ტროგირი – ისტორიული სანავსადგურო ქალაქი, რომელიც მდებარეობს დალმაციის სანაპიროზე, ერთ-ერთია იმ მშვენიერ ქალაქებს შორის, რომელიც ხორვატიაში მოვინახულეთ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული და საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ევროპული ქალაქი ძალიან კარგი ვარიანტია ხორვატიის ქალაქ სპლიტიდან ერთდღიანი მოგზაურობისთვის. ქალაქი ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილით არ გამოირჩევა, თუმცა მისი სილამაზე მაინც ხიბლავს და იზიდავს ვიზიტორებს. მაინც რა ვნახოთ ტროგირში?

შუასაუკუნეების კედლებში ჩამალული, პაწია კუნძულზე გაშენებული ქალაქი საუკეთესო საშუალებაა ხალხმრავალი, ხმაურიან ქალაქებისგან თავდასაღწევად და ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში სასეირნოდ.
ერთი დღე სრულიად საკმარისია მთლიანად ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ ჩვენს გეგმებში ცვლილებების გამო, მოგვიწია ერთი ღამით დავრჩენილიყავით.
რა ვნახოთ ტროგირში: ზღვის სანაპირო

ქალაქში ჩასვლისთანავე ზედგამოჭრილი ამინდი დაგვხვდა ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ, ნავსადგურის ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. იქვე შეგიძლია ლანჩისთვის ჩამოსხდე რომელიმე რესტორანში და ისიამოვნო პალმის მაღალი ხეებისა და ლაჟვარდოვანი წყლის ხედებით.
რა ვნახოთ ტროგირში: ძველ ქალაქი

მართალია, ტროგირი პატარა ქალაქია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ მარტივია დაიკარგო მის მიხვეულ-მოხვეულ ქვით მოკირწყლულ ქუჩებში. თუმცა, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს უსიამოვნო რამ, რადგან ამ დროს მთავარი ტურისტული ქუჩების მიღმა შეიძლება გადააწყდეთ უნიკალურ დეტალებს.

ქალაქის მთავარი სანახაობები მისი ცენტრალური მოედნის ირგვლივ მდებარეობს. ესტუმრე წმ. ლოურენსის კათედრალს თავისი სამრეკლოთი, წმ. სებასტიანის ტაძარსა და ქალაქის საათს.
რა ვნახოთ ტროგირში: კამერლენგოს სასახლე

მე-15 საუკუნის სასახლე და ციხესიმაგრე კუნძულის ერთ-ერთ წვეტზე მდებარეობს და დამთვარიელებელს საოცარ ხედებს სთავაზობს ქალაქზე, ნავსადგურსა და წმ. ლოურენსის კათედრალზე. ციხესიმაგრე სრულად დაცლილია და მხოლოდ ზაფხულში, სხვადასხვა წარმოდგენებისთვის გამოიყენება. უბრალოდ, აისეირნე ციხეზე და დატკბით ხედით.
ფასი: 25 Kuna
გასინჯე ნუშის ცნობილი ნამცხვარი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ტროგირში აუცილებლად უნდა გააკეთო, არის ძალიან ცნობილი დესერტის ,,ტროგირსკი რაფიოლი“-ს გასინჯვა. სასტუმრო მედენას საკონდიტროში შეგიძლიათ დააგემოვნო ეს უგემრიელესი ნუშის ნამცხვარი ყოველგვარი დანამატისა და მინარევების გარეშე.

ნამცხვარს თავისი წარმოშობის ლეგენდაც კი აქვს. გოგონა გვარად რაფიოლი დატყვევებული იყო კამერლენგოს სასახლეში. ის იმედს არ კარგავდა, რომ თავისი სატრფო დაიხსნიდა და დროის გასაყვანად დაიწყო გემრიელი ნამცხვრების გამოცხობა. გოგონა გადაარჩინა ტროგირელმა აზნაურმა და წაიყვანა თავისთან სახლში, სადაც რაფიოლი სიცოცხლის ბოლომდე ნამცხვრებს აცხობდა თავისი მხსნელისთვის.
დასარჩენი ადგილი ტროგირში
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ტროგირში დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებდით, ასე რომ ღამისგასათევი ბოლო წუთს დავჯავშნეთ. თუმცა, ძალიან გაგვიმართლა და ცენტრთან ახლოს ოჯახური სასტუმრო Villa Jadran ვიპოვეთ.

თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!