მოხვედრა არ გაგიძნელდება, რადგან ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი ათეულობით ავიახაზებს ემსახურება მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან.
თბილისი-ბაქო ავტობუსები და მარშრუტკები ორთაჭალის ავტოსადგურიდან ყოველღე გადიან 17:00, 18:00, 19:00 საათებზე. ბილეთის ფასი 30 ლარია და მგზავრობა დაახლოებით 7-8 საათი გრძელდება.

თბილისი-ბაქოს მატარებელი 20:35-ზე გადის თბილისიდან და ბაქოში ჩადის დილის 08:50-ზე. ამ მატარებლით მგზავრობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია ემილის ამ პოსტში გაეცნო.
იპოვე კარგი სასტუმრო
Booking.comბაქოს ღირსშესანიშნაობები
ბაქო ძალიან, ძალიან სუფთა ქალაქია. შენობები შეღებილია ერთ ტონში – კრემისფრად, რაც ელეგანტურ იერს აძლევს ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში საკმაოდ დატვირთული მოძრაობაა, მაინც მშვიდია და მანქანების ხმაური სულაც არ გაწუხებს. საღამოობით კიდევ უფრო სიწყნარეა, რადგან ძალიან ცოტა ადგილობრივს თუ შეამჩნევთ ქუჩაში.
ბაქო მაქსიმალურად ცდილობს ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნავი ადგილი შესთავაზოს სტუმარს, თუმცა კულტურული და არქიტექტურული სანახავი ადგილი მაინც ცოტაა. მითუმეტეს თუ შენც ჩემსავით დიდად არ გიჟდები მუზეუმებზე. აქედან გამომდინარე, გთავაზობ ჩამონათვალს რა შეიძლება გააკეთო ბაქოში უქმეებზე.

იჩერი შეჰერი ანუ ძველი ქალაქი
ბაქოში ჩასვლისთანავე, პირველ რიგში, მის ისტორიას უნდა გაეცნო. ბაქოს ძველი ქალაქი UNESCO-ს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული და შირვან შაჰების საბრძანებელს წარმოადგენდა შუასაუკუნეებში. დათვალიერება მე-12 საუკუნის მეიდან კოშკით დაიწყე და შემდეგ ტრადიციული ხალიჩებითა და სუვენირების მაღაზიებით დატვირთული ვიწრო ქუჩებით მიდი მე-15 საუკუნის შირვან შაჰების სასახლესთან.

მეიდანის კოშკი დღეს მუზეუმადაა ქცეული და სტუმარს საუკუნეების განმავლობაში ქალაქის განვითარების ისტორიას უყვება. თითოეული სართული ბაქოს ისტორიის ახალ ეტაპს წარმოადგენს. კოშკის ბოლო სართულიდან კი პანორამული ხედები იშლება ბულვარსა და კასპიის ზღვაზე .
- სამუშაო საათები: ყოველდღე 09:00-18:00
- ბილეთის ფასი: მოზრდილები – 10 AZN, სტუდენტები – 5 AZN, ტური გიდითურთ – 20 AZN

კოშკის მონახულების შემდეგ, პატარა, ქვაფენილიანი ქუჩები შირვანშაჰის სასახლესთან მიგიყვანს. კომპლექსი რამდენიმე შენობას მოიცავს, აქ შეგიძლია ნახო ძველი მეჩეთი, ძირითადი შენობა სადაც აზერბაიჯანის კულურულ მემკვიდრეობას შეგიძლია გაეცნო, აბანო და მავზოლეუმი.
- სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-18:00
- ბილეთის ფასი: მოზრდილები – 10 AZN, სტუდენტები – 5 AZN
მინიატურული ლიტერატურის მუზეუმი
მინიატურული ლიტერატურის მუზეუმი აუცილებლად სანახავი ადგილია. აქ წარმოდგენილი წიგნები ზარია სალაჰოვას პირადი კოლექციაა, რომელმაც 6,500 წიგნი 65 სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინა.

2002 წლიდან მუზეუმი გაიხსნა და მისი დათვალიერება უფასოდ შეგიძლია. ცნობილ ლიტერატურულ შედევრებთან ერთად, მუზეუმს იშვიათი ეგზემპლარებიც აქვს. მაგალითად, 17-ე საუკუნის ყურანი, წიგნი რომელიც 13-ე საუკუნეში გუტენბერგის შთამომავალმა გამოსცა და იმდენად პატარა წიგნები რომლის ნახვა მხოლოდ გამადიდებელი შუშით შეგიძლია.
რა ვნახოთ ბაქოში: ცეცხლის ალის კოშკები
ბაქოს სავიზიტო ბარათი მისი 182 მეტრის სიმაღლის, ქვეყანაში ყველაზე მაღალი, 3 ცალი ცათამბჯენია. კოშკები გამოხატავენ აზერბაიჯანელი ხალხის მიერ ცეცხლთაყვანისმცემლობის ხანგრძლივ ისტორიას.

შენობის 33 სართულზე განთავსებულია 130 საცხოვრებელი აპარტამენტი, 250-ნომრიანი სასტუმრო, 61 აპარტამენტი მომსახურებით და სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისები.
ცათამბჯენების ფასადზე თითქოს ეკრანებია განთავსებული 10,000-ზე მეტი LED ნათურით, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგ ცეცხლის ალებსა და აზერბაიჯანის ეროვნული დროშას გამოსახავენ.
ბაქოს ფუნიკულიორი
1960 წელს, საბჭოთა პერიოდის დროს გახსნილი ფუნიკულიორი დღემდე ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც Naftchilar-ის მოედნიდან Martyr-ის ხეივნამდე მიგიყვანს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბაქოს პანორამული ხედის დასათვალიერებლად და ასევე ცეცხლის ალის კოშკების უფრო ახლო ხედისთვის.
- სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00 – 22:00
- ბილეთის ფასი: 1 AZN
მოწამეთა ხეივანი (Martyr’s Alley)
ბაქოში აუცილებლად უნდა ეწვიო მოწამეთა ხეივანსა და მარადიული ცეცხლის მემორიალს. ეს მემორიალი ეძღვნება საბჭოთა კავშირის მიერ შავ იანვარს დახვრეტილ 100 აზერბაიჯანელ დემონსტრანტს. ამ ტერიტორიაზე ადრე განთავსებული იყო პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ მუსლიმთა სასაფლაო, მაგრამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად და რადიკალურად იცვალა სახე და დღეს უკვე საბჭოთა პერიოდის გასართობ პარკად გადაიქცა.

რა ვნახოთ ბაქოში: ბიბი ჰეიბათის მეჩეთი
ბიბი ჰეიბათის სახელობის ბაქოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეჩეთი ისტორიული და ტურისტული ტერიტორიისგან მოშორებით მდებარეობს. დღევანდელი ვარიანტი, მე-13 საუკუნეში შირვან შაჰის მიერ აგებული ძველი მეჩეთის რეკრეაციული სახეა, რადგან ორიგინალი შენობა 1936 წელს ბოლშევიკებმა მიწასთან გაასწორეს.

რა ვნახოთ ბაქოში: აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი
აზერბაიჯანული კულტურა სახელგანთქმულია ულამაზესი ხალიჩებით, ამიტომ ბაქოში ამ მუზეუმის არ დათვალიერება არ შეიძლება. 1967 წელს აგებული მუზეუმი პირველია ამ ტიპის მუზეუმებს შორის.

ფასადი საკმაოდ უნიკალურია და ტრადიციული პატერნებით დამშვენებულ დაკეცილ, დაგორგოლავებულ ხალიჩას გამოხატავს. მუზეუმში გაეცნობი ხალიჩის ქსოვის სხვადასხვა პერიოდში გავრცელებულ ტრადიციებსა და ტექნიკებს. აქ დაცულია აზერბაიჯანში არსებული ყველაზე დიდი ხალიჩების კოლექცია.
- სამუშაო საათები: სამშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათ-კვირა 10:00-20:00
- ბილეთის ფასი: მოზრდილები – 7 AZN, სტუდენტები – 3 AZN
რა ვნახოთ ბაქოში: პატარა ვენეცია

ე.წ. „პატარა ვენეცია“ ხელოვნური არხია, რომელიც რამდენიმე კუნძულს ლამაზი თაღებით აკავშირებს. ეს პატარა ატრაქციონი ვენეციის ანალოგია თავისი გონდოლითა და მომსახურე პერსონალის ჩაცმულობით. გონდოლით გასეირნება 6-8 წუთს გრძელდება.
რა ვნახოთ ბაქოში: ნიზამის ქუჩა
ნიზამის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხმავლო ქუჩაა ბაქოში თავისი განსხვავებული, უამრავი მაღაზიითა და გასართობი ადგილით. ადგილობრივი პოეტის სახელობის 3.5კმ-იანი ქუჩა მთავარი საშოპინგო ადგილია. ამ უგრძელეს ქუჩაზე სეირნობისას ყურადღებით დააკვირდი არქიტექტურას. აქ მარტივად იპოვი ბაროკოს, ნეო-რენესანსულ და ნეო-გოთიკურ შენობებს.

და რადგანაც აქ ხარ, ბარემ შადრევნების მოედანზეც შეიარე, რომელიც ნიზამის ქუჩიდან ძველი ქალაქის კედლებამდეა გადაჭიმული და რამდენიმე გასნხვავებულ შადრევანს აერთიანებს.
რა ვნახოთ ბაქოში: ბულვარი
3.5კმ-იანი ბაქოს ბულვარი ადგილობრივებისა და მოგზაურების საყვარელი სასეირნო ადგილია, რადგან აქედან ხედი იშლება კასპიის ზღვასა და ცეცხლის ალის კოშკებზე. ბულვარში არის ასევე გასართობი პარკი, კაფეები, ბარები, ,,ბაქოს თვალი“ – ეშმაკის ბორბალი და სხვა საინტერესო ადგილები.

აქედან კარგად ჩანს ბაქოს სავიზიტო ბარათი – ცეცხლოვანი კოშკები (Flame Towers). ბულვარში ყოფნა განსაკუთრებით მაშინაა კარგი, როდესაც კოშკები სხვადასხვა ფერებად ინთება.
თუ ცოტა დასვენება და განტვირთვა გსურს, შეგიძლია პატარა კაფეში ჩაის სმითა და კასპიის ზღვის ხედებით დატკბე. ან გაიხსენო ბავშვობა და რამდენიმე ატრაქციონს ეწვიო.
ჰედარ ალიევის ცენტრი
უნიკალური ხვეული არქიტექტურის მქონე ამ უზარმაზარ შენობაში მოთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, გალერეა და მუზეუმი. აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის სახელობის მუზეუმში მისი მიღწევების გარდა აზერბაიჯანის ისტორიასაც შეგიძლია გაეცნო.

- სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა 11:00-19:00
- ბილეთის ფასი: მოზრდილები – 15 AZN
ჭამე, როგორც ადგილობრივმა
აზერბაიჯანული კერძები ძალიან გავს თურქულ და ირანულ სამზარეულოს. აქაური კერძები სავსეა ხორცითა და ბოსტნეულით. ყველაზე ცნობილი საკვები რაც უნდა გასინჯო არის ბრინჯის კერძი ზაფრანითა და მწვანილებით.
ქართული სამზრეულოს მსგავსად, აზერბაიჯანელებიც ხშირად მოიხმარენ კაკალს. ლაჰმაჯუნი, ქაბაბი და მწვადი ყველაზე პოპულარული კერძებია.

საკვები ადგილის ძიების დროის დაიმახსოვრე, რომ ცენტრში კაფეები ყოველთვის ძვირია. სჯობს ნაკლებად ცნობილ და ოდნავ შეუხედავ ადგილებს ეწვიო. სწორედ აქ დააგემოვნებ ნამდვილ აზეიბაიჯანულ სამზარეულოს ყველაზე კარგად.