უბროვნიკს, ხშირად „ადრიატიკის მარგალიტს“ უწოდებენ. ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ეს ქალაქი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძველი ქალაქი, მისი გალავანი, ევროპის უძველესი აფთიაქი და ულამაზესი მზის ჩასვლის სცენა, არ დაგტოვებს უემოციოდ. წაიკითხე რამდენიმე რჩევა, რაც უნდა იცოდე სანამ დუბროვნიკში იმოგზაურებ.

13 რჩევა რაც უნდა იცოდე

1როგორ მოვხვდეთ აქ

იმის მიხედვით, თუ ხორვატიის რომელი ქალაქიდან იწყებ მოგზაურობას, დუბროვნიკში მოსახვედრად უამრავი საშუალება არსებობს. თუ ხორვატიაში მოგზაურობის დაწყებას დუბროვნიკით აპირებ, მაშინ იაფიანი ავიაბილეთის პოვნა დაგჭირდება

წაიკითხე როგორ ვპოულობ ავიაბილეთებს იაფად, რის შედეგადაც $200+ დავზოგე

მაგალითად, Eurowings ევროპის რამდენიმე ცენტრალური ქალაქიდან ასრულებს რეისს დუბროვნიკის მიმართულებით. Wizzair-ი ხორვატიის ქალაქ სპლიტში, ხოლო Ryanair კი პულაში, რიეკასა და ზადარში ასრულებს ფრენებს. ამ ქალაქებიდან კი მარტივად შეგიძლია დუბროვნიკში, ავტობუსით, დაქირავებული მანქანით ან Jardolinija-ს ბორნით ჩახვიდე.

2როდის წავიდეთ დუბროვნიკში

დუბროვნიკის სეზონის პიკი ივლისი-სექტემბერია. ამ პერიოდში ტურისტების ოდენობა ალბათ რამდენიმე მილიონს აღწევს. ჩვენ სექტემბრის ბოლოს ვიყავით და ქალაქი მაინც გადატვირთული იყო ვიზიტორებით. ამ პერიოდში ჯერ კიდევ შეიძლება ზღვაში ცურვა, მაგრამ ჩვენ მისი ტემპერატურა მაინც ცივი მოგვეჩვენა.

ზღვიდან წამოსული ნიავის გამო, აქ ზამთრი საკმაოდ ცივია. საბოლოო ჯამში, დუბროვნიკის მონახულების საუკეთესო თვეები სექტემბერ-ოქტომბერია.

3რამდენად ძვირია დუბროვნიკი

ძალიან! დუბროვნიკი ხორვატიის ყველაზე ძვირი ქალაქია, არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ერთ-ერთი რჩევაა საკვები სახლში ან ჰოსტელში მოიმზადო. პროდუქტის ფასი სუპერმარკეტებში საშუალოზე ოდნავ მაღალია, ხოლო ღვინო კი საკმაოდ იაფი.

გარეთ ჭამა ძვირი დაგიჯდება. წარმოიდგინე არატურისტული ადგილი, ქალაქის ცენტრიდან შორის, სადაც ორ ნაჭერი პიცა, ქაბაბი, შემწვარი კარტოფილი, ლუდი და გამაგრილებელი სასმელი $31.30 = € 26.50 დაგვიჯდა!

4ბაზარი

ერთი-ერთი რჩევა რაც უნდა იცოდე პროდუქტების ყიდვისას, არის ის რომ, ქალაქის გრუჟ პორტთან ახლოს, ყოველ დილას ადგილობრივი ფერმერების ბაზარი იმართება. აქ შეგიძლია იყიდო თევზეული და ზღვის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, ჩირი და ბევრი სხვა. თუ თევზეულის მოყვარული ხარ, დილით ადრე მიდი. ბაზარი 6 საათიდან იხსნება.

5ადგილობრივები ყველგან განსხვავებულ ფასს იხდიან

ალბათ ფიქრობ: „რა გასაკვირია, ბევრ ქვეყანაშია ასე!“ რაშიც აბსოლუტურად გეთანხმები, და ამ მიდგომასაც ვემხრობი. ბევრი ქვეყანა და ქალაქი ტურიზმით საზრდოობს, მაგრამ ხშირად ფასებს შორის განსხვავება მცირეა.

დუბროვნიკში კი საგრძნობლად მაღალია; ზოგჯერ სამმაგიც და ოთხმაგიც კი. აი მაგალითად, დანიელამ (ჩემმა ადგილობრივმა მეგობარმა) ბორნის ბილეთში 23 ხორვატული კუნა გადაიხადა, ხოლო მე, როგორც ტურისტს, იგივე მიმართულებით 92 კუნის გადახდა მომთხოვეს!

იგივე სიტუაცაა რესტორნებსა და ბარებში. მენიუში ფასი იგივეა ორივესთვის, მაგრამ საბოლოო ჩეკზე ადგილობრივებს რამდენიმე პროცენტიანი ფასდაკლება ეკუთვნით. პროცენტის ოდენობა რესტორანზეა დამოკიდებული და ზოგჯერ შეიძლება 30%-იც კი იყოს.

6ფულის გადახურდავება

ხორვატიას საკუთარი ვალუტა აქვს რომელსაც ხორვატული კუნა ეწოდება. ქალაქში ძალიან ბევრი გადასახურდავებელი პუნქტია. თუმცა ერთი რჩევა, რაც უნდა იცოდე არის ის, რომ გარეთ გამოკრულ ტაბლოზე ნაჩვენები კურსი საკმაოდ დაბალია საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ვებ გვედზე ნაჩვენებ ციფრებზე.

ეს იმიტომაა, რომ სავალუტო ჯიხურები საკომისიოს იღებენ და უკვე გამოკლებულ თანხას წერენ ტაბლოზე.

ჩვენი აღმოჩენით, დოლარის კურსი ყველაზე კარგი ძველ ქალაქში შეგვხვდა. თუმცა ისიც, უნდა იცოდე რომ ევროს კურსი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე დოლარის. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ევრო წაიღო.

7ძველ ქალაქში შესვლა

ძველ ქალაქში შესასვლელად ფულს არ იხდი, თუმცა მის გალავანზე ასვლა 150 კუნა ღირს = $ 23.50 = € 19.90. აქედან ძველი ქალაქისა და ადრიატიკის ზღვის ულამაზესი ხედი იშლება.

დუბროვნიკის ძველი ქალაქი ზაფხულის თვეებში მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. UNESCO-ს რეგულაციით, მის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული შენობების ვიზიტორთა ოდენობა მაქსიმუმ 8 000 ადამიანია დღეში, რაც დუბროვნიკის შემთხვევაში აშკარად აღემატება.

სწორედ ამიტომ, თუ დუბროვნიკი ვიზიტორთა რაოდენობას როგორმე არ შეამცირებს, UNESCO-ს სიიდან ამოშლა ემუქრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობა მომავალი წლიდან გეგმავს გალავანზე ასვლის საფასურის კიდევ უფრო გაზრდას და იმედოვნებს რომ, ბევრი ამ კოლოსალურ თანხას არ გადაიხდის და მსურველების რაოდენობა შეცოტავდება.

ასე რომ იჩქარე!

8საბაგირო

თუ ქალაქის ზემოდან ნახვა გსურს და გინდა ლამაზი მზის ჩავსლით დატკბე, მაშინ მოიმარაგე ბოთლი ღვინო და წასახემსებელი, შემდეგ კი საბაგიროთი Srd გორაზე ადი. ორი გზის ფასი 140 კუნაა. თუ თანხის გადახდა არ გსურს, შეგიძლია ფეხითაც ახვიდე, ან Uber-ი გამოიყენო.

9საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ჩემი აზრით, დუბროვნიკში გადაადგილება ფეხითაც კარგად შეგიძლია. თუმცა, ქალაქის კარგად მოწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით დუბროვნიკის ნებისმიერი უბნიდან შეგიძლია ძველ ქალაქში ან მიმდებარე პატარა სოფელში მოხვედრა. სამარშრუტო გეგმა თითოეული ავტობუსის გაჩერებაზეა დამონტაჟებული.

ავტობუსის გამოყენება მხოლოდ ერთხელ გადავწყვიტეთ, ისიც იმიტომ რომ კუნძულიდან დაბრუნებულები საკმაოდ დაღლილები ვიყავით იმისთვის, რომ სახლამდე ფეხით მისვულიყავით. ბილეთში, კაცზე, 12 კუნა გადავიხადეთ.

უყურე ჩვენი მოგზაურობის ვიდეოს

10არ იარო ქალაქში საცურაო კოსტუმით

მიუხედავად იმისა რომ დუბროვნიკი ზღვისპირა ქალაქია და აქ უამრავი სანაპირო არსებობს, ქვეყანა საკმაოდ კათოლიკურია და არავის მოსწონს როდესაც გამომწვევი ტანსაცმლით ან საცურაო კოსტუმით დადის  ტურისტი.

თუ სანაპიროზე ყოფნისას მოგწყურდა ან მოგშივდა და მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტე, ჯობს რაიმე შემოიცვა და მარტო წელზე შემოხვეული შარფით ან პირსახოცით არ გახვიდე სანაპიროდან.

11ახლო მდებარე სანაპირო

დუბროვინის უბანი ლაპადი ახლად გაკეთებული სანაპიროა, სადაც ტურისტების ნაკადსაც გაექცევი და მზის აბაზანასაც მშვიდ გარემოში მიიღებ. აქვე ბევრი ბარი, კაფე და რესტორანიცაა.

12დუბროვნიკის ბარათი

კიდევ ერთი რჩევა რაც უნდა იცოდე დუბროვნიკის ფასდაკლების ბარათია. ბარათი მუზეუმებში შესასვლელ ხარჯებს საკმაოდ ამცირებს. არსებობს ერთ, სამ და შვიდ დღიანი ბარათები და თითოეული სხვადასხვა ფასდაკლებებს გთავაზობს.

თავიდან, ჩვენც ვფიქრობდით ბარათის აღებას, მაგრამ მიხვდით რომ ბევრ მუზეუმს არ ვეწვეოდით და არც საზოგადოებრივი ტრასპორტის გამოყენებას ვაპირებდით.

13ორი სიტყვა რაც ხორვატულად უნდა იცოდე

ხორვატული ენა ჩვენთვის ხშირად გასაგებია, რადგან ძალიან გავს რუსულს. ამიტომ, რამდენიმე სიტყვის სწავლა არ გაგიჭირდება. აქ განსაკუთრებით მოსწონთ როდესაც, უცხოლი ადგილობრივ ენაზე ერთ სიტყვას მაინც ამბობს.

ხორვატულად მადლობა არის “Hvala”, ნახვამდის კი “doviđenja” (წარმოითქმის როგორც “დო-ვი-ჯენ-ია” ). როდესაც უცხო ქვეყანაში მათ კულტურასა და ტრადიციებს პატივს სცემ, შენთვითონაც დაფასებული ხარ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here