ორვატიის დედაქალაქი ზაგრები ტურისტებისთვის ისეთივე პოპულარული მიმართულება არ არის, როგორც დუბროვნიკი, სპლიტი, პლიტვიცეს ეროვნული პარკი ან ხორვატიის კუნძულები. ზაგრები არაფრით ჩამოუვარდება მათ და აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორისაა მისი ადგილი. მეტიც, ის ყველაზე იაფი ქალაქია მთელს ქვეყანაში! არადა, ჩვეულებრივ, პირიქითაა ხოლმე და დედაქალაქი ყველაზე ძვირი ადგილია მთელ ქვეყანაში.

უამრავი რამის გაკეთება შეიძლება ზაგრებში. საინტერესო კულტურის გაცნობა, ისტორიული, ანტიკური პერიოდის ღირსშესანიშნავი ადგილების, ლამაზი კათედრალებისა  და მსოფლიოში ცნობილი ,,დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ დათვალიერება. ზაგრებში სანახავი ადგილების უმრავლესობა უფასოა ან ბილეთის ფასი საკმაოდ იაფია.

ტოპ-აქტივობები ზაგრებისთვის

ქალაქი ორ – ზედა და ქვედა – ნაწილადაა დაყოფილი და ორივე მათგანის დათვალიერება არანაირ სირთულეს წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ზაგრებში ატრაქციები ერთმანეთთან დაკავშირებულია, შეგიძლია მარტივად გადაადგილდე მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების გარეშე.

1დატკბი ქალაქის ცენტრალური მოედნით

მმართველ იელჩიცის მოედანი 1641 წლიდან წარმოადგენს ქალაქის კომერციულ გულს, რადგან სწორედ ამ წელს გამოცხადდა ეს ადგილი ბაზრობის ტერიტორიად. მოედნის ირგვლივ არსებული შენობების უმეტესობა მე-19 საუკუნით თარიღდება და მიეკუთვნება ბიდერმაიერის, არტ-ნუვოსა და პოსტმოდერნის არქიტექტურულ სტილებს.

მოედნის ცენტრში მმართველ ჯოზეფ იელჩიცის ქანდაკება დგას, ვის სახელსაც ატარებს ეს მოედანი. აგრეთვე იქვეა მანდუსევაკის შადრევანი და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი.

უფასო

2იხეტიალე კაპტოლის უბანში

კაპტოლი მდებარეობს მმართველ იელჩიცის მოედნის უკან და ადრეული პერიოდიდანვე კანონიკურ დასახლებად ჩამოყალიბდა. აქ ნახავ მშვენიერ კათედრალს, სამლოცველოსა და განძთსაცავს. გაისეირნე რიბნიაკის პარკში, ეწვიე პრისკინის კოშკს და დატკბი მიმდებარე ძველი კედლებით.

ქალწულ მარიამის მიძინების კათედრალი წარმოადგენს ქალქის განმსაზღვრელ სიმბოლოს, რომელიც თარიღდება მე-19 საუკუნით, აგებულია ნეო-გოთიკურ სტილში და ორი ტყუპი კოშკით გამოირჩევა.

კათედრალის კოშკების ირგვლივ არსებული თავდაცვითი კედლები ზუსტად მაშინ აშენდა, როდესაც ძალიან დიდი საფრთხე იყო ოტომანების დინასტიის მხრიდან. კედლები რეკორდულ დროში – 10 წლის განმავლობაში – აშენდა და დღემდე ითვლება ყველაზე კარგად შემონახულ თავდაცვით ნაგებობად ევროპაში რენესანსის პერიოდიდან.

კათედრალის წინ შეამჩნევ შადრევანს ქალწული მარიამითა და ოთხი ანგელოზით. ქანდაკებები მოოქროვილია და ანგელოზები განასახიერებენ ქრისტიანულ 4 სათნოებას: რწმენას, უმანკოებას, იმედსა და თავმდაბლობას.

უფასო

3ეწვიე ბაზრობას

ზაგრებში აუცილებლად წასასვლელ ადგილთაგან ერთ-ერთია ქალაქის შუაგულში, ღია ცის ქვეშ არსებული დოლაც ბაზრობა. იმის გარდა, რომ ზაგრების ერთ-ერთ ყველზე პოპულარულ ღირსშესანიშნავ ადგილს დაათვალიერებ, აგრეთვე იყიდი ხილსა და წასახემსებლებს, ბოსტნეულს, ხორცს და თევზს. აქვე სუვენირების დახლებსაც გადააწყდები.

თუკი შენს ინტერესებში მსგავსი ადგილები არ შედის, მაშინ იქვე არის წმ. მარიამის ეკლესია და შეგიძლია მას ეწვიო.

უფასო

4ჩაუყევი ზაგრების უფერადეს ქუჩას

ტკალჩიცევას ქუჩაზე მე-18 საუკუნეში ძალიან ბევრი სახელოსნო იყო, სადაც ქმნიდნენ: ტანსაცმელს, საპონს, ლიქიორსა და ქაღალდს. მე-19 საუკუნიდან ეს ქუჩა იქცა კომერციული აქტივობისა და ღამის ცხოვრების ცენტრად. დღეს უკვე ტურისტები და ადგილობრივები თანაბრად სტუმრობენ აქ განლაგებულ პატარა ბუტიკებს, ტრადიციულ მაღაზიებს, კაფეებისა და რესტორნების.

უფასო

5გაძვერი ქვის გალავნის ქვეშ

ქვის გალავანი ერთადერთი გალავანია ძველ ქალაქში, რომელიც ხელშეუხებელი შემორჩა. თავდაპირველად გალავანი შუა საუკუნეებში აშენდა და მე-18 საუკუნეში განახლდა. სწორედ ეს რეკონსტრუირებული ვარიანტი ამშვენებს ძველ ქალაქს. თაღის ქვეშ არის ზაგრების მფარველისადმი, მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სამლოცველო.

უფასო

6დაათვალიერე ყველაზე უცნაური მუზეუმი

თუკი აქამდე ჩემი ბლოგები წაგიკითხავს, გეცოდინება, რომ მუზეუმების დიდი სიყვარულით არ გამოვირჩევი. თუმცა, არსებობს რამდენიმე ტიპის მუზეუმი, რომლებიც მეც კი მომწონს და ,,დამსხვრეული ურთიერთობები მუზეუმი“ სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

მსგავსი მუზეუმი მხოლოდ ორი არსებობს მსოფლიოში, ლოს ანჯელესსა და ზაგრებში და აერთიანებს უამრავი ადამიანის მოგონებებსა და საკუთარ ნივთებს, რომელთაც ურთიერთობები გაუფუჭდათ მეგობრებთან, შეყვარებულებთან, ან მშობლებთან.

ყველა გამოფენილ ნივთს თან ახლავს თავისი ისტორია-ტექსტი და დათვალიერების შემდეგ საკმაოდ არეულ ემოციებს გიტოვებს. მე მაგალითად, ერთ სტენდთან გულიანად ვიცინოდი და იქვე გვერდითა ექსპონატთან გულამოსკვნილი ვტიროდი.

საფასური: 30 Kuna = 12₾

7დატკბი ზაგრების სიმბოლოთი

თუ ზაგრების ერთი სურათი მაინც გინახავს, მაშინ უდიდესი ალბათობით ეს იყო წინდა მარკოზის ეკლესიის უმშვენიერესი მოზაიკური სახურავი. ეკლესია აშენებულია მე-13 საუკუნეში. გოთიკური თაღებიანი ჭერი, საკურთხეველი და 15 ქანდაკება კი მოგვიანებით დაამატეს.

ეკლესია მნიშვნელოვნად განაახლეს  მე-19 საუკუნის ბოლოს და მასში გაცილებით მეტი ნეო-გოთიკური ელემენტი შეიტანეს. სახურავზე მოზაიკური კრამიტით გამოხატულია ხორვატიის ტრიუნის სამეფო, დალმაცია, სლოვენია და ზაგრები.

უფასო

8გაისეირნე საბაგიროთი

საბაგირო სულ რაღაც 66 მეტრის სიგრძისაა და ზედა და ქვედა ქალაქებს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს ყველაზე მოკლე საბაგიროა, რომელსაც სულ რაღაც 55 წამი სჭირდება ერთი ბოლოდან მეორემდე.

1890 წელს გახსნილი საბაგირო, მუშაობდა ორთქლზე და პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო ქალაქში.

საფასური: 4 Kuna = 1.61₾

9უყურე ზარბაზრნის გასროლას

ლოტრშჩაკის კოშკი ერთადერთი, მე-13 საუკუნით დათარიღებული, ასე თუ ისე პირვანდელი სახით შემორჩენილი კოშკია ქალაქში. 6 საუკუნის გასვლის შემდეგ ოდნავ გადაკეთებული კოშკი დღესდღეობით ცნობილია იმით, რომ ყოველდღე, შუადღეს აქედან ზარბაზანს ისვრიან.

უფასო

10ეწვიე ნებისმიერ პარკს დასასვენებლად

ზაგრებში ბევრ მწვანე სივრცეს გადააწყდები და ზრინიევაცის პარკი ყველაზე საუკეთესოა მათ შორის. პარკში არის უამრავი ჭადრის ხე, რკინისგან დაწნული ფანჩატურები, შადრევნები და ცნობილი ხორვატიელების ბიუსტები.

უფასო

11დააკვირდი მეტეოროლოგიურ პოსტს

ზრინიევაცის პარკის ერთ-ერთ ბოლოში არის მეტეოროლოგიური პოსტი, რომელიც 1884 წლიდან მოყოლებული იწერს ქალაქის ამინდს. შეგიძლია შეამოწო ტეპერატურა, ჰაერის წნევა და გაასწორო საათი.

უფასო

12დააკვირდი ქალაქის ცხოვრების რიტმს მეფე ტომიშლავის მოედანზე

ტომიშლავი იყო ხორვატიის პირველი მეფე და მისი სახელობის მოედანი არის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ადგილი, სადაც შეგიძლია ჩამოჯდე, დატკბე მზიანი ამინდით და დააკვირდე ადგილობრივების ყოველდღიურობას.

სწორედ აქ მდებარეობს ქალაქის რკინიგზის მთავარი სადგური. პირველი მატარებელი ზაგრებში 1862 წელს ჩამოვიდა და ასე დაუკავშირდა ის ევროპის კულტურულ ცენტრებს – ავსტრიასა და ბუდაპეშტს. შენობა 1892 წელს აშენდა რენესანსისა და ნეოკლასიკური ელემენტებით. მთელი ეს სივრცე, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს წარმოადგენს ქვედა ქალაქში.

უფასო

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here