fbpx
Plitvice National Park
ხორვატია

მნიშვნელოვანი რჩევები პლიტვიცეს ეროვნული პარკის შესახებ

ლამაზესი სანაპიროებისა და გასაოცარი მზის ჩასვლების პარალელურად ხორვატიაში არის სუნთქვისშემკვრელი ეროვნული პარკები. მათ შორის ყველაზე გასაოცარია პლიტვიცეს ეროვნული პარკი, თუმცა არც კრკას ეროვნული პარკია რამით ნაკლები. ამ ორს შორის ნამდვილად რთულია არჩევანის გაკეთება, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, საბოლოოდ მაინც პლიტვიცეს პარკმა გადაწონა და გასაოცარი ერთდღიანი გასვლა გვქონდა ზადარიდან გზად ზაგრებამდე.

რატომ უნდა ესტუმრო პლიტვიცეს ტბების ეროვნულ პარკს?

პლიტვიცეს ეროვნული პარკი შედგება 16 ბუნებრივად კასკადურად განლაგებული ტბებისგან, რომლებიც ერთიანობაში გასაოგნებელ ჩანჩქერებს ქმნიან. ეს პარკი არის უძველესი და უდიდესი ხორვატიის ეროვნულ პარკებს შორის და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მთელი წლის განმავლობაში პარკში ფუნქციურია 7 ერთმანეთისგან განსხვავებული ბილიკი, რომლებიც ტბათა სისტემას უვლის გარს და ოთხიც – საფეხმავლო.

პარკის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად გამართულია: კარგად მარკირებული ბილიკებით, ავტობუსებით, რომლებსაც გადაჰყავხარ პარკის შიგნით გარკვეულ სადგურებამდე და ნავებით, რომლითაც შეგიძლია მდინარის გადაკვეთა და საფეხმავლო ტურის გაგრძელება. დაღლის შემთხვევაში კი, სადგურებზე შეხვდები კაფეებს, სადაც აქვთ ცივი, ცხელი, ალკოჰოლური სასმელები და მსუბუქი საკნატუნოებიც.

პარკში აკრძალულია:
  • მცენარეების მოგლეჯა
  • ცხოველების გამოკვება
  • ცურვა
  • ნაგვის დატოვება
  • მოუნიშნავ ბილიკებზე სიარული

ეს წესები ბილეთებზეც არის დატანილი, იმისათვის, რომ კარგად დაიმახსოვრო და არ დაარღვიო.

როგორ უნდა გეცვას:

  • კომფორტული, მაგრამ არა სალაშქრო ფეხსაცმელი. მე, მაგალითად, კედები მეცვა და სრულიად საკმარისი იყო, მეტიც – არც კი დამსვრია.
  • თან იქონიე სვიტერი ან ჟაკეტი. ჩვენ ოქტომბერში ვიყავით და ამინდი ძალიან თბილი, მზიანი და სასიამოვნო იყო, მაგრამ ზოგიერთ მონაკვეთზე ოდნავ გრილოდა.
  • თუ ზაფხულში დააპირებ სტუმრობას, აუცილებლად თან იქონიე ქუდი და მზისგან დამცავი კრემი.

პარკში შესვლის საფასური

პლიტვიცეს ტბების ეროვნულ პარკში შესვლის საფასური იცვლება ასაკისა და სეზონის შესაბამისად. მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის წლის ნებისმიერ დროს მოქმედებს ფასდაკლება. მოზრდილებისათვის კი, ჩვენ, ოქტომბერში ერთ ადამიანზე გადავიხადეთ 60₾ (150 ხორვატული კუნა). აქ დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ პარკში არსებულ მომსახურების ფასებსა და ტურისტულ პაკეტებს.

რამდენი ბილიკის გავლაა შესაძლებელი ერთი დღის განმავლობაში?

ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე – ჩასვლის დრო, სეზონი, ვიზიტორების რაოდენობა და სიარულის ტემპი. თუკი ძალიან გინდა რომ ყველაფერი მოასწროთ, ეს, რა თქმა უნდა,  შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის დილას, გახსნისთანავე შესასვლელთან უნდა იდგე.

ადმინისტრაციაში დაუზარლად აგიხსნიან, რომელი ბილიკის გავლა სჯობს შენი დროითი რესურსის შესაბამისად. ჩვენ დაახლოებით 5-6 საათი გვქონდა და ვნახეთ ზედა და ქვედა ტბების შემოგარენი.

როგორ მოხვდე პლიტვიცეს ტბების ეროვნულ პარკში

პარკის ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა, რომ ერთდღიანი გასვლები დაგეგმოთ ხორვატიის სხვადასხვა დიდი ქალაქებიდან. ზაგრებიდან, ზადარიდან, სპლიტიდან ან რიეკადან ეროვნული პარკი დაახლოებით 2-2:30 საათის სამგზავრო მანძილზეა.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია ახორციელებს ერთდღიან გასვლებს ეროვნული პარკების მიმართულებით, მაგრამ დამოუკიდებლადაც გადასარევად გაართმევ თავს. პარკს ორი შესასვლელი აქვს, ზედა და ქვედა ტბების მხრიდან. თუკი მანქანით მიდიხარ, ორივე შესასვლელთან არის მანქანების პარკინგი.

წლის რომელ დროს სჯობს პლიტვიცეში გასეირნება

ეროვნული პარკი მთელი წლის განმავლობაში ღიაა. არ არსებობს რომელიმე გამორჩეული სეზონი, რომელიც მეტად რეკომენდირებულია, ეს უბრალოდ შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. შემოდგომას გარემო გასაოცრად ლამაზი იყო და სურთებზე რაც ვნახე, ზამთარიც არანაკლები იქნება.

ზაფხულობით აქ უამრავი ტურისტი იყრის თავს, თუმცა არც გაზაფხულსა და შემოდგომაზე განიცდიან ვიზიტორების ნაკლებობას. ბილიკების უმრავლესობა გადატვირთული არ იყო და ჩვენ ჩვენთვის დავსეირნობდით, თუმცა იყო მონაკვეთები, სადაც ლოდინმა მოგვიწია, რომ ხალხი გაგვეტარებინა.

როგორ გადაიღო პლიტვიცეს ტბების პანორამული სურათი

თუკი ინტერნეტში ოდესმე დაგითვალიერებია პლიტვიცეს ტბების სურათები, ალბათ, მსგავსი ფოტო ყველაზე ხშირად შეგიმჩნევია. მსგავსი ფოტოს გადაღება დრონის გარეშეც სრულიად შესაძლებელია.

მიჰყევი ამ ინსტრუქციას და შენ ზუსტად იმ ადგილამდე მიხვალ, საიდანაც ეს პანორამული ხედი იშლება:

როდესაც შეხვალ პარკის N1 შესასვლელიდან, აირჩიე A ბილიკი, მიდი დიდ ჩანჩქერამდე და მოძებნე კიბეები. გაუყევი კიბეებს პატარა გამოქვაბულამდე და პატარა ხის ქოხამდე.

შემოუარე ქოხს უკნიდან და გააგრძელე სიარული, სანამ ასფალტის გზას არ მიადგები. იარე 2-3 წუთი და გადადი ხის ხიდზე.

გაუხვიე მარჯვნივ და გაჰყევი გრუნტის გზას, რომელიც მიგიყვან გადასახედ ადგილამდე. აი, ისიც! ახლა კი ამოიღე ტელეფონი ან ფოტოკამერა და გადაიღე იმდენი სურათი, რამდენიც გაგიხარდება!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.