ტაილანდის პოპულარული კუნძულების იაფი და შესანიშნავი ალტერნატივა

0
83
views
beach in Thailand

აილანდის კუნძულები მსოფლიოში ცნობილია თავისი სილამაზით. აქედან ყველაზე პოპულარულია ფუკეტი, კრაბი და კო ტაოა. ტაილანდის თითქმის ყველა სანაპირო ბაუნტის რეკლამის სცენას ჰგავს –  თეთრი ქვიშა და წმინდა ლურჯი ზღვა. ეს კუნძულები ბანკოკიდან საკმაოდ შორსაა და ყველაზე მარტივი გზა თვითმფრინავით გადაფრენაა, რაც ავტობუსით 12-საათიან მგზავრობას აგარიდებს.

როდესაც ტაილანდში მოხვდები, აუცილებლად წადი რომელიმე კუნძულზე. თუ იაფი ვარიანტი გინდა, კო სამედი აირჩიე.

როგორ მოვხვდეთ აქ

ავტობუსები კუნძულისკენ აღმოსავლეთის ავტობუსის სადგურიდან გადის, რომელიც Ekamay BTS სადგურთან მდებარეობს.

ბილეთს ორი მიმართულებით ვყიდულობთ, თუმცა უკან დასაბრუნებელ თარიღს ღიას ვტოვებთ. ბილეთებში 306 ბატი გადავიხადეთ.

დაახლოებით შუადღის სამ საათზე ბან პეს პორტში ჩამოვდივართ. 100 ბატს ბორნის ბილეთში ვიხდი, ისევ ღია თარიღით უკან დასაბრუნებელ ბილეთზე.

აქ არსებული ყველა სანაპირო ეროვნული პარკის ნაწილია, ამიტომ პარკში შესვლის საფასურს ცალკე ვიხდით (200 ბატი კაცზე).

პორტიდან კუნძულამდე ბორნით 45 წუთს ვუნდებით.

კუნძულს მიახლოებულები ქალის უზარმაზარ ქანდაკებას ვხედავთ, რომელსაც „ზღვის პეპელა“ ჰქვია. ტაილანდურ ცნობილ პოემაში იგი წყალქვეშა სამეფოს გამგებელია.

კუნძულის პორტში დამატებით 20 ბატს ვიხდი უსაფრთხოებისა და სისუფთავისათვის.

სად გავშალოთ კარავი

კარვის გასაშლელი ადგილი კუნძულზე ორია, თუმცა ერთს, რომელიც ცენტრთან ახლოსაა, ჩვენი ვიზიტის დროს არემონტებდნენ. ამიტომ კუნძულის მეორე ბოლოში გაგვიშვეს.

კარვის გაშლა შესაძლებელია შემოსასვლელიდან 3 კმ-ში და რადგან საღამოს ჩამოვედით, გადავწყვიტეთ, ერთი დღე ცენტრში გავჩერდეთ.

მეორე დღის 12 საათისთვის, ზურგჩანთებით საკემპინგე ადგილისკენ გავეშურეთ. იქ მისულებს, ინგლისურად მოსაუბრე არავინ დაგვხვდა. ტელეფონით ვიღაცას დამაკავშირეს, მაგრამ ვერც ის მაგებინებდა ვერაფერს რიგიანად.

ბოლოს ის გავიგე, რომ კარვის გაშლა 50 ბატი ღირს. თუმცა სად, ვერაფრით გამაგებინა. თან მითხრა რომ მოგვიანებით მოვიდოდა და ყურმილი გამითიშა.

დაღლილი და დაბნეული საშინლად გავბრაზდი. გასაგრილებლად გადავწყვიტეთ უახლოეს სანაპირომდე მივსულიყავით. სანაპიროზე ორი საათი გავატარეთ და უკან, პარკის შესასვლელში დავბრუნდით. რეინჯერებს სიტუაცია ავუხსენით და მანქანით მომსახურება მოვითხოვეთ. ისევ ტელეფონზე დამჭირდა ამეხსნა, რა მინდოდა და რას მოვითხოვდი.

ჩვენი დიდი ზურგჩანთების გათვალისწინებით ვიმედოვნებდი, რომ მანქანით წაგვიყვანდნენ. ძალიან ვცდებოდი! ორი მოცუცქნული მოტოციკლი გამოგვიყვეს.

მოტოციკლზე მგზავრობის ძალიან მეშინია, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი. ერთადერთი, რაც მოვახერხე, მძღოლს ნელა სიარული ვთხოვე.

როგორც იქნა კარვის გაშლის ამბავი მოვაგვარეთ. აქედან მზის ჩასვლა შესანიშნავად ჩანს. კარავიც ისეთ ადგილზე გავშალეთ, საიდანაც ამ სანახაობას კარგად დავინახავდით.

ამინდი ცოტა შეიცვალა

30 ნოემბერს, დილით, კარავში შემოღწეული ჭიანჭველების არმია გვაღვიძებს. ჭიანჭველები არა მარტო კარავიში, არამედ ჩვენს ზურგჩანთებსა და საჭმელშიცაა. დილას ყველაფრის განიავებითა და გასუფთავებით ვიწყებთ.

საკემპინგე ადგილთან ყველაზე ახლოს სანაპირო Prao Bay-ა, რომელიც ძვირადღირებული სასტუმროებითაა სავსე და არც მაღაზიაა, რომ წყალი იყიდო. საყიდლებზე პარკის შემოსასვლელში დავდიოდით.

ეს დღე მთლიანად სანაპიროზე გავატარეთ. უკან დაბრუნებულებმა კი გემრიელი ბროკოლის სუპი მოვიმზადეთ და ლამაზი ხედის წინ ჭამას ვაპირებდით და შტორმიც დაიწყო.

გასაშრობად გაკიდული სარეცხის სასწრაფოდ ჩამოხსნა და კარავში მოგროვება დავიწყეთ.

ვცდილობთ, კარავი რაც შეიძლება მშრალად შევინარჩუნოთ. მე შიგნიდან ვამყარებ, მარიამს კი გარედან უჭირავს. 20 წუთში ყველაფერი ჩაწყნარდა. თუმცა ღამის ორ საათზე ისევ დაიწყო.

კიდევ კარგი, სხვა არაფერი გადაგვხვდენია თავს. დანარჩენი დღეები წყნარად გავატარეთ.

თვითონ კუნძული კი მართლა ძალიან კარგი იყო. ამ ყველაფრად ნამდვილად ღირდა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge