წყალტუბო, ქალაქი, სადაც დრო თითქოს გაყინულია. ქუთაისიდან მანქანით 15 წუთის სავალზე მდებარე ეს პატარა ქალაქი, საბჭოთა პერიოდში აუცილებელი დასასვენებელი ადგილივით იყო დიდი ქალაქების ხმაურით გადაღლილი მოსახლეებისთვის.
მოსკოვიდან წყალტუბოში პირდაპირი ხაზით გადაადგილდებოდა მატარებელი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოჰყავდა დამსვენებელი სხვადასხვა ტიპის ბალნეოლოგიური მკურნალობის ჩასატარებლად.
დღეს კი, საბჭოთა პერიოდის ეს გრანდიოზული სანატორიუმები დგანან გამოფიტულები, ჩამონგრეულები და წვიმაც თითქოს მათი დიდებულების უკანასკნელ ნარჩენებს რეცხავს კედლებიდან.

თავისი დიდების ხანაში, წყალტუბო ცნობილი იყო (და არის) მკურნალი მინერალური წყლებითა და რადონის დასაშვები დოზებით გაჯერებული წყლის თერაპიით.
ქალაქში, ცენტრალური პარკის ირგვლივ, წრეზე განლაგებული იყო 19 უზარმაზარ სანატორიუმი და 9 აბანო. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ქალაქის მშენებლობა 1950 წლის იანვარში დაიწყო და 4,000-ზე მეტი მუშა მუშაობდა 24 საათის განმავლობაში პირველი აბანოს დეკემბრამდე აშენებისთვის.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, წყალტუბო სრულიად დაიცალა ხალხისგან. ერთ დროს დიდებული შენობები დაცარიელდა და განადგურებისთვის გაიწირა. თუმცა, მოგვიანებით, აფხაზეთის ომის შემდეგ, დაახლოებით 8,000 იძულებით გადაადგილებულ პირს აქ მისცეს დროებითი საცხოვრებელი ფართები. დღესაც კი, 27 წლის შემდეგ, ამ სრულიად შთამბეჭდავ, ნეოკლასიკის სტილში აგებულ შენობებში სწორედ ეს ოჯახები ცოვრობენ.
პრაქტიკული რჩევები წყალტუბოში ვიზიტისას
- ქალაქი საკმაოდ პატარა და ფეხით მოსავლელია. ყველა სანატორიუმი ცენტრალური პარკის ირგვლივ მდებარეობს და ამარტივებს ყველა მათგანის მონახულებას.
- ერთი სრული დღე საკმარისია ყველა სანატორიუმის სანახავად. თუმცა, თუ სურათების გადაღება გინდა და მშვი ტემპში დეტალურად დათვალიერებას აპირებ, მაშინ გირჩევ, დღე ნახევარი-ორი დღე გამოყო ამისთვის.
- არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე 19 სანატორიუმიდან მხოლოდ 9 მათგანის დათვალიერება ღირს. ესენია: აია, საქართველო, მედეა, შახტიორი, გელათი, თბილისი, მეტალურგი, იმერეთი და სავანე. ასევე შეგიძლია წყალტუბო სპა რეზორტ-საც ესტუმრო, მაგრამ ამისთვის სავარაუდოდ ნებართვა დაგჭირდება.
- ზემოთ ჩამოთვლილი 9 სანახავად ღირებული სანატორიუმიდან 2 მათგანი შემოღობილია: შახტიორი (ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და ლამაზი) და ივერია. შახტიორში ვერ შეიპარები, რადგან დაცვა იცავს. აი, ივერიაში შესვლას კი შეძლებ, თუ ფრთხილად იქნები.
- 9 აბანოდან მხოლოდ 2 ფუნქციონირებს ამჟამად: N6 და N1. დანარჩენები ცარიელია, მცენარეებითაა სავსე და ინგრევა.
წყალტუბო: საბჭოთა პერიოდის მიტოვებული სანატორიუმები
წყალტუბოში ვიზიტის გასაადვილებლად, გუგლში წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმების რუკა გავაკეთე, სადაც ზუსტად არის დატანილი თითოეული მათგანი.
სასტუმრო საქართველო
სასტუმრო საქართველოს მარტივად შეამჩნევ ქუთაისი-წყალტუბოს გზიდან თავისი გამორჩეული საბჭოთა არქიტექტურული სტილითა და სახურავზე აღმართული სიმბოლოთი.
შენობების უმეტესობაში, საკმაოდ მძიმე პირობებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები ცხოვრობენ. ამ სანატორიუმის მონახულების მიზეზი მისი ცნობილი მოზაიკა და შიდა აუზია. სამწუხაროდ, აუზი სავსეა ნაგვითა და მტვრით და მოზაიკის დათვალიერება ჭირს, მაგრამ კედელზე არსებული ხელშეუხებელია და დეტალურად ჩანს.
სასტუმრო მედეა
სასტუმრო მედეა ჩემი ფავორიტია აქ არსებულთაგან. ამ სანატორიუმის წარსულ დიდებას თითქოს არაფერი დაჰკლებია და ამას მაშინვე ხედავ და გრძნობ, როგორც კი კომპლექსისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს შეუყვები.
თუმცა, შთაბეჭდილება მიახლოებასთან ერთად მეტად იზრდება, როდსესაც მარმარილოთი მოპირკეთებულ კიბეებს აუყვები და რომაული სტილის, მოჩუქურთმებული სვეტები შემოგხვდებიან.
დანახულისგან აუცილებლად გაშეშდები. ამ სვეტებისა და ფირუზისფერი ჭერის შემხედვარეს, ძალიან გიმარტივდება წარმოიდგინო, თავის დროზე, რამდენად შთამბეჭდავი იყო ეს შენობა.
იძულებით გადაადგილებული პირები საანატორიუმის მხოლოდ ერთ ნაწილში ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენი შეგიძლია სრულიად თავისუფლად დაათვალიერო. შეგიძლია კიბეებს ბოლომდე აუყვე და ყველაზე მაღალი წერტილიდან გადმოხედო შიდა ეზოსა და სასტუმროს შესასვლელს. ეზოში იპოვი შადრევანს ცენტრში მედეასა და მისი შვილების ქანდაკებებით.

სასტუმრო მეტალურგი
სასტუმრო მეტალურგი მედეასთან ახლოს მდებარეობს. აქაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, თუმცა სხვებთან შედარებით ეს ყველაზე ნაკლებადაა დაზიანებული. ადრინდელი საკონცერტო დარბაზი აღარ არსებობს და ახლა დაკეტილია. მტვრიანი ფანჯრებიდან შეგიძლია ლამაზი სურათი გადაიღო.
ამ სანატორიუმის მთავარი ხიბლი მისი გრძელი, წრიული შესასვლელი და აივნიანი ფოიეა, რომელსაც მასიური ჭაღი დაჰყურებს.
სასტუმრო თბილისი
სანატორიუმი თბილისის ინტერიერისა და ექსტერიერის არქიტექტურაც აუცილებლად აღსანიშნია. ყურაღება მიაქციეთ აივნებზე მდგარ ქალისა და კაცის სკულპტურებს, ხოლო შესასველ კიბეებთან 2 გიგანტურ გრიფონს, რომლებიც აშენების დღიდან იცავენ ამ ადგილს.
ერთ-ერთი ქართულ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ სანატორიუმის ზედხედი ფრთაგაშლილი ჩიტია. სამწუხაროდ, ამას ვერ დავადასტურებ. ჩვენ აქ მხოლოდ შიდა, პატარა ეზო დავათვალიერეთ, რომელიც მთლიანადაა ჩაფლული მცენარეებში, ლიქენსა და სუროში.

სასტუმრო გელათი
ჩემი აზრით, ეს სასტუმრო ყველაზე ნაკლებადაა საინტერესო. შესასვლელში საკმაოდ უჟმური კაცი შეგვხვდა დედამისთან ერთად, ამიტომ არ გვინდოდა მათი შეწუხება და რაც შეგვეძლო მაქსიმალურად სწრაფად დავტოვეთ იქაურობა.
ჩვენ შიდა აივნებიან ფოიეში შევიხედეთ და ასევე შიდა ეზო-ტერასაც ვნახეთ. თუმცა Kathmandu&Beyond-ზე წავიკითხე, რომ ორნამენტებით მორთული და გუმბათიანი სახურავი აქვს ამ სანატორიუმს, სადაც რესტორანი იყო განთავსებული.
სანატორიუმი შახტიორი
წყალტუბოში არსებულ სანატორიუმებს შორის შახტიორი ყველაზე დიდი და გრანდიოზულია. ეს საბჭოთა ელიტისთვის განკუთვნილი ყველაზე მოდური და მდიდრული დასასვენებელი სანატორიუმი გახლდათ. სამწუხაროდ, დღესდღეობით იგი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რომელსაც დაცვა იცავს და შიგნით ცხვირს ვერ შეჰყოფ. მაქსიმუმ შეგიძლია, რომ ღობიდან გადაიღო სურათი სტალინისტური სტილის შენობის, რომელსაც ტერასისმაგვარი კიბეები აქვს და ეზოს მასიური ქანდაკება ამშვენებს.
სანატორიუმი ივერია
ივერია ჩემი მეორე საყვარელი სანატორიუმია წყალტუბოში თავისი დიდებული ინტერიერით. ტიპური საბჭოთა სტილის ფასადის ყურებისას, ვერც კი წარმოიდგენ მისი ინტერიერის მშვენებას. მთავარ შესასვლელს დიდი, წრიული ხვრელი აქვს ჭერში, რომელიც თავდაპირველად გამიზნული იყო შიდა აივნისთვის. მაშ შემდეგ რაც ირგვლივ არსებული მოაჯირები ჩამოინგრა, ეს ხვრელი ასე დატოვეს.

დღესდღეობით, სანატორიუმი კერძო საკუთრებაა და შემოღობილია. ჩვენი იქ ყოფნისას დაცვა არ იდგა, ამიტომ გასაძრომი ვიპოვეთ ღობეში და შევეძელით სანატორიუმის შიგნიდან დათვალიერება. თუკი შენც შეძლებ შესვლას, აუცილებლად ადი კიბეებზე და დათვალიერე სასადილო და სასტუმრო ოთახები.
სანატორიუმი იმერეთი
იმერეთი კოლოსალური ნაგებობაა, რომელსაც ყველა სართულზე აქვს თაღოვანი გალერეა და მასიური სვეტები. პირველი სართულს ანუ ფოიეს აქვს ოვალური ფორმა, რომელსაც კიბეებამდე და უზარმაზარ, იატაკიდან ჭერამდე დატანებულ ფანჯრებამდე მიჰყავხარ.

სანატორიუმი სავანე
იმერეთთან ძალიან ახლოს აღმოაჩენ მორიგ მიტოვებულ და დიდებულ სანატორიუმ სავანეს, რომელსაც ნახევრადწრიული შესასვლელი აქვს და სრულად ჩაფლულია სიმწვანეში. ჩვენ შიგნით არ შევსულვართ, რადგან მცენარეები ძალიან გავერანებულები არიან, თუმცა გარედან ძალიან დავტკბით ამ სიმშვენიერით.
წყალტუბო სპა რეზორტი
ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით წყალტუბო სპა რეზორტი ახალრეაბილიტირებულია და სამკურნალო დანიშნულებითაც ფუნქციონირებს იმავე შენობაში. სასტუმრო უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს, რადგან ადრე, თავის დროზე ეს გახლდათ სწორედ ცენტრალური სანატორიუმი. შენობების უმრავლესობა რეაბილიტირებულია. ხელშეუხებლად მხოლოდ სტალინის პირადი ოთახია დატოვებული და დროის, ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, გაყინულობის შეგრძნებას ტოვებს.
წყალტუბოში ჩემი პირველი ვიზიტისას, ამ ოთახში შესვლა ტურისტებისთვის აკრძალული იყო, თუმცა თავაზიანი თხოვნის შემდეგ შემიშვეს. დღეს უკვე შესაძლებელია სტალინის ლუქს-ოთახის, მუზეუმის და გრანდიოზული საკონცერტო დარბაზის დათვალიერება. ფასები შემდეგია: 3-კაციან ჯგუფში თითო ვიზიტორზე – 20 ლარი; 3-6 კაციანი ჯგუფი, თითო – 15 ლარი.
სასტუმრო აია
სასტუმრო აიაშიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან ჩაასახლებულები. შენობის მდგომარეობა აქაც გულისგამაწვრილებელია. აქაც შიდა და გარე მოზაიკაა უნიკალური.
წყალტუბოს აბანოები
ქალაქში სულ 9 თერმული აბანოა, მაგრამ აქედან მხოლოდ პირველი, მესამე და მეექვსე ფუნქციონირებს. ამბობენ, რომ წყალტუბოს მინერალურ წყლებს 6 სხვადასხვა დაავადების განკურნება შეუძლია. თუკი აქ რაიმე კერძო დაავადების სამკურნალოდ არ ხარ ჩამოსული, მაინც მიიღე აბაზანა რომელიმე აბანოში რელაქსაციისთვის და სასიამოვნო გამოცდილებისთვის.
აბანო N6
ეს ქალაქის მთავარი საჯარო აბანოა და მას სტალინის აბანოდაც მოიხსენიებენ. ეს შენობა უშუალოდ წყაროს თავზე სწორედ მისთვის აშენდა. შესაბამისად, აქ შეგიძლია მისი პერსონალური, მოზაიკით მორთული ოთახიც დაათვალიერო და მომსახურე პერსონალი სიხარულით ჩაგიტარებთ მინი ტურს.
აბანო N8
ფოთლებში ჩაფლული და მიტოვებული შენობა შეიძლება გამოგრჩეს კიდევაც, თუ ზუსტად არ იცი, რომ ეს N8 აბანოა. N6-თან ძალიან ახლოს მდებარე ამ 1959 წელს აშენებულ აბანოს ძალიან საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურა აქვს. მას აქვს გუმბათის ფორმის სახურავი, რომელიც აშენებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციით და იწონის 42 ტონას. ეს იყო ამ ტიპის მშენებლობის პირველი მაგალითი საქართველოში და ფაქტობრივად სატესტო ვერსიას წარმოადგენდა შემდგომში სპორტის სასახლის შენობისთვის.
აბანო N5
ესეც მორიგი მიტოვებული აბანოა, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. სამწუხაროდ, ამ კერძო აბანოზე ბევრი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, მაგრამ ჩემი თვალით დანახული კედლებითა და ყვითელი კაფელით დამშვენებული ინტერიერით ვვარაუდობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი აბანო იქნებოდა თავის დროზე.

კიდევ რა ვნახოთ?
დაათვალიერე სტალინის აგარაკი
წყალტუბოს ცენტრიდან ცოტათი მოშორებით მდებარე აგარაკი გასაოცარი ადგილია დასათვალიერებლად. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე სხვადასხვა მიტოვებული შენობებია, რომელთაც თავის დროზე კერძო დანიშნულება ექნებოდა და ალბათ, მომსახურე პერსონალისთვისაც იყო განკუთვნილი. შესაძლოა KGB-ს სრულიად იზოლირებული, საკუთარი “სანატორიუმი“ ჰქონდა ამ დაცულ ადგილას და სპეციალური საშვის გარეშე, შემთხვევით აქ მოხვედრა შეუძლებელი იყო.

არქიტექტურულად და სილამაზის მხრივს, ეს კოტეჯი ნამდვილად არ გამოირჩევა და საკმაოდ მოკრძალებულიც კია. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გვითხრეს, რომ ეს კომპლექსი ძალიან სწრაფად აშენდა, მაგრამ სტალინი აქ მხოლოდ ერთხელ დარჩა. სხვა ჭორებს თუ დავუჯერებთ, აქ მას საყვარელი ადგილიც კი ჰქონდა, სადაც დაჯდომა და მთელი წყალტუბოს ხედით ტკბობა უყვარდა.
მოინახულე კარსტული მღვიმეები
წყალტუბო მდიდარია ბევრი კარსტული მღვიმით, თუმცა ბევრი დამთვალიერებელი აქაურობას მხოლოდ იმისთვის სტუმრობს, რომ პრომეთეს მღვიმეს ეწვიოს. ეს კარსტული მღვიმე მდიდარია ფერადად განათებული სტალაგმიტებითა და სტალაქტიდებით. პრომეთე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მღვიმე საქართველოში, თუმცა ვიზიტორებისთვის მხოლოდ 1.2კმ არის ღია.

დაისვენე ცივ ტბაზე
სანატორიუმ ივერიასთან საკმაოდ ახლომდებარე ეს პატარა ტბა, ძალიან კარგი ვარიანტია წყალტუბოდან საღამოს ფეხით გასასეირნებლად. ეს ტბა ადგილობრივებში ძალიან პოპულარული ადგილია. სეზონის დროს, აქ შეგიძლია ნავიც კი იქირაო.

ღამისგასათევი ადგილები წყალტუბოში
წყალტუბოში რამდენიმე გესთჰაუსი და სასტუმროა, თუმცა მე ქუთაისში დარჩენას გირჩევ, და ერთდღიანი გასვლით წყალტუბოში ჩასვლას. აქ საღამოობთ ძალიან სიმშვიდე და სიწყნარეა და რესტორნების არჩევანი არც ისე დიდია.
თუ მაინც წყალტუბოში გადაწყვეტ დარჩენას, მოძებნე ბინა ან სასტუმრო აქ:
Booking.com
როგორ ჩახვიდე ქუთაისიდან წყალტუბოში
ქუთაისიდან წყალტუბოში დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ დადის მიკროავტობუსი, ამიტომ აქ მოხვედრა არანაირ სირთულეს არ წამოადგენს. ქუთაისში წითელი ხიდს რომ გადახვალ, მოძებნე N30 მარშრუტკა. ბილეთის ფასია 1.20 ლარი.