რა ვნახოთ ქუთაისში – სრულყოფილი მეგზური

|

ქუთაისი საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. წარსულში – სატახტო და დღესდღეობით – სიდიდით მესამე ქალაქი იმერეთის რეგიონისთვის საკვანძო ადმინისტრაციულ-გეოგრაფიულ ადგილს წარმოადგენს. ქუთაისში მდებარეობს UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სხვა ეროვნული მასშტაბის ისტორიული ძეგლები, ულამაზესი ტაძრები და ეკლესიები და სხვა კულტურულად ღირსშესანიშნავი ადგილები. ამ პოსტში დაწვრილებით აღვწერ თუ რა ვნახოთ ქუთაისში 5-7 დღის განმავლობაში.  

რატომ უნდა შეყოვნდე ქუთაისში ამდენი დღით

იმერეთის რეგიონი თავისი მშვიდი და პასტორალური ბუნებით სასიამოვნოდ ზემოქმედებს ფსიქიკაზეც და სხეულზეც. მისი მთა-გორიანი ლანდშაფტი ნახატივით გამოიყურება, ხოლო მღვიმეები და გამოქვაბულები თითქოს ზღაპრული სამყაროსკენ გექაჩებიან. დღესდღეობით 6,475კმ2-ზე გადაჭიმული რეგიონი თავისი უნიკალური ღრისშესანიშავი ძეგლებით დაყოფილია ორ ნაწილად – ზემო და ქვემო იმერეთად.

რა ვნახოთ ქუთაისში

იმერეთი, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის განვითარებაში, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც რეგიონზე დიდი აბრეშუმის გზა გადიოდა და ეს შესაბამისად მის კულტურულ და ისტორიულ მრავალფეროვნებაზე ახდენდა გავლენას. მეტიც, ეგრისი – დასავლეთ საქართველოს ანტიკური დედაქალაქი, სწორედ ამ ტერიტორიაზე არსებობდა ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე.

წაიკითხე: 45+ ლამაზი ადგილი საქართველოში

ქუთაისის გეოგრაფიული მდებარეობა ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი ფაქტორია მოგზაურებისთვის, რადგან აქედან დასავლეთ საქართველოს უამრავი ღირსეშანიშნავი ადგილი თუ ბუნებრივი ძეგლი – იქნება ეს რელიგიური ძეგლები, კანიონები, მღვიმეები, გამოქვაბულები, ყოფილი კურორტი საბჭთა კავშირის პერიოდის სანატორიუმებითა და სხვა უამრავი საინტერესო მიმართულებით – ძალიან მარტივად მისაღწევია.

არ აქვს მნიშვნელობა სოლო მამრობითი თუ მდედრობითი სქესის მოგზაური ხარ, ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობ, ამ რეგიონში აუცილებლად იპოვი შენი გემოვნების შესაბამის ადგილებს. აქედან გამომდინარე, ქუთაისისა და მისი მიმდებარე ადგილების დათვალიერების გეგმა აბსოლუტურად შენს სურვილზე, თავისუფალ დროზე, სეზონსა და ტრანსპორტის სახეობაზეა დამოკიდებული. 

საუკეთესო დრო ქუთაისის მოსანახულებლად

ქალაქში ნესტიანი, სუბტროპიკული კლიმატია. ზაფხულში ძალიან ცხელა და სიმშრალეა, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში უმეტესად წვიმს, ყინავს და სველი ამინდია. რადგანაც მე ივლისის ბოლო კვირას მქონდა დაგეგმილი ქუთაისის სტუმრობა ორ თინეიჯერთან ერთად, ჩემი სამოგზაურო გეგმა 7 დღეზე გავწერე, რომ მშვიდად და აუღელვებლად გვენახა ყველაფერი.

რა ვნახოთ ქუთაისში

ჩემი აზრით, ქუთაისისა და მისი შემოგარენის მოსანახლებლად ზაფხულში მინიმუმ 5 დღე უნდა გათვალო, ხოლო უფრო გრილ სეზონებზე 3-4 დღეც საკმარისია.

როგორ ჩახვიდე ქუთაისში

ქუთაისში ჩასვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ამისათვის უამრავი, სხვადასხვ სატრანსპორტო საშუალება არსებობს, როგორც თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე – საზღვარგარეთიდანაც.

თბილისი – ქუთაისის მარშრუტკა

თბილისიდან ქუთაისამდე 221კმ-ია და საკუთარი მანქანით ამ მანძილის დაფარვას 3:30სთ სჭირდება. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა იმგზავრო, მაშინ მიკროავტობუსი ყველაზე სწრაფი და საუკეთესო ვარიანტია. თბილისი-ქუთაისის მარშრუტკა გადის მეტროსადგურ დიდუბესთან არსებულ დიდუბის ავტოსადგურიდან დილის 7-8 საათიდან საღამოს 6-8 საათამდე. ბილეთის წინასწარ დაჯავშნა საერთოდ არ არის აუცილებელი. პირდაპირ მიხვალ ავტოსადგურში, დაიკავებ ადგილს და დაძვრამდე მძღოლი ან მძღოლის დამხმარე თვითონ ჩამოივლის თანხის ასაგროვებლად. ზუსტად იგივე წესები და განრიგია ქუთაისი-თბილისის მიმართულებითაც. 

რა ვნახოთ ქუთაისში

თბილისი – ქუთაისის მატარებელი

საქართველოს მთავარ ქალაქებს შორის შედარებით ნორმალური სარკინიგზო სისტემა ფუნქციონირებს. თბილისიდან ქუთაისის გავლით სხვა ქალაქებისკენ დღის მატარებლები გადაადგილდებიან. არსებობს ღამის, სწრაფმავალი (ევროპული სწრაფმავლების სიჩქარის მოლოდინი ნუ გექნება), სამგზავრო ელექტრო და საგარეუბნო სამგზავრო მატარებლების ალტერნატივებიც. გაითვალისწინე, რომ ამ მატარებელთა უმრავლესობა ძველია და დანიშნულების ადგილამდე მანძილის დაფარვას დიდ დროს ანდომებენ. გამონაკლისი მხოლოდ ახლებია, რომლებიც შედარებით კომფორტულია, სწრაფიც და wifi-თა და დამტენი პორტებით აღჭურვილია. 

ბილეთის ფასი ქუთაისამდე განსხვავებულია და დამოკიდებულია მატარებლის სახეობაზე. მათი განრიგისა და ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია აქ გადაამოწმო. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია წინასწარ, ამავე ვებგვერდზე ან თბილისის ცენტრალურ სადგურზე, რომელიც სადგურის მოედნის მიმდებარედ მდებარეობს. 

რა ვნახოთ ქუთაისში

თბილისი – ქუთაისის ავტობუსი

მოგეხსენებათ, თბილისიდან ქუთაისში ჩასასვლელად ადგილობრივები ავტობუსს დიდად არ ვიყენებთ ხოლმე და როგორც წესი, უპირატესობას მიკროავტობუსს ან მატარებელს ვანიჭებთ. თუმცა, თუ მაინც ავტობუსით გირჩევნია წასვლა, მაშინ შეგიძლია, ბილეთი წინასწარ დაჯავშნო მეტრო ჯორჯიაში, რომლის მომსახურებაშიც უფასო wifi და მგზავრობის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჩაის, ყავისა და სასმელი წყლის შეთავაზება შედის.

საქართველოს სხვა ქალაქებიდან ქუთაისში მოხვედრის საშუალებები

ქუთაისში ჩასვლამდე ჩვენ ჯერ ბორჯომში გავჩერდით და სწორედ აქედან უნდა ჩავსულიყავით ქუთაისში. ბორჯომიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ხაზის მიკროავტობუსები არ დადიან, მაგრამ შეგიძლია, ბათუმისას გაჰყვე, რომელიც გაივლის ქალაქში და ეს 8-10 ლარი დაგიჯდება. გაითვალისწინე, რომ დილას ადრე გადის მხოლოდ ერთი ცალი და საკმაოდ მალეც ივსება.

რა ვნახოთ ქუთაისში

თუკი, დილას ვერ მიუსწრებ ბათუმის მიკროავტობუსს, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ქუთაისში ვერ ჩახვალ იმავე დღეს. ხაშურის მიმართულებით, 2 ლარად ძალიან ხშირად გადის მიკროავტობუსები. ხაშურიდან კი ქუთაისის მიმართულებით საკმაოდ მარტივად დაემგზავრები დასავლეთის მიმართულებით მიმავალ სხვადასხვა ტრანსპორტს.

უშუალოდ ხაშურიდანაც არის პირდაპირი რეისი, რომელიც შევსებისთანავე გადის და 5 ლარი ღირს, მაგრამ თუ გეჩქარება, მაგას სჯობს, ნებისმიერ გამვლელი მიკროავტობუსის მძღოლს დაელაპარკო. ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით და დიდი ხანი არც გვიცდია ხაშურში. თუმცა უფრო ძვირი 10 ლარი გადავიხადეთ მეტად კომფორტულ და კონდიციონერის მქონე მანქანით მომსახურებაში. 

რა ვნახოთ ქუთაისში – ქუთაისის ღირსშესანიშნაობები

თბილისთან შედარებით, ქუთაისში არც ისე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებია, ამიტომ გირჩევ, რომ ამისთვის ერთი დღე ან დღენახევარი მოიაზრო. დანარჩენი დასათვალიერებელი ადგილები ქუთისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველაფრის სანახავად უფრო მეტი დღეა საჭირო.

რა ვნახოთ ქუთაისში

თუმცა, თუ ქუთაისში საკუთარი მანქანით მოგზაურობ, მაშინ ეს საკითხი აქტუალური არ არის და ძალიან მარტივად და გაცილებით ოპტიმალურ დროში მიხვალ ყველა დასათვალიერებელ ადგილამდე. მაგრამ, თუ ჩვენსავით საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ისარგებლო, მაშინ რამდენიმე დღე დაგჭირდება. 

ქალაქ ქუთაისის ცენტრი და კოლხური შადრევანი

ქუთაისის ცენტრალური ნაწილი ბოლო წლებში რესტავრირდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამიტომ აქ გასეირნება ნამდვილად სასიამოვნო და აუცილებელიც კია. მარტო ოპერის თეატრი რად ღირს სახურავზე თავისი მებრძოლების ქანდაკებებითა და იქვე ჩამომსხდარი, თათებში დედამიწისდამჭერი ლომებით.

რა ვნახოთ ქუთაისში

აქედან შეგიძლია ბულვარს გაუყვე, რომელსაც ადგილობრივები ქუთაისის ცენტრალურ პარკს ეძახიან. პარკი მართხკუთხა ფორმისაა და ინტენსიურადაა გამწვანებული, რაც სასიამოვნოს ხდის აქ დროებით ჩამოჯდომას და ადგილორბივებზე დაკირვებას.

პარკის ცენტრალური გასასვლელიდან პირდაპირ მიადგები მოედანს, ცენტრში კოლხური შადრევნით. ძალიან რთულია ქუთაისის ცენტრში ამ ქანდაკებას ასცდე. შადრევნის შუაში დგას ოქროს ცხენები, ვეფხვები, ვერძები და სხვა ცხოველები. თუკი ახლოდან დააკვირდები, ამ ფიგურებს შორის აუცილებლად შენიშნავ თამადას ქანდაკებას, ქართული სუფრის მთავარ პერსონას. რეალურად კი ყველა ეს ფიგურა საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი არტეფაქტების ზომაში გაზვიადებული ასლებია, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ოდესღაც სწორედ აქ ნამდვილად არსებობდა კოლხეთის ოქროთი მდიდარი, მითიური სამეფო და იასონი და არგონავტები სწორედაც რომ აქ ჩამოვიდნენ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად.

ბაგრატის საკათედრო ტაძარი

ბაგრატის საკათედრო ტაძარი, რომელიც რეაბილიტაციამდე UNESCO-ს ძეგლი იყო, უქიმერიონის გორადან გადმოჰყურებს ქალაქს. ტაძარი 1003 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეის ბაგრატ III-ის მიერ აშენდა და მე-17 საუკუნემდე, მონღოლების შემოსევამდე ხელშეუხებლად იდგა. ბაგრატის ტაძარი შუა საუკუნეების არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. 

რა ვნახოთ ქუთაისში

ტაძრამდე მისასვლელი მოკლე, საფეხმავლო ბილიკიც არსებობს. ჯაჭვის ხიდის გადაკვეთის შემდეგ, ქუჩას რომ გაუყვები, მარცხენა მხარეს ამავალ კიბეებს მიაქციე ყურადღება.

სასარგებლო რჩევა: ტაძარი და ხედი მისი ფართო ეზოდან გაცილებით ლამაზია მზის ჩასვლისას. 

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

ბაგრატის საკათედრო ტაძრიდან ბოტანიკურ ბაღში ჩასასეირნებლად სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდება. ბაღი მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსდა და თბილისის ბოტანიკური ბაღის შემდეგ მეორე ადგილზეა სიძველის მიხედვით. აქ შეძლებ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოტანილ 700-მდე მცენარის დათვალიერებას. ბოტანიკურ ბაღში სეირნობა ზაფხულის ქუთაისური ხვატის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, საღამოობით აქ ძალიან ბევრი მწერი დაფრინავს.

რა ვნახოთ ქუთაისში
  • ბილეთის ფასი: 1 ლარი მოზარდებისა და სტუდენტებისთვის.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა

ქუთაისში მდებარეობს არქიტექტურულად ერთ-ერთი ძალიან საინტერეოს შენობა, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებდა. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებული 40-მეტრიანი სფეროს ფორმის შუშის შენობა მოიცავს საკონფერენციო სივრცეებს, ოფიციალური შეხვედრების ოთახებს, პლენარული სხდომის დარბაზსა და საგამოფენო სივრცეს.  

როგორ მოხვდე ყოფილ პარლამენტის შენობასთან: წითელი ხიდიდან გადის მიკროავტობუსი N4. აქედან ორი სხვადასხვა N4 მიკროავტობუსი გადის სხვადასხვა მიმართულებით და სჯობს, მძღოლთან ჩააზუსტო, ნამდვილად გაივლის თუ არა ამ შენობას. მგზავრობის ღირებულება 40-50 თეთრი.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად უნდა ესტუმრო პუშკინის ქუჩაზე მდებარე ქუთაისის ისტორიის მუზეუმს. აქ გამოფენილია 150,000-ზე მეტი არტეფაქტი ბრინჯაოსა და ანტიკური ხანებიდან. სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა აქ ნახავ ანტიკურ წიგნებს, ფრესკებსა და სამხედრო აღჭურვილობას. 

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-18:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები – 3 ლარი; ტური გიდითურთ – 10 ლარი

ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი

ისტორიის მოყვარულებისთვის ეს მუზეუმი მორიგი ძალიან საინტერესო ადგილია. აქ ძალიან დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებ ქვეყნის საბრძოლო ისტორიაზე, მათ შორის II მსოფლიო ომსა და ადგილობრივ კონფლიქტებზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან.

რა ვნახოთ ქუთაისში
  • სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-18:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები – 3 ლარი

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი

შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გალერეაში გამოფენილია ადგილობრივი და ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის ფიროსმანის ნახატებიც. აქვე განთავსებულია სუვენირების მაღაზიაც.

რა ვნახოთ ქუთაისში
  • სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-18:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილებისთვის – 2 ლარი

ქუთაისის სინაგოგა

ქუთაისში ათწლეულების განმავლობაში ებრაელების ყველაზე დიდი დასახლება არსებობდა და დღემდე აქ შემორჩენილია ებრაელების უბანი. სინაგოგა 1885 წელს აშენდა და საინტერესოა თავისი ულამაზესი ინტერიერით. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ მივაკითხეთ, როდესაც წესით ღია უნდა ყოფილიყო, ვერცერთხელ მოვახერხეთ შიგნით შესვლა.

რა ვნახოთ ქუთაისში
  • ღიაა: შაბათ-კვირას 08:00-10:00; 20:00-22:00; შაბათს: 09:00-12:00

მწვანე ბაზარი

ყოველდღიური ადგილობრივი ცხოვრების რიტმის შესაგრძნობად აუცილებლად უნდა შეიარო ბაზარში. აქ იპოვი ცოცხალი და ახალი ბოსტნეულისა და ხილის, ჩურჩხელების, მწნილების, ყველისა და ტყემლის რამდენიმე დახლს.

რა ვნახოთ ქუთაისში მოგზაურობისას – ახლომდებარე მონასტრები

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ქუთაისი გადასარევი საბაზო ადგილია ირგვლივ არსებული კულტურული ძეგლების, კანიონების, კარსტული მღვიმეებისა თუ სხვა საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. ზოგიერთი მათგანი ქალაქიდან ძალიან ახლოს მდებარეობს, ზოგი კი – ცოტათი მოშორებით. მაშ ასე, აქ ჩამოვწერ ქუთაისიდან ერთდღიანი გასვლების მთავარ მიმართულებებს.

გელათი

გელათის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა შუასაუკუნეების პერიოდიდან და ადგილობრივ არქიტექტრულ კვინტესენციადაც კი მიიჩნევა. ქალაქიდან 11კმ-ში მდებარე მონასტერი დავით აღმაშენებლის, XII-XIII საუკუნეების საქართველის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეფის მიერ არის აშენებული. მისი საფლავი სწორედაც რომ აქ მდენარეობს, სამხრეთ კარიბჭეში.

რა ვნახოთ ქუთაისში

გელათის მონასტერი ერთ-ერთია იმ სამ ძეგლთაგან რომელიც შესულია UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. კომპლექსი აერთიანებს რამდენიმე შენობას, მაგრამ ცენტრალური და ყველაზე მნიშვნელოვანი უნიკალური და უალამაზესი ფრესკებით დამშვენებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია. ტაძრის მთავარი ფრესკა საკურთხევლის თავზე მოზაიკით შესრულებული ფეხზე მდგომარე მარიამ ღვთისმშობლის ფრესკაა, ჩვილი იესოთი და მთავარანგელოზებით. ტაძრის მოხატულობა ტიპური ქართული საეკლესიო მოხატულობის ჟანრშია შესრულებული და სხვა, შუასაუკუნოვან მოხატულობაში ანალოგი არ მოეპოვება.

როგორ მოხვდე გელათის მონასტერში: თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეძებ, მაშინ ქალაქის ცენტრში მდებარე დრამატული თეატრის შენობის უკან, მარი ბროსეს ქუჩაზე უნდა მიხვიდე. სწორედ აქედან გადის გელათის მიმართულებით მიკროავტობუსი და მგზავრობის ღირებულებაა 1 ლარი.

მოწამეთა მონასტერი

მოწამეთას მონასტერი გელათისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და შუა საუკუნეებში ძმების დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად აიგო. ტაძარი თარიღდება მე-11 საუკუნით, თუმცა აქ მე-8 საუკუნეში უკვე იდგა პირველი ეკლესია. სუნთქვისშემკვრელად ღრმა ხეობა აკრავს ტაძარს ირგვლივ. ძმებ წმინდა მოწამეებს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით არაგვის ერისთავები დავითი და კონსტანტინე არაბების შემოსევის დროს აწამეს.

რა ვნახოთ ქუთაისში

როგორ მიხვიდე მოწამეთას მონასტრამდე: გელათის მონასტრის მონახულების შემდეგ იგივე მიკროავტობუსს გამოჰყევი და მძღოლი გააფრთხილე, გელათის პოლიციის შენობასთან გაგიჩეროს. შეგიძლია, პირდაპირ უთხრა, რომ მოწამეთაში მიდიხარ და ადგილობრივები ისეთი ყურადღებიანები არიან, რომ ზედმიწევნით დაგაკვალიანებენ. მთავარი გზიდან დაახლოებით 2კმ-ის ფეხით გავლა მოგიწევს მოწამეთას მონასტრამდე მისასვლელად. აქედან ქუთაისში მისასვლელად, იგივე მანძილს გამოივლი ფეხით, ან ტაქსს შეგიძლია გაჰყვე ან ავტოსტოპი სცადო. ტაქსით მგზავრობის საფასური სადღაც 10-15 ლარის ფარგლებში ვარირებს.

რა ვნახოთ ქუთაისში მოგზაურობისას – წყალტუბო და პრომეთეს მღვიმე

წყალტუბო იმერეთის რეგიონში ცნობილი თერმული წყლების კურორტი იყო. ამასთანავე, მიდებარე ტერიტორია მდიდარია ბუნებრივი ძეგლებით, მღვიმეებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რადენიმე კარსტული მღვიმეა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მონახულებადი და პოპულარული პრომეთეს მღვიმეა. სხვებიც არანაკლებ საინტერესოა, უბრალოდ, ჯერ იქ ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. 

რა ვნახოთ ქუთაისში

საბჭოთა კავშირის პერიოდში წყალტუბო ძალიან პოპულარული ადგილი იყო მისი მკურნალი და თერმული წყლების გამო. აქ ათეულობით სანატორიუმი იყო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსულ ათასობით დამსვენებელს ემსახურებოდა. დღეს ამ სანატორიუმების უმრავლესობა დანგრევის პირასაა. მხოლოდ ერთეულებს ჩაუტარდათ სტანდარტების დაცვით რეაბილიტაცია. წყალტუბოს რამდენიმე სანატორიუმი დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ დანგრევის პირასაა, ინარჩუნებს თავის უნიკალობას და პომპეზურობას, რომელიც წამიერად გაბრუნებს 1950-იან წლებში.

პრომეთეს მღვიმე უშუალოდ ქალაქში არ მდებარეობს, ამიტომ სოფელ ყუმისთავამდე სხვა მიკროავტობუსით სარგებლობა დაგჭირდება, რომელიც 2 საათში ერთხელ გადის აქედან. მგზავრობის საფასური 2 ლარია და მძღოლი პირდაპირ შესასვლელთან ჩამოგსვამს. კარსტული მღვიმე მდიდარია ფერადი ნათურებით განათებული სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და სტალაგნიტებით.

რა ვნახოთ ქუთაისში

მღვიმის ტერიტორია 46.6ჰა-ს მოიცავს, ზოგიერთ დარბაზის სიმაღლე 80-100 მეტრია. მღვიმეში დამოუკიდებლად ჩასვლა, ცხადია, ნებადართული არ არის და ჯგუფს უნდა დაელოდო, რომელიც ადგილობრივ გიდებს ჩაჰყავთ გარკვეული განრიგით. ამიტომ, სჯობს, გიდთან ახლოს იდგე, მღვიმის ისტორიისა და საინტერესო დეტალების გასაგებად. სულ 1420 მეტრს გაივლი, გასასვლელამდე. თუ გინდა, დამატებითი საფასურის გადახდით, შეგიძლია, მღვიმე მდინარით, ნავის საშუალებით დატოვო. თუ არადა, ფეხით სიარულს აგრძელებ გვირაბში და გამოსასვლელთან დაგხვდება ადგილობრივი ავტობუსი, რომელიც პარკის შესასვლელთან მიგიყვანს.

რა ვნახოთ ქუთაისში - სრულყოფილი მეგზური 3
  • სამუშაო საათები: ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-18:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები – 11.50 ლარი; ნავი – 11.50ლარი
  • ადმინისტრაცია სეზონურად ცვლის სამუშაო დღეებს, საათებს და შესვლის საფასურს, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია, სჯობს, უშუალოდ ვიზიტის წინ გადაამოწმო აქ

რა ვნახოთ ქუთაისში მოგზაურობისას – ჭიათურა და კაცხის სვეტი

ჭიათურა მანგანეზის ქალაქად იწოდებოდა საქართველოში 1879 წლიდან. საბჭოთა პერიოდი ამ ქალაქისთვის სრული აღმავლობის ხანა იყო. აქ მოპოვებული მანგანეზი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს და საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იგზავნებოდა.

რა ვნახოთ ქუთაისში

ჭიათურა ზემო და ქვემო ქალაქებად იყოფა. საბჭოთა პერიოდის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ მუშებისთვის მანგანეზის უამრავ სხვადასხვა მაღაროს შორის მიმოსვლა გაემარტივებინა და მთა-გორიანი ლანდშაფტიდან გამომდინარე, საუკეთესო სატრანსპორტო საშუალებად საბაგიროების გაკეთება გადაწყდა. შედეგად, დღემდე ათეულობით საბაგიროა ქალაქში, რომელიც სხვადასხვა უბნებსა და მაღაროებსა აკავშირებს ერთმანეთთან. 

დღესდღეობით, ჭიათურაში მანგანეზის მოპოვება ისევ ხდება, მაგრამ არა ადრინდელი რაოდენობით. შესაბამისად, საბაგიროები სრული დატვირთვით არც მუშაობენ და რომელიც აქტიურია, 1954 წლიდან არც არავის განუახლებია. საბაგიროებით მგზავრობა უფასოა.

მე სიმაღლის მეშინია და 60 წლის მანძილზე რომ რეკონსტრუქცია არ გაუვლია მსგავსი საბაგიროთი სარგებლობა, მერწმუნეთ ძალიან საშიში იყო ჩემთვის, მაგრამ რეალობა მთლად ისეთიც არ არის, როგორც ეს ფაქტი ჟღერს. მეტიც, ისეთი კარგი გამოცდილება იყო, რომ სიამმოვნებით გავიმეორებდი კიდევ ერთხელ.

მღვიმევის მონასტერი

მონასტერი ჭიათურიდან მოშორებულია და მისი მდებარეობის უნიკალურობის გამო, ბოლომდე მისასვლელად კიბეებისა და გვირაბის გავლა მოგიწევს. ტაძარი გამოქვაბულში მდებარეობს და სწორედ ამიტომაც ჰქვია მღვიმევი.

რა ვნახოთ ქუთაისში

მღვიმევში მისასვლელად საუკეთესო ვარიანტია, ქუთაისი-ჭიათურის მიკროავტობუსის მძღოლს სთხოვო მონასტრის კიბეებთან ჩამოგსვას. ამ ადგილის დათვალიერების შემდეგ, ჭიათურამდე დაახლოებით 2კმ-ის გავლა მოგიწევს.

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი სოფელ კაცხში, ქუთაისიდან 62კმ-ში მდებარე ბუნებრივი კირქვის სვეტია. მიიჩნევა, რომ სახელი – კაცხი – სვანური წარმოშობისაა და მწვერვალს ნიშნავს. 

სიმაღლე, დაახლოებით 40-45 მეტრია და ერთ-ერთი გამორჩეული რამეა, რაც კი შეიძლება არმხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში ნახო. სვეტის თავის ფართობი დაახლოებით 150მ2-ია და ქვედა ნაწილი უფრო ვიწროა, რაც ერთი შეხედვით უარყოფითი დახრილობის ილუზიას ქმნის.

რა ვნახოთ ქუთაისში

სვეტის წვერზე მონასტერი მდებარეობს, სადაც მისვლა მხოლოდ ბერებისთვისაა ნებადართული. ეკლესიის დღევანდელი იერსახე 2005-2009 წლების რესტავრაციის შედეგია, თუმცა არავის აქვს ინფორმაცია, თავის დროზე როგორ აიტანეს საშენი მასალა ასეთ სიმაღლეზე.

როგორ მიხვიდე ჭითურამდე და კაცხის სვეტამდე: ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგურიდან ჭიათურის მიმართულებით მიკროავტობუსები დადიან 08:20-დან 17:00-მდე ყოველ ორ საათში ერთხელ. მგზავრობის ფასი – 7 ლარი. შეგიძლია, მძღოლს უთხრა, რომ კაცხის სვეტის გადასახვევთან გაგიჩეროს, საიდანაც დაახლოებით 2კმ-ის გავლა მოგიწევს მონუმენტამდე. თუ ჭიათურაში ჩასვლაც გინდა, ამ მანძილის უკან გამოვლის შემდეგ, ცენტრალურ გზაზე უნდა დაელოდო მორიგ ხაზის მიკროავტობუსს ან კეთილ გამვლელს, რომელიც თან გაგიყოლებს.

რა ვნახოთ ქუთაისში მოგზაურობისას – სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალი

სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალი ქუთაისიდან 7კმ-ში მდებარეობს და სწორედ ის ადგილია, სადაც 1933 წელს დინოზავრების დაახლოებით 200-მდე ნაკვალევი აღმოაჩინეს. ნაკრძალის ტერიტორია გადაჭიმულია 330 ჰექტარზე და აერთიანებს გამოქვაბულს, დინოზავრების ნაკვალევების კონსერვაციულ სტრუქტურებს, საგამოფენო დარბაზს, პანორამულ გადასახედს და ა.შ.

რა ვნახოთ ქუთაისში

სათაფლიის გამოქვაბული დაახლოებით 900 მეტრის სიგრძისაა და პრომეთეს მღვიმის მსგავსად სტალაქტიდები და სტალაგმიტები ფერადად არის განათებული. გამოქვაბულის დათვალიერების შემდეგ, აუცილებლად გაისეირნე ტყეში, გადაიხედე სპეციალურად მოწყობილი გადასახედიდან და ბიო-სპალეოლოგიურ მუზეუმსაც ეწვიე, სადაც ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრ, საინტერესო ინფორმაციას მიიღებ.

როგორ მიხვიდე სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალამდე: ქუთაისში მწვანე ბაზრის გაჩერებიდან უნდა გაჰყვე N31 ან N35 მიკროავტუბუსს ბოლო გაჩერებამდე, სკეიტ-მოედნამდე. შემდეგ უნდა გადაჯდე N45-ში. საბოლოო ჯამში, მგზავრობა 1,50 ლარი დაგიჯდება.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-17:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები – 8 ლარი
    ადმინისტრაცია სეზონურად ცვლის სამუშაო დღეებს, საათებს და შესვლის საფასურს, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია, სჯობს, უშუალოდ ვიზიტის წინ გადაამოწმო აქ

რა ვნახოთ ქუთაისში მოგზაურობისას – ულამაზესი კანიონები

ოკაცეს კანიონი

ქუთაისიდან 50კმ-ში მდებარე ოკაცეს კანიონი ქვეყანაში ყველაზე ღრმა კანიონად არის მიჩნეული. სოფელ ზედა გორდში მდებარე კანიონი მიმდებარე ხეობის სუნთვისშემკვრელ ხედებსა და სანახაობას სთავაზობს ვიზიტორს. კანიონის სიგრძე 16კმ-ია, ხოლო სიღრმე 35-50მ. ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები ერთმანეთს ისე უახლოვდება, რომ ულამაზეს, ბუნებრივ ხიდებს ქმნის. 

სამწუხაროდ, მთელი ტერიტორიის დათვალიერება ვერ ხერხდება, რადგან ბოლომდე არ არის შესწავლილი და მხოლოდ კილომეტრნახევრიანი, რკინის დაკიდული კონსტრუქციაა ღია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა.

საქართველოს ამ ბუნებრივი ძეგლის დასთვალიერებლად, ჯერ ვიზიტორთა ცენტრში უნდა იყიდო ბილეთი და მოემზადო 2.5კმ-ის გასავლელად. ჯამში, სულ 2-3 საათი დაგჭირდება. შესასვლელთან ტაქსები დგანან, რომლებიც შემოგთავაზებენ უშუალოდ კანიონის შესასვლელამდე მიყვანას, მაგრამ ცოტა არ იყოს და გაბერილი ფასები აქვთ და დალოდებიანად შეიძლება 50 ლარიც კი მოგთხოვონ, ამიტომ მე გირჩევდი, რომ ულამაზესი ტყის ნაწილიც ფეხით გაიარო.

კანიონის დათვალიერების შემდეგ შეგიძლია, ჩანჩქერისკენ წახვიდე. კინჩხას ჩანჩქერი გამოირჩევა თავისი სილამაზითა და სიგრძით. სამწუხაროდ, ჩვენი ვიზიტის დროს, ჩანჩქერთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა და მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ.

როგორ მიხვიდე ოკაცეს კანიონამდე: აქ მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცოტათი რთულია, თუმცა შეუძლებელიც არ არის. ჯერ ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგურიდან უნდა გაჰყვე ხონის მიკროავტობუსს, რომლებიც საათში ერთხელ დადიან და ბილეთის ფასი 3 ლარია. აქედან უნდა გაჰყვე კინჩხას მიკროავტობუსს, რომელიც მხოლოდ 11:00-ზე გადის. თუ გაგასწრებს ან ადრე ჩახვალ და არ მოგინდება ხონის ცენტრში ლოდინი, მაშინ მძღოლს უთხარი, კანიონის გადასახვევთან დაგტოვოს. აქედან კანიონის შესასვლელამდე 14კმ-ია და შეგიძლია ავტოსტოპით გააგრძელო გზა ან უბრალოდ იარო და ხაზის მიკროავტობუსი წამოგეწევა. ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით.

ქუთაისში დაბრუნება უფრო მარტივია, რადგან მიკროავტობუსი 17:00-ზე გადის. თუ ზედმეტი თავისუფალი დრო დაგრჩება, შეგიძლია აქვე არსებულ O Café-ში მიირთვა მსუბუქი ლანჩი. აქ უფასო wifi აქვთ და დროს მარტივად გაიყვან. ხონამდე ბილეთის ფასია 3 ლარია.  ხონი-ქუთაისი მგზავრობის საფასურიც 3 ლარია-ია.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა 10:00-17:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები – 9.20 ლარი.
  • სიმაღლე მინიმუმ 1.20მ უნდა იყოს.
  • ადმინისტრაცია სეზონურად ცვლის სამუშაო დღეებს, საათებს და შესვლის საფასურს, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია, სჯობს, უშუალოდ ვიზიტის წინ გადაამოწმო აქ

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი სამეგრელოს რეგიონში, ქუთაისიდან 50კმ-ში მდებარე მორიგი ულამაზესი ადგილია საქართველოში. სანამ აქ მოვხვდებოდი, უამრავი ულამაზესი სურათი მქონდა ნანახი და ერთი სული მქონდა როდის მოვინახულებდი აქაურობას. თუმცა, გულწრფელი რომ ვიყო, საბოლოოდ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი არა სანახაობის მხრივ, არამედ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო. მანამდე არსად წამეკითხა ამ ადგილზე დეტალური ინფორმაცია, ამიტომ გადავწყვიტე მსგავსი რევიუ დამეწერა.

რა ვნახოთ ქუთაისში

უპირველეს ყოვლისა, კანიონი ცნობილია ნავის ტურით მწვანე ხეობასა და ზურმუხტისფერ, მდორე მდინარეში. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ნავს მხოლოდ 300 მეტრის სიღრმეში შეჰყავხარ და ტურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია. აქაურობა ძალიან გადატვირთულია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამუშაო საათების დაწყებიდან 1 საათში მივედით, აქაურობა უკვე ტურისტებით იყო სავსე. წყალში იმდენი ნავი იყო, რომ ერთ-ერთს შევეჯახეთ კიდევაც.

ამ იმედგაცრუებების შემდეგ, ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ არაუშავს და ახლა ფეხით გავაგრძელებთ სეირნობას. თუმცა, სამწუხაროდ, საფეხმავლო ბილიკი საკმაოდ მოკლეა. ამასაც 10 წუთი დასჭირდა და ძალიან მალე უკვე ყველაფერი ნანახი გვქონდა. არ მინდა არასწორად გაიგოთ, ადგილი სრულიად გამაოგნებელია თავისი მცენარეებითა და ხავსებით დაფარული ხიდებით, ზურმუხტისფერი წყლით, მაგრამ ბილეთის საფასური და სანახაობა და მომსახურება საერთოდ არ შეესაბამება ერთმანეთს. ამიტომაც, საბოლოოდ დავფიქრდი კიდევაც, საერთოდ ღირდა თუ არა აქ მოსასვლელად დახარჯული ძალისხმევა ამად.

რა ვნახოთ ქუთაისში

როგორ მიხვიდე მარტვილის კანიონამდე: ოკაცესთან შედარებით, ეს გაცილებით მარტივია. ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგურიდან მარტვილის მიკროავტობუსს გაჰყევი და მძღოლი პირდაპირ კანიონის ჩასასვლელთან ჩამოგსვამს. მგზავრობის საფასურია 4.5 ლარი. უკან დასაბრუნებლად, შეგიძლია იგივე მძღოლს ჰკითხო, როდის ბრუნდება ქუთაისში. თუ ძალიან დიდი ხანი მოგიწევს ლოდინი, შეგიძლია, ტაქსით დაბრუნდე ან გამვლელს გაჰყვე მარტვილამდე და იქიდან კი ქუთაისის მიკროავტუბისში გადაჯდე, რომლის საფასურია 4 ლარი.

  • სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა. 10:30 – 19:00
  • ბილეთის ფასი: მოზრდილები 10.35 ლარი, ნავით გასეირნება -15 ლარი კაცზე.
  • გაითვალისწინეთ: ვიზიტორის სიმაღლე მინიმუმ 1.20მ უნდა იყოს.
  • ადმინისტრაცია სეზონურად ცვლის სამუშაო დღეებს, საათებს და შესვლის საფასურს, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია, სჯობს, უშუალოდ ვიზიტის წინ გადაამოწმო აქ

სად დავრჩეთ ქუთაისში?

თუ ქუთაისში ბიუჯეტურ, სუფთა და ცენტრში მდებარე ღამის გასათევ ადგილს ეძებ, მაშინ Black Tomato Hostel (ჰოსტელი შავი პამიდორი ქუთაისში). გარემო ძალიან მეგობრულია, ხოლო დიზაინი მინიმალისტური, ელეგანტური, ვინტაჟური, პასტელის ფერებში, მეორადი ნივთების დეკორითა და გადაკეთებული ავეჯით.

ამას გარდა, ჰოსტელს Booking.com-ზე მომხმარებლების რევიუების მიხედვით 9.4 ქულა აქვს! ჰოსტელში 2 საერთო საძინებელი ოთახია, 3 ცალკე ოთახი და 3 საერთო აბაზანა. ყველა ოთახში არის კონდიციონერი. 

Spread the word!

Similar Posts

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.