ახალი წელი წელიწადის სწორედ ის დროა, როდესაც ადამიანები განსაკუთრებით ინტენსიურად ვიწყებთ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევაზე ფიქრს. ჯერ კიდევ ფიქრობ და ვერ ჩამოყალიბდი, როგორი ტიპის საჩუქრებით გაახარო განსხვავებული გემოვნების ოჯახის წევრები და მეგობრები? ამ სტატიით ვეცდები საჩუქრების არჩევა ცოტათი მაინც შეგიმსუბუქო. მაშ ასე, წარმოგიდგენ საახალწლო საჩუქრების გრანდიოზულ სიას, რომელიც დაგეხმარება შეარჩიო საახალწლო საჩუქრები თანამშრომლებისთვის, ოჯახის წევრებისთვისა და მეგობრებისთვის.
ქართული თემატიკის საახალწლო საჩუქრები
ალტერსოქსი
ფერადი, განსხვავებული და სხვადასხვა თემატიკით დაპრინტული წინდების ნებისმიერი ასაკის მოყვარულისთვის, ალტერსოქსის წინდები ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. მისი შემქმნელები იმდენად მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, რომ წესით არჩევანის გაკეთება არ უნდა გაგიჭირდეს, ანდაც პირიქითი -შეიძლება არჩევანში ჩაიკარგო.

ყველაზე პოპულარული მაინც ხინკლისა და აჭარული ხაჭაპურის პრინტიანი ვერსიებია. თუმცა, აქვე იპოვი სხვა, სახალისო ნახატებსაც, როგორიცაა ჩოხა, ფიროსმანი, ქართული ანბანი, ქართული ღვინო, დროშა, ჰარი პოტერი, სალვადორ დალი, კლიმტი, ვან გოგი, ფრიდა, უცხოპლანეტელები და ასე შემდეგ დაუსრულებლად.
გეოპოსტერი
გეოპოსტერი ქართულ თემატიკაზე ქმნის სხვადასხვა პროდუქტს თანამედროვე დიზაინით, როგორიცაა პოსტერები, ბლოკნოტები, მაგნიტები, სანიშნეები, ნაჭრის ჩანთები, ხალიჩები და მისალოცი ბარათები. მათი პოსტერებით ოთახების ძალიან საინტერესოდ და განსხვავებულად მორთვა არის შესაძლებელი.

პინაძე
შემთხვევით შენს რომელიმე მეგობარს გულსაბნევები ხომ არ უყვარს? თუკი ეს ასეა, მაშინ ,,პინაძე“ აუცილებლად უნდა განიხილო ერთ-ერთ ალტერნატივად. ქართულ თემატიკაზე შექნილი მეტალის გულსაბნევები ძალიან უხდება ქურთუკებს, ჩანთებს, შარფებს და ა.შ.
აბა, წარმოიდგინე ყანწის, ხინკლის, ქართული დროშის, აჭარული ხაჭაპურის, ცნობილი ქართველი სთრითარტისტის Lamb-ის ფორმის გულსაბნევები. დარწმუნებული ვარ, რომელიმე ახლობელი აუცილებლად აღტაცდება მსგავსი საჩუქრით.
სკაუტი
სკაუტი ქართული თემატიკის გულსაბნევების დამამზადებელი მორიგი კომპანიაა. მათ ნამუშევრებში გადაეყრებით ხინკლის, ხაჭაპურის, ყანწის, საქართველოს რუკის, ქართლის დედის, ფიროსმანის ცნობილ მეთევზეს და პეტრე ოცხელის გულსაბნევებს.

ქართული სიტყვები
მორიგ ტრენდულ, ქართულ თემატიკაზე შექმნილ საჩუქრებს, გულსაბნევებსა და ქართულ სიტყვებს ქმნის კომპანია ,,ვიწრო“. აქ იპოვი უამრავ ქართულ სიტყვას ინგლისური თარგმანით. ჩემი საყვარელი ვარიანტებია: შემომეჭამა და რა ვჭამოთ? მათივე პროდუქტია: ნახვამდის, მადლობა, სიყვარული და ანბანის ასოები.

ატარე ანბანი
რთული მისახვედრი არ არის, რას შეიძლება ქმნიდეს ამ სახელის მქონე ბრენდი. აქ იპოვი ოქროთი და ვერცხლით დამზადებულ ასოებს. სამაჯურებისა და გულსაკიდების დიზაინი ძალიან მარტივი და ელეგანტურია. თუ გინდა, ასოებისგან ნებისმიერ სიტყვას ან ფრაზას დაგიმზადებენ კიდევაც. ჩემი აზრით, მშვენიერი პერსონალური საახალწლო საჩუქრები გამოგივა საყვარელი ადამიანებისთვის.
კაშნე
კაშნეს ერთ-ერთი წამყვანი თემატიკა ვეფხისტყაოსანია. დაპრინტული შარფები სპარსული ხელოვნების ნიმუშებს ჩამოჰგავს და ძალიან კარგი საჩუქარია ამ ტიპის აქსესუარების მოყვარულთათვის.

თასმა
Tasma.ge ამზადებს ფეხსაცმლის თასმებს როგორც ქართულ თემატიკაზე ასევე ცნობილი მხატვრების ნამუშევრების მიხედვით. მაგალითად, ვან გოგი, კლიმტი, ფრიდა კალო, კანდინსკი და ა.შ. ქართველებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ფიროსმანის ნახატები, რაგბის ლოგო და ფრაზები ვეფხისტყაოსნიდან.

ქართული მოგონებები
თუკი თვლი, რომ ქალაქებისა და ქვეყნის ავთენტურობა მის უნიკალურ, თუნდაც პატარ-პატარა დეტალებში იმალება და კოლორიტ ადამიანებთან ერთად სწორედ ეს დეტალები ქმნიან ჩვენს ირგვლივ არსებულ საყვარელ გარემოს, მაშინ ეს ყელსახვევები სწორედ შენთვისაა. თუ ვინმეს იცნობ, ვისაც თბილისური კარები, ქართული ორნამენტები, სახელურები, ფანჯრის დეკორაციები, სვანეთის ხედები, ფიროსმანის ნახატები უყვარს, მაშინ თამამად შეგიძლია ,,ქართული მოგონებების“ მიერ შექმნილი ყელსახვევები აჩუქო.
მანდილი
მანდილის ყელსახვევები ქართული არქიტექტურისა და ისტორიული ადგილების პრინტებით არის დამშვენებული. მაგალითად, მათთან იპოვით გელათის ორნამენტებიან, მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ხალიჩების დეტალებიან ან ორბელიანის აბანოს ნახატებიან ყველსახვევებს.
ჩინი
თუკი ჩემოდნის უნიკალურ, განსაკუთრებულად მშვენიერ და ყურადღებისმიმქცევ ჩასადებს ეძებ, მაშინ ჩინის პროდუქციას უნდა შეავლო თვალი. მათი ძირითადი ფოკუსი სწორედ ფაქიზი ქსოვილისგან დამზადებული, ქართულ თემატიკაზე შექმნილი, დაზიანებისგან დამცავი ჩემოდნის გადასაკრავებია.

პრინტები ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს ქართულ ანბანს, ეროვნულ დროშას, ფიროსმანის მეთევზეს და პეტრე ოცხელის ორ ნახატს. ჩემოდნის ჩასადებების გარდა ჩინი ამზადებს იგივე პრინტიან სამგზავრო ბალიშებსა და ნაჭრის ჩანთებსაც.
ხელნაკეთი კერამიკული ნივთები
კერამიკული ნაწარმი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია და შესაბამისად განსხვავებული თემატიკის ნაკეთობებს ბევრგან გადააწყდები.
Hoda ქმნის პატარა ზომის, მარტივად გადასატან კერამიკის სახლუკებს, რომლებიც გაფორმებულია ძველი თბილისისთვის სახასიათო, ძალიან ცნობილი ორნამენტებით. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ თიხის მინიატურული ფიგურებისგან შექმნილი ყელსაბამები.
White Studio-ში კერამიკულ ნივთებთან ერთად ქსოვილის პროდუქტს, ავეჯსა და სამკაულებსაც ამზადებენ. აქ კერამიკის დაპრინტული სუვენირების ძალიან ფართო არჩევანია. ჩემი აზრით, მათი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური პროდუქტი ქართული ანბანით გაფორმებული თეფშების კოლექციაა.

კერამიკის სტუდია 1300-ში ამზადებენ და ყიდიან ულამაზეს ნაწარმს ქართულ თემატიკაზე, რომელიც საახალწლო საჩუქრებადაც გამოდგება. აქ აქვთ თეფშები, ჭიქები, ლარნაკები, ბოთლები, თასები და სხვა ჭურჭელი.
კერამიკული სტუდია SiO2 არის პატარა სტუდია, სადაც გადაეყრები თანამედროვე, მინიმალისტურ, ფერად კერამიკულ თეფშებს, თასებს, ლამბაქებს, ლარნაკებს და ა.შ. ნამუშევრები, ძირითადად, მოჭიქურებულია, ზედმეტად არ არის ორნამენტებით გადატვირთული და ჭარბობს პასტელის ფერები, რითაც ისინი სახლის დეკორში საინტერესო დეტალად შეიძლება ჩაჯდეს.
საჩუქრები საახალწლო თემატიკით
კამარა
,,კამარას“ მთავარი საქმიანობა ბუნებრივი ქვების დამუშავება და მოპირკეთებაა. მათი ნახევრად-ბუნებრივი ქვებისგან – ონიქსი, ლაზურიტი, ტრავერტინი – დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოები ნამდვილად ძალიან უცხო და საინტერესო საჩუქარია ნებისმიერისთვის. უბრალოდ, სურათებს შეხედე, ხომ ძაან საყვარელი ნამუშევრებია?
Nancy’s
შემთხვევით ნაძვის ხის ხელით მოხატულ სათამაშოებს ხომ არ ეძებ? ზუუუსტად ამას ამზადებს ნენსი. მისი უნატიფესი, ზამთრის თემატიკის სათამაშოები ულამაზესი დანამატი იქნება შენი ნაძვის ხისთვის ან ნებისმიერისთვის, ვისაც აჩუქებ.

მაქმანი
მაქმანი ხელნაკეთი ნივთების მორიგი კომპანიაა, რომელიც თექისგან ამზადებს ლეპტოპის, თაბლეთის, ტელეფონის ჩასადებს, სანიშნეებს, გასაღების საკიდებს, გულსაბნევებს, ჩანთებს და ა.შ. ასევე აქვთ ნაძვის ხის თექისგან დამზადებული სათამაშოები და თუკი გინდა, რომ კერძო ადამიანისთვის ძალიან სახასიათო დეტალი დაიტანო საჩუქარზე, აქ ინდივიდუალური დიზაინის შეკვეთებსაც იღებენ.
სალომე კანდელაკის ხელნაკეთი ნივთები
სალომე ძალიან დახვეწილ და ელეგენტურად გაფორმებულ ბალიშებსა და ბალიშის პირებს კერავს. მის ნამუშევრებში ფიგურირებს როგორც საახალწლო თემატიკა, ასევე ასტროლოგია და ზოდიაქოს ნიშნები. ეს საუკეთესო საჩუქარია საახალწლო საღამოების განმავლობაში ფილმების ფუმფულურად და კომფორტულად საყურებლად ცხელი შოკოლადითა და გლინტვეინითურთ.
მანდალა
ხელნაკეთი შუშის სათამაშოების ფართო არჩევანი აქვთ მანდალაში სრულიად მისაღებ ფასად. თემატიკა – მრავალფეროვანი: საახალწლო, ანგელოზის ფორმები, საყურეები და ა.შ.
ბაბალე
ბაბალე სოციალური საწარმოა, რომელიც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ დაარსდა. მათი ყველა პროდუქტი შექმნილია საქართველოში, სპეციალური საჭიროების მქონე პირების მიერ, ქსოვილისა და ხის მასალის გამოყენებით. აქ გადააწყდები უნიკალურ, ძალიან გამორჩეულ, ხელნაკეთ საახალწლო საჩუქრებსა და სათამაშოებს.

პავონე
პავონე ამზადებს ხელნაკეთ ფერადი შუშის აქსესუარებს, სახლისთვის საინტერესო დეკორაციებს, სამკაულებსა და შეღებილ შუშებს. მათ ყველა ნამუშევარში სინატიფე, ზრუნვა და იდნივიდუალობა ჩანს. მათ პროდუქციაში იპოვით საახალწლო საჩუქრებს, საყურეებს, ბეჭდებს და მრავალფეროვან დეკორატიულ ელემენტებს.
ჩიტუნა (Birdie)
ჩიტუნა გვთავაზობს ხელნაკეთ, სახლის დეკორატიულ დეტალებს. მათი პროდუქცია ძირითადად ხისაა და ხელით მოხატული ორნამენტებით, ასოებით, ცხოველებით არის დამშვენებული. აქ იპოვი სარკეებს, სამკაულის ჩასალაგებელ ყუთებს, სინებს და დეკორატიულ დეტალად ქცეულ სამზარეულოს დაფას.
საახალწლო საჩუქრები ბავშვებისთვის
ნაქსოვი სათამაშოები
თუ შენი ოჯახის წევრისთვის ან მეგობრის მცირეწლოვანი ბავშვისთვის რაიმე განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებ, მაშინ ნაქსოვი სათამაშოები ზუსტად ისაა, რაც უნდა განიხილო ალტერნატივად. ამ ტიპის სათამაშოების შემქმნელების უმრავლესობა პირად შეკვეთებზე და კერძო დიზაინებით მუშაობენ. NinaLO არამხოლოდ სათამაშოებს, არამედ ტანსაცმელს და კალათებსაც ქმნის შეკვეთის შემთხვევაში.
Mamamia პატარა, ფერად ცხოველებს ქსოვს. მათი ყველაზე პოპულარული პროდუქცია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბაჭიები არიან. თუმცა ასევე აქვთ ძაღლებიც, თაგვებიც, ირმებიც, სპილოებიც და ა.შ. ისინი იყენებენ მხოლოდ აბრეშუმს და შესაბამისად, სათამაშოები ანტიალერგიული, ეკო-მეგობრული და უსაფრთხოა.
კარაველა
კარაველა ამზადებს სხვადასხვა თემატიკით გაფორმებულ საბავშვო კარვებს. როგორც წესი, კომპლექტში შედის პლედი და ბალიშები. აქ არამხოლოდ მზა პროდუქცია აქვთ, არამედ კერძო შეკვეთის შემთხვევაში, ეცდებიან ზუსტად შენს სურვილებს მოარგონ საბოლოო კარაველა. ასევე, საბავშვო ოთახში ჩამოსაკიდი ჰამაკებიც უხვად აქვთ დამზადებული.
ხელნაკეთი ინტერაქტიული წიგნები
ინტერაქტიული წიგნები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ძალიან კარგი საჩუქარია. მსგავსი სათამაშოებით ბავშვებს უვითარდებათ ფაქიზი მოტორიკა, მეტყველება და წარმოსახვა.
ერთ-ერთი კომპანია ,,ამბის ბუდე“ ქმნის ხელნაკეთ და მყიდველის გემოვნებაზე მორგებულ წიგნებს ისეთ თემებზე, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებით აინტერესებთ, მაგალითად, მათემატიკა, ლოგიკა, კერძო ამბავი რომელიც ბავშვს განსაკუთრებულად უყვარს და ა.შ.
,,მარიკიტა“ მორიგი კომპანიაა, რომელიც მსგავს წიგნებს რბილი მასალისგან და ქსოვილებისგან აკეთებს. ინტერაქტიული წიგნების გარდა მათ ასევე აქვთ ხელნაკეთი სათამაშოები, თითებისა და ხელის თოჯინები, ბალიშები, ჭადრაკის სათამაშო ფიგურები და ა.შ.
ჩიკატაი
მუსიკის დამკვრელ სათამშოებს ხომ არ ეძებ? მაშინ ჩიკატაი უნდა დაათვალიერო. ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ფუმფულა და ნაზ სათამაშოებს მუსიკითურთ, რის გამოც ძალიან უყვარდებათ ეს სათამაშოები ბავშვებს.
კომპანიის სახეა ყარყატი, რომელსაც სჯერა რომ ყველაფერი გასაოცარი იწყება გამორჩეული მუსიკით, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას მოისმენს ადამიანი ამ სამყაროში შემობიჯების პირველ ხანაში! ჩიკატაის სათამაშოები ,,მღერიან“ ლეგენდარული გია ყანჩელის მელოდიურ, მშვიდ და უბრალოდ გენიალურ სიმღერებს!
ოლაფინია
ოლაფინია მეგრულად სათამაშოს ნიშნავს და კომპანია ქმნის სათამაშოების დასამზადებელ კომპლექტს შენთვითონგააკეთე იდეით. კომპლექტში შედის მითითებები, მზა ქსოვილი რომელსაც მხოლოდ გამოჭრა სჭირდება და ზეგ თარგი წინასწარ დახაზულია, ნემსი, ძაფი და ყველა საჭირო დამატებითი დეტალი.

ოლაფინიას მთავარი პეწი ისაა, რომ სათამაშოები წარმოშობით სხვადასხვა რეგიონიდან არიან და მათი განმასხვავებელი დეტალი სწორედ იმ მხარისთვის სახასიათო ტრადიციული სამოსია ხოლმე.
ეკო-მეგობრული საახალწლო საჩუქრები
Zero Effect არის ერთადერთი მაღაზია თბილისში, რომლებიც პროდუქტს მეორადად სრულად ამუშავებენ და ამზადებენ ეკო-მეგობრულ აქსესუარებს, ნაჭრის ჩანთებსა და კანის მოვლის საშუალებებს. აქ გადაეყრები სამზარეულოს აღჭურვილობას, ბამბუკის ჯაგრისებს, თმის აქსესუარებს, საპარს კომპლექტს, მაკიაჟისთვის საჭირო ხელსაწყოებს და ა.შ. მეტიც, ბუნებრივ დეოდორანტებს, მყარ შამპუნებსა და საპნებსაც კი.

საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი, ბუნებრივი პროდუქტები
თუ შენ, შენი ოჯახის წევრები, ახლობლები ან მეგობრები კანის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ამ ტიპის უამრავი პროდუქტის პოვნა შეიძლება თბილისში. მაგალითად, ,,საპოვნელა“ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ამზადებს სახისა და ტანის კრემებს, საპნებს, დამატენიანებელ ნიღბებს, ფრჩხილისა და ტუჩის მოვლის საშუალებებს, აბაზანის მარილს, ქაფებს და ა.შ.
,,საპონერია“-ს ბუნებრივ ზეთებსა და კარაქზე დამზადებული საპნები სარგებლიანობის გარდა სილამაზითაც გამოირჩევა. ისინი ასევევ ამზადებენ აბაზანის ქაფებს, თმის ნიღბებსა და შრატებს.
Pie Naturals მორიგი კომპანიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის კანისა და თმის მოვლის ნატურალურ პროდუქციას გვთავაზობს. მათ ასორტიმენტში შედის: მყარი საპნები, ტანის ლოსიონები, დამატენიანებელი ზეთები და კრემები, თმის მოვლის საშუალებები, აბაზანის ქაფები, წვერის ლოსიონები და ა.შ.
სხვადასხვა საახალწლო საჩუქრები
Cosmic Dance
Cosmic Dance ტანსაცმლის ქართული ბრენდია. იგი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მხატვრებთან, რომლებიც ექსკლუზიურ პრინტებს ქმნიან კომპანიის ტანსაცმლის ხაზისთვის. ადგილობრივი მხატვრების გარდა, ბრენდის ტანსაცმელზე იპოვი ისეთი ლეგენდარული მხატვრის ნამუშევარს, როგორიც კრისტოფ შპიდელია. ბელგიელ მხატვარს ,,ლოგოების მბრძანებელსაც” (Lord of Logos) უწოდებენ მისი ნამუშევრების გამო, რომლებსაც როკისა და მძიმე მეტალის მუსიკალური ჯგუფებისთვის ქმნის.
აქ იპოვი მაისურებს, „ჰუდებს”, შარვლებს, ქურთუკებს, ნაჭრის ჩანთებს, ქუდებსა და ა.შ. პროდუქციის ნახვა და ყიდვა შეგიძლია როგორც ონლაინ, ისე მაღაზიაში კ. აფხაზის ქ. 18/2-ში.
ნაირნაირი
ნაირნაირი გვთავაზობს სხვადასხვა თემატიკით – ცნობილი ფილმები, ანიმეები, ანიმაციური ფილმები, მუსიკოსები – დაპრინტულ თასმებს. მათ კოლექციაში გადააწყდები: ჩემი მეზობელი ტოტორო, მებრძოლთა კლუბი, სიკვდილის დღიურები, ჰარი პოტერი, მატრიცა, სპანჯბობი, სიმპსონები, ბითლზები, დევიდ ბოუვი, რადიოჰედი, პინკ ფლოიდი, გორილაზი და ა.შ.
რინგო
შენ ან შენს მეგობრებს შინაური ცხოველი ხომ არ გყავთ? რინგო გთავაზობთ ხელნაკეთ, ტყავის ქისას, რომელშიც ბიოდეგრადირებადი პარკებია მოთავსებული ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ფეკალიების ასაღებად. ეკო-მეგობრული პროდუქტი სხვადასხვა ფერებშია და ასევე მოჰყვება დამატებით ყუთიც ოთხი პარკისთვის. რინგოში ასევე აქვთ 3 გრადაციის ვეგანური ჩანთები.

ასტეროიდ B612
ასტეროიდ B612 არის ახალი ინიციატივა დამწყები ადგილობრივი არტისტებისთვის, რათა გამოფინონ თავიანთი ნამუშევრები და დაიმკვიდრონ თავი ამ მაღალკონკურენტულ გარემოში. პროექტის მთავარი იდეა არის თავისუფალი და უსაფრთხო სივრცის შექმნა, სადაც ხელოვანი ადამიანები თავიანთი პროდუქციით შეძლებენ საკუთარი კრეატიული ხედვებისა და იდეების გამოხატვას.
აქ შეგიძლია ქართველი არტისტების მიერ სპეციალურად ასტეროიდისთვის შექმნილი პოსტერების ყიდვა, მათ შორის ისეთების, რომლებიც ჯერ არასდროს დაპრინტულა სხვაგან.
სვის ჭიქები
სვი არის მორიგი ქართული კომპანია, რომელიც ძალიან სახალისოდ და ორიგინალურად მოხატულ კერამიკისა და მეტალის ჭიქებს ამზადებს. მათ ჭიქებზე წააწყდები უამრავ სახალისო წარწერას, მაგალითად, ჩაიფიქრე, ბუნება გიხმობს, წამო სადმე და ა.შ. ასევე ძალიან საყვარელი პრინტებია კატების გამოსახულებით: ,,მე შენ მიაუ.. მეც“ ან საახალწლო მილოცვა – ,,მრავალ ახალ წვერს“!

სად შეგიძლია ამ ყველაფრის შეძენა?
სტატიაში ჩამოთვლილ ბევრ კომპანიებს თავიანთი სტენდები აქვთ სავაჭრო ცენტრებში, ზოგი ონლაინ ფუნქციონირებენ ან სხვადასხვა სუვენირების მაღაზიებში შეაქვთ თავიანთი პროდუქცია. ძველ თბილისში მდებარე ,,გალერეა 27“ არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ქართული სუვენირების შესაძენად.
ასევე შაბათ-კვირას ხელნაკეთი პროდუქცია გამოფენილი რუსთაველზე, მეტროსადგურ თავისუფლების მიმდებარედ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ, ღია ცის ქვეშ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლია აქ გაეცნო.

თუ უფრო მეტი ხელნაკეთი ნივთის დათვალიერება გინდა, მაშინ ქარვასლაში მიაკითხე ,,კრეატიულ სახლს“.
ონლაინ-გვერდების მქონე კომპანიებს კი ყოველთვის შეგიძლია მისწერო და დააზუსტო თუ სად, როგორ, რანაირად შეძლებ მათი პროდუქიის დათვალიერებასა და შეძენას.