fbpx
უნგრეთი

უნგრეთის ქალაქები: რა ვნახოთ ბუდაპეშტთან ახლოს + Weekend ტურები

უნგრეთის დედაქალაქი შთამბეჭდავია თავისი ისტორიული ადგილებით, დიდებული არქიტექტურით, ყბა-ჩამოსავარდნი სთრითარტით, კაფე-რესტორნებითა და ღამის ცხოვრებით. დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების გარდა, მთლიანად ქვეყანაშიც უამრავი რამ არის სანახავი. სწორედ ამიტომ, სხვა ბლოგერებთან ერთად შევაჯერე ბუდაპეშტთან ახლოს მდებარე უნგრეთის ქალაქები და მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც მარტივად ნახავ ერთ დღესა და Weekend-ზე.

უნგრეთის ქალაქები, რომელსაც ერთ დღეში მოინახულებ

ეგერი

ეგერი ბუდაპეშტიდან ავტობუსით რამდენიმე საათის სავალზეა და არც ისე ტურისტული ქალაქია. აქ შეგიძლია დაათვალიერო ისტორიული შენობები, ეკლესიები და რამდენიმე მუზეუმი. პირველი ატრაქცია, რომელსაც ავტოსადგურიდან გამოსვლისთანავე  გადაეყრები  არის წმინა იოანე მოციქულის საკათედრო ბაზილიკა, რომლის ინტერიერი მდიდარია ქანდაკებებითა და ულამაზესი ვიტრაჟებით.

კათედრალიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ქალაქის მთავარი მოედანი – დობოს მოედანი, რომლის მთავარ მონუმენტს ისტვან დობოს – ციხის მმართველის – ქანდაკება წაროადგენს. მოედნის ირგვლივ უამრავ კაფეს, რესტორანსა და სუვენირების მაღაზიას იპოვი.

უნგრეთის ქალაქები

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ეგერში გააკეთო არის ეგერის სასახლის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს შემაღლებულ ადგილას და იქიდან გადმოჰყურებს მთელ ქალაქს. სასახლეში არის რამდენიმე მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენა ქალაქის ისტორიის შესახებ.

მათთვის ვინც უიქენდზე რელაქსირებული დასვენება ურჩევნია, ქალაქში რამდენიმე გოგირდის აბანოა. ეგერი ასევე ცნობილია, როგორც ღვინის მხარე, სადაც ღვინის ველებია და 200-ზე მეტი მეღვინეობაა. თუკი ქალაქსა და მის შემოგარენში უბრალოდ გაისეირნებ, რამდენიმე ბაროკოს სტილში აშენებულ შენობასაც გადააწყდები.

ყოველ ორ საათში ერთხელ ბუდაპეშტიდან მეტროს M2 ხაზიდან, Puskas Ferenc Stadion-ის სადგურიდან, გადის ავტობუსები ეგერის მიმართულებით. აუცილებლად გადაამოწმე, გაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობის თანხა ადგილობრივ ვალუტაში, რადგან ბილეთებს მხოლოდ ასე თუ იყიდი. რადგან ეგერი არც ისე დიდი ქალაქია, შეგხვდება კაფეები და მაღაზიები, სადაც მხოლოდ ეროვნულ ვალუტას იღებენ.

გაჰყევი რაშმისა და ჩალუკას ფეისბუქზე

აპირებ ბუდაპეშტში მოგზაურობას? წაიკითხე დეტალური პოსტი ბუდაპეშტის უბნებსა და სასტუმროებზე

სენტენდრე

ბუდაპეშტიდან ერთდღიანი გასვლისთვის მორიგი უკარგესი ვარიანტია სენტენდრე, რომელიც არც ისე შორს მდებარეობს და ცნობილია კოპწია სახლებით, სახელოსნო მაღაზიებითა და ეკლესიებით.

აქ მოსახვედრად შეგიძლია გაჰყვე HEV 5-ს Batthyány tér-ის მეტროსადგურიდან (M2-ზე, წითელი, ბუდას მხარეს). მიუხედავად იმისა, სამოგზაურო ბარათი (რამდენიმედღიანი) გაქვს თუ არა, როდესაც ბუდაპეშტის მეტროს საზღვრებს ტოვებ, გარკვეული თანხა უნდა დაამატო. ეს დამატებითი საფასური შეიგიძლია მატარებელშივე გადაიხადო. მგზავრობას სულ რაღაც 45 წუთი სჭირდება. როგორც კი სენტენდრეს სადგურზე ჩამოხვალ, უბრალოდ ისრებსა და ნიშნებს გაჰყევი ცენტრის მიმართულებით და ცოტა ხანში საყვარელ ცენტრალურ ნაწილში ამოჰყოფ თავს.

ველოსიპედით წასვლის ვარიანტიც არსებობს, რადგან ბუდაპეშტიდან პირდაპირ არსებობს სპეციალური მარშრუტი აქუინკუმიდან დუნაის ჩაყოლებაზე. ბილიკი ძალიან ლამაზია და გზად უამრავი მშვენიერი სურათის გადაღებას შეძლებ.

უნგრეთის ქალაქები

მიუხედავად იმისა, რის დათვალიერებას აპირებ სენტენდრეში, იქნება ეს ეკლესიებისა და მაღაზიების დათვალიერება თუ რაიმე სხვა, აუცილებლად უნდა მოინახულო მარციპანის მუზეუმი. მთელი მუზეუმი სავსეა მარციპანისგან გამოძერწილი უნგრული ისტორიული არტეფაქტებით. დათვალიერების დასრულების შემდეგ კი აუცილებლად დააგემოვნე მარციპანი. 2018 წლის მაისში ბილეთის ფასი მოზრდილისათვის იყო 450 HUF/ 1.60 USD.

ქალაქში სეირნობისას უამრავ ლამაზ ადგილს გადააწყდები ფოტოების გადასაღებად და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებისთვის.

ქალაქში უამრავი საკვები ობიექტია. თუკი, შენც ჩემსავით ვეგანი ხარ, ვეგეტარიანული კერძებიდან ყველის და კვერცხის ამოკლება მოითხოვე, ასე უფრო მარტივია. სამწუხაროდ, ადგილობრივებს ვეგანური საკვები ესმით, როგორც ნებისმიერი რამ მხოლოდამხოლოდ ხორცის გარეშე.

თუკი, თბილ სეზონზე ესტუმრები ქალაქს, აუცილებლად თან იქონიე წყლის ბოთლი. ჩაიცვი კომფორტული ფეხსაცმელები და თავსაფარიც სასურველია. ზოგჯერ მზე ძალიან აცხუნებს და მზისგან დამცავი კრემიც არ გაწყენთ.

და ჰო, ინგლისური ესმით ადგილობრივებს, უბრალოდ, შეემზადეთ, რომ რამდენიმეჯერ მოგიწევთ ერთი და იგივეს გამეორება.

გაჰყევი კრისს ფეისბუქზე.

ესტერგომი

ესტერგომი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქი, ძალიან კარგი არჩევანია ბუდაპეშტიდან ერთდღიანი გასვლისთვის. ქალაქი მდებარეობს დუნაის ერთ-ერთ შესართავთან, სხვა ულამაზეს ქალაქებს შორის, როგორიცაა ვაცი, ვიშეგრადი და სენტენდრე.

ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და სახალისო დეტალი არის ის, რომ ბუდაპეშტიდან ესტერგომში მგზავრობ წყალქვეშა ფრთებიანი გემით. ამ ტრანსპორტით, შეგიძლია, ორშაბათის გარდა მთელი კვირის განმავლობაში იარო ერთდღიან გასვლებზე დუნაის შესართავთან არსებულ ქალაქებში. ბუდაპეშტიდან გემი გადის Vigadó tér-ის სადგურიდან 10-ზე დილას და ესტერგომში ჩადის 11:30-ზე. გაითვალისწინე, რომ გემები სეზონურად მუშაობენ და მათთვის აქტიური პერიოდია 28 აპრილი – 30 სექტემბერი. წრიული მგზავრობის საფასურია 8,000 HUF.

უნგრეთის ქალაქები

ამ მანძილის დაფარვა მატარებლით ან მანქანით შესაძლებელია 1 საათსა და 20 წუთში, გემით მგზავრობა კი ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.

ესტერგომი ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ადგილია უნგრეთში. ქვეყნის ისტორიის 1000-წლიან პერიოდში ვერ იპოვი ისეთ ათწლეულს, ესტერგომი რომ არ იყოს ნახსენები. უნგრეთის პირველი მეფე სტეფანეს კორონაცია სწორედ ამ ქალაქში მოხდა და საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ისტორიულ და სახელმწიფოებრივ ცენტრს.

ესტერგომში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია ბაზილიკა: 1822-1869 წლებში აშენებული მონუმენტური ეკლესია, უნგრეთის უმაღლესი შენობა. აუცილებლად ადი შენობის ბოლომდე, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება დუნაის შესართავზე.

უნგრეთის ქალაქები

აუცილებლად ეწვიე საკათედრო საგანძურს, უნგრეთის უმდიდრეს რელიგიურ საგანძურს, სადაც გამოფენილია ასწლეულებით დათარიღებული ოქროთი დამზადებული შედევრები.

სხვა მნიშვნელოვანი ადგილებია, მარია ვალერიას ხიდი, ქრისტიანობის მუზეუმი, ესტერგომის სასახლის მუზეუმი. ჩვენი საყვარელი აქტივობა იყო ქალაქში ხეტიალი და დუნაის შესართავთან სეირნობა – ეს ორი რამ საუკეთესო რამეა ესტერგომში დღის გასატარებლად!

გაჰყევი ბრიჯიტას ინსტაგრამზე და ეწვიე მის ბლოგს.

ერთდღიანი ტური სხვა ქვეყნის ქალაქებში

ბრატისლავა, სლოვაკეთი

დუნაის დასავლეთით თუ გაუყვები, შემოგხვდება ულამაზესი ქალაქი ბრატისლავა. ბუდაპეშტიდან სწრაფი მატარებლები 2 ან 3 საათში ჩადიან სლოვაკეთის დედაქალაქში, სადაც ძალიან ბევრი რამ არის სანახავი.

საუკუნეების მანძილზე, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბრატისლავა ევროპული კულტურებისა და რელიგიების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომაც ბრატისლავსა და მთლიანად ქვეყანაში მარტივად იგრძნობთ ავსტრიული, ბულგარული, ჩეხური, ხორვატიული, გერმანული, უნგრული, ებრაული, სერბული და სლოვაკური ატოსფეროს გავლენას.

ბრატისლავას შობას ვესტუმრე, ევროპული საშობაო ბაზრების მოგზაურობის ფარგლებში და ეს გაჩერება ყველაზე მეტად მომეწონა. საშობაოდ ქალაქში დაახლოებით 5 ბაზრობაა, სადაც უგემრიელესი საჭმელები, სასმელები და ულამაზესი სამშვენისები იყიდება!

ქალაქი ძალიან ლამაზია, ძველებურობის ხიბლი აქვს და ძალიან სუფთაცაა. მე-18 საუკუნოვანი საფეხმავლო არე, საუკეთესო ადგილია სასეირნოდ და ანტიკური მშენებლობების დასათვლიერებლად. ცხადია, აქვე არის უამრავი კაფე, სადაც უგემრიელესი სლოვაკური სამზარეულოს დაგემოვნება არის შესაძლებელი.

ძველ ქალაქში სეირნობისას, არ გამოგრჩეს მთავარი მოედნის დათვალიერება და წმ.მარტინის კათედრალში შესვლა. ძველ ქუჩებზე სეირნობა და ხედებით ტკბობა ძალიან სასიამოვნო პროცესია. არის ქუჩები, სადაც აუცილებლად უნდა გაიარო ბრატისლავაში ყოფნისას. ესენია: მიჩალსკა, ფარსკა, კაპიტულსკა, ვენტურსკა, პანსკა და ლაურინსკა.

აუცილებლად მოინახულე მიხეილის კარიბჭე, ერთადერთი ჭიშკარი, რომელიც შუასაუკუნეების ძველი ქალაქის სადამცველო კონსტრუქციებიდან დღემდე შემორჩა. 1300 წელს აგებული ეს შენობა, ერთ-ერთი თვალწარმტაცი ადგილია.

ბრატისლავას სასახლის სანახავად გორაკზე უნდა ახვიდე და იქიდან თვალწინ დუნაის შესართავზე ულამაზესი ხედიც გადაგეშლება. აქვე ასევე შესაძლებელია სასახლის მუზეუმის დათვალიერებაც.

ბრატისლავაში ერთდღიანი გასვლა ბუდაპეშტიდან მორიგი ქვეყნის დათვალიერების საშუალებაცაა და თან ამავდროულად ძალიან საინტერესოც. თუკი, ვენაში გადასვლასაც აპირებ, მაშინ ბრატისლავა ზუსტადაც რომ გზადაა.

გაჰყევი ვანესას ფეისბუქზე.

ვენა, ავსტრია

ვენა, ევროპის მორიგი ისტორიული ქალაქი, ძალიან კარგი არჩევანია შენი ბუდაპეშტიდან ერთდღიანი გასვლების სიაში. მანქანით 2:30 საათსა და მატარებლით 3:30საათში ჩახვალთ ავსტრიის დედაქალაში, რომელიც დახუნძლულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით, ისტორიული ადგილებით, ულამაზესი პარკებითა და დიდებული სასახლეებით. აღსანიშნავია, რომ ვენის მონახულება ერთ დღეში შეუძლებელია, ამიტომ წინასწარ უნდა შეადგინო ყველა იმ ადგილის სია, რომელიც ერთმანეთთან ახლოსაა და რისი მონახულებაც გინდა ამ ჯერზე.

ვენაში ბიუჯეტ-მეგობრულად რომ იმოგზაურო ამისთვის, სჯობს შესაბამისი ბარეთები იყიდო, როგორიცაა Vienna Pass და Vienna City Card. ორივე მათგანი ითვალისწინებს ფასდაკლებებს მუზეუმებში, კულტ.ღირსშესანიშნაობებზე, მაღაზიებსა და კვების ობიექტებში. Vienna Pass-ით მეტ მუზეუმსა და კულტ. ძეგლს მოინახულებ უფასოდ, ვიდრე City Card-ით, რომელსაც მეტი ფასდაკლებები აქვს სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე. შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია, ერთდღიანი Vienna Pass 59 EURO ღირს, ხოლო Vienna City Card – 17 EURO. სჯობს, ჯერ სავარაუდო აქტივობები დაგეგმო და შემდეგ შესაბამისი ბარათის ტიპი შეარჩიო.

რა უნდა ნახო ვენაში? დაიწყე შენი მოგზაურობა პირველი რაიონიდან ანუ Innere Stadt-დან. აქ უამრავი ისტორიული შენობაა, რომლითაც შეგიძლია უფასოდ დატკბე. ამ ქუჩებში სეირნობისას და შენობების არქიტექტურის თვალიერებისას, დროში მოგზაურობის შეგრძნება გექნება სულ.

შემდეგ გაუყევი გზას სამეფო სასახლისკენ, ჰოფბურგისკენ, რომელიც ყველაზე დიდი სასახლეა მსოფლიოში. 1945 წლამდე სწორედ აქ ცხოვრობდნენ ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენლები, დღეს კი პრეზიდენტის აპარატია განთავსებული. აუცილებლად შედი სისის მუზეუმში, სადაც დედოფალი ელისაბედ სისის 300-ზე მეტი პირადი ნივთია გამოფენილი.

Photo Credit: Daniel Plan

მორიგი ადგილი, რომლის დათვალიერებაც ნამდვილად ღირს, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული შონბრუნის სასახლე და ბაღებია, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. მე-18 საუკუნეში აშენებული საზაფხულო რეზიდენცია სრულიად შოკისმომგვრელია. აქვე შეგიძლია ერთდღიანი ტურით სასახლისა და შემოგარენის დათვალიერება, რომლის ფარგლებშიც გაეცნობი ისტორიასაც და შენობის შიგნითაც გაისეირნებ.

ხელოვნების მოყვარულები კი აუცილებლად უნდა ესტუმრონ მუზეუმის კვარტალში მდებარე მუზეუმებს, მათ შორის აუცილებლად ბელვედერისა და ალბერტინას მუზეუმებს.

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, შეუძლებელია ერთ დღეში ვენაში ყველაფრის დათვალიერება, რადგან ქალააში უამრავი რამეა სანახავი. აქ კი უბრალოდ ჩამოვთვლი იმ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, აქ მოხვედრისას: ჰუნდერტვასერჰაუსი, კარლსკირხე, ვენის უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი, ვენური რატუშა, ვენის წმ. სტეფანეს საკათედრო ტაძარი, სახელმწიფო საოპერო სახლი და ესპანური საცხენოსნო სკოლა.

Weekend-ზე მოსანახულებელი სხვა ქვეყნის ქალაქები ბუდაპეშთან ახლოს

ზაკოპანე, პოლონეთი

სამხრეთ პოლონეთში მდებარე პატარა ქალაქ-კურორტი ზაკოპანე ძალიან კარგი ვარიანტია ბუდაპეშტიდან უიქენდზე გასასვლელად. ტატრას მთების ძირში მდებარე ზაკოპანე მოიცავს გასაოცარ ხელშეუხებელ ლანდშაფტებს, შესანიშნავ საკვებსა და სხავდასხვა სახლსგარეთა აქტივობების არჩევანს. ზამთარში მცირე ბიუჯეტითაც კი ამ სხადასხვა აქტივობებით ძალიან კარგად გაერთობი.

ზაკოპანეში, Target ჰოსტელში შეგიძლია დორმი დაჯავშნო სულ რაღაც 7 ევროდ. თუ საერთო ოთახები დიდად არ გიყვარს, მაშინ შეგიძლია ორ ადგილიანი ან თვინი დაჯავშნო Gazdówka u Janka-ში 13 ევროდ. საკვები ობიექტებიდან კი, კრუპოვკიზე ჩაყოლებული ხის პანელებიანი რესტორნები არის საუკეთესო ვარიანტი, სადაც სოსისებისა და ღორის ხორცის საკმაოდ გულუხვი პორციები აქვთ.

თუ ხორცის ჭამა დიდად არ გიყვარს ან ვეგეტარიანელი ხარ, მაშინ ვეგან ბურგერ ბარი არის იქვე – Mountain bar. ასევე შეგიძლია გოულაშის უზარმაზარი პორცია აიღო პურის თასში სულ რაღაც 3 ევროდ Restauracja Pstrąg Górski-ში. თხისა და ცხვრის შებოლილი ყველი კი თითქმის ყველგან იყიდება ქუჩებში სპეციალურ დახლებსა და მარკეტებში.

თუ თხილამურზე ან სნოუბორდზე დგომა გიყვარს, მაშინ Bialka Tatrazanska-სა და Kasprowy-ში 15 და 28 ევროდ შეძლებ სრიალს ან სხვა გაცილებით ნაკლებად აქტიური მაგრამ ასევე სასიამოვნო ალტერნატივაც არსებობს, გოგირდის აბანოები Bialka Tatrazanska და Terma Bukowina 7 ევროდ. თუკი ქალაქის ისტორიითა და ხელოსნობით დაინტერესდები, აქვე არის რამდენიმე მუზეუმიც.

გაჰყევი კაროლინას ფეისბუქზე

ზაგრები, ხორვატია

ხორვატიის დედაქალაქი, რომელიც ბუდაპეშტიდან ავტომობილით სარგებლობისას 3:30საათით, ხოლო ავტობუსით 5 საათით არის დაშორებული, მორიგ კარგ ალტერნატივას წარმოადგენს შაბათ-კვირისთვის. ზაგრებში გაცილებით ნაკლები ტურისტი იყრის თავს, ვიდრე ხორვატიის ზეპოპულარულ ადგილებში, როგორიცაა მისი კუნძლები, დუბროვნიკი ან სპლიტი. და თუკი, შენ სწორედ ის ხარ, ვისაც დიდად არ ხიბლავს, ხალხით გადაჭედილი ადგილები, მაშინ ზაგრები საშენო ქალაქია.

places to visit in Croatia

ატრაქციების უმეტესობა უფასოა ან ძალიან იაფი. თავიდან ქალაქის ცენტრის დათვალიერებით დაწყება სჯობს, მერე კი კაპტოლის რაიონისკენ გაუყვები და წარსულიდან შემორჩენილ მნიშვნელოვან ძეგლებსაც ნახავ. არ დაგავიწყდეს საკათედრო ტაძარში შესვლა და ინტერიერის დათვალიერება. შემდეგ აუცილებლად იმგზავრე საბაგიროთი – რომელიც, სხვათა შორის, ყველაზე პატარაა მათ შორის, რითიც ოდესმე მიმგზავრია – მომცრო მთისკენ, სადაც წმინდა მარკის საკათედრო ტაძარი დგას და ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოს წარმოადგენს.

კათედრალისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად შეიარე დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმში, რომელიც ძალიან, ძალიან მაგარი ადგილია!

მომდევნო დილას კი გაიარე დოლაჩის ბაზარში ახალი ხილის ან სუვენირების საყიდლად ან ზღვის პროდუქტების ერთ-ერთ რესტორანში წასახემსებლად.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!