პოხარა – დაუჯერებლად მშვიდი ქალაქი

0
53
views
Pokhara

31 ოქტომბერია, დილის 5 საათი. თავს ძალას ვატან, რომ გამოვფხიზლდე. წინ დიდი გზა გველის. დღეს პოხარაში მივდივართ, კატმანდუდან 200 კმ-ში.

ამჯერად, სამნი ვმოგზაურობთ. შვედი გოგონა, სახელად ალმა, ჰოსტელში გავიცანით და ჩვენთან ერთად მოგზაურობა შევთავაზეთ. ნელ-ნელა ვბარგდებით და ავტობუსის გაჩერებისკენ მივდივართ. უკვე 6:15 წუთია და ქალაქი ადგილობრივებითაა სავსეა.

ავტობუსები ერთ მწკრივშია ჩალაგებული. ჩვენსას ვპოულობთ და ადგილებს ვიკავებთ. 7 საათზე გავდივართ.

ახლა უფრო ადვილია დაბინძურებული ჰაერის დანახვა. თავიდან ცაში ასული მტვერი დილის ნისლიც კი მეგონა.

გზა ძალიან ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული და ორმოებით სავსეა. ვერ ვიძინებ.

პატარა გაჩერებაზე მარიამმა ბანანის ყიდვა გადაწყვიტა. ავტობუსში დაბრუნებულს, შეცბუნებული სახე აქვს და მეუბნება, რომ ხუთ ცალ ბანანში 40 რუპია (დაახ. 40 ცენტი) გადაიხადა.

„არა უშავს, გუშინ 30 გადავიხადე“, ვამბობ მე.

„ზომა ნახე??“ მპასუხობს და ცელოფნის პარკს მაწვდის

პარკში ვიხედები და სიცილი მიტყდება. ბანანი ჩემი საჩვენებელი თითის ტოლია.

პოხარისკენ გზა ნეპალის სოფლებზე გადის. გზატკეცილზე ჩაყოლებული აზილის სახლები საინტერესო სანახავია. ნეპალელები თავიანთ სატვრითო მანქანებსა და ავტობუსებს ფერადი ნახატებით ან ფირლანდებით აფორმებენ. ამის გარდა, ცდილობენ, რომ შენობების უშნო ნაცრისფერი კედელები ლამაზი გრაფიტით შეამკონ.

მგზავრობას 7 საათი მოვუნდით. სასტუმრომდე ტაქსით მივდივართ, რომელიც წინა დღეს დავჯავშნეთ. სამწუხაროდ, საიტის ტექნიკური პრობლემის გამო სასტუმროს ჩვენი ჯავშანი არ მიუღია. რადგან ძალიან დაღლილები ვიყავით, სასტუმროს მეპატრონემ ერთი პატარა ოთახი გამოგვიყო და ერთი ღამით დარჩენა შემოგვთავაზა.

მეორე დღეს ბევრად უკეთესი ადგილი ვიპოვეთ. ჩვენი აივნიდან ტბის ლამაზი  ხედი იშლებოდა!

პოხარა ბევრად წყნარი და ნაკლებად მტვრიანი ქალაქია, სადაც მოძრაობა თითქმის არაა. თუმცა კატმანდუსთან შედარებით ბევრად სიძვირეა. სწორედ აქედან იწყება თითქმის ყველა ლაშქრობა და ტური ნეპალის მთიან რეგიონში.

ბევრი რესტორანს დასავლური სამზარეულო აქვს – პიცა, ბურგერი, სენდვიჩი, პასტა, ლაზანია, მოკლედ, რავ გინდა. აქ ფრანგული და გერმანული ფუნთუშეულის საცხობიც კია.

შაბათს რამდენიმე ტურისტულ სააგენტოს ვესტუმრეთ. ერთ-ერთი ტრეკის ფასი გვაინტერესებდა. როგორც აღმოჩნდა, ნეპალის მთებში ლაშქრობა ნებართვისა და გამყოლის გარეშე შეუძლებელია. 4-5 დღიანი ტრეკის ფასი კაცზე $300, რაშიც სასტუმრო, ბარგის მზიდავი და სამჯერადი კვება შედის.

ამას ვერაფრით გავწვდებოდით. ერთმა კი ალტერნატივა შემოგვთავაზა. სამდღიანი ტრეკი, რომელსაც არც გიდი და არც ნებართვა სჭირდება.

პოხარაში ვაჭრობა უფრო მარტივია, ვიდრე კატმანდუში. საკმარისია ფასი არ მოგეწონოს და გამობრუნება დააპირო, რომ გამყიდველი მაშინვე ცდილობს ფასის დაწევას.

ღირსშესანიშაობის მხრივ, აქ ბევრი არაფერია. ტბაში ერთი ტაძარი და მთაზე ერთი სტუპაა. ორივესთან მისასვლელად ნავი უნდა დაიქირავო.

პოხარა

მსოფლიოს მშვიდობის სტუპა მშიდობის სიმბოლოა. მას ბუდას ოთხი სხვადასხვა ქანდაკება ამშვენებს, რომლებიც საჩუქრად პოხარამ იაპონიისგან, შრი ლანკისგან, ტაილანდისა და ლუმბინისგან მიიღო.  თითოეული ქანდაკება ბუდას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის გამოხატულებაა.

უღეუბლო ამინდში აქედან შესანიშნავად ჩანს ფევას ტბა და ჰიმალაის მთები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge