ქალაქი კიევი ევროპაში ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება. იგი სლავურ სამყაროში ერთ-ერთი პირველია და მანამდე არსებობდა სანამ უკრაინასა და რუსეთის სახელმწიფოები ჩამოყალიბდებოდა. დღეს დღეობით, უკრაინის დედაქალაქი ბევრი ტურისტით არ გამოირჩევა. შესაბამისად, კიევი ავთენტურია და დაბალბიუჯეტური მოგზაურებისთვის ზედგამოჭრილი. გაინტერესებს რა ვნახოთ კიევში? მაშინ, განაგრძე კითხვა.
კიევის ისტორიულ ქუჩებში ხეტიალი, მუზეუმების დათვალიერება და განსხვავებული არქიტექტურული ძეგლებით ტკბობა საუკეთესო აქტივობაა ამ ქალაქისთვის.

აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე უკრაინა სულაც არ არის წალეკილი უამრავი ტურისტით. სწორედ ამიტომაც, ძალიან ავთენტურ და განსაკუთრებულ გამოცდილებას იღებ ამ ბიუჯეტურ ქვეყნაში მოგზაურობისას. უკრაინის დათვალიერების დაწყება კიევიდან ანუ დედაქალაქიდან ძალიან კარგი ვარიანტია და ეს მეგზურ-სტატია დაგეხმარება მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილების მიგნებაში.
როგორ მოხვდე კიევში
კიევში ორი საერთაშორისო აეროპორტია – ბორისპოლის და კიევის, იგივე ჟულიანის. პირველი და გაცილებით დიდი აეროპორტი ქალაქიდან 29კმ-ში მდებარეობს და ინტერკონტინენტურ და მთავარ საერთაშორისო ფრენებს ემსახურება. ჟულიანი, უფრო პატარაა, მაგრამ ქალაქიდან სულ რაღაც 7კმ-შია. უმეტესობა პატარა და იაფიანი ავიახაზები სწორედ ჟულიენში დაფრინავს, თუმცა რამდენიმე უფრო დიდიც გამოერევა ხოლმე.

რა ვნახოთ კიევში – კიევის ღირსშესანიშნაობები
კიევში ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლია – მუზეუმები, ლამაზი ეკლესიები და ქალაქის მასშტაბით მიმოფანტული სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები.
შეუერთდი ქალაქის უფასო საფეხმავლო ტურს
სხვა დედაქალაქების მსგავსად, კიევშიც არის ქალაქის უფასო საფეხმავლო ტურები, რომლითაც უკეთ ეცნობი საკვანძო ადგილებს. მსგავსი ტურების გიდები, როგორც წესი ადგილობრივები არიან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ქალაქი. ამიტომაც, მე ყოველთვის ვრეკომენდირებ ამ ტურებს. კიევში რამდენიმე მსგავსი ტურია და წინასწარ დაჯავშნას არ საჭიროებს. უბრალოდ საწყის წერტილზე უნდა გამოცხადდე და შემდეგ ძალიან ისიამოვნებ.
გაითვალისწინე, რომ მსგავსი ტიპის ტურები სრულიად ,,უფასო“ არ არის და გიდების ანაზღაურება რეალურად ის თანხაა, რომლის ჩუქებასაც შენ და ტურის დანარჩენი მონაწილეები გადაწყვეტთ.
დამოუკიდებლობის მოედანი
დამოუკიდებლობის მოედანი (Maidan Nezalezhnosti) კიევში ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ სხვადასხვა კონცერტები, ფესტივალები, საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება. თავისუფლების ძეგლი მოედნის ცენტრშია აღმართული და ადვილად შესამჩნევია შორი მანძილიდან.

ანდრიევსკის დაღმართი
ლამაზი და ისტორიული დაღმართი კიევის რამდენიმე უბანს აკავშირებს. ხშირად მას კიევის “მონმარტსაც” უწოდებენ. აქ შეგიძლია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებით დატკბე, დაათვალიერო ტრადიციული სუვენირები და მოინახულო შესანიშნავი წმ. ანდრიას ეკლესია.

შეყვარებული წყვილის ქანდაკება
ანდრიევსკის დაღმართის მახლობლად მდებარეობს შეყვარებული წყვილის ქანდაკება, რომელიც ცნობილ უკრაინულ პიესა ‘ორი კურდღლის მადევარი’ პერსონაჟებს მიეძღვნა.

პიესის შინაარსი მარტივია. მამაკაცი ორ გოგონას პირდება ცოლად მოყვანას – ერთს მისი სიმდიდრის გამო, ხოლო მეორეს სიყვარულის გამო. პიესაში ყველა პერსონაჟი სასაცილო ისტორიებში იხლართება და ანდაზის მიხედვით “ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს.”
ადგილობრივების ნაამბობის მიხედვით ქანდაკებას იღბალი მოაქვს, ამიტომ აუცილებლად დაადე ხელი.
რა ვნახოთ კიევში: დაატკბი ულამაზესი ეკლესეიებით
წმინდა სოფიას ტაძარი ყველაზე მეტად მომეწონა კიევში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს 13 ულამაზესი ოქროს გუმბათი აქვს. იგი უძველესი ფრესკებითა და მოზაიკითაა ცნობილი.

სეირნობით დაღლილს შეგიძლია მის ბაღშიც დაისვენო და კარგად დააკვირდე ეკლესიის არქიტექტურას. კოშკიდან კი კიევის შესანიშნავი ხედები იშლება. თუმცა ასვლა ფასიანია.

წმინდა მიქაელის ეკლესიის თავდაპირველი შენობა საბჭოთა პერიოდში 1930-იან წლებში განადგურდა. თუმცა როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს, წმ. მიქაელის ეკლესია 1999 წელს აღადგინეს.
1747-54 წლებში აშენებული წმ. ანდრეას ეკლესია კიევში აშენებული პირველი ბაროკოს ტიპის ეკლესიაა. მომცრო გორაკზე მდებარე ეს რელიგიური ნაგებობა ისტორიულ უბან პოდილს გადმოჰყურებს. 50 მეტრის სიმაღლის ეკლესია გარედანაც და შიგნიდანაც სრულიად მომნუსხველია.

პეჩერის ლავრა (Pecherska Lavra) უძველეს ქვაბულთა მონასტერია. იგი 1051 წელს ბერებმა დაარსეს. კომპლექსი გამოირჩევა ოქროს გუმბათოვანი ეკლესებითა და მიწისქვეშა გვირაბებით, რომლებსაც ბერების სასაფლაოზე მიყავხარ. აქ ბერები მუმიფიცირებულია და მართლმადიდებელი ქრისტიანობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად ითვლება.

- სამუშაო საათები: ყოველ დღე 9-6 საათამდე.
- შესვლის ღირებულება: ტერიტორია – 30 UAH, სამრეკლო – 60 UAH
კრესჩატიკის ქუჩა

კიევის მთავარი კუჩა სავსეა ლამაზი შენობებით, მაღაზიებითა და რესტორნებით. მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი ქუჩა წითელმა არმიამ გაანადგურა. ომის შემდგომ საბჭოთა პერიოდში ქუჩა ნეოკლასიკურ სტილში აღადგინეს, თუმცა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, კრესჩატიკი კიდევ უფრო განახლდა.
რა ვნახოთ კიევში: მუზეუმები კიევში
ანდრიევსკის დაღმართზე მდებარეობს მორიგი ძალიან მაგარი ადგილი – ერთი ქუჩის მუზეუმი. აქ შეგიძლია ამ ადგილის ისტორიას უფრო ვრცლად გაეცნო და თან 7.000-მდე ადგილობრივი არტეფაქტი დაათვალიერო, რომელთა შორისაცაა ისტორიული დოკუმენტები, ავტოგრაფები, ანტიკური მისალოცი ბარათები, წიგნები და წმ. ანდრეას ეკლესიისა და მიმდებარე შენობების, უბნების სურათები.
- სამუშაო საათები: ყოველდღე 12:00-18:00
- ბილეთის ფასი: 50 UAH; ტური გიდითურთ – 200UAH
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ეროვნული მემორიალური მუზეუმი 1932-1933 წლებში მომხდარ ჰოლოდომორის გენოციდს ეძღვნება. პეჩერსკის ლავრასთან ახლომდებარე მუზეუმი გასაოცარი და დრამატული ადგილია არქიტექტურულადაც და შინაარსითაც. აქ შეგიძლია გაეცნო დაწვრილებით ინფორმაციას ადგილობრივი მსხვერპლის შესახებ.

მუზეუმი მოიცავს მემორიალურ კომპლექსსა და მიწისქვეშა, მეხსიერების დარბაზს, სადაც მუდმივადაა გამოფენილი შიმშილობის პერიოდის არტეფაქტები. იმ საშინელი დღეების სიმბოლიზმი და ადამიანების ტანჯვა სრულად არის გამოსახული ამ ტერიტორიასა და არქიტექტურაში.
მე ყველაფერს დაწვრილებით არ მოგიყვები, რადგან ეს შენი თვალით უნდა ნახო.
- სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-18:00
- ბილეთის ფასი: მოზრდილები – 18UAH; სტუდენტები – 11UAH; მოსწავლეები -9UAH
ქალაქ ჩერნობილის ნახვა ძალიან მინდა, თუმცა ჩემი კიევში ვიზიტის დროს ვერ მოვახერხე. ამიტომ მუზეუმით შემოვიფარგლე.
ჩერნობილის მუზეუმი საკმაოდ დაწვრილებით ინფორმაციას გაწვდის კატასტროფის შესახებ. და ყველაფერს მე ხომ არ მოგიყვები? ჯობს შენი თვალით ნახო ყველაფერი!
- სამუშაო საათები: ორშ-შაბ 10-6 p.m. კვირას დაკეტილია
- შესვლის ღირებულება: 10 UAH, ფოტოების გადაღება – 30 UAH, აუდიო გიდი – 50 UAH
თუ ხელოვნებისმოყვარული ხარ, მაშინ კიევის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს აუცილებლად უნდა ეწვიო. აქ ურაინელი მხატვრებისა და სკულპტორების ძალიან საინტერესო კოლექციაა გამოფენილი, კიევიან რუსის პერიოდიდან დღემდე.
- სამუშაო საათები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა 10:00-17:00; პარასკევი 12:00-19:00; შაბათი 11:00-18:00
- არასამუშაო დღეები: ორშაბათი და სამშაბათი
- ბილეთის ფასი: მოზრდილები 20UAH; ტური გიდითურთ – 160UAH
ოქროს კარიბჭე
კიევის ოქროს კარიბჭე მე-11 საუკუნეში ციხე-ქალქის მთავარი შესასვლელი იყო, ამ დროს ის წარმოადგენდა კიევან რუსის დედაქალაქს. შუა საუკუნეებში ამ კონსტურქციისგან მხოლოდ რამდენიმე ნანგრევიღა შემორჩა. საბჭოთა ლიდერებმა აღადგინეს კომპლექსი 1982 წელს, თუმცა ორიგინალი კარიბჭის სურათები და ნახატები, სამწუხაროდ არ არის შემორჩენილი.

სახლი ქიმერებით
ძალიან ხშირად ჰოროდეცკის სახლად წოდებული ეს შენობა არტ-ნუვოს არქიტექტურული მიმდინარეობის შესანიშნავი მაგალითია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წინ მდებარე სახლი ამჟამად დიპლომატიური და ოფიციალური წვეულებებისთვის გამოიყენება. სამთავრობო სახლთან სიახლოვის გამო, ამ ტერიტორიაზე მანქანების გადაადგილება აკრძალულია და საფეხმავლო ზონად არის გამოცხადებული.

მე-20 საუკუნის დასაწყისში პოლონური წარმოშობის უკრაინელმა არქიტექტორმა ჰოროდეცკიმ ეს ქიმერებიანი სახლი საცხოვრებელი დანიშნულებით აიშენა. თუმცა, რამდენიმე წელში ფინანსური პრობლემების გამო, გაყიდვა მოუხდა. ამ დროიდან მოყოლებული, სახლმა ბევრი მესაკუთრე გამოიცვალა.
სახლის ზედმეტსახელი სწორედ მისი დეკორაციებიდან მოდის, რომლებიც ეგზოტიკურ ცხოველებსა და ნადირობის სცენებს ასახავს. სიტყვა ქიმერა, ამ შემთხვევაში, არქიტექტურული სტილის აღსაწერად გამოიყენება და არა მითოლოგიური დატვირთვით, რადგან როდესაც არქიტექტურაში ცხოველები გამოყენებულია დეკორატიული სამშვენისის მიზნით, ამას ქიმერული სტილი ეწოდება.
მარიის სასახლე
XVIII საუკუნით დათარიღებული, ბაროკოს სტილის მარიის მაგიური და დიდებული სასახლე კიევის მორიგი სამკაულია, რომელიც დამთვალიერებლებისთვის ღიაა, რათა ექსტერიერის გარდა, დაინტერესებულმა ვიზიტორებმა მის ირგვლივ არსებულ ბაღებში გასეირნებაც შეძლონ. სასახლე მდინარე დნეპრის პირას, გორაკზე, მეტროსადგურ მეიდანთან მდებარეობს.
სასახლე ააშენა იტალიელმა არქიტექტორმა 1750-55 წლებში პეტრე პირველის ქალიშვილის, იმპერატორ ელიზაბეტის ნებით. კიევში ვიზიტისას სამეფო ოჯახისა და დიდებული გვარის წარმომადგენლები სწორედ აქ რჩებოდნენ ხოლმე. სამწუხაროდ, ელისაბეტს არასოდეს უნახავს დასრულებული სასახლე. მისი პირველი მფლობელი ეკატერინე II გახდა.
Landscape Alley პარკი
კიევში Landscape Alley-ის პარკში გასეირნებისას ძალიან გაერთობი. ის მდებარეობს გადატვირთული ქუჩების მიღმა და სავსეა ცხოველების ძალიან სასაცილო და უცნაური ქანდაკებებით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბავშვობაში დასაბრუნებლად. შეგიძლია კურდღლის, ყვავის, კატის ფორმის მოგრძო სკამებზე ჩამოჯდე და ბალიშებზე შემოსკუპებული ბედნიერი სპილოებისა და ანგელოზების შადრევნის ყურებით დატკბე.
პარკში სეირნობისა და უამრავი სახალისო სურათის გადაღების გარდა, აქედან ისტორიული კიევის ნაწილისა და მდინარე დნეპრის ულამაზესი ხედები იშლება.
ოპერის სახლი
ნეო-რენესანსის სტილში აგებული კიევის ოპერის სახლი მორიგი აუცილებლად სანახავი შენობაა არქიტექტურის მოყვარულთათვის. ინტერიერი გადაკეთებულია კლასიკურ სტილში. თუკი, ოპერისა და ბალეტის მოყვარულიც ხარ, მაშინ ნამდვილად ღირს სპექტაკლზე დასწრებაც. ბილეთები არც ისე ძვირია და დამოკიდებულია სასურველ სპექტაკლზე. აფიშა შეგიძლია აქ შეამოწმო.

არსენალნას მეტროსადგური
დარწმუნებული ვარ, ცოტა უცნაურად მიგაჩნია მეტროსადგურის ამ ჩამონათვალში შეყვანა. მაგრამ ეს ადგილი, ნამდვილად ძალიან გამორჩეულია, რადგან ის მიწისქვეშ 105 მეტრში მდებარეობს და სწორედ ამიტომ ყველაზე ღრმა მეტროსადგურია მსოფლიოში!
მისი სიღრმიდან გამომდინარე, ექსკალატორს ბაქნამდე მისასვლელად ან იქიდან ამოსასვლელად დაახლოებით 5წთ სჭირდება. მეტიც, სადგურამდე მისასვლელად, რადენიმე ექსკალატორიც კია დამონტაჟებული.
არსენალნას მეტროსადგური სვიატოშინსკო-ბროვარსკას ხაზის ნაწილია. რუკაზე ის წითელი ხაზითაა მონიშნული და მიგნება ნამდვილად არ გაგიჭირდება.
რა ვჭამოთ კიევში
უკრაინაში ჩასულმა რომ უკრაინული ბორში არ გასინჯო, ალბათ დანაშაულია. აქაური ბორში დამერწმუნე ყველაზე გემრიელია!
გარდა ბორშისა, აუცილებლად გასინჯე ‘ვარენიკები’. შიგთავსები შეიძლება იყოს ყველაფერი – კარტოფილი, სოკო, მოხარშული ხორცი, ხაჭო, კომბოსტოს მარინადი და ალუბალი.
კეივსა და უკრაინის დანარჩენ ქალაქებში ყველაზე გემრიელად და დაბალ ფასად პუზატა ჰატაში (Puzata Hata) შეჭამ.