ნეპალი, ქვეყანა სადაც ხალხი ბედნიერია

0
72
views
Kathmandu

ოდესაც თავგადასავლები მოგაკლდება ალბათ დროა რაღაც შეცვალო. მეც სწორად ასე მოვიქეცი და ჩემს უახლოეს მეგობარ მარიამთან ერთად გადავწყვიტე, რომ 2014 წლის შემოდგომაზე აზიაში 213 დღე ვიმოგზაურებდი. მოგზაურობას ნეპალით დავიწყებდით და მერე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ვესტუმრებოდით.

27 ოქტომბერს, ერთი ზურგჩანთით, სტამბოლისგენ გავემგზავრეთ, საიდანაც ფრენა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გვქონდა.

პირველი შთაბეჭდილება

აეროპორტი საკმაოდ პატარაა. მეგობრულად განწყობილი პერსონალი ვიზის აპლიკაციის შევსებაში გვეხმარება. 30-დღიანი ვიზა $40 ღირს. ვიზის მოქმედების ვადები ელ.ფოსტაზეც კი მოგდის.

ნეპალიმას შემდეგ, რაც საკუთარი ზურგჩანთები ვიპოვეთ, გასასვლელში მორიგი პერსონალი გვაჩერებს. ქალბატონი ჩვენს ზურგჩანთაზე მიკრულ ნომერს ამოწმებს, შემთხვევით სხვისი ჩანთა ხომ არ გავიყოლეთ. აქ ეტყობა ეგეთებიც ხდება!

ყველა შემოწმების გავლის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ აეროპორტიდან ქალაქამდე არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ერთადერთი საშუალება ტაქსით მგზავრობაა, რომელიც 700 რუპია (დაახ. $7) ღირს.

ტაქსში ჩასხდომისას, წინ, მძღოლის გვერდით, ერთი ბიჭი გვიჯდება. იგი ცდილობს სხვადასხვა სალაშქრო ტურების შემოთავაზებას. მალევე ხვდება, რომ არ გვაინტერესებს და მძღოლს მანქანის გაჩერებას სთხოვს.

მანქანიდან ქალაქს ვაკვირდები და ვხვდები, რომ კატმანდუში მანქანაზე მეტი მოტოციკლია, რომ ტროტუარი თითქმის არ არსებობს, და რომ ქუჩები გადატვირთულია როგორც ადამიანებით, ისე ავტომობილებით.

ქალაქში სეირნობისას ვამჩნევ, რომ ნიშნულები ძალიან ცოტაა. მაღაზიის ბანერებზე მიწერილი მისამართებით ვცდილობთ გზის გაკვლევას.

აქ თითქმის ყველა პირბადეს ატარებს, რადგან ქალაქში საშინელი მტვერია. იელის 2014 წლის გარემოს ეფექტურობის ინდექსის მიხედვით, ნეპალის ჰაერის დაბინძურების ხარისხი 178 ქვეყნიდან, 177 ადგილზე დგას. მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თურმე ბანგლადეშში ყოფილა.

ერთადერთი, რამ რაც აქ საშინლად მაღიზიანებს, მთელი ხმითა და ძალისხმევით ქუჩაში ფურთხებაა.

რამდენიმე დღის შემდეგ ვხვდები, რომ ნეპალელები საკმაოდ მხიარული ხალხია. მათ სავსებით აკმაყოფილებთ ის, რაც აქვთ. აქ თითქმის ყოველი მეორე ღიმილითა და იქაური მისალმებით „ნამასტე“ გესალმება.

საკვები

ზოგადად, საკვები აქ ძალიან იაფია, განსაუთრებით კი ადგილობრივ კაფეებსა და რესტორნებში. ერთი პორცია კერძი საშუალოდ $3-5 ღირს.

ჩასვლის პირველ დღეს, ჰოსტელში განთავსების შემდეგ, აქვე მდებარე უპატარავეს რესტორანში გადავწყვიტეთ გვესადილა.

მე ქათმის ტენდრუკის სუპი ლაფშით და ვეგეტარიანული მომო (ანუ პილმენი) შევუკვეთე. ყველაფერში $2 გადავიხადე.

ღირსშესანიშნაობები

კატმანდუს ღირსშესანიშნაობები ერთმანეთისაგან საკმაოდ შორსაა. თუმცა ქალაქის გაცნობისა და კარგად დათვალიერების მიზნით იქამდე ფეხით მისვლა გადავწყვიტეთ.

პირველი დღის გაჩერება ე.წ. მაიმუნების ტაძარი და დურბარის მოედანი იყო.

ქალაქში სიარული რთულია. თუ სადმე ნიშნულს წააწყდი, წარწერა ნეპალურად აქვს. თან ყველა თავისი სურვილისამებრ დადის ქალაქში. მოძრაობის წესებს არავინ იცავს.

როგორც იქნა, მაიმუნების ტაძარს (Swayambhunath) მივაღწიეთ. მთაზე აღმართული უძველესი რელიგიური კომპლექსის სახელი აქ მცხოვრები წმინდა მაიმუნებისგან მოდის.

კომპლექსი მოიცავს სტუპას, რამდენიმე სალოცავსა და ტაძარს. კომპლექსამდე მიმსასვლელად ჯერ 365 კიბე უნდა აიარო.

გულამოვარდნილები, უკვე ფეხის ყველა კუნთის ტკივილს ვგრძნობთ. თუმცა აქედან კატმანდუს შესანიშნავი პანორამული ხედები იშლება. შეუდარებელია!

აქედან დურბარის მოედანზე მივედით, თუმცა ვერაფერი დავათვალიერეთ რადგან მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა.

კატმანდუს ცენტრში ერთი პატარა ისტორიული ბაღია, რომელსაც ოცნებების ბაღს ეძახიან და მაღალ კედლებში შეუმჩნეველიც კია.

როგორც კი შეხვალ, ბაღი თავის სახელს ამართლებს. 1920 წელს აშენებულ ბაღში სამი პავილიონი, ამფითეატრი და გუბურებია. აქ გამეფებული მშვიდი გარემო შესანიშნავი ადგილია თავი დააღწიო კატმანდუს ხმაურსა და მტვერს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge