ნეპალის სოფლები და ადგილობრივების უბრალო ცხოვრების წესი

0
38
views
Nepali village

ართალია, როდესაც ამბობენ, რომ ნეპალის გაცნობა მისი სოფლების მონახულებით უნდა დაიწყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რამდენიმე სოფელს ვწვეოდით და გეზი პირველად ბახტაპურისკენ ავიღეთ.

ბახტაპური შუა საუკუნეების ქალაქებიდან ყველაზე ხელშეუხებელი და შემონახულია, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს.

სანამ კატმანდუში სასტუმროს დავტოვებდით, ერთმა იაპონელმა ბიჭმა ბახტაპურის ქალაქის ბილეთი მოგვაწოდა და გვითხრა, რომ წესით, შესვლისას გამოგვადგებოდა, თან ფულსაც დავზოგავდით.

კატმანდუში ნიშნულები ძალიან ცოტაა, თითქმის არც გხვდება. ავტობუსის გაჩერებას კითხვა-კითხვით მივაგენით და უკვე დაძრულ ავტობუსში ჩვენი დიდი ზურგჩანთებით შევხტით.

ადგილობრივი ტრასნპორტი აქ სხვანაირად მუშაობს. ყველა მანქანას გამცილებელი ჰყავს, რომელიც კარებში დგას, ტანის ნახევარი გარეთ აქვს გაყოფილი და მიმართულებებს გაკივის.

თუ ვინმეს ამოსვლა უნდა, მანქანაზე ბრახუნით მძროლს შენელებას ანიშნებს. ავტობუსი არასდროს ჩერდება; ყველა მგზავრი მოძრავ მანქანას ახტება. თანხასაც გამცილებელს უხდი და არა მძღოლს.

ავტობუსი ნელ-ნელა ივსება და ბოლოს, ისე იძეძგება, რომ სასუნთქი ჰაერიც აღარ რჩება. დაახლოებით ერთ საათში ბახტაპურში ჩავდივართ. გამცილებელი კი წარმატებით გვაგოიმებს და ორმაგს გვახდევინებს. ესეც არ იკმარა და ზურგჩანთის ფულიც მოითხოვა.

ბახტაპურის შესასვლელთან აღმოვაჩინეთ, რომ ერთი დღით შესვლა $15 ღირს, ხოლო ის ბილეთი, რაც იაპონელმა მომცა, არ გამოდგა.

სამწუხაროდ, აქ გადასახდელი ფული ნამდვილად არ გვქონდა. მაგრამ ამით გული არ გავიტეხეთ და მის ახლოს მდებარე სოფელ ჩანგუ ნარაიანისკენ გავეშურეთ. ამ სოფელში თურმე ღმერთი ვიშნუ ცხოვრობდა.

ჩანგუ ნარაიანი

სოფელი ზღვის დონიდან 1,541 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ნეპალში არსებული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შვიდი ადგილიდან ერთ-ერთია. ვიშნუს ტაძარს ორსართულიანი სახურავი აქვს და მასში შესვლა ოთხი მხრიდან შეგიძლია. თითიეულ შესასვლელს სხვადასხვა მითოლოგიური ცხოველი იცავს.

ნეპალის სოფლებისოფელში შესვლა $1 ღირს და ბილეთს რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ გამოიყენებ. სოფელი ღია მუზეუმს ჰგავს, სადაც მოსახლეობა უშუალოა, უბრალო ნეპალურ სახლებში ცხოვრობენ და დღეს მშვიდ გარემოში ატარებენ.

კრიშნას აქ სუვენირების მაღაზია აქვს. როდესაც ჩვენი ოჯახური სასტუმროს ვერანდაზე ვსხედვართ მოდის და სხვადასხვა ამბავს გვიყვება.

მისგან გავიგე, რომ ნეპალი ინდუსტრიული ქვეყანა არაა, და რაც აქ იწარმოება ადგილობრივების მოხმარებისთვისაა.

ექსპორტზე მხოლოდ ხალიჩები, ფაშმინა და ხელნაკეთი აქსესუარები გადის. ქვეყანა ძირითადად ტურიზმით და სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს. ამიტომ, ახალგაზრდები აქედან მიდიან და ავსტრალიაში, იაპონიასა და ამერიკაში სახლდებიან.

ნეპალს ინდოეთივით კასტური საზოგადეობრივი სისტემა აქვს. დღეს წესები არც ისე მკაცრია, როგორც ადრე იყო. 1962 წლის საკანონმდებლო რეფორმამ სხვა კასტების მიმართ დისკრიმინაცია არალეგალური გახადა. განათლება ყველასათვის უფასო გახდა.

თუმცა, როგორც მაღალი კასტის წარმომადგელეს, კრიშნა ვალდებულია, ზოგიერთი სოციალური წესი დაიცვას. მაგალითად, მას ალკოჰოლის დალევა საზოგადოებრივ ადგილებში არ შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ნეპალური და ინდური კულტურა და ტრადიციები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს, ნეპალელებს არ უყვართ, როცა ამას აღნიშნავენ. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ნეპალი შემდეგნაირად იშიფრება: უსასრულო მშვიდობა და სიყვარული (Never Ending Peace And Love), ხოლო მისი მეზობელი ინდოეთი კი: ამას აღარასდროს გავიმეორებ (I Never Do It Again).

ჩანგუ ნარაუანში ოთხი დღე გავჩერდით და აქაურ ცხოვრებას დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით.

ყოველ დილას ჩვენი წინა მეზობელი ფარატინა სახურავზე ჯდებოდა და შვილის მაღაზიისთვის ხის ნიღბებს ღებავდა.

ყოველ საღამოს კი სოფლის ქალები წყაროსთან იკრიბებოდნენ და სანამ წყლით ჭურჭელს ავსებდნენ, რაღაცაზე ჭორაობდნენ. საუბრის თემა, დარწმუნებული ვარ, ჩვენც ვიყავით.

როდესაც სოფლის შემოსასვლელს გვერდს ჩავუვლიდით, ხალხი ათას რაღაცას გვეკითხებოდა, მოლარე კი ჩვენს ბილეთს აღარც ამოწმებდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge