fbpx
საქართველო

რა ვნახოთ გორში უქმეებზე

გორი შიდა ქართლის რეგიონის ცენტრალური ქალაქია, რომელიც დედაქალაქ თბილისიდან დაახლოებით 85კმ.-ში მდებარეობს. ითვლება, რომ გორი ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა საქართველოში. თბილისთან სიახლოვე მისი მონახულებისა და 1-2 დღიანი დასვენების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. გორში სულ რამდენიმე ატრაქციაა და მათ შორის ყველაზე მთავარი სტალინის სახლ-მუზეუმია, რომელიც ყველაზე ხშირად მონახულებად მუზეუმებში შედის საქართველოში. აქვეა ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე.

გორი

როგორ მოვხვდეთ გორში

გორში მოხვედრა ძალიან მარტივია. ამ მიმართულებით თბილისიდან ყოველდღიურად მარშრუტკები დადიან. მგზავრობის საფასური ერთი მიმართულებით სულ რაღაც 3 ლარია. მგზავრობას დაახლოებით 1 საათი სჭირდება და თუკი გეგმავ, რომ ერთი დღით ჩახვიდე გორში, ამას ძალიან მარტივად მოახერხებ. გორიდან თბილისისკენაც საღამოს 7 საათამდე ყოველ საათში ერთხელ დადიან მარშრუტკები. 

გორი

თუ საკუთარი მანქანით ხარ, თბილისიდან S1 გზატკეცილს უნდა გაუყვე მცხეთისა და ხიდისთავის გავლით.

გორის ისტორიის მოკლე მიმოხილვა

ანტიკური ხანიდან მოყოლებული შიდა ქართლის რეგიონზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა სამხრეთიდან – ჩრდილოეთის და აღმოსავლეთიდან – დასავლეთის მიმართულებით, რამაც ამ მარშრუტის გასწვრივ რამდენიმე ქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, როგორებიცაა: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და ა.შ.

ქალაქის სახელი გორი, სიტყვა გორადან მომდინარეობს. ამ ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ თანამედროვე გორის ადგილას ქალაქის ტიპის დასახლება ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ. I საუკუნეში არსებობდა.

გორი

ბუნებრივი პირობებიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გორი იმთავითვე იძენს მნიშვნელოვან როლს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ფაქტი, რომ აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, ამასთანავე გულისხმობდა სხვადასხვა ეროვნების დამპყრობლების: სპარსელების, მონღოლების, რუსების უწყვეტ შემოსევას ტერიტორიის დაპატრონების მიზნით.

გორი ყველაზე ახლოს მდებარეობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონთან და მის დე-ფაქტო დედაქალაქ ცხინვალთან. 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის დროს გორი რუსების საჰაერო ძალების მიერ დაიბობა, რამაც რამდენიმე ათეული მოსახლე დააზიანა და 11 მათგანის სიკვდილი გამოიწვია. Human Rights Watch-ის განცხადების მიხედვით, რუსულმა სამხედრო ძალებმა განურჩევლად და მიზანშეუწონლად გამოიყენეს კლასტერული ბომბები ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში.

გორი

ომის მიმდინარეობისას მოკლე ხნით გორი ოკუპირებული იყო რუსებისა და ოსი სეპარატისტების მიერ. ქალაქიდან ისინი მხოლოდ 22 აგვისტოს გავიდნენ, ომის დასრულებიდან 10 დღის შემდეგ. დღესდღეობით, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილი, ცხინვალი კონტროლდება დე-ფაქტო სეპარატისტული რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის მიერ.

თუ დაინტერესდებით, აგვისტოს ომზე ჰოლივუდმაც გადაიღო ფილმი, რომელსაც ჰქვია ,,ომის 5 დღე“ და მასში მონაწილეობენ რუპერტ ფრენდი, ემანუელ ჩრიქუი, ჰიზერ გრაჰამი და ენდი გარსია.

რა ვნახოთ გორში

როგორც უკვე აღვნიშნე, გორი ღირსშესანიშნაობებით დახუნძლული ქალაქი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ არ უნდა ჩამოხვიდე და თუნდაც ერთი ღამე არ გაატარო. რადგანაც ჩემს ბიძაშვილებთან ერთად ვმოგზაურობდი, გადავწყვიტე, ნელი ტემპებით მევლო და გორისთვის 48 საათი გამოვყავი. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მოგვრჩა და საღამოობით ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებდით, მაგრამ ამასთანავე ძალიან იაფი გასვლაც იყო. ქალაქის ირგვლივ ფეხით სიარული სრულიად შესაძლებელი რამეა და ყველაფერი რაც უნდა მოინახულო ფეხით სავალ მანძილზეა ერთმანეთისგან.

იოსებ სტალინის მუზეუმი

საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინის გორში დაიბადა და უამრავი უცხოელი ვიზიტორი გორში  სწორედ ამ მიზეზით – მისი მუზეუმის დასათვალიერებლად – ჩამოდის.

გორი

იოებ სტალინის მუზეუმი გორის ცენტრალურ ნაწილში, სტალინის ქუჩაზე მდებარეობს. კომპლექსში შედის მისი დაბადების მემორიალური სახლი, ექსპოზიციების შენობა და მისი პირადი, ტყვიაგამძლე ვაგონი, რომლითაც მოგზაურობდა იალტაში, პოსტდამსა და თეირანში. 

როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მათი დიადი ლიდერისთვის მუზეუმი უნდა აეშენებინათ, იფიქრეს, რომ სახლი, სადაც დაიბადა, ადგილიდან არ უნდა დაეძრათ, ამიტომ მის ირგვლივ არსებული სხვა სახლები დაანგრიეს და მუზეუმის შენობისთვის ტერიტორია მოასუფთავეს. დღესდღეობით სახლში შესვლა გიდის თანხლებით დაშვებულია.

გორი

საგამოფენო შენობაში გამოფენილია მისი პირადი ნივთები, კრემლიდან გამოგზავნილი კაბინეტისა და სამუშაო ოთახის ავეჯი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დელეგატების მიერ მიძღვნილი საჩუქრები, ხელნაწერები, სიკვდილის შემდეგ აღებული სახის ნიღაბი და მავზოლეუმის მაკეტი. ამ სივრცეში საითაც არ უნდა გაიხედო, მისი პორტრეტები, სურათები და ბიუსტები შემოგყურებენ.

გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მუზეუმი შევიყვანე სიაში ,,ყველაზე უცნაური მუზეუმები, სადაც ოდესმე ვყოფილვარ“, რადგან სტალინი აქ წარმოდგენილია დიად ლიდერად და თითქმის არაფერს ამბობს მის დანაშაულებსა და მისი გადაწყვეტილებების შედეგად დაღუპულ ათასობით ადამიანზე.

გორი

ბილეთის ფასი არის 15 ლარი და საფასურში შედის მუზეუმის, ვაგონის და მისი ბავშვობის სახლის დათვალიერება. თუ ვაგონს არ ესტუმრები, შეგიძლია 10 ლარი გადაიხადო. საფასურში ასევე შედის ადგილობრივი გიდის მომსახურება სხვადასხვა ენებზე: ინგლისური, რუსული, ქართული და ა.შ. სურვილის შემთხვევაში, თუ ჩათვლი, რომ არასაკმარისი დრო იყავი მუზეუმში და გინდა უფრო დეტალურად დაათვალიერო საგამოფენო სივრცე, შეგიძლია შებრუნდე იმავე ბილეთით და იმდენი ხანი დაჰყო აქ, რამდენიც გაგიხარდება.

  • სამუშაო საათები: ზაფხული 10:00 – 18:00; ზამთარი 10:00 – 17:00
  • ფასი: მუზეუმის, ვაგონის და მისი ბავშვობის სახლის დათვალიერება გიდთან ერთად – 15 ლარი

დიდი სამამულო ომის მუზეუმი

თუ შენი სუსტი წერტილი ისტორიაა და განსაკუთრებით გაინტერესებს მეორე მსოფლიო ომი, გორში, სტალინის მუზეუმთან ახლოს მდებარეობს ,,დიდი სამამულო ომის მუზეუმი“, რომელიც ეძღვნება წითელი არმიის გმირულ მიღწევებს. აქ გამოფენილია მედლები ფოტოებითურთ, სხვადასხვა ძეგლები, თოფები, უნიფორმები, მორტარები და რამდენიმე, დიდი საცერემონიო დროშა. აქვე შეგიძლია ნახო მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი გამოჩენილი გორელების ფოტოსურათები.

გორი

მუზეუმის პატარა სექცია ასევე ეძღვნება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომს და გამოფენილია დანგრეული გორის და დაზიანებული მოსახლეების ფოტოსურათები. გაითვალისწინე, რომ გამოფენილი ექსპონატების აღწერა მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზეა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, სხვა მსგავსი მუზეუმებივით, დიდად არც არის საჭირო დამატებითი კომენტარები, რადგან ექსპონატები თვითონვე ,,გესაუბრებიან“. სურვილის შემთხვევაში ადგილობრივი გიდი მოგემსახურებათ.

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

კულტურითა და ისტორიით განსაკუთრებულად დაინტერესებული ადამიანებისთვის,  კირიონ II-ს N12-ში მდებარეობს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მუზეუმში გამოფენილია, მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქრ.შ.-მდე V-III ათასწლეულით დათარიღებული არტეფაქტები. აქ ნახავ კერამიკის საგვარეულო ბეჭდებს, იარაღს, ნუმიზმატიკურ კოლექციას, XVIII-XIX სს ეთნოგრაფიულ ნივთებს: ხალიჩებს, ფარდაგებს, ოქროს ძვირფასეულობას, ქსოვილებს, XVII-XVIIIსს საბრძოლო იარაღებს და ა.შ.

გორის ციხე და გამარჯვების მემორიალი

მუზეუმების მონახულების შემდეგ, შეგიძლია, მთელი ქალაქის პანორამული ხედის სანახავად, გორის ციხისკენ გაისეირნო. შუა საუკუნეებში ეს ციხე დიდი გარნიზონით აკონტროლებდა მთავარ ეკონომიკურ და სტრატეგიულ მარშრუტებს. დღევანდელი ნანგრევები დათარიღებულია XVII-XVIII საუკუნეებით. მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, რუსული გრენადიერების ბატალიონი გორის ციხეს მათ საბაზო ბანაკად იყენებდა. დროსთან ერთად ნელ-ნელა ციხემ თავისი მნიშნველობა და ფუნქცია დაკარგა.

ციხის მისადგომებთან, ი. გოგებაშვილის ბაღის მიმართულებით აუცილებლად შეამჩნევ ნახევარწრეში მსხდომ ჯარისკაცების ძეგლებს. თუ ყურადღებით დააკვირდები, დაინახავ, რომ ყველა მათგანს სხეულის რომელიმე ნაწილი აკლია – ზოგს ხელი, ზოგს მკლავი და ზოგსაც – სახე. ჩემი აზრით, ეს არის ომის საშინელი შედეგების მემორიალი, რომელიც განსაკუთრებით უშუალოდ ბრძოლაში ჩართულ, ველზე მყოფ ჯარისკაცებს ეძღვნებათ.

უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი

უფლისციხე გორიდან 14კმ-ში მდებარე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც უნიკალურია თავისი ღიასივრცულობით ქვეყანაში არსებულ სხვა კლდეში ნაკვეთ დავით გარეჯის და ვარძიის კომპლექსებისგან განსხვავებით. იგი დათარიღებულია ქრ.შ.-მდე I ათასწლეულის I ნახევრით. უფლისციხის კომპლექსი ხასიათდება სხვადასხვა, კლდეში ნაკვეთი ირანული, ანატოლიური ქალაქების არქიტექტურული სტილების შერევითა და ასევე ქრისტიანულისა და წარმართული ტიპის არქიტექტურის შეჯერებით. 

არქეოლოგებმა აქ მზის ქალღმერთისადმი მიძღვნილი რამდენიმე სალოცავი იპოვეს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდელი, წარმართული პერიოდით თარიღდება. ქრისტიანობის ოფიციალური რელიგიის გახდომის თანადროულად, ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, თუმცა მოსახლეობა მაინც დარჩა აქ და ახალი რელიგიის შესაბამისი შენობებიც ნელ-ნელა გაჩნდა ტერიტორიაზე.

თბილისის არაბების მიერ დაპყრობამ დედაქალაქის და ქართლის მეფეთა რეზიდენციის უფლისციხეში გადმოტანა გამოიწვია და ეს ერთგვარ აღზევების პერიოდად იქცა ამ ადგილისთვის. ქალაქი გახდა ქარავანების ერთ-ერთ გაჩერების ადგილი და შესაბამისად აქ დიდი ბაზრობებიც იმართებოდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მხრიდან შემოსევებმა და ზოგადად ქვეყნის დასუსტებამ უფლისციხეზეც ანალოგიური გავლენა მოახდინა.

კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დათვალიერებისას შეამჩნევთ, რომ საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულების მქონე გამოქვაბულები დეკორატიულად გაფორმებული არ არის და მხოლოდ რამდენიმე მათგანზეა გარკვეული, დიდი ზომის ორნამენტები. კომპლექსში სეირნობისას მოხვდებით სხვადასხვა ტიპის ნაგებობებთან, როგორებიცაა: მე-10 საუკუნის ქვის ბაზილიკა, წარმართული ორმოები, დიდი დარბაზი, საცხოვრებელი გამოქვაბულები, საცხობი, აფთიაქი, საპყრობილე, მარანი და ამფითეატრიც კი. ქალაქში იყო საირიგაციო სისტემაც და საიდუმლო გვირაბიც – საჭიროების შემთხვევაში ქალაქის დასატოვებლად ან წყლისა და თევზის მოსამარაგებლად.

როგორ მიხვიდე უფლისციხემდე

გორიდან ყოველდღიურად ყოველ 30 წუთში ერთხელ გადიან ავტობუსები უფლისციხის მიმართულებით, მაგრამ არა უშუალოდ კლდეში ნაკვეთი ქალაქის შესასვლელამდე. ავტობუსების ბოლო გაჩერებაა სოფელი ქვახვრელი, საიდანაც 2კმ-ის გავლა მოგიწევს ფეხით უფლისციხის კომპლექსამდე. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 1 ლარია.

უფლისციხის ბილეთი მოზრდილებისთვის 7 ლარი ღირს, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის – 1 ლარი. ადგილობრივი გიდის მომსახურება 25 ლარი, აუდიოგიდი – 10 ლარი. უფლისციხის სამუშაო საათები სეზონურად ცვალებადია. აპრილიდან ნოემბრამდე დილის 10 საათიდან საღამოს 7-მდე მუშაობენ, ხოლო ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე.

თუკი დროში შეზღუდული ხარ, მაშინ გორის ავტოვაგზლიდან უფლისციხემდე ტაქსი 20-30 ლარად წაგიყვანს, 1 საათი დაგელოდება და უკან ჩამოგიყვანს. 

მათთვის, ვისაც გორის ღირსშესანიშნავი ადგილები არ აინტერესებს, შეუძლია თბილისის სამარშრუტოდან პირდაპირ ქვახვრელის ავტობუსში გადაჯდეს. სამწუხაროდ, თბილისიდან უფლისციხეში პირდაპირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს.

თუკი საკუთარი მანქანით მიდიხარ უფლისციხეში, მაშინ უნდა გაუყვე S1 გზატკეცილს და გადაუხვიო, როგორც კი დაინახავ წარწერას – ქვახვრელი.

უფლისციხიდან გორში დასაბრუნებლად, ის 2 კილომეტრი ქვახვრელამდე ისევ ფეხით უნდა გაიარო. ბოლო ავტობუსი ქვახვრელი-გორის მიმართულებით გადის 17/17:30-ზე, თუმცა ამის დაზუსტება იქვე, მძღოლთან სჯობს, უცებ ქვახვრელში რომ არ დარჩე ტრანსპორტის გარეშე.

სად ვჭამოთ გორში

ღირსშესანიშნაობების მსგავსად, საკვები ობიექტების რაოდენობითაც ვერ დაიკვეხნის გორი. თუმცა, ჩვენ მაინც ვიპოვეთ რამდენიმე ადგილი, სადაც ნამდვილად ღირს ვახშმის, ლანჩის და თვით საუზმის მირთმევაც კი.

რესტორანი ,,მზარეულები“

თუ გემრიელ ქართულ სამზარეულოს ეძებ გორში, მაშინ აუცილებლად უნდა სინჯო სამეფო ქუჩის N60-ში მდებარე რესტორანი ,,მზარეულები“. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და გთავაზობს ტრადიციულ ქართულ კერძებს: ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, კიტრი-პომიდვრის სალათი ნიგვზით, ფხალი და ა.შ. ფასები საკმაოდ ნორმალურია. ჩვენ აქ ლანჩისთვის შემოვიარეთ და 10ც. ხინკალი, 1ც. ქაბაბი, სალათი, მწვადი და 2 ბოთლი ლიმონათი სულ რაღაც 33 ლარი დაგვიჯდა.

კაფე 22

სტალინის გამზირის N22-ში მდებარე ,,კაფე 22“ გადასარევი ადგილია დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოსაკვებად. მათი საუზმე მოიცავს სხვადასხვანაირად მომზადებულ კვერცხს – მოხარშული, ერბოკვერცხი, შემწვარი. შეგიძლია, სოსისიც მოითხოვო დამატებით. თუ უფრო ტკბილი საუზმის მოყვარული ხარ, მაშინ კრეპი და ტოსტები აქვთ სხვადასხვანაირი ჯემებით. აქაური საუზმე მაქსიმუმ 5-7 ლარი დაგიჯდება.

მენიუში აქვთ როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები. ჩემთან ერთად მოგზაურ ბავშვებს ძალიან უნდოდათ პიცა და 2 პიცა, ჩაითა და ყავით 33.55 ლარი დაგვიჯდა.

კაფეს ასევე აქვს საცხობი და შეგიძლია, სულაც შეუსვლელად ხელს გააყოლო სასურველი ნაცხობი. აქ აქვთ როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი ნაცხობები, რომლებიც, სხვათაშორის, ძალიან გემრიელი იყო.

შანზელიზე (Champs-Elysees)

ერთხელ სტალინის N13-ში მდებარე შანზელიზეშიც ვისადილეთ. აქაური ფასები, სხვებთან შედარებით, სადაც კი ვიყავით, საკმაოდ მაღალია და კერძები არც ისე გემრიელი. ჩვენ სამისთვის შეკვეთილი მენიუ, რომელშიც შედიოდა მათი განსაკუთრებული პიცა, ერთი ბოთლი ლიმონათი, ორი მექსიკური კოტლეტი ფრისთან ერთად, 38.50 ლარი დაგვიჯდა.

სად დავრჩეთ გორში

ღამისგასათევი ადგილები გორში საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ გადააწყდები სასტუმროებს, ჰოსტელებს, გესთჰაუსებსა და Airbnb-ის აპარტამენტებსაც კი. ჩვენ ძალიან საყვარელ გესთჰაუს “სალხინოში” დავრჩით. საერთო ოთახში იყო 8 საწოლი, მაგრამ ჩვენი იქ ყოფნისას არავინ შემოსახლებულა. გესთჰაუსში ასევე აქვთ ორკაციანი და ერთკაციანი ოთახებიც. 


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!