როგორ ვნახოთ პრაღის ღირსშესანიშავი ადგილები ერთ დღეში (რუკით)

0
87
views

რაღა თავისი ათასწლოვანი ისტორიით, მომხიბვლელი არქიტექტურით, საუკეთესო ლუდით, რომელიც წყალზე უფრო იაფია, კონცერტებით, მუზეუმებითა და ღამის ცხოვრებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება პარიზს.

პრაღაზე და ზოგადად ჩეხებზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ოთხი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო ინფორმაცია დამიგროვდა და ახლა ძალიან ვნანობ რომ მაშინ, იქ ცხოვრების პერიოდში, სამოგზაურო ბლოგის გაკეთების სურვილს ფრთები არ შევასხი. რამდენ რამეს მოგიყვებოდით პრაღის შესახებ… მაგრამ არაუშავს, კიდევ მოვხვდები პრაღაში და ამ დანაშაულს ნამდვილად გამოვისყიდი.

ეს კონკრეტული პოსტი კი პრაღის ღირსშესანიშნაობებს ეხება, რომელიც სავსებით შესაძლებელია რომ ერთ დღეში, წრეების გარეშე ფეხით შემოიარო, თუ რა თქმა უნდა ჩემსავით ქალაქში ბოდიალი გიყვარს.

პრაღა. რუკა

კონკრეტულად ეს მარშრუტი ჩემი იქ ცხოვრების მანძილზე შევიმუშავე და ჩემთან ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის ასე ვათვალიერებინებდი პრაღის შთამბეჭდავ არქიტექტურას.

ვიცი, მომედავებით ერთი დღე საკმარისი არააო, რაშიც სრულიად გეთანხმებით. ყველა ინდივიდუალურად ათვალიერებს ქალაქს, ყველას მოგზაურობის სხვადასხვა ტემპი და სტილი აქვს. ეს პოსტი კი მათთვისაა ვისაც აუცილებელი ღირსშესანიშნაობების გარდა პრაღის სხვა  ადგილების მონახულება სურს, იქნება ეს მუზეუმები, გალერეები ტანსაცმლის მაღაზიები, ლუდის მუზეუმი თუ სხვა.

ასე რომ თუ პრაღაში ცოტა ხნით მოხვდი, მაშინ ეს პოსტი ზედგამოჭრილია შენთვის. ტური 6კმ სიგრძისაა. იმის მიხედვით რა ტემპით დადიხარ, ყველაფრის მონახულებისთვის მინიმუმ ნახევარი დღე მაინც დაგჭირდება. ცნობისათვის ამ რუქის ტელეფონში დამახსოვრებაც შეგიძლია.

A. ვაცლავის მოედანი

პრაღაქალაქის მთავარი მოედანი მრავალი ისტორიული მოვლენის მომსწრეა, მათ შორის დემონსტრაციები, სადღესასწაულო ღონისძიებები და სხვა საჯარო შეკრებები. ბოჰემიის წმინდა ვაცლავის სახელწოდების მქონე ადგილი ბულვარი უფროა ვიდრე მოედანი. აქ აღმართული ქანდაკებაც წმ. ვაცლავისაა.

მის ერთის მხარეს, ნეოკლასიკურ სტილში აგებული ეროვნული მუზეუმია, მეორე მხარეს კი ქუჩებს ძველი ქალაქისკენ მიყავხარ.

B. წმ. ვაცლავის ამოტრიალებული ქანდაკება

ლეცერნას პასაჟი წმ. ვაცლავის ამოტრიალებულ ქანდაკებას ბევრი მნახველისგან მალავს. ქანდაკებას „მკვდარი ცხენი“ ქვია და ჩეხი სკულპტორის დავიდ ჩერნის შემოქმედებაა. ზოგი მიიჩნევს რომ ეს,  ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე ქანდაკების პაროდიაა, ზოგისთვის კი ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუს ეძღვნება.

ავტორი არასდროს აკეთებს კომენტარს თავის შემოქმედებაზე. თუ პრაღაში ყოფნისას რაიმე უცნაურს დაინახავთ, მაგალითად ვარდისფრად შეღებილ ტანკს მდინარე ვლტავაზე, მაშინ იცოდე რომ ეს ჩერნის მორიგი შემოქმედებაა. ხშირად მისი ასეთი ინსტალაციები ნახმოკლეა, თუმცა ქალაქში რამდენიმე ხანგრძლივადაც დგას. მაგალითად, შავი უცხოპლანეტელი ბავშვები კამპას პარკში.

C. ფხვნილის კოშკი (Powder Tower)

ეს გოთიკური კოშკი იმ ძველი ალაყაფის კარია რომელიც ქალაქს თავდასხმისგან იცავდა. 19-ე საუკუნეში მას კორონაციის ცერემონიებისთვის იყენებდნენ. მეფეები პრაღის ციხე-სიმაგრისკენ აქედან მიდიოდნენ.

მისი ახლანდელი სახელი, ფხვნილის კოშკი, იმ დროიდან შემორჩა როდესაც ქალაქის მთავრობა აქ დენთს ინახავდა.

ზუსტად კოშკის უკან შეუდარებელი მუნიციპალიტეტის შენობაა, რომელსაც შეგიძლია თვალი შეავლო. ხოლო თუ კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული ხარ, შეგიძლია კონცერტს ამ კოშკში დაესწრო.

D. ასტრონომიული საათი

ასტრონომიული საათი, ანუ ორლოი როგორც მას ადგილობრივები ეძახიან, 1410 წელს დამონტაჟდა. თუმცა თვითონ სააათი შუასაუკუნეების დროინდელია. იგი მსოფლიოში სიძველითა და გამართულობით მესამე ადგილზეა.

საათს ასობით ტურისტი სტუმრობს, რათა ყოველ სრულ საათზე პატარა წარმოდგენას უყუროს.

E. კარლოვის ხიდი

621 მეტრიანი ფეხით მოსიარულეთა გოთიკური ხიდი, 1841 წლამდე მდინარე ვლტავას გადაკვეთის ერთადერთი საშუალება იყო – იგი ძველ ქალაქს, პრაღის ციხე-სიმაგრესთან აკავშირებდა. ხიდს  ბაროკოს სტილში გაკეთებული 30 ქანდაკება ამშვენებს, რომლებიც სამწუხაროდ დავდაპირველი ქანდაკებების რეპლიკებია.

F. ლენონის კედელი

ჯონ ლენონის კედელი თავისუფლების, მშვიდობისა და სიყვარულის სიმბოლოა. კედელი სავსეა Beatles სიმღერების ტექსტებით ან სხვადასხვა წარწერებით.

კედელი 1988 წელს შეიქმნა, როდესაც საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა საკუთარი აზრის გამოხატვა კედელზე წარწერების და ნახატების შექმნით გადაწყვიტეს.  ხელისუფლებამ ის თეთრად გადაღება, თუმცა აქტივისტებს უკან არ დაუხევიათ და თავიდან მოკაზმეს კედელი.

ლენონის კედელი ყოველ დღე იცვლის სახეს. ყველა თავისას აწერს და ახატავს, ამიტომ ლენონის ორიგინალი პორტრეტი დიდი ხანია დაიკარგა. თუმცა, შთამბეჭდავი და ამაღელებელი ტექსტი აქ ყოველთვისაა.

G. წმ. ნიკოლოზის ეკლესია

1704-1755 წლებში ბაროკოს სტილში აშენებული ეკლესია კარლოვის ხიდის ბოლოს მდებარეობს. ეკლესია ულამაზესი ინტერიერით გამოირჩევა.

მეორე მსოფლიო ომის დროს აქ განთავსებულმა ჩეხეთის არმიამ ადგილობრივი ხელოვანების დახმარებით, იმპერატორ იოზეფ II-ის მიერ დახურული ეკლესია აღადგინეს.  მათი წყალობით დღეს ეს ულამაზესი ეკლესია მოქმედია.

H. პრაღის ციხე-სიმაგრე

მოემზადე იმისთვის რომ ციხე-სიმაგრემდე ქვაფენილიანი აღმართების ავლა მოგიწევს. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხესიმაგრე, ეკლესიათა და მონასტერთა კომპლექსია რომელიც 70 000 მ² ფართობზეა გაშლილი.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სხვადასხვა არქიტექტურულ სტილში შესრულებულ შენობებს მოიცავს. სწორედ ეს ხიბლავს ყველა ტურისტს.

ეკლესიებისა და კოშკების გარდა, კომპლექსი პატარა „ოქროს შესახვევით“ გამოირჩევა. ლეგენდის თანახმად, სახელი ალქიმიკოსებისგან მომდინარეობს, რომლებიც აქ ოქროს აწარმოებდნენ.

პატარა ფერადი სახლებით, სუვენირების მაღაზიებითა და შუასაუკუნეების იარაღის მუზეუმით გამორჩეული შესახვევი, ფრანც კაფკას საყვარელი ადგილიც იყო. იგი ნომერ 22-ე სახლში, მშვიდობიან გარემოში თავის შედევრებს ქმნიდა.

კომპლექსის ეზოს დათვალიერება უფასოა, ხოლო ვიტუსის კათედრალში და „ოქროს შესახვევში“ შესვლა ფასიანი. თუმცა, პატარა საიდუმლოს გაგიმხელ. საღამოს ოთხი საათის მერე მოსულს შეგიძლია უფასოდ მოარო აქაურობა. გაითვალისწინე რომ შესახვევში ყველა მაღაზია შეიძლება ღია არ დაგხვდეს და კათედრალიც ნახევრად დაკეტილია.

I. იოზეფოვი

პრაღელი ებრაელების ყოფილი გეტო, იოზეფოვი ძველი ქალაქის ნაწილში მდებარეობს. გეტოს შექმნის ისტორია 13-ე საუკუნით თარიღდება, როდესაც ქალაქში მცხოვრებ ყველა ებრაელს ერთ ადგილზე დასახლება მოსთხოვეს. დროთა განმავლობაში პრაღასაც ახალი ებრაელი მაცხოვრებლებიი მეზობელი ქვეყნებიდან ემატებოდნებ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ იოზეფოვის გადატვირთულ უბანში ეცხოვრათ.

უბანს ექვსი სინაგოგა, საზეიმო დარბაზი და ევროპაში ყველაზე თვალსაჩინო სასაფლაო აქვს.

გაგიკვირდება და უბანმა ნაცისტურ ოკუპაციასაც კი გაუძლო; ჰიტლერმა თავად გადაწყვიტა ეს ადგილი „გადაშენებული რასის მუზეუმად“ ექცია.

J. ძველი ქალაქი

ამ მარშრუტის გავლით თქვენ უკან, ძველ ქალაქში, მეორე მხრიდან ბრუნდებით. აქ უამრავი მაღაზია, სალვადორ დალის მუზეუმი  და ბევრი სხვა ისტორიული ძეგლი მდებარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge