ტაილანდის სკოლაში მასწავლებელიც ვიყავი

0
29
views
teaching english in Thailand

უხოტაიში ყოფნისას მოგზაურობისგან ცოტა დასვენება და მოხალისედ მუშაობა გადავწყვიტეთ. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 13 იანვარს ლამპანგის პროვინციის, სოფელ ლისკენ ავიღეთ გეზი. იქ ჩვენი მეგობარი ქეროლაინი ინგლისურს ასწავლის.

ქეროლაინი სუხოტაიში, მოხალისეობის დროს გავიცანით, უმალვე დავახლოვდით და თავის სოფელშიც დაგვპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლა ჩვენი მარშუტიდან ცოტა გადახვევას მოითხოვდა, მოპატიჟება დიდი სიხარულით მივიღეთ.

ტაილანდის სკოლაში მასწავლებელი

როგორ მოვხვდეთ აქ

სუხოტაიდან ლამპანგამდე ავტობუსით დაახლოებით ოთხი საათია და ბილეთის ფასი 178 ბატია. ლამპანგიდან კი სოფლამდე კიდევ ორი საათი სონგტაოთი მგზავრობ.

„სონგტაო“ გადაკეთებული პიკაპია, რომელიც სამარშუტო ტაქსის ჰგავს.

ქეროლაინი საკუთარ პატარა სახლში ცხოვრობს ორ უზარმაზარ კატასთან – მაიკლი და იესო – ერთად.

ვახშამი

ქეროლაინი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია და ყველა კერძს თავისით ამზადებს.

ვახშმად მოვამზადეთ იტალიური კერძი – ნიოკი ტომატის სოუსში. ამასობაშ კი ძალიან ბევრ თემაზე დიდი ხნის მეგობრებივით ვიჭორავეთ.

სტუმრად ტაილანდის სკოლაში

რადგან ლი ძალიან პატარა სოფელია, აქაური ბავშვები უცხოელებს იშვიათად ხედავენ. ქეროლაინმა ჩასვლისთანავე გვთხოვა მის გაკვეთილს დავსწრებიდით და ბავშვებთან ჩვენზე გვესაუბრა. ჩვენც უარი არ გვითქვამს.

მეორე დღეს ქეროლაინის მოსწავლეებს შევხვდით. განცვიფრებულები გვისმენდნენ, როდესაც საქართველოზე, თოვლზე და აქაურ სიცივეზე ვუყვებოდით. გარდა ამისა, ბევრი თამაშიც ვითამაშეთ და ცოტაოდენი მათ ტრადიციებზეც გავიგეთ .

საკლასო ოთახები ძალიან ჰგავს საქართველოს სოფლის სკოლების ოთახებს, სადაც ძალიან მწირი ინფრასტრუქტურაა.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ისე არ გაიფანტებიან, სანამ არ დაგემშვიდობებიან. ხელის გულებს ერთმანეთს ადებენ, მკერდთან მიაქვთ და ერთხმად ამბობენ:

„დიდი მადლობა, მასწავლებელო ბაია, დიდი მადლობა, მასწავებელო მარიამ. ხვალამდე“

ამის შემდეგ ელვის სისწრაფით გარბიან შესვენებაზე. ზოგიერთი კი შესვენებაზე არც გადის და ჩვენთან ჩახუტება სურს.

ზოგადად, ტაილანდში მასწავლებლის პროფესია საზოგადოებაში დაფასებულია. ტაილანდელი მასწავლებელი ძალიან მკაცრია; მას ბავშვის ცემაც კი შეუძლია და ეს ყველასთვის ჩვეულებრივი ფაქტია.

აქედან გამომდინარე, უცხოელი მასწავლებლები ბავშვებს ძალიან უყვართ. მათ გაკვეთილებზე შედარებით თავისუფლად არიან და კაფეტერიაშიც ჩვენს გვერდით სხდებიან.

ქეროლაინის თქმით, ტაილანდის საგანმანათლებლო სისტემას ბევრი ხარვეზი მოიძებნება.

მაგალითად, მოსწავლეებმა სკოლის პერიოდში არ იციან, რა არის საგანში ჩაჭრა. ამას მხოლოდ უნივერსიტეტში იგებენ, რაც თურმე ძლიერ სტრესს იწვევს და ხშირად თვითმკლველობამდეც მიჰყავს სტუდენტი.

ყველაზე გულსატკენი კისკოლებში დისკრიმინაციაა. არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო სკოლაა თუ კერძო, ინგლისურის გაკვეთილებს მხოლოდ ის ბავშები ესწრებიან, ვის მშობლებსაც საფასურის გადახდა შეუძლიათ.

სამწუხაროდ, არც ეს ანაღვლებს ბევრად ვინმეს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge