fbpx
Hiking the black rock lake in lagodekhi
საქართველო

ლაშქრობა ლაგოდეხის შავი კლდეების ტბაზე

უთშაბათი საღამოა. სამსახურიდან 18:30-ზე გამოვდივარ, რომ სამდღიანი ლაშქრობისთვის ჩავლაგდე, რომელიშიც ჩემ ქმარ ოთოსთან და თანამშრლობელ რუსკასთან ერთად მივდივარ. ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ხერხემალზე ოპერაცია გავიკეთე და ცოტათი ვნერვიულობ, როგორ გაუძლებს ჩემი წელი შავი კლდეების ტბებზე, ზღ. დონიდან 3 000 მეტრზე სამდღიან ლაშქრობას.

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, თბილისიდან 185 კმ.-ში მდებარეობს და აზერბაიჯანსა და დაღესტანს ესაზღვრება. ნაკრძალში დაცულია სხვადასხვა იშვიათი სახეობის მცენარეები და ცხოველები, რაც თავისთავად დაუვიწყარს ხდის აქაურობას. 

Hiking in Georgia. Lagodekhi National Park

გვიან ღამე გავდივართ, რომ ადრე დილით უკვე იქ ვიყოთ და პარასკევ დილას სიარული დავიწყოთ. შავი კლდეების ტბების მარშრუტი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ურთულესი, საინტერესო და ულამაზესია მთელს საქართველოში. აქედან იშლება გასაოცარი ხედები კავკასიონსა და ალაზნის ველზე. მარშრუტის გავლა სრულიად შესაძლებელია 3 დღეში, თუმცა მეტი სიამოვნებისთვის 4 და 5 დღესაც კი გირჩევდით.

რა უნდა იცოდეთ, სანამ ლაგოდეხის შავი კლდეების ტბებზე სალაშქროდ წახვალ:

  • დაუკავშირდი ადმინისტრაციას და გაარკვიე, რამდენად უსაფრთხოა შენთვის სასურველ პერიოდში ლაშქრობა. შეიძლება, არასასურველი ამინდი იყოს და ადმინისტრაციამ ლაშქრობის ნება არ მოგცეს.
  • ვიზიტორთა ცენტრიდან პირველ საბანაკე ადგილამდე 13კმ.-ია. აქედან ტბებამდე კი მორიგი 13კმ. მეორე თავშესაფარი პირველი საბანაკედან 3კმ.-შია. 2016 წელს ადმინისტრაციამ, მეორე თავშესაფრიდან პარკის შესასვლელამდე ახალი, წრიული მარშრუტი დაამატა. მათი თქმით, ეს 15კმ.-იანი ციცაბო დაღმართია. თუმცა, რუსკას აპლიკაციამ (Health application) დაახლოებით 20კმ. დაწერა.

Hiking the black rock lake in lagodekhi

  • გზად პირველ და წრიულ მარშრუტზე წყალი არ შეგხვდება, ამიტომ თან იქონიე საჭირო რაოდენობა.
  • აუცილებლად ჩამოტვირთეთ აპლიკაცია – Maps.me – ეს არის საუკეთესო სანავიგაციო აპლიკაცია, რომელიც გამომიცდია, გუგლზე უკეთესიც კი. გადასარევად მუშაობს ინტერნეტის წვდომის გარეშე და პოულობს შენს მდებარეობას შუაგულ უღრან ტყეში.
  • ვიზიტორთა მეორე ცენტრი არის ალპურ ზონაში და შესაბამისად არ არის შეშა გასათბობად ან წყლის ასადუღებლად. ასე რომ, თან იქონიე სალაშქრო გაზქურა.
  • გზად არ შეგხვდება დენის წყარო და შესაბამისად წინასწარ დამუხტე ელექტრომოწყობილებები.

Hiking the black rock lake in lagodekhi

  • აუცილებლად იქონიე თბილი ტანსაცმელი. საღამოდან მოყოლებული დილამდე ძალიან ცივა.
  • თან იქონიე პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ტბებისკენ ასასვლელ მარშრუტს რომ დაადგები, შესაძლოა, სასაზღვრო პოლიციამ შეგამოწმოს.
  • ვიზიტორთა თავშესაფარში 1 ღამისთევის საფასურია 15 ლარი, ხოლო საკუთარი კარვით დარჩენა – 5 ლარი.

Hiking the black rock lake in lagodekhi

 

ბილიკი ძალიან კარგად არის მარკირებული წითელ/თეთრ ფერებში ან მხოლოდ წითელში – ხეებსა და ქვებზე. ცუდი იყო ის, რომ ვერ ვიგებდით, თუ რა მანძილი გვქონდა გავლილი, სანამ ბილიკის შუამდე არ მივედით. 6 km  აწერია დიდი ასოებით ხეზე.

აღმართზე სიარული საკმაოდ რთულია, რადგან ბილიკის უმეტესი ნაწილი საკმაოდ ვიწრო და ქვიანია და შესაბამისად მთელი დატვირთვა მუხლებსა და კოჭებზე მოდის. თუ გინდა, რომ ასვლა გაიმარტივო, შეგიძლია ადგილობრივი გამყოლი დაიქირავო ცხენითურთ, რაც დღეში 100 ლარი დაგიჯდება.

Hiking in Georgia. Black Rock Lake

ირგვლივ შეოგარენი გამაოგნებელად ლამაზი და ჩუმია. ისეთი სიწყნარეა, რომ ფოთლების ცვენისას გეფიქრება ბუჩქებში რაღაცამ გაირბინაო. ტყე სავსეა ძველი ხეებით, რომელთაგან საკმაოდ ბევრია წაქცეული სხვადასხვა მიზეზით. ჩვენ შემოდგომას ვიყავით და ტყით დაფარული ფერდები სახატავ პალიტრას ჰგავდა… ფერთა გამა კი მწვანედან წითლამდე ტალღისებურად იცვლებოდა. მოკლედ რომ ვთქვა, ყბის ჩამოსავარდნი ლანდშაფტი და ხედები დაგვხვდა.

მსგავს ადგილებში ლაშქრობის მცირე გამოცდილების გამო, ნელა მივდიოდით და დანიშნულების ადგილს ზუსტად მზის ჩასვლისას მივაღწიეთ.

Hiking the black rock lake in lagodekhi

 

წრიული მარშრუტი საკმაოდ ციცაბოა, უფრო რთულიც კი, ვიდრე პირველი იყო. იქიდან გამომდინარე რომ, არც ისე დიდი ხნის გაჭრილია, დატკეპნილიც არ არის და ზოგ მონაკვეთებზე მონიშვნები საკმაოდ დაშორებული იყო ერთმანეთისგან. ჩვენ ორჯერ ლამის ,,დავკარგეთ“ ბილიკის მანიშნებლები და სრულიად სხვა მიმართულებით წავედით. ბილიკი იგივე ტიპისაა – კლდიანი და ციცაბო.

შავი კლდეების ტბა. ლაგოდეხი

რამდენიმე საათიანი შეუსვენებლად სიარულის შემდეგაც კი გვეჩვენებოდა, რომ იგივე სიმაღლეზე მივდიოდით და მთიდან ჩასასვლელ დაღმართს ვერასოდეს მივაღწევდით. თითქოს, რაღაცნაირად უსასრულო ბილიკზე დავდიოდით.

ფეხის თითოეული კუნთი საშინლად გვტკიოდა, რუსკას ბებერები გაუჩნდა და მე ფეხში წვის შეგრძნება არ მტოვებდა, რაც კიდევ უფრო ანელებდა ჩვენს ტემპს. წინასწარ რომ გვცოდნოდა ამ წრიული ბილიკის რაობის შესახებ, არავითარ შემთხვევაში არ ავირჩევდით ამ ბილიკს და ისევ იმავე გზით ჩამოვიდოდით, რომლითაც ვიარეთ პირველი ორი დღე.

Hiking the black rock lake in lagodekhi

ამ ბილიკის არჩევის მიზეზი რამდენიმე კილომეტრით ნაკლები მანძილის გავლა იყო, თუმცა საბოლოოდ ჯამში უფრო მეტი ვიარეთ! მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტყის საფარი ბილიკის ამ მხარეს უფრო ლამაზია, ვიდრე პირველი დღეების ნაწილში. რაღაც მაინც მიფანტავდა გონებას და დროებით მავიწყებდა ფეხის მწველ ტკივილს.

Hiking the black rock lake in lagodekhi

ზედგამოჭრილი იქნებოდა, რადენიმე დღით მეტი რომ გვქონოდა. და მიუხედავად იმისა, რომ 4 დღის გასვლის შემდეგაც კი ძალიან მტკივა ფეხის კუნთები, არცერთი წამით არ ვნანობ ამ ადგილის მონახულებას.

Hiking the black rock lake in lagodekhi

Hiking the black rock lake in lagodekhi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.