fbpx
ხორვატია
ხორვატია

სად დავისვენოთ ხორვატიაში?

იმის მიუხედავად, რომ ხორვატია პატარა ქვეყნად ითვლება, აქ უამრავი მშვენიერი, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ადგილია. სამიზნე ქალაქის არჩევისას ბევრი სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი და განსაკუთრებით ის თუ როგორი ტიპის მოგზაური ხარ, რამდენი დრო გაქვს, ბიუჯეტი და როდის აპირებ მოგზაურობას. მოკლედ, აქ ჩამოთვლილია ხორვატიის საუკეთესო ადგილები, რომლებიც შენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.

სად მდებარეობს ხორვატია?

გეოგრაფიულად ხორვატიის რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ და ცენტრალური ევროპის გზაშესაყარზე, ადრიატიკის ზღვასთან. მას ესაზღვრება სლოვაკეთი, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და სერბეთი. საზღვაო საზღვარს კი იტალიასთან იზიარებს.

დედაქალაქი: ზაგრები

პოპულაცია: 4.28 მილიონი (2017 წლის მონაცემებით)

ოფიციალური ენა: ხორვატიული

ანბანი: ლათინური

ვალუტა: კუნა (HRK)

როგორ მოვხვდეთ ხორვატიაში?

ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ხორვატიაში მოხვედრა არანაირი სირთულეს არ წარმოადგენს. არსებობს პირდაპირი ფრენები ხორვატიის მთავარი ქალაქების მიმართულებით და მათ შორის არიან საკმაოდ ბიუჯეტ-მეგობრული ავიახაზები, როგორიცაა WizzAir, Ryanair, Eurowings. თუ სათითაოდ ყველა ავიახაზის პერსონალურ ვებგვერდზე შესვლა გეზარება, შეგიძლია Skyscanner გამოიყენო, სადაც ყველა ფრენა თავმოყრილია იაფიანების ჩათვლით.

ხორვატია
დუბორვნიკის ხედი

ფრენის გარდა შეგიძლია, ავტობუსით მოგზაურობაც სცადო ხორვატიამდე. ხორვატიის მთავარი ქალაქები ძალიან კარგად არის დაკავშირებული სხვა ევროპულ ქალაქებთან. მიუხედავად იმისა, რომ უარავი სხვადასხვა კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით, ავტობუსების განრიგის ონლაინ პოვნა საკმაოდ რთულია. მე გირჩევ, ესენი სცადო: GetByBus და FlixBus.

დამატებითი რჩევა: თუკი ქუთაისის აეროპორტიდან მიფრინავ ბუდაპეშტში, იქიდან ზაგრებში 5 საათში ჩახვალ ავტობუსით.

ხორვატია სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა

ხორვატიაში ქუჩის დანაშაულების ძალიან დაბალი პროცენტია და ძალადობა თითქმის საერთოდ არ ფიქსირდება. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, საკუთარ ნივთების ყურადღება მიაქციე.

საუკეთესო დრო ხორვატიაში სამოგზაუროდ

ივლის-აგვისტო ვიზიტორებით ყველაზე გადატვირთული პერიოდია ხორვატიაში და რადგან ამ დროს ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ადგილებს ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს, შესაძლოა შენთვის სულაც არ იყოს ყველაზე მოხერხებული დრო, თუ ხალხით გადატვირთული ადგილები არ გიყვარს.

places to visit in Croatia
მზის ჩასვლა ჰვარში

შესაბამისად, ხორვატიის მოსანახულებლად საუკეთესო დროა ივნისი და სექტემბერი. არც ოქტობერია მაინცდამინაც ცუდი, უბრალოდ შეიძლება ზღვაში ისე თავისუფლად ვეღარ გაცურო. ამ თვეებში ქვეყანაში გაცილებით ნაკლები ტურისტია, ამინდი მზიანი და თბილია, არც რიგებია და ფასებიც გაცილებით დაბალია.

როგორი ტიპის მოგზაურობას ისურვებდი?

ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად დაგეხმარება, რომ ზუსტად განსაზღვრო ხორვატიაში შენი მოგზაურობის მიმართულებები. ქალაქებში ხეტიალი და ისტორიული ფაქტების გაგება მოგწონს? თავგადასავლების მაძიებელი ხარ თუ სანაპიროზე მშვიდი დასვენება გირჩევნია? იქნებ ღვინომოყვარული ხარ, რომელსაც ძალიან უნდა ადგილობრივი ვენახები მოინახულოს?

მაშ ასე, არ აქვს მნიშვნელობა, ქალაქების დათვალიერება გიყვარს, ეროვნულ პარკებში ხეტიალი თუ მთელი დღე სანაპიროზე გარუჯვა, ეს მეგზური დაგეხმარება ზუსტად განსაზღვრო, საით აიღო გეზი ხორვატიაში შენი ინტერესების შესაბამისად.

ხორვატიის ქალაქები

ხორვატია ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ქვეყანაა მათთვის, ვისაც ისტორიული და ანტიკური ქალაქების დათვალიერება უყვარს. საკმაოდ რთულია გამოყო ხორვატიის საუკეთესო ქალაქები, რადგან თითქმის ყველა მათგანს თავისი ხიბლი და უნიკალური მახასიათებელი აქვს. შესაბამისად, რაც არ უნდა შევამოკლოთ ხორვატიის უმშვენიერესი ქალაქების სია, მასში აუცილებლად შევა დუბროვნიკი, ზაგრები, ზადარი, პულა, რიჯეკა, როვინჯი და ტროგირი.

დუბროვნიკი

დუბროვნიკი ცნობილია თავისი სუნთქვისშემკვრელი გალავნით, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ამ ,,ადრიატიკის მარგალიტად“ წოდებული ქალაქიდან შეგიძლია დატკბე ფანტასტიკური ხედებით ზღვაზე, წითელსახურავიანი სახლებითა და შუასაუკუნეების არქიტექტურით.

places to visit in Croatia
დუბროვნიკი

ხორვატიაში მრავლადაა საინსტაგრამე ლამაზი ლოკაციები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხორვატიაში მოგზაურთა შორის დუბროვნიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო ყოველთვის. HBO-ს მიერ ,,სამეფო კარის თამაშების“ აქ გადაღების შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში.

ზაგრები

მოგზაურებს შორის ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები არც ისე პოპულარული ადგილია, თუმცა მისი მდიდარი წარსულისა და შთამბეჭდავი არქიტექტურის გამო მაინც ღირს მისი დათვალიერება.

places to visit in Croatia
წმ. მარკის ტაძარი

აქ შეგიძლია ისეირნო კაპტოლის უბანში და დაათვალიერო ქალაქის კედლის ანტიკური ნანგრევები, დატკბე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის გოთიკური კათედრალით, ნახო ზარბაზნების ზალპი ლოტრშაკის კოშკიდან ან უბრალოდ დაისვენო რომელიმე მშვიდ პარკში. აქვე აღვნიშნავ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ხორვატიული მოგზაურობის მანძილზე ზაგრები ყველაზე იაფი ადგილი აღმოჩნდა.

ზადარი

ზადარი ხორვატიის მორიგი ულამაზესი ქალაქია. ისტორიული ადგილების გარდა, ქალაქში არის ზღვის ორღანი, ექსპერიმენტული მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ზღვის ტალღების მიმოქცვის შესაბსამისად უკრავს ,,მუსიკას“. აქვე არის განთავსებული მორიგი გასაოცარი ღირსშესანიშნაობა – მზის მისალმება – 300 მრავალფენიანი შუშის ფირფიტებისგან გაკეთებული ატრაქცია, რომელიც ჩამავალ მზეს ირეკლავს.

ზადარის მთავარი მოედანი
პულა

ისტრიას რეგიონის უდიდეს ქალაქ პულაში უხვადაა ანტიკური რომაული შენობები, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარული პულას არენაა. ეს ერთადერთი გადარჩენილი და კარგად შენარჩუნებული რომაული ამფითეატრია 4 კოშკითა და 3 რომაული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი კოლონით. ქრისტეს შობამდე 27-68წწ.-ში აშენებული პულას არენა ერთ-ერთია მსოფლიოში ამ სტილის არენებს შორის შემორჩენილთაგან.

ხორვატია
Image by ahundt on Pixabay
რიეკა

რიეკა, ხორვატიაში სიდიდით რიგით მესამე ქალაქი ნაკლებად პოპულარულია ტურისტებს შორის. თუმცა, სწორედ აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ ,,ნამდვილი“ ხორვატიული ყოფა. ქალაქში ნეოკლასიკის სტილის თეატრები და სასახლეებია, რომელიც სახასიათოა ცენტრალური ევროპის ქალაქებისათვის, როგორიცაა პრაღა და ბუდაპეშტი.

ხორვატია
Image by paulinas on Pixabay
როვინი

როვინი მორიგი აუცილებლად სანახავი ადგილია ისტრიაში. მას ხორვატიის უმშვენიერეს ქალაქად მისი ულამაზესი და რომანტიული, ძველი კვარტალები, მყუდრო ბარები, საყვარელი რესტორნები და საგამოფენო გალერეები აქცევენ. ნადვილად არ მოიწყენ როვინჯის ქუჩებში, ძველი ქალაქის მიხვეულ-მოხვეულებში და ვიწრო გასასვლელებში სეირნობისას.

ხორვატია
Image by Momonator on Pixabay
ტროგირი

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული პატარა ქალაქი ტროგირი ცნობილია თავისი ისტორიითა და ვენეციური არქიტექტურით. ქალაქი ძალიან ახლოს მდებარეობს სპლიტთან და შესაბამისად გადასარევი მიმართულებაა ერთდღიანი გასვლებისთვის. და კიდევ ერთხელ, აქ არ დაგავიწყდეთ ადგილობრივი ნუშის ნამცხვრის დაგემოვნება!

ხორვატიის კუნძულები

ხორვატიას დახლოებით 1,200-მდე კუნძული აქვს, სადაც ერთდღიანი ან რამდენიმედღიანი გასვლები შეგიძლია დაგეგმო. უმეტესობა მათგანი დაუსახლებელია და მათზე არსებული ძველი საზღვაო შუქურები ღამისგასათევად არის გადაკეთებული, შესაბამისად საუკეთესო ადგილია ჩუმი და მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის.

მეტიც, ზოგიერთი კუნძული ეროვნული პარკიცაა და ლაშქრობის, ჰაიკინგისა და სერფინგის მოყვარულთათვის საუკეთესო შეთავაზებაა. ზოგადად, ხორვატიის კუნძულები ნებისმიერი ტიპის მოგზაურს დააკმაყოფილებს.

ჰვარი

ჰვარი ცნობილია ახალგაზრდული წვეულებებით, თუმცა აქ ხმაურიანი ღონისძიებებზე გაცილებით მეტი რამის ნახვა შეიძლება. მისი ცენტრალური ნაწილი საკმაოდ პატარაა და რამდენიმე ისტორიულ ძეგლს მოიცავს. თუცა, სტარი გრადი და ჯელსა – კუნძულის ზღვისპირა ქალაქები – მდიდარია კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით.

Things to do in Hvar
კორჩულა

მარკო პოლოს სამშობლო, კუნძული კორჩულა მოგზაურათათვის აუცილებლად სანახავ ადგილად ითვლება. ქალაქი კორჩულა, რომელსაც ხშირად ,,პატარა დუბროვნიკად“ მოიხსენიებენ შემოსაზღვრულია დამცავი გალავნით და სანაპირომდე ვიწრო, მოკირწყლულ ბილიკებს ჩაჰყავხარ. კუნძული ასევე ცნობილია ღვინით, მეთევზეობითა და ტყეების განაპირას გაშენებული პასტორალური ქალაქებით.

ბრაჩი

თუ თეთრქვიშიან სანაპიროს ეძებ, მაშინ ზლატნი რატის პლაჟი ზუსტად ის ადგილია, სადაც უნდა წახვიდე. ცენტრალური დალმაციის რეგიონის ყველაზე დიდი კუნძული ქალაქ სპლიტიდან ბორნით სულ რაღაც ერთი საათის მანძილზეა და მთიან ლანდშაფტსა და ულამაზეს სანაპიროს ერთდროულად გვთავაზობს. ასევე, აქ ჰვარისა და კორჩულასგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები ტურისტია და იდეალურია ოჯახთან ერთად დასასვენებლად ან მათთვის, ვისაც ხმაურიანი და ხალხით გადატვირთული ადგილები არ უყვარს.

places to visit in croatia
Image by Silberfuchs on Pixabay
მლიეტი

კუნძული მლიეტი დუბროვნიკთან ახლოს მდებარეობს და ხორვატიის კუძულებს შორის ყველაზე მწვანე და ყვავილებით მდიდარია. ის ასევე არის ეროვნული პარკი და შესაბამისად თავგადასავლებისა და ულამაზესი ხედების მოყვარულთათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ყურეში მობინადრე ზღვის ჰაბიტატი ძალიან მრავალფეროვანია – ,,ნემოს ძიებაში“ ანიმაციის მსგავსი არსებები – რომლებიც სანაპიროდან მოშორებით ცურავენ ხოლმე.

ხორვატია
Image by ivanbagic on Pixabay

ასევე აქვეა ორი მარილიანი ტბა მალო და ველიკო ჯეზერო (პატარა და დიდი ტბები), რომელიც ადგილობრივებსა და უცხოელებსაც თანაბრად იზიდავს თავის წყნარ წყლებში საცურაოდ. აქედან კი შეგიძლიათ მიაკითხოთ რესტორანს და დააგემოვნოთ განსაკუთრებული გემოს მქონე ადგილობრივი ყველი.

პაგი

ზადარიდან არც ისე შორს მდებარეობს წვრილი და გრძელი კუნძული პაგი, რომელიც რეალურად შექმნილია ორი პარალელური მთათა სისტემის მიერ და უმეტესად მოიცავს მშვიდ სოფლებს, სადაც მაცხოვრებლები ძირითადად მეთევზეობით არიან დაკავებულნი. ქალაქ პაგისთვის სახასიათოა შუა საუკუნეების ვიწრო, თავდაცვითი ქუჩები და გოთიკური კათედრალი.

ხორვატია
Image by BubbleJuice on Pixabay

ეგზოტიკური ადგილები ხორვატიაში

თუ შენ ეძებ ეგზოტიკურ და გაუთელავ ადგილებს, მაშინ კორნატის კუძულები, პელიაშაცის პენინსულა და ვარაჟდინი ზუსტად ასეთი ადგილებია ხორვატიაში.

კორნატის კუნძულები

კორნატის კუნძულები წარმოადგენს 140 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგს, რომელთა უმეტესობა კორნეტის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. კრისტალურად ლურჯი წყლები, უამრავი ყურე და ბუნებრივი ძეგლები სრულიად უნიკალურს ხდის მათ.

ხორვატია
Images by 3dman_eu on Pixabay

კუნძულები დაუსახლებელია და მათი უმეტესობა კუნძულ მურტერის მკვიდრთ ეკუთვნით, რომლებსაც აქ აქვთ ზეთისხილის პლანტაციები, ვენახები და ხეხილის ბაღები. არქიპელაგის დათვალიერების საუკეთესი ვარიანტია ერთდღიანი გასვლები ქალაქ შიბენიკიდან, სპლიტიდან ან ზადარიდან. ასევე შესაძლებელია, კოტეჯის დაქირავება და იზოლირებული დასვენების ან ხორვატიული თაფლობისთვის მოწყობა.

კორნატის კუნძლები ასევე გადასარევი იდეაა წყლისქვეშა ფლორა-ფაუნის მოყვარულთათვის და თუ სკუბა დაივინგი და წყალქვეშ ცურვა გიყვარს, აუცილებლად უნდა სცადო აქ ეს ყველაფერი.

პელიაშაცის პენინსულა

ღვინის მოყვარულები ისიამოვნებთ პელიაშაცის პენინსულაში, რადგან ეს ქვეყნის მთავარი და ყველაზე პოპულარული ღვინის რეგიონია. ყველაზე პოპულარული ხორვატიული ღვინოები დინგაჩი და პოშტუპი სწორედ აქ იწარმოება. ასევე პენინსულაში უამრავი ისტორიული ძეგლის გარდა, არის ქვიშიანი და კენჭებიანი სანაპიროები და ბუნებრივი, ულამაზესი ლანდშაფტი. დუბროვნიკიდან ერთდღიანი გასვლისთვის ძალიან კარგი ვარიანტია.

ხორვატია
Image by fjaka on Pixabay
ვარაჟდენი

ზაგრებიდან 81კმ.-ში მდებარე ,,პატარა ვენად“ წოდებული ვარაჟდინი ხორვატიის ბაროკო ცენტრს წარმოადგენს. შუასაუკუნოვანი სასახლეები, მოკირწყლული და საფეხმავლო ისტორიული ქალაქის ცენტრი თავისი პასტელის ფერების შენობებითა და უმშვენიერესი ბაღ-სასაფლაოებით აღფრთოვანებულს დაგტოვებს.

Image by Eelffica on Pixabay

ხორვატიის საუკეთესო სანაპიროები

გაინტერესებს ხორვატიაში საუკეთესო სანაპიროები სად მდებარეობს? ამისთვის სამხრეთით, დალმაციის სანაპიროსკენ უნდა გაეშურო. ისტრიას რეგიონში ასევე ძალიან ბევრი დასასვენებელი ალტერნატივაცაა. იმის მიხედვით თუ სად რჩები, ქვეყნის რომელი ნაწილის ნახვას აპირებ, შენ შეგიძლია იპოვო საუკეთესო სანაპიროები და დატკბე მზის სხივებით.

ზადარის სანაპიროები

ნინი ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა, როელიც ზადარიდან 15კმ.-ში მდებარეობს. ნაპირი გრძელი და ქვიშიანია, ხოლო წყალი – გამჭვირვალე ლურჯი. აქვე უამრავი ბარია, სადაც მრავალფეროვანი საკვები და სასმელი აქვთ.

სპლიტის სანაპიროები

რაც შეეხება სპლიტის პლაჟებს, საუკეთესო ვარიანტია ბაჩვიცე – სილიან-კენჭიანი სანაპიროთი. საუკეთესო ადგილია ოჯახებისთვის, თუმცა ამსთანავე სოციალურ ჰაბადაც არის ცნობილი.

ჰვარის სანაპიროები

უვალა დუბოვიცა და გრებიშცე ყველაზე პოპულარული პლაჟებია ჰვარში. უვალა დუბოვიცა ფართო, კენჭებიანი სანაპიროა ისტორიული სასახლის ახლოს. ეს ადგილი ასე ვთქვათ ოჯახ-მეგობრულია და ცოტა ხალხს იზიდავს, რადგან მანქანების საპარკინგე ადგილი ძალიან პატარაა და მხოლოდ რამდენიმე მათგანს იტევს.

island hopping in Croatia

გრებიშცეც სილიანი პლაჟია და მდებარეობს ქალაქ ჯელსადან 4კმ.-ში. ხალხი უმეტესად აქ მოდის სანაპიროს ახლოს წყალში სატყაპუნოდ, რადგან პლაჟი საკმაოდ ვიწრო და უჩრდილოა.

ბრაჩის სანაპიროები

ბრაჩის კუნძულის ზლატნი რატი მორიგი გამორჩეული პლაჟია ხორვატიაში. სანაპიროს ფორმა მოგაგონებთ ენას, რომელიც ფირუზისფერ ზღვას უერთდება. სახელი ითარგმნება როგორც ოქროს კონცხი და საუკეთესო ადგილია ფოტოგადაღებისთვის დალმაციის სანაპიროზე, სწორედ ამიტომაც ყველაზე ხშირად ამ სანაპიროს სურათი შეგხვდებათ ქვეყნის შესახებ მეგზურწიგნებსა და ბროშურებში. ხალხმრავლობას თუ არ ჩავთვლით, ეს კენჭოვანი სანაპირო ერთ-ერთი გასაოცარი ლენდმარკია თავისი სუფთა, არც ისე ღრმა წყლითა და ზღვაზე ხედებით.

Image by Gunilla G on Flickr
დუბროვნიკის სანაპიროები

მათთვის, ვინც დუბროვნიკში რჩება, კუპარი საუკეთესო ვარიანტია დუბროვნიკის პლაჟებს შორის. იუგოსლავიელი ხალხის არმიის ყოფილი კურორტი დღესაც პოსტ-აპოკალიფსურ სანაპიროსავით გამოიყურება და აქ არსებული სასტუმროები 90-იანი წლების ომის შემდეგ ჯერ კიდევ ხელშეუხებლად დგას იმავე მდგომარეობაში გაყინული. თუმცა, ამ ფაქტს არ მისცეთ თქვენი დასვენების გაუფერულების უფლება, ყურე ხომ ასეთი მყუდრო, წვრილქვიშიანი და წყალკამკამაა.

ხორვატია
Image by fjaka on Pixabay

სვეტი იაკოვის პლაჟი დუბროვნიკის დამცავი კედლის გასწვრივ მდებარეობს. ქალაქის მთავარ პლაჟ ბენჯესთან შედარებით, სვეტი ჯაკოვი უფრო უკაცრიელია და დაახლოებით 20 წუთია საჭირო იქ მისასვლელად. თუმცა, ეს ნამდვილად ღირს, რადგან აქ დაგხვდებათ დუბროვნიკის ულამაზესი ხედები, სიმშვიდე, ჩრდილი და მყუდროება. ასევე ძალიან კარგია ყვინთვისთვისა და ულამაზესი მზისჩასვლების საყურებლად.

საუკეთესო სანაპიროები ისტრიას რეგიონში

შუასაუკუნოვანი სოფლის ბრშეჩის ქვემოთ, შენ შეგიძლია ნახო ისტრიას რეგიონის საუკეთესო პლაჟი, რომელსაც ძალიან იშვიათად თუ მიაგნებს მოგზაური. იმის მიუხედავად, რომ აქ მოხვედრა ცოტათი რთულია, ეს ნამდვილად ღირს, რადგან ბრშეჩის სანაპიროდან გასაოცარი ხედებია კვარნერის ყურესა და ცრეშის კუნძულზე. გაითვალისწინე, რომ აქ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული და რაც დაგჭირდებათ ყველაფერი თან უნდა იქონიოთ.

კამენიაკის ეროვნულ პარკში ისტრიის რეგიონის მორიგი დიდებული პლაჟი მდებარეობს. დაცული სტატუსი ამ ადგილს იცავს დაბინძურებისა და მშენებლობებისგან. აქ ძალიან ხშირად დაინახავთ დელფინებსა და თეთრმუცელა სელაპებს.

საუკეთესო ეროვნული პარკები ხორვატიაში

ისტორიული ქალაქებისა და სუფთა სანაპიროების გარდა, ხორვატია მდიდარია ეროვნული პარკებით. თუკი ბუნებისმოყვარული მოგზაური ხარ, მაშინ ნებისმიერი ქალაქიდან ერთდღიანი გასვლებით შეძლებ მეზობლად მდებარე ეროვნული პარკის დათვალიერებას.

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მათ შორის. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ეს 16 ურთიერთდაკავშირებული ტბისგან შემდგარი პარკი უდიდესია ხორვატიაში და ქმნის მინიმუმ 25 მეტრიანი ჩანჩქერების კასკადებს. პლიტვიცეს ეროვნული პარკი ასევე ცნობილია მწვანე-ზურმუხტისფერი და ლურჯი-ფირუზისფერი წყლებით. ამ პაკში მოხვედრას ზადარიდან და ზაგრებიდან ერთდღიანი გასვლით შეძლებ.

კრკას ეროვნული პარკი პოპულარობით მეორე ადგილზეა. პლიტვიცესგან განსხვავებით, კრკაში ყველაზე დიდი ჩანჩქერებია და მეტიც, შეგიძლია აქ იცურო კიდევაც. ყველაზე დიდ ჩანჩქერს სკრადინსკი ბუკი ჰქვია და 17 კასკადისგან შედგება. კრკას მონახულება დალმაციის ნებისმიერი ქალაქიდან არის შესაძლებელი, უბრალოდ შიბენიკთან და სპლიტთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ეს პარკი.

კრკას ეროვნული პარკი. Image by milivanily on Pixabay

ჰაიკინგის მოყვარულებმა უნდა მოინახულონ ჩრდილოეთ ველებითის ეროვნულ პარკი. ველებითის მთებით ადრიატიკის ყურე გამოეყოფა ქვეყნის კონტინენტურ ნაწილს და ულამაზეს ხედებს სთავაზობს დამთვალიერებელს. ამ პარკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ბოტანიკური ბაღია, სადაც დაახლოებით 300 სახეობის მცენარეა დაცული. ასევე შეგიძლია გიდთან ერთად მოაწყო ღამის გასვლა და წახვიდე ვარსკვლავებისყურების ტურში, რომელსაც შემეგნაირად ჰქვია – ,,ვარსკვლავები ზავიჟანის თავზე“.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!