fbpx
საქართველო

რა ვნახოთ თელავში

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კახეთის რეგიონი პოპულარული მიმართულებაა მათთვის, ვინც თბილისიდან ერთი დღით დასასვენებელ ადგილს ეძებს. რეგიონი ცნობილია ღვინით და თავისი ისტორიული-კულტურული და ბუნებრივი ძეგლებით. მე მშობლებთან ერთად მანქანით წავედი, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მარტივად შეგიძლია თელავს ესტუმრო. მაშ ასე, აქ ჩამოვწერ ჩემს რეკომენდაციებს იმაზე, თუ რა ვნახოთ თელავში და მის მიმდებარედ.

როგორ მოვხვდეთ თელავში

თბილისიდან თელავის მიმართულებით ყოვლდღიურად გადიან მარშრუტკები მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას გეგმავ, საუკეთესო ვარიანტი საზიარო ტაქსით წასვლაა. ამათაც იქვე, ისნის მეტროსადგურის მიმდებარედ იპოვი. ზოგჯერ, მძღოლები მეტროდან გასასვლელ კარებთანვე დგანან და სხვადასხვა ქალაქების სახელების იძახიან.

თელავი

საზიარო ტაქსით სარგებლობისთვის მინიმუმ 4 მგზავრია საჭირო, თუმცა შეგიძლია ოთხივეს ფასი ერთმა გადაიხადო და მარტომ ისარგებლო ამ მომსახურებით. თელავის მიმართულებით ტაქსები სწრაფად ივსებიან და დიდი ხანი ლოდინი ნადვილად არ მოგიწევს.

თუ მანქანით მგზავრობ, თბილისიდან თელავში ყველაზე მოკლე გზა გომბორის უღელტეხილით გადადის, საიდანაც, სხვათაშორის ძალიან ლამაზი ხედები იშლება კავკასიონსა და ივრის ხეობაზე და 40 წუთით ამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას გურჯაანის გზასთან შედარებით. გომბორის გავლით მგზავრობის სრული ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი და 50 წუთია.

კახეთის ისტორიის მოკლე მიმოხილვა

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო თავისი არსებობის მანძილზე მუდმივად შემოსევების ეპიცენტრს წარმოადგენდა. შუა აღმოსავლეთთან სიახლოვის გამო, განსაკუთრებულად კახეთი იჩაგრებოდა ამ მხრივ. აქედან გამომდინარე, მის კულტურულ ძეგლებს თავიანთი პირვანდელი სახე ძალიან იშვიათად აქვთ შემორჩენილი და მათზე არსებული წარწერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ამ რეგიონის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელოვნობას.

თელავი

დედაქალაქი თელავი რეგიონის უძველესი ქალაქია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ტერიტორიაზე პირველი დასახლებები უკვე გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან ჩნდება. ქალაქის აყვავება და განვითარება ერეკლე II-ს მეფობას ემთხვევა. თელავი სწორედ ამ დროს გადაიქცა ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ, ინდუსტრიულ და სტრატეგიულ ქალაქად.

მეფე ერეკლემ მთელი თავისი ცხოვრება ქართველების ფიზიკურ გადარჩენას მიუძღვნა. სწორედ მან გააერთიანა საქართველოს ორი რეგიონი, ქართლი და კახეთი, მე-18 საუკუნეში და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის იმპერიასთან, რაც საბოლოოდ 1783 წელს ,,გეორგიევსკის ტრაქტატით“ დაგვირგვინდა. მისი მეფობისას გატარებულმა რეფორმება ფუნდამენტურად შეცვალა არამხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფოს, არამედ მთელი საქართველოს კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტაცია.

რა ვნახოთ თელავში: ბატონის ციხე

ბატონის ციხე კახეთის მეფეების რეზიდენციას წარმოადგენდა XVII-XVIII სს-ში. თელავის ცენტრში მდებარე ეს კომპლექსი მოიცავდა: სასახლეს, ციხე-სიმაგრის გალავანს, ორივე კარიბჭესთან ეკლესიას, გვირაბსა და აბანოს. კომპლექსს აკრავს 5მეტრიანი, ქვით ნაშენი გალავანი. კომპლექსის ორივე კარიბჭე დღემდე შემორჩენილია, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია ღია. 

თელავი

ამჟამად სასახლის ტერიტორიაზე სკოლა და მუზეუმიც ფუნქციონირებს. შეგიძლია, მუზეუმში შეხვიდე და მეტი ინფორმაცია მიიღო მეფეზე, მის მმართველობასა და რეგიონზე. სასახლის გარეთ მარტივად შენიშნავ მეფის უზარმაზარ ქანდაკებას.

კულტურული მემკვიდრეობის სახლები

როგორც ადრე აღვნიშნე, თელავი რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და შესაბამისად, აქ უამრავი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისტორიული სახლია. ყოველ მათგანზე საინფორმაციო დაფაა განთავსებული და საპოვნელად მარტივია. სწორედ თელავის ერთ-ერთ ძველ უბანში ხეტიალისას აღმოვაჩინე ბევრი მათგანი და მივხვდი, რამდენად ბევრი ასეთი კულტურული ძეგლია ქალაქში. ერთ-ერთი მათგანის საინფორმაციო დაფა გვიყვება, რომ აქ ცნობილ ქართველ მხატვარს ელენე ახვლედიანს ბავშვობა აქვს გატარებული.

თელავი

ნადიკვარის პარკი

ნადიკვარის პარკი ადგილობრივებისთვის დასვენების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ ბევრ ოჯახს, ახალგარდას თუ მოხუცს გადააწყდები, რომლებიც სასეირნოდ, სათამაშოდ ან უბრალოდ დროის გასაყვანად არიან მოსულები. პარკში ღია თეატრი და კაფეცაა, საიდანაც კავკასიონსა და ალაზნის ველზე სუნთქვისშემკვრელი ხედები იშლება.

თელავი

გიგანტური ჭადარი

900-წლიანი გიგანტური ჭადარი ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ატრაქციაა. ხის სიგანე 12 მეტრი და სიმაღლე კი 46 მეტრია.

თელავი

ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილას ჭადრების ხეივანი იყო. ამ ხეებიდან ერთ-ერთი ისეთი მაღალი იყო, თითქოს ლურჯ ცას უერთდებაო და ხალხს სჯეროდა, რომ ის ერთგვარი ხიდი იყო სამოთხესა და დედამიწას შორის. ხალხი იკრიბებოდა ამ ხის ირგვლივ და თავიანთ ამბებსა და სიზმრებს ყვებოდნენ. დროსთან ერთად ჭადრების ხეივანი განადგურდა. ადგილობრივების მონდომების შედეგად ეს ერთი გადარჩა. მადლიერების ნიშნად, ხემ იმ ადამიანების ოცნებების ახდენა დაიწყო, ვინც მოდიოდა და სწორედ მის ფესვებთან ინატრებდა რამეს. დღესაც კი ეს ტრადიცია ცოცხალია.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

თელავიდან სულ რაღაც 9კმ-ში მდებარეობს წინანდლის სახლ-მუზეუმი, დაარსებული ქართლ-კახეთის სამეფოს გამორჩეული დიპლომატისა და პოლიტიკოსის გარსევან ჭავაჭავაძის მიერ. სწორედ ის იყო ერთ-ერთი დიპლომატი, რომელიც 1783 წელს მეფე ერეკლე მეორემ ,,გეორგიევსკის ტრაქტატზე“ ხელმოსაწერად გაგზავნა. მისი შვილი ალექსანდრე ცნობილი ქართველი პოეტი იყო, რომელმაც სასახლე იმდრონდელი ბურჟუაზიული საზოგადოების კულტურულ და სოციალურ ცენტრად აქცია. იგი აქ მართავდა სხავდასხვა ღონისძიებებს, რომელთაც ისეთი მნიშვნელოვანი სტუმრები ესწრებოდნენ ევროპიდან და რუსეთიდან, როგორებიცაა პუშკინი, გრიბოედოვო და თვით ალექსანდრე დიუმაც კი.

თელავი

ალექსანდრე ჭავჭავაძემ სასახლის ტერიტორიაზე ააშენა ღვინის ქარხანა, სადაც აწარმოებდა ღვინოს ევროპული და ქართული ტრადიციული გზით. სწორედ ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ქართული ღვინო ბოთლებში ჩამოასხა და  ევროპაში გაიტანა. ეს ღვინის ქარხანა ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია მათ შორის, რომელიც დღემდე აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს.

თელავი

სასახლეს გარს არტყამს უნიკალური და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებული ბაღი. დღესდღეობით სასახლე სახლ-მუზეუმადაა გადაკეთებული, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახის მემორიალურ ნივთებს, დოკუმენტებს, ფოტოებს, ავეჯს, ტანისამოსს დაათვალიერებთ. სასახლეში საგამოფენო დარბაზიცაა, სადაც სხვადასხვა დროს სალვადორ დალის და პიკასოს ნახატებიც კი იყო გამოფენილი!

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00 – 19:00
  • ბილეთის ფასი: პარკი 2₾; მუზეუმი და პარკი – 5₾; მუზეუმი, პარკი და ერთი ჭიქა თეთრი ღვინის დეგუსტაცია – 7₾; მუზეუმი, პარკი და 5 სხვადასხვა ღვინის დეგუსტაცია – 25₾;

გრემი

მე-16 საუკუნეში აშენებული ეს არქიტექტურული ძეგლი თელავიდან სულ რაღაც 20კმ-ში მდებარეობს. გრემი კახეთის დედაქალაქიც კი იყო 150 წლის განმავლობაში და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა. რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსი აერთიანებდა მთავარ სასახლეს, ციხე-სიმაგრეს, რამდენიმე ეკლესიას, აბანოებსა და ბაზარს.

გრემი

ამჟამად შეორჩენილია მხოლოდ ციხე-სიმაგრე, ეკლესია და აბანოების ნანგრევები. თუკი, ისტორია განსაკუთრებულად გაინტერესებს, ამ კომპლექსში ორი მუზეუმია. ერთ-ერთი მათგანი ზუსტად მთავარანგელოზის ეკლესიის გვერდზე მდებარეობს და კახეთის მეფეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ მნიშვნელოვან არტეფაქტებსა და ცნობებს მოიცავს. მეორე მუზეუმში კი ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატებია გამოფენილი.

გრემი

ციხე-სიმაგრისა და ეკლესიის ტერიტორიაზე ასევე იპოვი მარანს, სადაც მარტივად წარმოიდგენ, თუ როგორ მზადდებოდა სასმელი შუა საუკუნეებში. იქვე ეზოში გადააწყდები საიდუმლო გვირაბს.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-18:00
  • ბილეთის ფასი: ორივე მუზეუმი 5₾

როგორ მოხვდე გრემში: ჩვენ თელავიდან დაახლოებით 1.5 კმ ვიარეთ შ42-ის მიმართულებით და შემდეგ მარცხნივ გადავუხვიეთ შ70-ზე. 11.2 კმ-ის შემდეგ შ43-ზე გადავედით და ვიარეთ კიდევ 7კმ.

ნეკრესის მონასტერი

ცამეტ სირიელ მამათაგან ერთ-ერთის, აბიბოს ნეკრესელის, მიერ დაარსებული ეს სამონასტრო კომპლექსი, ყველაზე დიდი და გრანდიოზულია მთელს რეგიონში. ციცაბო გორაზე განლაგებული მონასტერი გადაჰყურებს ალაზნის ველს და მოიცავს სხვადასხვა პერიოდში აშენებულ რამდენიმე ნაგებობას. აქ შეგიძლია მოინახულო, ღვთისმშობლის ეკლესია, ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლე, ბაზილიკას ტიპის ეკლესია, ოთხსართულიანი კოშკი, მე-4 საუკუნის უძველესი ეკლესია და მარანი.

ნეკრესის მონასტერი

როგორ მოხვდე ნეკრესის მონასტერში: ჩვენ გრემიდან შ43-ზე განვაგრძეთ სიარული. მონასტერი აქედან დაახლოებით 14კმ-ში მდებარეობს. დაახლოებით 9.8კმ-ის გავლის შემდეგ მარცხნივ უნდა შეუხვიო და გაუყვე ნეკრესის მონასტრისკენ მიმავალ დაბურულ ხეივანს. ოდნავ ყურადღებით თუ იქნები, გზიდანვე დაინახავ მთის შუა წელზე დაბუდებულ კომპლექსს.

გაითვალისწინე, რომ კომპლექსამდე მანქანით ვერ მიხვალ, აკრძალულია. მონასტერს ემსახურება ადგილობრივი ავტობუსი, რომელიც მონასტრამდე აგიყვანს და ჩამოგიყვანს. ბილეთის ფასი სულ რაღაც 1 ლარია.

სხვა აქტივობები თელავში: ლოპოტას ტბის კურორტი

ლოპოტას ტბამდე მისასვლელად თელავიდან სულ რაღაც 20 წუთი დაგჭირდება და ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია თბილისიდან მოკლე მანძილზე, შაბათ-კვირის გასატარებლად. ლოპოტას ტბის ირგვლივ აშენებულია რამდენიმე ღამისგასათევი შენობა, გასართობი დაწესებულებები და აუზები, რომ აქ დასვენება რაც შეიძლება ხარისხიანი და კარგი იყოს. ჩემი გულწრფელი რევიუ ლოპოტას ტბის კურორტის შესახებ შეგიძლია წაიკითხო ამ პოსტში: კახეთის კურორტები


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!