fbpx
რჩევები

საუკეთესო უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

ინტერნეტმა და სმარტფონმა შესამჩნევად შეცვალა მოგზაურობის დაგეგმვის პროცესიც და უშუალოდ მოგზაურობაც. რეალობა ასეთია, რომ უკვე დიდად არავის სჭირდება ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რადგან ეს ყველაფერი დამოუკიდებლადაც ჩვეულებრივად მოსახერხებელია, თან თანხაც იზოგება.

ცხადია, მოგზაურობის დაგეგმვა, ცოტათი დამღლელია, მაგრამ როგორც კი დაუმუღამებ ძალიან  სახალისო ხდება. იმისათვის რომ მთელი ეს პროცესი ნაკლებად ,,მტკივნეული“ და მეტად გასართობი იყოს, გადავწყვიტე გაგიზიარო ის სამოგზაურო აპლიკაციები, რომელთაც ყოველთვის ვიყენებ მოგზაურობისას.

ეს უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის დაგეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში, ისე ქალაქში დათვალიერებაში. ჩემი აზრით, ყველა ეს აპლიკაცია ძალიან საჭირო და მოხერხებულია ნემისმიერი დასვენებისას, სადღაც გადაკარგულში ხეტიალისას და ქალაქების დათვალიერების დროსაც.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის: TripIt

TripIt ჩემი ყველაზე საყვარელი, ნომერ პირველი უფასო საოგზაურო აპლიკაციაა, რომლის გარეშეც ფეხს არსად ვადგამ. აპლიკაცია გთავაზობს ძალიან ბევრ ისეთ რამეს, რაც აუცილებლად გჭირდება. მასში თავმოყრილია ფრენის ბილეთებიც, სასტუმროებიც და დაჯავშნილი ტურებიც.

მუშაობის პრინციპი: მობილურ ტელეფონში აპლიკაციის ჩამოტვირთვის მერე გაიარე რეგისტრაციაა. რეგისტრაციისას ის მეილი გამოიყენე, რომელიც მიუთითე ფრენის ბილეთების ყიდვისას, სასტუმროებისა და ტურების დაჯავშნისას და აპლიკაცია თვითონ მოახდენს ყველაფრის სინქრონიზაციას ავტომატურად.

თუ ისე მოხდა, რომ ტელეფონში არ გადმოიტანა მონაცემები, ყოველთვის შეგიძლია შენი ჯავშანის დამადასტურებელი მეილი გადაგზავნო TripIt-ის მეილზე და ინფორმაციაც ეგრევე გამოჩნდება შენს აპლიკაციაში. არსებობს ფასიანი ვერსიაც, რომელიც გატყობინებს ფრენის გადადების ან გაუქმების შესახებ და სწრაფად მოგიძებნის ალტერნატიულ ფრენებს ან გაძლევს თვითმფრინავში ადგილის არჩევის საშუალებას.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის: Maps.me

ყველა სხვა სანავიგაციო რუკებს შორის, ეს არის ჩემი მხსნელი. Maps.me Google-საც კი მირჩევნია! აპლიკაცია გადასარევად მუშაობს ინტერნეტის წვდომის გარეშეც და სულ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ სამყაროს დასასრულში შეუძლია შენი პოვნა. ნავიგაციის ფუნქციაც საკმაოდ კარგი აქვს.

აპლიკაციას ფუნქციების ფართო დიაპაზონი აქვს. მას შეუძლია: მიმართულებების, ორიენტირების, საკვები ობიექტებისა და ღამისგასათევი ადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების, მანქანების დაქირავების ცენტრების, პარკინგის, გასართობი ადგილების, სავაჭრო ცენტრების ჩვენება და ა.შ. მგონი იმაზე გაცილებით მეტი ინფორმაციაა, ვიდრე ოდესმე შეიძლება დაგჭირდეს კონკრეტულ ადგილზე ყოფნისას.

მუშაობის პრინციპი: წინასწარ უნდა გადმოტვირთო ის არეალი, სადაც მოგზაურობას აპირებ. როგორც კი შენს ადგილმდებარეობას იპოვის, შეგიძლია დანიშნულების ადგილი მონიშნო და რუკაზე დაგიხაზავს მარშრუტს გადაადგილების სხვადასხვა საშუალებებისთვის: სამანქანოს, საფეხმავლოს, მატარებლისას და ველოსიპედისთვისაც კი.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

შეგიძლია, წინასწარ მიუთითო ის ადგილები, რომელთა ნახვაც გინდა, ან შენი სასტუმროს ლოკაცია და ყოველ ჯერზე მარტივად მიაგნებ ხოლმე ამ აპლიკაციის საშუალებით. თუ ახალ ქალაქში ხარ და წარმოდგენაც არ გაქვს რა უნდა გააკეთო ან ნახო, Maps.me-ში ჩართე ,,ახლო-მახლო ძებნის ფუნქცია“ (Discover nearby) და რამდენიმე წამში გექნება უზარმაზარი ინფორმაცია ახლომდებარე სანახავ ადგილებზე, სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და თვით გიდების დაქირავებაზეც კი.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის: TravelStoke

თუ შენც ჩემსავით ქალაქებისთვის სახასიათო, ადგილობრივ ,,წერტილებს“ ეძებ, მაშინ TravelStoke საუკეთესო უფასო აპლიკაციაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ფართო სამოგზაურო ქსელის Matador Network-ის მიერაა შექმნილი და შესაბამისად დედამიწის ნებისმიერ ქალაქსა თუ ადგილზე საინტერესო ინფორმაციას გაწვდის.

მუშაობის პრინციპი: როგორც კი დარეგისტრირდები და აპლიკაციაში შეხვალ, შენი ლოკაციის მიხედვით ყველა საჭირო და საინტერესო ,,წერტილს“ დაიტანს რუკაზე. შეგიძლია მონიშნული ადგილები კატეგორიებადაც დაყო. შემდეგ კი უკვე შენზეა, რომელს აირჩევ და რამდენ საინტერესო ადგილს აღმოაჩენ. დამატებით ისიც შესაძლებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში შეკითხვა დასვა და ადგილობრივები, მოგზაურები და ქსელის საზოგადოების წევრები აუცილებლად ძალიან სწრაფად დაგაკვალიანებენ. ასევე შეგიძლია, შენ თვითონაც დაამატო ახალი ადგილები და აპლიკაციის გაუმჯობესებაში შეიტანო წვლილი.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

თუ წინასწარ გეგმავ, შეგიძლია ძებნის ველში კერძო ქალაქი მიუთითო და საინტერესო ადგილებს ამოგიყრის. ასევე განახებს ქსელში დარეგისტრირებულ ადგილობრივებს, იმ შემთხვევისათვის თუ უშუალოდ მათგან რაიმე დამატებით ინფორაციის გაგება მოგინდება.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის: Google Trips

Google Trips ამ ჟანრში შედარებით ახალდამატებული აპლიკაციაა. კონკრეტული ქალაქის ან ქვეყნის შესახებ ყველა აქტივობას, სანახავ ადგილსა და საჭირო ინფორმაციას ეს აპლიკაცია Google Maps-დან აგენერირებს.

მუშაობის პრინციპი: მუშაობის პრინციპით საკმაოდ ჰგავს TripIt-ს. როგორც კი შეხვალ შენს Google ანგარიშზე, აპლიკაცია ავტომატურად გადმოიტანს ყველა ჯავშანს, რომელიც ამ მეილით გააკეთე და განათავსებს ტელეფონის პირველივე ,,გვერდზე“. ასევე შეგიძლია დანიშნულების ადგილის რუკა გადმოტვირთო და ოფლაინ გამოიყენო ხოლმე ან შემოთავაზებები შეამოწმო. აპლიკაცია გიჩვენებს შენს ჯავშნებს, აქტივობების ვარიანტებს, კვების ობიექტებსა და გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაციას.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

ყველაზე საუკეთესო დეტალი, რომელიც მასში აღმოვაჩინე ,,დღის გეგმებია“, რომლებიც Google-ის მონაცეებზე დაყრდნობით შედგენილი აუცილებლად სანახავი ადგილებია. ასევე შეგიძლია, უკვე არსებული აარჩიო ან შენთვის საინტერესო ადგილების სია შექმნა.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის: XE Currency

როდესაც ისეთ ქვეყნებში მოგზაურობ, სადაც შენი მშობლიურისგან გასხვავებული ვალუტა გამოიყენება, ყოველთვის სჯობს ვალუტის გადამყვანი აპლიკაცია გქონდეს ტელეფონში. ალბათ, უამრავი ამბავი გაგიგია, როგორ თაღლითურად ატყუებენ მოგზაურებს ფულის გადახურდავებისას. ჰოდა, ამ აპლიკაციის ქონით, ნამდვილად დაზღვეული იქნები, რომ არავინ გაგასულელოს.

სხვა უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

Pocket

როცა წინასწარ ვიცი, რომ ავტობუსით ან მატარებლით დიდ ხანს უნდა ვიმგზავრო, ან წინ ხანგრძლივი ფრენა მელის, მირჩევნია, თან აუცილებლად მქონდეს რაიმე საკითხავი, ან მუსიკა. Pocket უკარგესი აპლიკაციაა სხვადასხვა სტატიების შესანახად, რომლებისთვისაც ახლა დრო არ გაქვს, მაგრამ აუცილებლად გინდა წაკითხული გქონდეს.

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

შეგიძლია, Google Chrome Extension დააინსტალირო და შემდეგ ძალიან მარტივად ჩაიყარო ხოლმე სტატიები Pocket-ში. განსაკუთრებულად ის მომწონს, რომ სტატიებზე შეგიძლია თაგების დამატება, რითაც მომავალში საჭირო და სასურველი სტატიების პოვნა იოლდება.

ყველაზე განსაკუთრებული რამ, რაც აპლიკაციას აქვს ისაა, რომ მობილურს ან თაბლეთის ერთხელ დაასინქრონირების შემდეგ ინტერნეტი აღარ გჭირდება. ყველა სტატია ადგილზეა.

eReader Prestigio

ზოგადად ძალიან მიყვარს თაბლეთში ელ.წიგნების კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად Kindle-ის აპლიკაციას ვიყენებ წასაკითხად, ზოგჯერ ეს უკანასკნელი პირატულად მოპოვებულ წიგნებს არ მიხსნის და ამ დროს მაშველ რგოლად eReader Prestigio მევლინება.

აპლიკაცია ხსნის უამრავ ფორმატს (epub, fb2, html, zip, pdf, epub3 და mobi). აპლიკაციის ბიბლიოთეკა 50 000-ზე მეტ წიგნს ინახავს და აქვს Text-to-Speech ფუნქცია, სადაც ნებისმიერი წიგნის მოსმენას შეძლებ.

CastBox

არც ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე აპლიკაცია მათთვის, ვისაც პოდკასტების, რადიოს ან აუდიოწიგნების მოსმენა უყვარს. განსხვავებული, ფართო ჟანრების მქონე CastBox საშუალებას გაძლევს მოუსმინო ნებისმიერ რამეს როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ. მხოლოდ იმ კერძო ეპიზოდის ჩამოტვირთვაა საჭირო და ეგარი!

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

Snapseed

უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

Snapseed ძალიან კარგი აპლიკაციაა მობილურ ტელეფონში სურათების დასამუშავებლად. ამ ბლოგზე არსებული ფოტოების უმრაბლესობა სწორედ ამ პროგრამითაა დამუშავებული, სანამ Adobe Lightroom-ს აღმოვაჩენდი. აპლიკაცია თითქოს photoshop-ის მინი ვერსიას წარმოადგენს, რადგან სურათის დასამუშავებლად უამრავი ფუნქცია აქვს. თუ იმდენად ზარმაცი ხარ, რომ გეზარება ბევრი კირკიტი, Snapseed-ს მზა, შეჯერებული ეფექტებიც აქვს და ერთი დაწკაპუნებით ცვლი ფოტოს ფერებსა და ხარისხს😊. 


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.