კატალონიის დედაქალაქი საკმაოდ დიდი, 10 ადმინისტრაციული რაიონისგან შემდგარი ქალაქია. ამ ქალაქში ვიზიტის დაგეგმვისას, არსებითად მნიშვნელოვანია იცოდე, რომელი უბანია ხელსაყრელი მოგზაურისთვის და რომელს სჯობს, საერთოდ არც გაეკარო. მოკლედ, სად დავრჩეთ ბარსელონაში? აქ ყველაფერია ბარსელონას სასტუმროებსა და უბნებზე
შენიშვნა: პოსტი შეიცავს პროდუქტთან აფილირებულ ლინკებს, რაც გულისხმობს რომ, შენთვის დამატებითი ხარჯის გარეშე, მე მცირე საკომისიოს ვიღებ. ეს მეხმარება, ბლოგის შენარჩუნებასა და უფრო მეტი სტატიის წერაში :)
ბარსელონას უბნების უმეტესობა კარგად უკავშირდება მთავარ ღირსშესანიშნაობებს. ამიტომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება დიდად არც გჭირდება. შენი მოგზაურობის გასამარტივებლად, ამ სტატიაში აღვწერ ბარსელონას იმ უბნებს, სადაც უმჯობესია ღამისგასათევად დარჩენა.
სანამ ამ გასაოცარი ქალაქის ხელსაყრელი უბნების დეტალურ დახასიათებას დავიწყებდე, ბარსელონას ზოგად გეგმარებაზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბარსელონა 10 ადმინისტრაციულ რაიონად იყოფა, ესენია: სიუტატ-ველია, ეშამპლე, სანც-მონტუჯი, ლეს კორტსი, სარია-სანტ-ჟერვასი, გრაცია, ორტა-ჟინარდო, ნოუ-ბარისი, სანტ-ანდრეუ და სანტ-მარტი. ყველა მათგანში რამდენიმე უბანი ერთიანდება. ბარსელონას ეს უბნები ისტორიულ დაყოფას ეფუძნება, ზოგი XVIII-IXსს-ების დროს შემოერთებული ერთეულებია. ყველა ერთად კი სრულიად უნიკალურ ხასიათს ინარჩუნებენ.
გაითვალისწინე:
ბარსელონა კატალონიის რეგიონის დედაქალაქია და აქ მთავარი ენა კატალონიურია. ამიტომ, ზოგიერთ ქუჩას კატალონიური და ესპანური სახელი აქვს, რაც პირველ ჯერზე მოგზაურობისას ცოტათი დამაბნეველია. მაგალითად, სიტყვა „ქუჩა“ კატალონიურად არის Carrer, ესპანურად – Calle. კატალონიურად „რაიონი“ – districtes, ესპანურად – distritos; კატალონიურად „უბანი“ – barri, ესპანურად – barrio.
წაიკითხე: რა ვნახოთ ბარსელონაში ბიუჯეტურად – სრულყოფილი გზამკვლევი და ბარსელონას საუკეთესო რესტორნები
სად დარვჩეთ ბარსელონაში – ბარსელონას უბნები
ეშამპლეს რაიონი (The Eixample District)
ბარსელონას საუკეთესო სავაჭრო და სავახშმო არედ მიჩნეული ეიშამპლე, დიდი და ცენტრალური უბანია ელ ბორნსა და გოთურ კვარტალთან ახლოს. ვთვლი, რომ ჩემთვის საუკეთესო ადგილი იყო ბარსელონაში დასარჩენად. ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა ფეხით სავალ მანძილზეა, მათ შორის გაუდის შედევრები – კასა ბატლო, კასა მილა და საგრადა ფამილია. მეტიც, თუ სხვა ესპანელი არქიტექტორების მოდერნის სტილის ძეგლებით ხარ დაინტერესებული, ეს ზუსტად საშენო უბანია.

რადგან ეშამპლე საცხოვრებელი უბანია, ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოცაა და ღამის ცხოვრებაც და კაფეების კულტურაც ძალიან განვითარებულია. ამასთანავე, სანტ-ანტონი, ეშამპლეს უბანში `ამომავალ ვარსკვლავი“ არე, ძალიანა კარგი ადგილია დასარჩენად თავისი ჰიპური ბრანჩ-კაფეებითა და ყავის მაღაზიებით.
გოთური კვარტალი (Barri Gòtic)
ეს ბარსელონას „ძველი ქალაქია”. სწორედ აქედან იწყება ბარსელონას, როგორც დასახლებისა თუ ქალაქის ისტორია. თავდაპირველად აქ რომაული სოფელი იყო და ამ დიდებული დროის ნაშთები დღემდე შეორჩენილია. სწორედ აქედან მოდის სახელიც – გოთური კვარტალი.
წინადებარე ქალაქის გეგმიდან დღემდე შემორჩენილია ვიწრო, ლაბირინთივით ახლართული ქუჩები. თუ ყურადღებით არ იქნები, შეიძლება დაკარგულად იგრძნო თავი ან ამ ადგილის საუკეთესო ძეგლები გამოგრჩეს.

ბარსელონაში მზარდი ტურიზმიდან გამომდინარე, ამ კვარტალშიც დღითიდღე იზრდება ხალხის რაოდენობა. არის თუ არა გოთური კვარტალი დასარჩენად კარგი ადგილი? პასუხი იმაზეა დამოკიებული, თუ რა ტიპის მოგზაური ხარ. თუ ხალხით გადატვირთული ადგილები არ გიყვარს, მაშინ ნამდვილად არ გირჩევ აქ დარჩენას. მეორე მხრივ კი, გოთური კვარტალი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ქალაქის შუაგულში და მოვლენების ეპიცენტრში უყვარს ყოფნა, საიდანაც ბარები, კაფეები, კლუბები და რესტორნები ძალიან ახლოა. შესაბამისად, ღამის ცხოვრების მოყვარულებისთვის, ბარსელონას ეს უბანი საუკეთესოა დასარჩენად.
უბანი ელ ბორნი (El Born Barrio)
ელ ბორნი გოთური კვარტალის გვერდზე მდებარეობს, მაგრამ მისგან განსხვავებით გაცილებით წყნარი და მშვიდია. ეს რაიონიც შუა საუკუნეებში აშენდა და მეზობლის მსგავსად აქაც ვიწრო და აბურდული ქუჩებია.
აქაურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა შუასაუკუნოვანი მონტკადას ქუჩაა (Calle Montcada), სადაც დღეს პიკასოს და ტექსტილის მუზეუმები მდებარეობს. აქვე შეგიძლია ესტუმრო, მარკეტ დელ ბორნს ანუ ძველ საზოგადო ბაზარს, რომელიც დღეს უკვე არქეოლოგიური ძეგლია. ეს არის ევროპაში ყველაზე დიდი გადახურული მოედანი, რომელიც დადასტურებულად ითვლება კატალონიურ არქიტექტურაში მოდერნიზმის სტილის საწყისად.
გოთური კვარტალის მსგავსად, ელ ბორნიც სავსეა რესტორნებით, კაფეებითა და ტაპას ბარებით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბარსელონაში, თუკი ცენტრში დარჩენაც გინდა და თან ხალხისგან გადატვირთულ ადგილებსაც ერიდები. მეტიც, აქ, ვიწრო ქუჩებში ხეტიალისას საკმაოდ ბევრი საინსტაგრამო ადგილიც შეიძლება აღმოაჩინო.
გრაცია
თუ ბარსელონაში ისეთ ადგილს ეძებ, სადაც ავთენტურ ყოველდღიურობას და ადგილობრივ ვაიბს იგრძნობ, მაშინ გრაციაში უნდა წახვიდე. მე-19 საუკუნის ბოლომდე, სანამ ბარსელონა მის ანექსიას მოახდენდა და ქალაქის საზღვრებში მოაქცევდა, ეს უბანი ავტონომიურ ქალაქს წარმოადგენდა. დღესაც კი, გრაციას მაცხოვრებლებს ჩვევაში აქვთ პატარ-პატარა, შიდაუბნური კოლექტივების ჩამოყალიბება, რათა მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გაატარონ ხოლმე დრო ქალაქგარეთ.
არტისტებითა და ბოჰემური საზოგადოებებით ცნობილი დასახლება გრაცია, ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი უბანია ბარსელონაში, თავისი მიმალული საინტერესო ადგილებითა და საინსტაგრამე წერტილებით.
სად არ უნდა დარჩე ბარსელონაში
ელ რავალი (El Raval)
ელ რავალი ცოტათი წინააღმდეგობრივი რაიონია ბარსელონაში და უფრო მოხერხებულია ისეთი მოგზაურებისთვის, რომლებიც პირველად არ არიან ამ ქალაქში. ერთი რამ ცხადზე ცხადია, რომ ელ რავალი ძალიან მიმზიდველი უბანია და გაჯადოებს და გნუსხავს, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდე კიდევაც მისი ბნელი მხარეებიც. ბარსელონას მასშტაბით ის ნამდვილად არ შედის უსაფრთხო და სუფთა უბნების სიაში, მაგრამ თავისი ხასიათითა და უნიკალურობით მაინც გიზიდავს. მე გირჩევ, რომ ელ რავალი აუცილებლად დაათვალიერო, მაგრამ დარჩენით სხვაგან დარჩე.
ბარსელონას წყნარი უბნები
პობლე სეკი (Poble Sec)
თუ ბარსელონაში იაფ სასტუმროს ეძებ, მაშინ პობლე სეკი უნდა აარჩიო. სიიაფის გარდა სხვა შემოთანაზება მოგზაურებისთვის ამ უბანს ნამდვილად არ აქვს, თუმცა ძალიან კარგად უკავშირდება ბარსელონას ცენტრს და მეტროთი სულ რაღაც 10 წუთში ქალაქის შუაგულში ხარ.
ლეს კორტსი (Les Corts)
ლეს კორტსი ბარსელონას ფინანსური და ბიზნეს რაიონია უამრავი რესტორნითა და სასტუმროთი. თუმცა აქ ტურისტული ღირსშესანიშნაობები არ არის და შესაბამისად, თუ ბარსელონაში მშვიდად გინდა დარჩენა, ეს რაიონიც განიხილე ალტერნატივად. მეტიც, აქ უზარმაზარი სავაჭრო კომპლექსია L’illa პატარა საგამოფენო ცენტრით, ტანსაცმლის მაღაზიებით, სუპერმარკეტებითა და რესტორნებით.
ბარსელონას სანაპირო უბნები
უბანი ბარსელონეტა (Barceloneta Barrio)
ბარჩელონეტას რაიონი ქალაქის ცენტრიდან უახლოესი სანაპიროა და შესაბამისად ყველაზე პოპულარული პლაჟია ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც. თუ ბარსელონაში ბაშვებთან ერთად დასარჩენ ადგილს ეძებ, მაშინ ეს უბანი იდეალურია, რადგან თან ცენტრთან ახლოსაც იქნები და თან აურზაურისგან მოშორებითაც.

ცხადია, ბარჩელონეტას პლაჟი ამ უბნის მთავარი გასართობი ადგილია და ზაფხულში განსაკუთრებით გადატვირთულია ხოლმე. იქვე უამრავი ბარი და რესტორანია და სანაპიროზევე ყიდიან უამრავ რამეს ჩამოტარებით. ამ ადგილის გარდა, ახლოს, ღირსშესანიშნაობების მხრივ მხოლოდ აკვარიუმია – ზომით ევროპაში პირველ ადგილზე მყოფი.
ბარელონას სანტსის უბანი (Barcelona Sants)
თუ ბარსელონაში იაფიან დასარჩენ ადგილს ეძებ, მაშინ ეს უბანი ზედგამოჭრილია. აქ დასათვალიერებელი ფაქტობრივად არაფერია და შესაბამისად ტურისტებიც არ არიან, ამიტომ ვისაც ბარსელონაში დასვენება უნდა ყველანაირი დათვალიერებისა და სიარულის გარეშე, აქ უნდა დარჩეს. თუ ქალაქის ცენტრში მოგინდება წასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან მარტივად იზამ ამას.
ბოგატელი
ბოგატელი ბარსელონას ორომტრიალიდან მოშორებულია. თუმცა, ზაფხულში ადგილის პოვნა აქაც გაგიჭირდება, რადგან ძალიან ბევრი ხალხი იყრის ხოლმე თავს. სხვა, სანაპიროებიანი უბნებისგან მსგავსად, აქაც ბევრი არაფერია დასათვალიერებელი და მშვიდი საცხოვრებელი არეა, რომელიც კარგად უკავშირდება ცენტრს.

სად დავრჩეთ ბარსელონაში: იაფი სასტუმროები ბარსელონაში
ბარსელონაში სასტუმროები საკმაოდ ძვირია. თუ შედარებით იაფიან სასტუმროებსა და ჰოსტელებს ეძებ, მაშინ გირჩევ დაბალ სეზონზე იმოგზაურო. აქ ჩამოვაწერე საშუალო ფასების მქონე ადგილების საუკეთესო ვარიანტები.
სასტუმრო Ginosi Pedralbe
ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, მაგრამ ბარსელონას მთავარ ღირსშესანიშნაობებთან კარგად არის დაკავშირებული. გაუდის შედევრები, როგორიცაა ლა პედრერა, პარკ გუელი, საგრადა ფამილია, კასა ბატლო, აქედან 4-5კმ-ში მდებარებოს და შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან მალე მიხვალ.

ფასები: Booking.com | Agoda.com
სასტუმრო Ronda Lesseps
პარკ გუელიდან 15 წუთის სავალზე და პლაზა ლესსეპიდან 200 მეტრში მდებარე ამ სასტუმროში დარჩენა, ცხადია, უფრო მოხერხებულია. ბარსელონას ღირსშესანიშნაობებიდან არც ისე შორს, გრაციას უბანში მდებარე ეს სასტუმრო იდეალურია მათთვის, ვისაც არატურისტულ ადგილებში ურჩევნია დარჩენა და ადგილობრივი ყოველდღიურობის შეგრძნება.

ფასები: Booking.com | Agoda.com
სად დავრჩეთ ბარსელონაში: საუკეთესო ჰოსტელები
360 Hostel Barcelona
ქალაქის ცენტრში დარჩენის მოყვარულ ბიუჯეტური მოგზაურებისთვის, და არა მხოლოდ, 360 Hostel Barcelona ზედგამოჭრილი ვარიანტია. ჰოსტელი პლაცა კატალუნიადან და ლა რამბლადან 10 წუთის სავალზე მდებარეობს და მეტიც, ბარსელონას ყველა ღირსშესანიშნაობა ფეხით სავალ მანძინლზეა.

ჰოსტელში არის იზოლირებული ორსაწოლიანი ოთახები, ასევე ცალკე საწოლები საერთო მაღალჭერიან და ორნამენტირებული კაფელით მორთულ ოთახებში. ჰოსტელში უფასო Wi-Fi და საერთო სამზარეულოა, სადაც შეგიძლია დღის ნებისმიერი მონაკვეთისთვის მოამზადო საჭმელი. საერთო ლაუნჯ სივრცეში კი მოხერხებული სავარძლები დგას და შეგიძლია კომპიუტერითაც ისარგებლო.
ფასები: Booking.com | Agoda.com
Hola Hostel Eixample
Hola Hostel Eixample მორიგი უკარგესი არჩევანია ქალაქის ცენტრში დარჩენის მოყვარულთათვის. აქედან პლაცა კატალუნიაზე ფეხით 15 წუთში მიხვალ, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სხვა ტურისტული ადგილებიც ახლოსაა. მაგალითად, ელ ბორნი 10 წუთის სავალზეა, საგრადა ფამილიამდე და ციუტადელას პარკამდე კი – 15 წუთის.

ჰოსტელში კონდიციონერიანი საერთო ოთახებია ინდივიდუალური ლოქერებით, მზიანი ტერასა, პრივატული ბარი, საერთო სივრცე და სამზარეულო. ასევე აღსანიშნავია, რომ ფასში შედის საუზმეც.
ფასები: Booking.com | Agoda.com
Arc House Barcelona – Youth Hostel
მეტროსადგურ Arc De Triumf-დან 350 მეტრში მდებარე ამ ახალგაზრდულ ჰოსტელში შერეული და გენდერულად დაყოფილი საერთო ოთახებია ნათელი ინტერიერითა და ინდივიდუალური ლოქერებით. ასევე შეგიძლია სარეცხი მოწყობილობების, საერთო სამზარეულოს, სასადილო სივრცის, ბარგის საწყობის და კომპიუტერების მოხმარებაც.

ჰოსტელიდან 10 წუთის სავალზე უამრავი მაღაზია, კაფე, რესტორანი და ბარია. ასევე ფეხით სავალ მანძილზეა პლაცა კატალუნია, ლა ბარჩელონეტას სანაპირო და ლას რამბლასი.
ფასები: Booking.com | Agoda.com
No Limit Hostel Graffiti
მეტროსადგურ ენსანტთან (Encants), საგრადა ფამილიადან 10 წუთის სავალ მანძილზე მდებარე ამ უსაყვარლეს ჰოსტელს ულამაზესი გრაფიტი ამშვენებს. საერთო ოთახები ძალიან ნათელია და საზიარო აბაზანები აქვს.

ჰოსტელს საერთო სამზარეულო აქვს. სასადილო არე და ლაუნჯი კონდიცირებითაა აღჭურვილი. უბანში არის რამდენიმე მაღაზია, რესტორანი და ბარი. თუ საშოპინგოდ მოგინდება წასვლა, იქვეა გლორის სავაჭრო ცენტრი აგბარის კოშკთან.
ფასები: Booking.com | Agoda.com
სად დავრჩეთ ბარსელონაში: საუკეთესო ბუტიკ სასტუმრო ბარსელონაში
სასტუმრო Brummell
პობლე სეკის უბანში მდებარე ამ ბუტიკ სასტუმროს სახურავზე, ღია სივრცეში აქვს აუზი, ბაღი, დახვეწილი დიზაინის ოთახები, საუნა და ა.შ. დამატებით, საფასურის ფარგლებში შეგიძლია იოგას კლასებს დაესწრო, რომელიც ამავე სივრცეში ტარდება.

საუზმე დამატებითი თანხა ღირს და შედის სახლში გაკეთებული გრანოლა, ახალდაწურული წვენები და ადგილობრივი პროდუქტები. უიქენდზე შეგიძლია თავიანთ ბრუმელის სამზარეულოში დამზადებული ბრანჩი მიირთვა, ხოლოდ Honestly Bar თვითმომსახურების სივრცეა და სასმელებისა და სნექების დიდ არჩევანს გთავაზობს.
ბარსელონას ტურისტულ სანახაობებთან სასტუმრო საკმაოდ ახლოს მდებარეობს. მაგალითად, ლა რამბლა 15 წუთის სავალზე და ცნობილი მონტჯუი 2კმ-შია.
ფასები: Booking.com | Agoda.com
სასტუმრო Pol & Grace
გრაციას უბანში მდებარე სასტუმრო Pol & Grace იდეალური ადგილია წყვილებისთვის. თითოეულ ოთახს თავისი უნიკალური თემატიკა და სტილი აქვს. მომსახურე პერსონალი ძალიან მეგობრულია და მუდამ მზად არიან ბარსელონას უნიკალურ ადგილებზე რჩევები მოგცენ.

სასტუმროში ძალიან კარგი ბიბლიოთეკაა მათთვის, ვისაც მოგზაურობისას კითხვა უყვარს. თუ ცოტა სამუშაოც გაქვს, აქვეა თავისუფალი სივრცე არც ისე ადრეული დილიდან ჩაისა და ყავის მომსახურებით. დამატებით ფასად, ყოველ დილას ბუფეტის სტილის საუზმით შეგიძლია დატკბე.
ფასები: Booking.com
სად დავრჩეთ ბარსელონაში: სასტუმროები სანაპირო ზოლში
სასტუმრო SB Icaria Barcelona
სასტუმრო SB Icaria Barcelona სულ რაღაც 300 მეტრში მდებარეობს ნოვა იკარიას სანაპიროდან. აქ აქვთ ღია აუზი მზიანი ტერასით, საუნა, ჯაკუზი და ა.შ.
ოთახებში გემოვნებიანი, თანამედროვე ავეჯი დგას, ხის იატაკია და რეგულირებადი განათება. სასტუმროს ელეგენტურ რესტორანში ხმელთაშუაზღვისპირული პროდუქტებისგან დამზადებული კერძები აქვთ. შეგიძლია აქვე, მათსავე ძალიან საყვარელ ბარში დალიო ან ტერასაზე გაატარო საღამო სასიამოვნოდ.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ძალიან ახლოსაა სანაპიროსთან, ბარსელონას სხვა ღირსშესანიშნაობებისგანაც არ არის შორს, როგორიცაა ციუტადელას პარკი, ბარსელონას კათედრალი და ისტორიული გოთური კვარტალი.
ფასები: Booking.com | Agoda.com
Occidental Atenea Mar – მხოლოდ მოზრდილებისთვის
ნოვა მარ ბელლა სანაპიროდან 150 მეტრში მდებარე სასტუმრო Occidental Atenea Mar-ში არის საუნა, ტერასა, სეზონური აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ჰიდრომასაჟი და უამრავი სხვა სასიამოვნო დეტალი. სეზონური სნექის ბარი ივნისიდან სექტემბრამდე ღიაა.

უმეტესობა ოთახებს ქალაქის ან ზღვის ხედი აქვს და ძალიან ნათელია. ოთახებში არის მინი-ბარი, სატელიტური ტელევიზია და სეიფი. რეტორანი El Comedor გთავაზობს ხმელთაშუაზღვისპირული კერძების ა-ლა-კარტეს და თანხის დამატების შემთხვევაში ბუფეტ საუზმესაც.
უახლოესი მეტროსადგური Poble Nou 10 წუთის სავალზეა.
ფასები: Booking.com | Agoda.com
$35-ზე იაფი Airbnb-ის ბინები ბარსელონაში
სამწუხაროდ, ბარსელონაში ვერაფრით ვიპოვე მთლიანი ბინა, რომელი ერთი ღამე $35-ზე ნაკლები ეღირება. მაქსიმუმ აპარატამენტებში საზიარო ოთახები ან ჰოსტელებში საერთო საძინებლები ნახო. ყველაზე მოსახერხებელი რამ ამ ფასში რაც აღმოვაჩინე, ბარსელონას ცნობილი სანაპიროების ახლოს ნავის ქირაობაა. ამიტომ, ამ საკითხს ღიად, შენი არჩევანის ამარად ვტოვებ.
სხვა მხრივ კი, შენი პირველი ჯავშანისთვის, შეგიძლია ჩემი ფასდაკლების კოდი გამოიყენო :)