ცნება ‘მოგზაური ბლოგერი’ საქართველოში ჯერ ისევ ახალია ხილია. თუმცა, ადამიანები რომლებსაც თავიანთი ქვეყნის სხვებისთვის გაცნობა სურთ, ნელ-ნელა მრავლდებიან; ზოგს აქტიური ბლოგი აქვს, ზოგი კი ამას ინსტაგრამის მეშვეობით ცდილობს. სწორედ იმისთვის, რომ გავიცნოთ ჩვენი მოგზაური ბლოგერები, შევქმენი სია მათი ინსტაგრამ პროფილებით.
სანამ უშუალოდ ამ სიაზე გადავიდოდე, მინდა ავხსნა რას ნიშნავს იყო მოგზაური ბლოგერი. ჩემი აზრით, ამ ცნების არსი ჩვენთან ბევრს არასწორად ესმის. მოგზაური ბლოგერი არის ადამიანი, რომელიც ხშირად მოგზაურობს და თავისი გამოცდილების შესახებ წერს საკუთარ ბლოგზე. იდეალურ ვარიანტში, ბლოგიდან რაიმე სახის შემოსავალი აქვს, რითაც მოგზაურობის დაფინანსებას ახერხებს. სხვა შემთხევაში, ასეთ ადამიანებს/გვერდებს ინსტაგრამ ინფლუენსერებს ან უბრალოდ სამოგზაურო გვერდებს ეძახიან.
მაშ ასე, 27 ქართველი მოგზაური ბლოგერი და ფოტოგრაფი რომლებსაც უნდა აედევნო ინსტაგრამზე
ინსტაგრამი შესანიშნავი საშუალებაა ინსპირაციისთვის. როდესაც რომელიმე ქვეყანასა თუ ქალაქში მოგზაურობას ვგეგმავ, აუცილებლად ვათვალიერებ სხვადასხვა ინსტაგრამ – გვერდებსა და ჰაშტაგებს. მიზეზი და სანახავი ბევრია – ფოტო ლოკაციები, ისტორიულ-კულტურული შენობები, საკვები ობიექტები თუ არა ტურისტული და ადგილობრივებისთვის საყვარელი ადგილები. ქართველი მოგზაური ბლოგერები ნამდვილად ცოტანი ვართ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამისკენ მიიღწვიან და საინტერესო სამოგზაურო პროფილებიც აქვთ
1. ანნა მარგალიტაძე
ანნა პროფესიით იურისტია და მის ინსტაგრამ გვერდზე შეხვდებით უნიკალურ, საინტერესო და ინსტაგენურ ადგილებს თბილისის მასშტაბით. ამას გარდა, ცდილობს საქართველოს სხვა ადგილებიც გახადოს პოპულარული.
2. თორნიკე ფსუტური
თორნიკე საფეხმავლო გიდია და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტურებს სთავაზობს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს. მის პროფილზე შეხვდები ულამაზეს ფოტოებს აბუდელაურის ფერადი ტბების, სვანეთი, დაშბაშის, თუშეთის, ბირთვისის და ა.შ.
3. თეონა გუჯეჯიანი
თეონა ბუნების მოყვარული და ფოტოგრაფია, რომელის ინსტაგრამ გვერდიც საქართველოში რამდენიმე ლამაზი ადგილის ფოტოებით იწონებს თავს. მისი ფოტოები შთაგაგონებს მოიარო საქართველოს სამთო კურორტები, კანიონები, შორეული მაღალმთიანი სოფლები და ა.შ.
4. ოთო ნიკურაძე
ოთო საქართველოს შესახებ ულამაზეს ვიდეოებს იღებს და ამით ცდილობს საქართველოს გაცნობას როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ვიდეოების ნახვა მის იუთიბ არხზე შეგიძლია, ხოლო ინსტაგრამზე კი შეხვდები სულისშემკვრელი ბუნების ფოტოებს.
5. ლევან ველიჯანაშვილი
ლევანი მოგზაური ფოტოგრაფია, რომელსაც სათავგადასავლო ტურიზმი იზიდავს. მისი ინსტაგრამიც ექსტრემალური და სათავგადასავლო ფოტოებითაა სავსე.
6. გიორგი ჯანიკაშვილი
გიორგი მობილური ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სხვადასხვა ჟანრის ფოტოებს დებს თავის გვერდზე. აქ შეხვდები არქიტექტურის, ბუნების, ცხოველების, კაფის ექსტერიერის, და ზოგადად, ყველაფერის ფოტოებს, რაზეც ის ფიქრობს რომ საინტერესო იქნება სხვებისთვის.
7. ნიკა ბაქრაძე
გიორგის მსგავსად, ნიკაც მობილური ფოტოგრაფია, რომელიც თბილისის სიყვარულს თბილისის ვიწრო ქუჩების, ურბანული დაგეგმარების, ბუნებისა და არქიტექტურის ფოტოებით გვიზიარებს.
8. ანი ელიაშვილი
ანა მარკეტოლოგია და როგორც ყველა ამ სიაში, მასაც ძალიან უყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მას სჯერა რომ ფოტოები საუკეთესო საშუალებაა მოგონებების შესანახად, შესამაბისად ყოველთვის ცდილობს ის სილამაზე რასაც ადგილზე ხედავს თავის ფოტოებშიც გადმოსცეს.
9. ანანო ტოტიაური
ანანო ამჟამად გრონინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრია. მისი ინსტაგრამ გვერდი სავსე ამ პატარა, სტუდენტური ქალაქის შესანიშნავი ხედებით. ამას გარდა, დრო და დრო ანანო ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოგზაურობს და მათ ულამაზეს ქალაქებზეც გვიყვება.
10. ლიზა კაციაშვილი
ამჟამად ლიზაც საზღვარგარეთ, კერძოდ მილანში ცხოვრობს და სწავლობს. იგი სამოგზაურო მიმართულებად უფრო აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ანიჭებს უპირატესობას. მის ინსტაგრამ გვერდზეც ნახავ როგორც ცნობილი ქალაქების, ისე უცნობი ადგილების ლამაზ ფოტოებს. მისი ოცნება კი ავსტრალიაში მოგზაურობაა.
11. მარიამ კაჯილაშვილი
თუ აზერბაიჯანის დედაქალაქის, ბაქოს ფოტოები დაგაინტერესებს, გაჰყევი მარიამს, რომელიც იქ უკვე საკმაო ხანია ცხოვრობს.
12. თათუკა დალაქიშვილი
თათუკა პიკოპედია ბლოგის ავტორია, რომელიც თავისი მოგზაურობის შესახებ როგორც ბლოგზე, ასევე ინსტაგრამ გვერდზეც გვიყვება. ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიის, და სხვა ქვეყნების შესანიშნავ ფოტოებს იპოვი მის ინსტაგრამზე.
13. ნათი ჩალაძე
ნათიც მოგზაური ბლოგერი და ლილიუმის ბლოგის ავტორია. მისი ინსტაგრამი ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას ასახავს, როგორიცაა საფრანგეთი, მონტენეგრო, შვედეთი, პორტუგალია და ა.შ. ამას გარდა, რამდენიმე ფოტოს საქართველოზეც ნახავ.
14. მირიან თედორაძე
მირიანი მოლაშქრეთა კლუბ “იეტი”-ში მუშაობს და შესაბამისად, მისი ინსტაგრამიც საქართველოს ულამაზეს ადგილებს ეძღვნება.
15. სოსო ნებიერიძე
თუ მსოფლიოს გარშემო ლამაზი ფოტოებით მოგზაურობა გსურს, აუცილებლად აედევნე სოსოს. იგი 32 ქვეყანაშია ნამყოფი, როგორიცაა მალაიზია, იაპონია, ჩინეთი, კუბა, კოლუმბია, ინდონეზეია და ა.შ.
16. ნიკოლო მალვესტუტო
მისი ინსტაგრამ გვერდი თბილისის ლამაზი არქიტექტურული შენობებითაა აჭრელებული.
17. Travel With Us – ანუ იმოგზაურე ჩვენთან ერთად
ეს პროფილი მარიამსა და გიორგის ეკუთვნის, ქართველ მოგზაურ ვლოგერ წყვილს, რომლებიც იუთუბზე საკმაოდ პოპულარულები არიან. მათი ინსტაგრამი საქართველოს და ევროპის ქვეყნების ფოტოებით იწონებს თავს.
18. ელენე ქარენაშვილი
ელენე ხელოვანი, ფოტოგრაფი, და ხელნაკეთი ნივთების “Ellie” დამფუძნებელია. სამოგზაურო ფოტოების გარდა, მისი ინსტაგრამ გვერდი თბილისურ ყოველდღიურ ცხოვრებასაც ასახავს.
19. მარიამ კარბაია
მარიამი ამჟამად სამხეთ ესპანეთის ქალაქ მალაგაში ცხოვრობს და მისი ისნტაგრამიც ამ ულამაზესი ქალაქის ლანდშაფტურ ფოტოებითაა სავსე. თუმცა, მალაგის გარდა აქ ევროპის სხვა ლამაზი ქალაქის ფოტოებსაც იპოვი.
20. ლანა კირკიტაძე
ლანაც გრონინგენის უნივერსიტეტში სწავლობს ანანოსთან ერთად. მისი ფოტოები ძირითადად ქალაქის ურბანულ დაგეგმარებასა და ლამაზ შენობებს მოიცავს.
21. გურამ შეროზია
გურამი, გარდა იმისა რომ მოგზაური ბლოგერია, არის ლექტორი და მარკეტინგისა და PR-ის კონსულტანტი, რომლიც მსოფლიოს 74 ქვეყანაშია ნამყოფი. მისი ინსტაგრამის გვერდი სხვადასხვა ქვეყნების ფოტოებს მოიცავს, მათ შორის აზერბაიჯანის, თურქეთის, კამბოჯის, ტაილანდის, ბრაზილიის და ა.შ.
22. სალი მამუჭაძე
სალი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. მისი ინსტაგრამი ფერადიდა ყვავილებიანია, ხოლო ლონდონის ფოტოები კი სასწაულად ლამაზი.
23. თაი დუნდუა
თუ საქართველოს ლამაზი პეიზაჟები და ბუნება გაინტერესებს, აუცილებლად აედევნე თაის. პროფესიით ფოტოგრაფი და ლაშქრობის დიდი მოყვარულია, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი. მისი ფოტოები კი საოცრად შთამბეჭდავია.
24. ზურა გელაშვილი
ზურა კიდევ ერთი მოგზაური ბლოგერი და მე მოგზაური ბლოგის ავტორი. იგი მსოფლიოს 26 ქვეყანაშია ნამყოფი და ინსტაგრამზე თავის გამოცდილებასა და მოგზაურობის ამსახველი ფოტოებს გვიზიარებს.
25. მერი ოსეფაშვილი
მერი სამოგზაურო და რეპორტაჟული ფოტოგრაფია. მისი ინსტაგრამი ძირითადად თბილისის და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ფოტოებს მოიცავს. გალერეაში სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის ფოტოებსაც იპოვი
26. გზაში
გზაში ბლოგია მოგზაურობაზე რომლის უკან მანჩო და გიორგი დგანან. ისინი ამჟამად ესტონეთში ცხოვრობენ და თავიანთი ინსტაგრამის გვერდზე სხვადასხვა ქვეყნების პანორამულ და ურბანულ ფოტოებს გვიზიარებენ.
27. მე – ბაია ძაგნიძე
და ბოლოს მე :) როგორც ალბათ უკვე იცი მე მოგზაური ჟურნალისტი ვარ და ამ ბლოგის ავტორი. ჩემი ინსტაგრამი უფრო სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ამსახველი ფოტოებითაა აჭრელებული, თუმცა აქაც ნახავ საქართველოს რეგიონების და თბილისის რამდენიმე ფოტოს.