რა უნდა იცოდე სანამ ლაოსში წახვალ

1
47
views

ერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე ქვეყანა ასეთ ნეგატიურ შთაბეჭდილებას დამიტოვებდა. მაშინაც კი, როდესაც ჩეხეთიდან მოლდოვაში მიმავალი, სრულიად შემთხვევით უკრაინაში აღმოვჩნდი და ერთი დღე ჩავრჩი, მსგავსი გრძნობა არასდროს გამჩენია. სამწუხაროდ, ლაოსი ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა.

მოკლედ, აი რა უნდა იცოდე სანამ ლაოსში წახვალ:

1თითქმის არავინ საუბრობს ინგლისურად

თუ ლაოსში წასვლას გეგმავ, გირჩევ „ჟესტიკულაცია“ კარგად გაითავისო და ხელებით ახსნას მიეჩვიო.

ლაოსის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს ინგლისურად. კომუნიკაცია განსაკუთრებულად პატარა სოფლებსა და ქალაქებში ჭირს.

2ჰოსტელები მუდმივად შევსებულია

ვანგ ვიენგი

რამდენიმე ჰოსტელს კარებზევე აქვს გამოკრული – „შევსებულია“, ხოლო დანარჩენები ზუსტ პასუხს ვერ გეუბნებიან. უკვე მიღებული სტუმრები ზოგჯერ გეგმებს იცვლიან და იმაზე დიდხანს რჩებიან, ვიდრე დაჯავშნილი ჰქონდათ.

თუ გაგიმართლა და საერთო ოთახში ლოგინი გიპოვეს, შენზე ბედნიერი არავინაა. ხშირ შემთხვევაში, ფასში საუზმეც შედის.

3ვიენტინში სანახავი დიდი არაფერია

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში აღებულ რუკას ვუყურებ და ვხვდები, რომ ღირსშესანიშნავს ვერაფერს ვპოულობ. ტაძრები ტაილანდში არსებულის მსგავსია, ხოლო ერთადერთი სტუპა, არც ისე მიმზიდველია.

თუმცა პარიზის ტრიუმფალური თაღის ასლის ნახვა ნამდვილად ღირს. 1960 წელს, თაღი ომებში დაღუპულთა პატივსაცემად აიგო. ზემოთ ასულს კი, თვალწინ ვიენტინის პანორამული ხედი გეშლება.

გარდა ამისა, დედაქალაქიდან 25 კილომეტრის მოშორებით, ბუდა პარკი მდებარეობს – ზუსტად ისეთი, როგორიც ტაილანდში ვნახეთ.

პარკი 1958 წელსაა აშენებული და ტაილანდისგან განსხვავებით, აქ ბევრად პატარა სკულპტურებია, ვიზიტორები კი ფეხებში გედებიან.

4ქვეყანაში გადაადგილება დიდი თავის ტკივილია

ბუდას პარკი

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ავტობუსების სადგურები რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი.

აქ მოსული კი ამჩნევ, რომ ბილეთები იმაზე ძვირია, ვიდრე გთავაზობენ ქალაქის ცენტრში ტუროპერატორები. თუმცა მათი დახმარებით, პატარა სოფლებში მაინც ვერ მოხვდებით – ისინი მხოლოდ ტურისტულ ქალაქებს ემსახურებიან.

ყველაზე უცნაური კი ისაა რაც ქალაქის სადგურზე მოვისმინე, როდესაც რამდენიმე კილომეტი ფეხით ნასიარულები და დაღლილი ავტობუსების გაჩერებაზე ძლივს მივლასლასდი, სალაროში თავი შევყავი და თავაზიანად, მომდევნო, დიდი ქალაქისკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთი მოვითხოვე.

მოლარემ ძალიან მშვიდად მიპასუხა, რომ ამ სადგურზე ავტობუსები მხოლოდ ამ პროვინციის მიდამოებში დადის და თუ მე სხვა პროვინციაში მინდა გადასვლა, დედაქალაქში უნდა დავბრუნდე.

საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი! მარიამს გაოგნებული ვუყურებ, ისტერიული სიცილი მეწყება, თვალზე ცრემლები მადგება და ქართულად რაღაცას (არც კი ვიცი, რას) ვდუდღუნებ.

ერთადერთი გამოსავალი ტრასაზე დადგომა და ნებისმიერი ტრასნპორტის გაჩერება იყო…

5ქვეყანაში არსებულ ღირსშესანიშაობას მხოლოდ ტრანსპორტით თუ ოინახულებ

ვან ვიენგში, რომელიც ძირითადად ახალგაზრდების გასართობი ადგილია, რამდენიმე ლამაზი გამოქვაბული სასტუმროდან 2 კმ-ში მდებარეობს. ნიშნულები მწირია, თუმცა არსებობს.

საბოლოო ჯამში, 2 კმ-ზე მეტი ვიარეთ, ხოლო შესასვლელი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. სამი ადგილობრივი ბიჭი, რომლებიც ინგლისურად არც კი საუბრობდნენ, უბილიკო გზაზე მიგვანიშნებდა და შესასვლელის ფულსაც გვთხოვდა.

მეორე გამოქვაბულამდე, რომელიც 7 კილომეტრის დაშორებითაა, მხოლოდ „ტუკ-ტუკი“ თუ მიგიყვანს.

ერთ დღეს პატარა სოფელში მოვინდომეთ წასვლა, სადაც რუკის მიხედვით, ძალიან ბევრი ღირსშესანიშაობა უნდა ყოფილიყო, მათ შორის ლამაზი ჩანჩქერი და სპილოს კოშკი.

ძნელი მისახვედრი არ არის, რაც მოხდებოდა – ყველაფერი იმაზე შორს იყო, ვიდრე ნიშნულებზე ეწერა.

სოფელში ნახევარი დღე ნიშნულის ძებნაში გავატარეთ, მაგრამ – უშედეგოდ. ბოლოს, ფარ-ხმალი დავყარეთ და გზატკეცილზე დავბრუნდით.

6დამგზავრების“ პრინციპი აქ არ მუშაობს

+35 გრადუს სიცხეში სიარულით დაღლილებმა, მანქანის გაჩერება და დამგზავრება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ პირველივე ავტობუსი გავაჩერეთ და უახლოეს დიდ ქალაქამდე გავყევით.

7ავტობუსი გადაჭედილია? რა პრობლემაა! – დაჯექი სკამებს შორის!

პლასტმასის ჩადგმული სკამი

სრული სერიოზულობით ვამბობ – თუ ავტობუსი ხალხითაა სავსე, სკამებს შორის გასასვლელში პლასტმასის სკამს გიდგამენ და იქ გთავაზობენ დაჯდომას. მგზავრობის ღირებულებას ზუსტად იმდენს გახდევინებენ, რამდენსაც ჩვეულებრივ ადგილში იხდიან…

იმ იმედით, რომ რომელიღაც ავტობუსში ადგილი თავისუფალი იქნებოდა, ტრასაზე მდგომებმა, სამი ავტობუსი გავუშვით. ბოლოს მივხვდით, რომ სხვა გზა აღარ გვქონდა და 4 საათის მანძილზე, სკამებს შორის „მოთავსებულებმა“ ვიმგზავრეთ.

ლაოსში 10 დღე გავძელით და იმაზე ადრე გადავედით კამბოჯაში, ვიდრე ვგეგმავდით…

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge