ბოლო გაჩერება აზიაში – რა უნდა გააკეთო კუალა ლუმპურში

0
57
views

 

რთ დღეს, სიემ რიპში სამსახურის უშედეგო ძიების შემდეგ, მარიამს ჩემი გიჟური იდეა გავუმხილე და თბილისში დროზე ადრე დაბრუნება შევთავაზე. ჩემდა გასაკვირად დამთანხმდა. სასწრაფოდ გადავცვალეთ ბილეთები სიემ რიპიდან მალაიზიის მიმართულებით. იქედან კი, სტამბულში ჩასასვლელი ბილეთები $450-ად ვიყიდეთ.

ეს გადაწყვეტილება იმდენად სწრაფი იყო რომ, ჩემს შეყვარებულს, ოთოს, და დედაჩემს არც კი სჯეროდათ.

გული გვწყდებოდა ასე რომ ვამთავრებდით ჩვენს მოგზაურობას, მაგრამ ის რომ ოცნება ავიხდინეთ და ეს შევძელით, ძალიან ბევრს ნიშნავდა.

6 თებერვალს კუალა ლუმპურში ჩამოვედით და 9 რიცხვამდე დავრჩით.

როდესაც განუვითარებელი ქვეყნიდან განვითარებულში ჩამოდიხარ, განსხვავებებს მაშინვე ამჩნევ – ცათამბჯენები, მწვანე სარეკრეაციო ზონები და ზოგადად ქალაქის გამწვანება, მეჩეთი და ბურკასა და ჰიჯაბში გამოპრანჭული ქალები.

თუმცა ერთი ფაქტი იგივე რჩება –  საოცრად ქაოტური მოძრაობა.

მალაიზია მულტი-ეთნიკური და მულტი-კულტურული ქვეყანაა, სადაც ისლამი სახელმწიფო რელიგიაა. თუმცა, ქვეყანა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ ზღუდავს.

დედაქალაქი ბევრ ღირსშესანიშნავ ადგილს სთავაზობს ტურისტს და აზიის სხვა დედაქალაქებისგან ძალიან განსხვავდება.

აქ მივხვდი, რომ მეგაპოლისები არ მიყვარს. იმ განცდას გიქრობს, რომ მსოფლიოს ეგზოტიკურ ნაწილში იმყოფები.

სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ კუალა ლუმპურის დათვალიერება შევძელით. სხვა მოგზაურებისგან მსმენია, რომ კუალა ლუმპური დიდი ვერაფერია და მალაიზიის გასაცნობად სხვა ქალაქების დათვალიერება სჯობს.

ჩაინათაუნი ანუ ჩინური უბანი

ქალაქის ყველაზე ფერადი და ტურისტებით სავსე ადგილი. აქ იპოვი ყველაფერს რაც გაგიხარდება – ტანსაცმელი, აქსესუარები, ფეხსაცმელები, სუვენირები და ა.შ.

სიარულით დაღლილს კი შეგიძლია აქვე დაისვენო, ცივი ლიმონათი ან ნაყინი მიირთვა.

ინდუისტური ტაძრები

მიუხედავად იმისა რომ მალაიზია ისლამური ქვეყანაა, აქ ძალიან ბევრ ინდუისტურ ტაძარს შეხვდები.

დედაქალაქიდან 11 კილომეტრის დაშორებით, ბათუს გამოქვაბულია (Batu Cave). გორაზე გაშენებული კომპლექსი სამი დიდი და რამდენიმე პატარა გამოქვაბულისგან შედგება და ინდუიზმის ქანდაკებებითაა შემკული. ინდუიზმის მიმდევარი მოსახლეობისთვის ეს კომპლექსი მნიშნელოვან რელიგიურ ადგილს წარმოადგენს.

ჩვენი ვიზიტი შაბათ დღეს დაემთხვა. ადგილზე ძალიან ბევრი ხალხი, საოცარი სიბინძურე და საშინელი ხმაური დაგვხვდა.

სურათებში ნამდვილად საინტერესო ჩანდა, თუმცა ადგილზე მისულებს იმედები გაგვიცრუვდა. ფაქტობრივად დღე სულ ტყუილად დავკარგეთ!

ისლამური მეჩეთები

კუალა ლუმპური სავსეა სხვადასხვა მეჩეთებით, რომლებიც ყველა უბანშია მიმოფანტული. მეჩეთში ქალების შესვლა მკაცრად რეგულირდება. შესაბამისად, არასათანადო ტანსაცმლის გამო მეჩეთების დათვალიერება ვერ მოვახერხეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი მეჩეთი სულთან აბდულ სამადის სახელს ატარებს და ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც ამ შენობის პირველ სართულზეა. პერსონალი აქ ძალიან თავაზიანი და მეგობრულია. სწორედ ერთმა მათგანმა გვირჩია საჭმლის ბაზრობაზე წასვლა და ლურჯი ბრინჯის გასინჯვა.

პეტრონას ტყუპი კოშკები

კუალა ლუმპურის სავიზიტო ბარათი პეტრონას ტყუპი კოშკებია, რომელიც 88 სართულიან შენობას წარმოადგენს.

ორი შენობა ერთმანეთს 58 მეტრიანი ხიდით 41-ე და 42-ე სართულებზე უკავშირდება.

შიგნიდან ამის დათვალიერება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თან დიდად არც ერთს მოგვწონს ცათამბჯენები და შესაბამისაც გულიც არ დაგვწყვეტია.

შენობა გარედანაც მშვენივრად დავათვალიერეთ.

აქამდე, ისლამური ქვეყნებიდან, მხოლოდ თურქეთში ვარ ნამყოფი და რაც მალაიზიაში კულტურული შოკი მივიღე ძალიან დიდი ხანი გამომყვა.

მაგალითად, მეტროში ქალებისთვის ცალკე მოსაცდელი ადგილებია და მეტროს მესამე და მეოთხე ვაგონები მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი.

როგორც შევამჩნიეთ, ამ წესს ყურადღებას არავინ აქცევდა. თუმცა პერიოდულად ოპერატორი წესის შესახებ ინფორმაციას მაინც აწვდიდა მგზავრებს და ვაგონში მყოფ მამაკაცებს სთხოვდა სხვა ვაგონებში გადასულიყვნენ. მაგრამ უშედეგოდ – ადგილიდან არავინ იძვროდა.

ძალიან მინდოდა გამერკვია რატომ არ აპროტესტებდნენ ქალები მათთვის განკუთვნილ ვაგონში მეორე სქესის ყოფნას, ან მე რომ გამესაჩვრებინა ვისთვის უნდა მიმემართა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge