fbpx
რევიუ,  სასტუმრო,  საქართველო

ფაბრიკა – კრეატიული სივრცე შენთვის და შენი მეგობრებისთვის

თუ შენი რომელიმე უცხოელი მეგობარი თბილისში ჩამოსვლას აპირებს, აუცილებლად ურჩიე ფაბრიკა თბილისი ჰოსტელი. ქალაქში უამრავი სხვადასხვა დაბალბიუჯეტური სასტუმროა, თუმცა ფაბრიკა მათგან ყველაფრით გამოირჩევა. 

ფაბრიკა თბილისი – ისტორია

ფაბრიკა სხვა ჰოსტელებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ საბჭოთა პერიოდში ქალის ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა „ნინო“ იყო განთავსებული. დამერწმუნე ნებისმიერი უცხოელი აღფრთოვანდება აქ დარჩენის იდეით.

ფაბრიკა

ე.ნინოშვილის 8 ნომერში განთავსებული სივრცე საკმაოდ ახლოსაა ცენტრთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებთან. ჰოსტელი ფაბრიკა შარშან, 2016 წლის ივლისში გაიხსნა და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარულიც  გახდა. უქმეებზე აქ საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ისე თბილისში მცხოვრები ექსპატები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ქალაქის ისე ქვეყნის მასშტაბით არსებული ქარხნები განადგურდა და დღეს ბევრი ისევ მიტოვებულია. რამდენიმე წლის წინ ქართულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს რომ ქარხანა „ნინო“ სხვა ფუნქციით აეღორძინებინათ.

ჰოსტელი ფაბრიკა მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცეა, სადაც ყველაფერია, რასაც მოგზაური ისურვებს – ჰოსტელი და პირადი ოთახები, ცოცხალი მუსიკის საღამოები, სხვადასხვა კვების ობიექტები, დატვირთული ღამის ცხოვრება, ადგილობრივ ხელოვანთა სტუდიები, სამუშაო სივრცე, საკონფერენციო დარბაზები და სადალაქო.

ფაბრიკა

მისი  ერთ-ერთი მიმართულება ახალი იდეებისა და კრეატიულობის წახალისებაა. ამის მარტივი მაგალითი მისი ექსტერიერია. მუქ ნაცრისფერ კედლებს, თანამედროვე ე.წ. „სტრიტ არტი“ ამშვენებს.

იგივე შეინიშნება ინტერიერშიც, სადაც თანამედროვე და ვინტაჟური ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

აქ ყველაფერი თითქმის ხელუხლებელია. სარემონტო სამუშაოების დროს დამატებულია რამდენიმე ელემენტი, თუმცა ქარხნის თავდაპირველი სახე მაქსიმალურადაა შენარჩუნებული.

ფაბრიკა

მაგალითად, მიმღების მაგიდა ქარხანაში ნაპოვნი დანადგარისგანაა გაკეთებული; აბაზანაში დაგებული ფილაც იმ დროინდელია. ძველი შავ-თეთრი ფოტოები რომლებიც არქივიდანაა ამოღებული ლაუნჯის კედლებს ამშვენებს.

ფაბრიკა თბილისი ჰოსტელი – ოთახები

ჰოსტელ ფაბრიკას 98 ოთახი აქვს, რომლებიც სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე მოგზაურებზეა გათვლილი –  საერთო საცხოვრებლის მსგავსი და პირადი ოთახები.

ფაბრიკა

მე პირად ოთახში გავჩერდი რომელიც ორ ადამიანზეა გათვლილი. კედლების ნეიტრალური ფერი და მარტივი დიზაინი იმის ილუზიას ქმნის რომ ოთახი საკმაოდ დიდია. საწოლი კი ძალიან კომფორტულია!

საკმაოდ მომეწონა ოთახში არსებული პატარა დეტალები – რამდენიმე „შტეფსელი“, ინდუსტრიული დიზაინის მქონე ნათურები, მაგიდა და სკამები. საწოლთან ახლოს პატარა თაროცაა სხვადასხვა პირადი ნივთების დასალაგებლად.

ფაბრიკა

აბაზანა ყველა საჭირო ნივთით არის აღჭურვილი. ცოტა არ იყოს გამიკვირდა ფენიც რომ დამხვდა. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეგიძლია იყიდო ერთჯერადი მოხმარების შამპუნი და გელი. ფასიც ნორმალური აქვს.

ჰოსტელ ფაბრიკაში ყოფნისას ჩემს ოთახში სტატიას ვწერდი და იმდენად სიმშვიდე იყო დერეფანში, რომ ერთი მომენტი მეგონა მთელს შენობაში მარტო მე ვიყავი!

ნახე ფასები

ფაბრიკა თბილისი – ლაუნჯი

ბუნებრივი მცენარეებით, ფერადი ვინტაჟური და თანამედროვე ავეჯით გაფორმებული ლაუნჯი ყველაზე პოპულარული სივრცეა ფაბრიკაში. დიდ ფანჯრების მეშვეობით აქ ბუნებრივი სინათლე სამი მხრიდან შემოდის.

ფაბრიკა

კომფორტული დივანები, სავარძლები და ჰამაკიც კი – შენ გელოდება. ინებივრე, მოწრუპე საყვარელი სასმელი და დატკბი დასვენებით.  შეგიძლია ლეპტოპიც კი მოიტანო და ადგილზე იმუშავო.

ფაბრიკა თბილისი – ეზო

ფაბრიკა

ფაბრიკის შიდა ეზო სავსეა საკვები ობიექტებით და ადგილობრივი წარმოების მაღაზიებით. თუ ძველმოდური ტანსაცმლის მოყვარული ხარ და გაინტერესებს როგორ იცმევდნენ ქალბატონები 1991 წელს, ეწვიე მაღაზიას „მფრინავი მხატვარი“. ქარხნის სარემონტო სამუშაოების დროს 1991 წლის კოლექციის ტანსაცმელიც აღმოაჩინეს და რამდენიმე ეგზემპლარი ამ მაღაზიაში გასაყიდადაა გამოფენილი.

ფაბრიკა

Black Dog Shop კიდევ ერთი საინტერესო მაღაზიაა, სადაც ხელნაკეთ წიგნებს, საბჭოთა დროინდელ პლაკატებსა და ქართული ანბანის “სტიკერებს” აღმოაჩენ.

თუ ხელნაკეთი ნივთები გიყვარს, მაშინ Ceramic Studio 1300-ში შეარე. ფაბრიკაში სპორტის მოყვარულებისთვისაც კი არის სპეციალური მაღაზია.

ფაბრიკა

მუშაობისთვის შესაფერისი გარემოს საჭიროების შემთხვევაში, Impact Hub Tbilisi-ს ესტუმრე, სადაც 20 ლარად შეგიძლია 9-დან 6-მდე იმუშავო. დღე აქ ძალიან მშვიდია, მაგრამ პარასკევი, შაბათი და კვირა დატვირთულია როგორც თბილისელი ახალგაზრდებით, ისე ტურისტებითა და აქ მცხოვრები ექსპატებით.

ფაბრიკა თბილისი ჰოსტელი – საუზმე ფურშეტი

ფაბრიკა

ზოგადად, ჰოსტელები საუზმით ნამდვილად არ გამოირჩევა. ძალიან იშვიათად შემხვედრია ჰოსტელი სადაც საუზმე შედის. უმეტესობა ადგილას კი საუზმეში დამატებით თანხას იხდი, მაგრამ საკვები მაინც უბრალოა. ფაბრიკა ამითიც ძალიან გამოირჩევა.

საუზმე აქ 15 ლარი ღირს, საკვები კი გემრიელი და მრავალფეროვანია. ლაუნჯის უკანა მხარეს არსებულ დარბაზში ღია სამზარეულო და რამდენიმე მაგიდაა განთავსებული.

დახლზე გამოფენილი ნაირ-ნაირი საკვები ცოტა დამაბნეველიც კია. ადგილზე გამომცხვარი პური და ფუნთუშეული, ლიმონათები, იოგურტის დესერტი, ხილი, ყველისა და ძეხვეულის ასორტი, სხვადასხვა სოუსები, იქვე, შენს თვალწინ მომზადეული ომლეტი, ბოსტნეული… მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება რომ ინატრო.

ნამდვილად არ ველოდი ასეთ საუზმეს!

დამატებითი სერვისები ფაბრიკის ტერიტორიაზე
  • უფასო ტური ქალაქის მასშტაბით
  • Acro იოგა კლასები – სახურავის ტერასაზე (უფასო)
  • Spin Poi სემინარები (უფასო)
  • სკუტერის გაქირავება

სასაურველი ინფორმაციისთვის ყოველთვის შეგიძლია მიმართო პერსონალს , წაიკითხო ღონისძიებების დაფა, რომელიც მიმღების მაგიდასთანაა განთავსებული ან შეამოწმო ფაბრიკის Facebook გვერდი.

საერთო ჯამში, მე ვიტყოდი, რომ ჰოსტელი ფაბიკა ძალიან სუფთა და საყვარელი ადგილია. ოთახების სისუფთავე, სერვისი და მეგობრული გარემო პირდაპირ პროპორციულია იმ ფასის რასაც იხდი. საერთო საცხოვრებელ ოთახში დარჩენისას კი, საგრძნობლად აჭარბებს ფასს.

დამერწმუნე ძალიან ბევრ მსგავს ჰოსტელში დავრჩენილვარ მსოფლიოს ორ კონტინენტზე და მინდა გითხრა, რომ ასე კარგად თავი არსად მიგრძვნია.

შენიშვნა: მე ფაბრიკის სტუმარი ვიყავი, მაგრამ ყველა აზრი სიმართლეს შეესაბამება


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!