ანგკორის შესანიშნავი კომპლექსი რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

1
108
views

უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი  ბევრისთვის საოცნებო ადგილს წარმოადგენს. ანგკორ ვატი და მთლიანად მისი კომპლექსი ჰოლივუდის ფილმმა „ტომბ რაიდერმა“ და ანჯელინა ჯოლიმ გახადა პოპულარული. მას შემდეგ აქ ტურისტების ნაკადი არასდროს წყდება.

პარკი 400 კვ. კმ-ზეა გაშლილი და 45 ტაძარს მოიცავს, რომლის მონახულებასაც ერთი კვირა მაინც სჭირდება. თუმცა ძირითადი ადგილების სანახავად ერთი დღე სავსებით საკმარისია.

ბილეთის ფასი: ერთი დღე $20, სამი დღე $40 და შვიდი დღე $60.

როგორ მოვინახულოთ ტაძრები

ყველაზე ოპტიმალური ტუკ-ტუკის დაქირავებაა. ასე დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც. ტუკ-ტუკის ფასი იმის მიხედვით იცვლება რომელი ტაძრების ნახვა გსურს. ჩვენ ყველაზე მარტივი და ძირითადი ტაძრები ავირჩიეთ და მომსახურებაში $20 გადავიხადეთ. საბოლოო ჯამში ანგკორის ტაძრების მონახულება $60 დაგვიჯდა (2 ადამიანი).

უნდა იცოდე:

  • ტაძრების ფონზე მზის ამოსვლის ან ჩასვლის სანახავად და ზოგიერთი შორს მდგარი ტაძრის სანახავად დამატებით რამდენიმე დოლარი უნდა გადაიხადო.
  • თუ ტუკ-ტუკს ვერ გაწვდები, შეგიძლია ქალაქში ველოსიპედი იქირაო და იმით მოიარო  სასურველი ადგილები.
  • ტაძრები ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრშია, შესაბამისად ფეხით შემოვლა ძალიან გაგიჭირდება.
  • ძირითადი შესასვლელის, ანგკორ ვატის წინ ყოველთვისაა გიდი თუ დაგჭირდება.

რაც არ უნდა გადაწყვიტო, შეადგინე გეგმა, კარგად მოიძიე საინტერესო ინფორმაცია, დატენე ფოტოაპარატის ბატარეები და რამდენიმე ბოთლი წყალი გაიყოლე.

ანგკორ ვატის შესასველელი

ჩვენი პატარა ტური ხუთი ძირითადი ტაძრისგან შედგებოდა და საწყისი წერტილი ანგკორ ვატი (Angkor Wat) – ყველაზე დიდი და პოპულარული ტაძარი იყო, რომელიც ხმერების იმპერიის დროს დედაქალაქს წარმოადგენდა.

თანამედროვე სახელი Angkor Wat, ტაძრების ქალაქს ნიშნავს

თავდაპირველად ტაძარი ინდუისტურ სტილში აშენდა და მოგვიანებით ბუდისტურად გადაკეთდა. იმ პერიოდში ტაძრებს ღმერთ შივას უძღვნიდნენ. მეფე სურიავარმან II-მ ეს ტრადიცია უარყო და ანგკორის ტაძარი ვიშნუს მიუძღვნა.

ანგკორ ვატის ტაძარი შიგნიდან

ტაძარი კამბოჯას სიმბოლო და ეროვნული სიამაყეა. იგი ეროვნულ დროშაზე 1863 წლიდანაა დატანილი.

ანგკორ ვატი ინდუისტური კოსმოლოგიის განსახიერებაა. მისი ცენტრალური კოშკები მერუს მთას, ღმერთების სახლს განასახიერებს, ხოლო გარეთა კედლები – მის გარშემო მყოფ სამყაროს.

ტაძრის ტერიტორია

ტერიტორიის დათვალიერებისას ადვილად შეამჩნევ რელიეფურ ფრიზებს, რომლებიც ინდური მითოლოგიის სცენებს ასახავს.

გარდა ამისა, თითქმის ყველა სვეტი და კედელი დამშვენებულია აფსარასა და დევიტას გამოსახულებით. აფსარა ინდურ მითოლოგიაში ნახევრად ღმერთია, რომელიც წყლის ან ღრუბლების სულია. მას ქალის ფორმით გამოსახავდნენ, რომელსაც ძვირფასი სამკაული და სამოსი ეცვა. აფსარა ახალგაზრდული და ელეგანტური ქმნილებაა რომელიც შესანიშნავად ცეკვავს და ღმერთებსა და მამაკაცებს ართობს.

ანგკორ თომის კომპლექსი

ხმერების იმპერიის ბოლო დედაქალაქი, ბაიონის ტაძარს, სპილოების ტერასასა და სატახტო სასახლეს მოიცავს.

იმდროინდელი სამეფოს ცენტრში ოქროს ტაძარი ბაიონია აღმართული (Golden Tower Bayon) რომელიც მომღიმარი სახის ბარელიეფებითაა ცნობილი. აქ ოცზე მეტი პატარა კოშკი და რამდენიმე ასეული ქვის ოთახია.

2,000-ზე მეტი მომღიმარი სახე 54 კოშკზეა ამოტვიფრული, რაც ტაძარს თავის დამახასიათებელ იერსახეს აძლევს. მიიჩნევა რომ კოშკებზე გამოსახული ფართო შუბლი, დამწუხრებული თვალები, ფართო ნესტოები და სქელი ტუჩები ტიპური „ანგკორის ღიმილს“ წარმოადგენს.

ტა პრომი (Ta Prohm) ანგკორის ყველაზე პოპულარული კომპლექსია, რომელიც ხეების სამეფოდაა ცნობილი. ეს ის ცნობილი კომპლექსია, სადაც ხის ფესვები შენობებზეა გადმოსული და ბევრს არარეალური ადგილი ჰგონია.

კომპლექსი თავის დროზე ღმერთების 260 ქანდაკებას, 39 კოშკს და 566 საცხოვრებელ ნაგებობას მოიცავდა. ჩვენი ვიზიტის დროს, კომპლექსის დიდ ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. თუმცა ცნობილ ხესთან მაინც შევძელით ფოტოს გადაღება.

პნომ ბახენგი (Phnom Bakheng) ჩვენი მარშუტის ბოლო გაჩერება იყო. აქედან ანგკორ ვატის ფონზე მზის ჩასვლას უყურებენ. იმისათვის რომ ყველაფერი კარგად დაინახო, გორაზე უნდა ახვიდე და იქიდან გადმოიხედო. თუმცა თუ გორაზე ფეხით ასვლა გეზარება, შეგიძლია სპილოები $20-ად იქირაო.

რადგან ჩვენ მეორე დღეს კუალა ლუმპურში ფრენა გვქონდა და უკვე საკმაოდ დაღლილებიც ვიყავით, გადავწყვიტეთ ჰოსტელში დავბრუნებულიყავით და კარგად დაგვესვენა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge