კრაინის ყველაზე დასახლებულ ქალაქებს შორის რიგით მესამე ქალაქი ოდესა, ადგილობრივებისა და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ საყვარელ საზღვაო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ეს ,,შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული, ისტორიითა და კულტურით მდიდარი ქალაქი ბევრ საინტერესო, სანახობრივ,  გასართობ ალტერნატივას გვთავაზობს და ნებისმიერი ტიპის მოგზაურის ინტერესს აკმაყოფილებს.

სანამ ოდესას ქალაქის სტატუსი მიენიჭებოდა, აქ ანტიკური ხანის ბერძნული დასახლება იყო. სახელის ფესვებიც ბერძნული წარმოშობისაა – ,,ოდესოსი“ – რომელიც შეცდომით ამ ტერიტორიაზე ეგონათ განლაგებული. 1794 წელს რუსეთის იმპერიის მმართველმა დედოფალმა ეკატერინე II-მ ოდესას ოფიციალურად მიანიჭა ქალაქის სტატუსი.

მე-19 საუკუნეში მოსკოვის, ვარშავისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ ოდესა იკავებდა მეოთხე ადგილს რუსეთის იმპერიის ყველაზე დიდი ქალაქების სიაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ გასაკვირია, მაგრამ ქალაქის არქიტექტურა სულაც არ არის რუსული სტილის, არამედ ხმელთაშუაზღვისპირულია, იტალიისა და ფრანგული სტილების გავლენით. ზოგიერთი შენობა კი სხვადასხვა არქიტექტურული მიმდინარეობების – რენესანსის, არტნუვოს, კლასიციზმის ნაზავს წარმოადგენს.

როგორ მოვხვდეთ ოდესაში

ოდესაში სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით შეიძლება მოხვედრა. ჩვენი მოგზაურობისას, ოდესა მესამე ქალაქი იყო და ლვოვიდან მოგვიწია გადასვლა. ამიტომ, ყველაზე მოხერხებული საშუალება ღამის მატარებლით მგზავრობა იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, მატარებლები დღისითაც დადიან ხოლმე.

ოდესის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 7.5კმ.-ში მდებარეობს და აქ შეგიძლიათ მოხვედრა დასავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, აზიისა და აფრიკის ბევრი სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის სტამბოლიდან, ვარშავიდან, კიევიდან, ვენიდან, შარმ-ელ-შეიხიდან, თბილისიდან, ვილნიუსიდან, ბათუმიდან, დუბაიდან და ა.შ.

რატომ უნდა ესტუმრო ოდესას?

ოდესის მონახულების ბეეევრი მიზეზი არსებობს. ლვოვის შემდეგ, ჩვენთვის, ოდესა სილამაზით მეორეა, ყველა იმ ქალაქს შორის რომელიც ქვეყანაში მოვინახულეთ. ქალაქის არქიტექტურა საოცრად ლამაზია და იმდენად ჰგავს ევროპული ქალაქებისას, რომ თითქმის გავიწყდება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რომ ხარ.

თბილისის მსგავსად, ოდესას ნამდვილი ხიბლი მის ეზოებსა და მივიწყებულ, არაპოპულარულ ქუჩებშია. ხეტიალისას, აუცილებლად გადაუხვიე და შეისეირნე ეზოებში, ადგილობრივების ყოველდღიურობის ,,დასაგემოვნებლად“.

თუ ზაფხულისთვის ეძებ ბიუჯეტურ, არც ისე ცნობილ ადგილს, სადაც შეძლებ მშვიდად დასვენებასა და მზეზე ნებივრობას, მაშინ ოდესა ზუსტად ისაა, რაც გჭირდება, თავისი ქვიაშინი სანაპიროებით, გასართობებითა და ხმაურიანი ღამის ცხოვრებით.

ასე რომ, მთელი თავისი განსხვავებული ხიბლითა და მეგობრული ფასებით, ოდესა აუცილებლად უნდა მოინიშნო სანახავი ადგილების სიაში.

რითი შეგვიძლია გავერთოთ ოდესაში

მე ძალიან მიყვარს ქალაქებში სეირნობა და ხეტიალი მათი უკეთ ,,გაცნობის“ მიზნით. დანიშნულების ადგილებამდე მისასვლელად ძალიან იშვიათად ვიყენებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ოდესა ამ მხრივაც მოსახერხებელია, რადგან დასათვალიერებელი ადგილები ერთმანეთისგან ფეხით სავალ დისტანციაზეა განლაგებული.

1იგრძენი ადგილობრივი ,,ატმოსფერო“

გაისეირნე ქალაქის ცენტრალურ საფეხმავლო ქუჩაზე, Deribasvika-ზე. ქუჩის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1 კილომეტრია და სავსეა კაფეებით, სხვადასხვა ტიპის მაღაზიებითა და სასიამოვნო ამინდში გარეთ გამოსული ადგილობრივებით.

2დატკბი არქიტექტურით

ოდესაში შენობების დათვალიერება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ქალაქი თავისი არქიტექტურით ძალიან ჰგავს ევროპულს. მისი არსებობის მანძილზე აქ ბევრ ხელოვანს უცხოვრია და სწორედ ეს  გარემო და სახასიათო ატმოსფერო გამხდარა მათთვის სხვადასხვაგვარი შთაგონების წყარო. დღეს უკვე ამ ადამიანების სახელობის არაერთი ქუჩა არსებობს ოდესაში.

ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში და იმ შენობებს შორის, რომელთა ნახვაც მოვასწარით, ოპერის სასახლითა და სავაჭრო ცენტრ ,,პასაჟით“ ყველაზე მეტად აღვფრთოვანდი.

მილანის ,,ლა სკალას“ შემდეგ, სიდიდის მიხედვით, ოდესას ოპერის სასახლე მეორე ადგილზეა მსოფლიოში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი საოპერო სასახლე ოდესაში, რომელიც ჯერ კიდევ 1810 წელს აშენდა აქ და სამწუხაროდ 1873 წელს ხანძარმა იმსხვერპლა. ახალი, ნეო-ბაროკოს სტილის საოპერო თეატრი 1887 წელს გაიხსნა. მაყურებელთა სივრცე ფრანგულ როკოკოს სტილშია გაფორმებული. დარბაზი აკუსტიკურად იმდენად სწორად არის დაგეგმილი, რომ სცენაზე ჩურჩულით ნათქვამი ფრაზაც კი დარბაზის ყველა კუნჭულში ისმის.

Deribasvika-ს ქუჩაზე მდებარე ,,პასაჟი“ აერთიანებს სასტუმროსა და მოდური ტანსაცმლის მაღაზიებს. მე-19 საუკუნეში აშენებული შენობის ინტერიერი და ექსტერიერი სხვადასხვა მოქანდაკეების მიერ არის გაფორმებული, რაც უფრო მეტად შთამბეჭდავს ხდის ამ ადგილს.

3ჩამოისეირნე პოტიომკინის კიბეზე

პოტიომკინის კიბე ქალაქის მორიგ არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს. ამ 192 საფეხურიან კიბეს ოდესი პორტამდე მიჰყავხარ. კიბეები არქიტექტურულ შედევრად მიიჩნევა მისი ოტპიკური ილუზიის გამო – როდესაც ზემოდან ქვემოთ იყურები, კიბეებს ვერ ხედავ, საპირისპირო მიმართულებით კი ყველა საფეხური სრულიად ცხადად არის გამოკვეთილი.

თუკი 192 საფეხურის ჩავლა საშიშად ჟღერს შენთვის, მაშინ გაითვალისწინე, რომ ორივე მიმართულებით მოძრაობს პატარა საბაგირო.

4დაისვენე პარკებში

ქალაქში ათეულობით პარკი და რეკრეაციული სივრცეა, რათა ქალაქში ყოფნისას განტვირთვა და დასვენება ნებისმიერ მომენტში შეძლო. 1803 წელს აშენებული ,,ქალაქის ბაღი“ ყველაზე ძველი პარკია ოდესაში. Deribaiviska-ს ქუჩაზე მდებარე პარკს ძალიან ბევრი ადგილობრივი და ტურისტი სტუმრობს ხოლმე.

აქ შეგიძლია ნახო ოდესას ორკესტრის საზაფხულო თეატრი, სხვადასხვა სკულპტურები, მონუმენტები და პავილიონი.

5ჩამოჯექი ,,12 სკამის“ მონუმენტზე

,,თორმეტი სკამის“ ავტორისადმი მიძღვნილი მონუმენტი ,,ქალაქის ბაღის“ ცენტრალურ ნაწილში დგას. გაიხსნა 1999 წელს და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სურათების გადასაღებად.

6იპოვე სხვადასხვა ძეგლები და ქანდაკებები ქალაქში

ოდესის ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად შეამჩნევ რიგით ქანდაკებებთან ერთად უჩვეულო ძეგლებსაც. ამ ქანდაკებების აღმოჩენა და მათი ისტორიების გაგება ერთგვარი გასართობიც კია. მაგალითად, ფორთოხლის ქანდაკება. კი, სწორად წაიკითხე 😊  ფორთოხალი სწორედ ის ხილია, რომელმაც ქალაქი გადაარჩინა.

Zhvanestskii-ს ბულვარში მდებარე ამ უჩვეულო ქანდაკების ისტორია შემდეგია: მე-18 საუკუნეში, როდესაც რუსეთის იმპერატორმა პაველ I-მა პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე უარი განაცხადა, ადგილობრივებმა შუა ზამთარში სანქტ-პეტერბურგში ტროპიკული ხილის გაგზავნა დაიწყეს, რამაც, რა თქმა უნდა, იმპერატორს საბოლოოდ შეაცვლევინა აზრი.

7შეჰფიცეთ ერთმანეთს მარადიული სიყვარული

თუკი ოდესაში შეყვარებულთან ერთად ჩახვალ, აქ არის ადგილი, სადაც შეძლებთ თქვენი მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ბოქლომი ჩამოკიდოთ. ე.წ. ,,სიდედრის/დედამთილის“ საფეხმავლო ხიდი ქალაქის ორ გზას აერთებს ერთმანეთთან. სახელწოდების წარმოშობის ზუსტი ვერსია, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო სიდედრისადმი ან დედამთილისადმი სიყვარულის გამოვლენასთან.

ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ არქიტექტურულად ხიდი მაინცდამაინც უსაფრთხო კონსტრუქციას არ წარმოადგენს და ძლიერი ქარებისას ან რამდენიმე ადამიანის ერთდროულად ახტომისას ქანაობს, ამიტომაც ,,მიიჩნევა“ რომ შესაძლოა რაიმე საერთო ჰქონდეს დედამთილის/სიდედრის ენასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ხიდის კონსტრუქცია საკმაოდ მსუბუქია და დიდ დატვირთვას ვერ უძლებს, მთავრობა პერიოდულად ხსნის ხოლმე ბოქლომებს და ახლომდებარე, მეტალის გულის ფორმის კონსტრუქციაზე ამაგრებს. 

8გაირუჯე რომელიმე მშვიდ სანაპიროზე

თუ ოდესაში გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოხვდები, ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ მინიმუმ ერთი დღე აუცილებლად უნდა გამოყო და განიტვირთო რომელიმე სანაპიროზე.

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here