უნძული კორჩულა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ დიდ მთლიანობას წარმოადგენს, მაგრამ მისი მთავარი საგანძური მაინც ქალაქი კორჩულაა. ლეგენდის მიხედვით, კორჩულა აღმოაჩინა ტროადან გამოქცეულმა ბერძენმა გმირმა ანტენორმა. აქედან გამომდინარე, კორჩულას ძველი ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ციხე-სიმაგრის ტიპის შუასაუკუნეების ხმელთაშუაზღვისპირული დასახლების და მას ადგილობრივებიც და დამთვალიერებლებიც ხშირად ,,მინი დუბროვნიკს“ ეძახიან.

როგორ მოხვდე კუნძულ კორჩულაზე

ოქტომბერში დუბროვნიკიდან კორჩულაში ბორანი გადის 16:00-ზე და 120 კუნა ღირს = 48₾

აქ მოხვედრა სულაც არ არის რთული. დუბროვნიკიდან, ჰვარიდან, ბრაჩიდან და სპლიტიდან საკმაოდ ხშირად დადიან სამგზავრო და მანქანის გადამტანი ბორნები.

რადგან ჩვენ ჩვენი ხორვატიული მოგზაურობა დუბროვნიკიდან დავიწყეთ, ამიტომ კორჩულაშიც სწორედ ამ ქალაქიდან მოვხვდით. თუმცა, გასათვალისწინებელია რომ არასეზონსა და სეზონის მიწურულს საბორნე ხაზები ლიმიტირებულია. ზაფხულსა და გადატვირთულ სეზონზე უფრო აქტიურია მიმოსვლა.

რა ვნახოთ კორჩულაზე

თუ სანაპიროზე არ აპირებ მთელი დღის გატარებას და გირჩევნია კულტურული სანახაობების დათვალიერება, ქალაქში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი ძეგლი, მუზეუმი და ფილაქნებით მოკირწყლული ქუჩებია.

1ქალაქში აუცილებლად კარიბჭიდან შეაბიჯე

ქალაქის მთავარი შესასვლელი მე-17 საუკუნის კიბეებისა და დიდებული მე-14 საუკუნის რაველინის კოშკის ერთიანობას წარმოადგენს. ქალაქი მე-13 საუკუნის ქვის გალავნითაა შემოსაზღვრული.

2ესტუმრე მარკო პოლოს სახლსა და მუზეუმს

მე-13 საუკუნის უდიდესი მოგზაური მარკო პოლო სწორედ კორჩულადან იყო წარმოშობით. ამიტო აქ შეგიძლია ეწვიო მის სახლს, მუზეუმს და სხვადასხვა სუვენირების მაღაზიებს, სადაც მარკო პოლოსთან დაკავშირებულ უამრავ რამეს გადააწყდები.

მუზეუმი თანაბრად საინტერესოა დიდებისთვის და პატარებისთვის. ოთახიდან ოთახში გადადიხარ და თითქოს მარკო პოლოს ცხოვრებას “გაივლი”. საინფორმაციო დაფები კი ძალიან საინტერესო და ამომწურავ ინფორმაციას გაწვდიან მის შესახებ.

ფასი: სახლი – 20 კუნა = 8₾; მუზეუმი – 69 კუნა = 28₾

3მოიარე პიაცეტას მოედანი

ეს მოედანი ძველი ქალაქის ცენტრალური მოედანია. აქ შეგიძლია დატკბე მე-15 საუკუნეში იტალიელი და ადგილობრივი ოსტატების მიერ, კორჩულას კირქვით აშენებული წმ. მარკის კათედრალით. კათედრალში კი დაგხვდება ტინტორეტოსა და თანამედროვე, ცნობილი ხორვატიელი მოქანდაკეების ნამუშევრები.

4დატკბი პანორამული ხედით

აუცილებლად უნდა ახვიდე სამრეკლოზე ადრიატიკის ზღვისა და წითელ სახურავებიანი ქალაქის ხედისთვის. სამრეკლოს კიბეები იმდენად ვიწროა, რომ მოძრაობის დასარეგულირებლად შუქნიშანი აყენია, რომელიც მიგითითებს, უნდა დაიწყო ასვლა თუ არა. კიბე საკმაოდ დახვეულია და მოემზადე ოდნავი თავბრუხვევისა და გულისრევის შეგრძნებისთვის.

ფასი: 20 კუნა = 8₾

5უყურე ადგილობრივ ცეკვებს

კორჩულას ყველაზე ცნობილ ტრადიციას ხმლებით ცეკვა “მორესკა” წარმოადგენს. ძალიან დახვეწილი ქორეოგრაფიული ილეთებით აგებული ცეკვა ნამდვილი ხმლებით, პირველად მე-13 საუკუნეში გამოჩნდა ესპანეთში და სწორედ აქედან გავრცელდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში.

6შეუერთდი ნახევრად-წყალქვეშა ნავის ტურს (ან არ შეუართდე)

ზოგადად, მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი მსგავსი ტურებისადმი, მაგრამ ოთოს უნდოდა და მეც დავთანხმდი იმ აზრით, რომ შეიძლება მართლაც გვენახა რაიმე საინტერესო. ვერ გეტყვით, ცუდი დრო იყო საამისოდ თუ ეს ყოველთვის ასე ხდება, მაგრამ ერთი თევზი ძლივს დავინახეთ… თუმცა ბევრი წყალქვეშა მცენარე ვნახეთ, თუკი ეს რამის ნახვას ნიშნავს 😊

ფასი: 90 კუნა = 36₾

7დალიე ადგილობრივი ცნობილი ღვინო გრკი

აუცილებლად გასინჯე ადგილობრივი ღვინო გრკი. ყურძნის ეს სახეობა მოჰყავთ ქვიშიან ნიადაგზე, ამავე კუნძულზე, ქალაქ ლუმბარდაში, სადაც ის ყველაზე უკეთ ხარობს.

,,გრკ“ ხორვატიულად მწარეს ნიშნავს, თუმცა ღვინო არის თეთრი და მშრალი. საკმაოდ მაღალი მჟავიანობა აქვს და წიწვის გემო დაჰკრავს.

კორჩულა ფოტოებში

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here