fbpx
საქართველო

ურბანარე – ახალი სივრცე თბილისურ ბინაში

უკი ოდნავ მიმალულ, საინტერესო და ჯერ კიდევ გზამკვლევებში არ არსებულ ადგილს ეძებ თბილისის მასშტაბით, სწორ ადგილას მოხვდი. ამ პოსტში მოგიყვები ურბანარეზე, პირველ საბინაო სივრცეზე (apartement space) თბილისში, სადაც ძალიან მარტივად შეძლებ გაეცნო ქვეყნის დედაქალაქს. მაშ, განაგრძე კითხვა!

რა არის ურბანარე და რატომ უნდა ეწვიო მას?

ურბანარე არის სივრცე, რომელიც შექმნა ორმა მეგობარმა, კოლეგამ და ბევრ საერთო პროექტზე მომუშავე ანთროპოლოგმა ანა რამაზაშვილმა და დათა ჭიღოლაშვილმა. მათ უნდოდათ სტუმრისთვის თბილისი დაენახებინათ სხვა მხრიდან, ადგილობრივების პერსპექტივიდან, რადგანაც ,,ყველა ტურისტული ადგილი თითქოს ერთნაირად გამოიყურება“.  ორივე მათგანს ერთად და ცალ-ცალკე უამრავ სხვადასხვა პროექტზე უმუშავია თბილისის შესახებ, სწორედ ამიტომ, გადაწვიტეს ისეთი სივრცის შექმნა, რომელშიც თავმოყრილია უამრავი დეტალი თბილისის შესახებ, ძველი და ახალი წიგნები, ხელნაკეთი სუვენირები და ადგილობრივი არტისტების ჩანახატები.

ურბანარეს მთავარი მიზანია, სტუმარი მოხვდეს სახლის ატმოსფეროში და მიხვდეს, თუ რას ნიშნავს თბილისში ცხოვრება. ამ ყველაფერს ძალიან უწყობს ხელს მათი ადგილმდებარეობა – თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, პლეხანოვი, ერთ-ერთ თბილისურ ეზოში წინამძღვრიშვილის 44/46-ში.

რას იპოვი აქ

ურბანარეს უნიკალური დეტალი არის ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ძველ და ახალ წიგნებს, სხვადასხვა მკვლევრების პუბლიკაციებსა და ტურისტულ მეგზურწიგნებს. პუბლიკაციათა უმრავლესობა შეზღუდული ტირაჟითა გამოცემული და შესაბამისად წიგნების მაღაზიებში ვერ იპოვი. თაროზე, რომელსაც ,,არქივი“ აწერია, იპოვი წიგნებს თბილისის XIX-XX საუკუნეების ურბანულ განვითარებაზე, თბილისსა და საქართველოში არსებული საბჭოთა ნაგებობების კოლექციის ბუკლეტს, სხვადასხვა ჟურნალებს და თბილისისა და საქართველოს შესახებ სხვადასვხ წიგნებს ქართულად, რუსულად და ინგლისურად.

სივრცის მეორე ნაწილი ეთმობა ადგილობრივების ხელნაკეთი სუვენირების გამოფენას, რომელთა თემატიკა, ცხადია სხვადასხვაა, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ – თბილისი. ეს არტისტები მასებში ცნობილები არ არიან და შესაბამისად ჩვეულებრივ მაღაზიებში მათ ვერ იპოვით. აქვე გადააწყდებით საბჭოთა მოზაიკის პოსტერებს, ურბანულ ჩანახატებს, ჭიქის სადგამებს, ლეგო სათამაშოებისგან აწყობილ გულსაბნევებს, თბილისის ცნობილი შენობების ფორმის სანთლებს და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში, ეს ნივთები თითო ეგზემპლარია, რაც ნიშნავს, რომ შენ თბილისიდან გაიყოლებ სრულიად ორიგინალურ სუვენირს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად გაგახსენდება.

ჭიქის დასადგამები საბჭოთა მოზაიკით
სანთლები თბილისის არქიტექტურით
თბილისის ხედები

თბილისის თემის გარდა, ურბანარეში ასევე გამოფენილია ავსტრიელი არტისტის კატერინა შტადლერის მიერ მეორადად გადამუშავებული ნივთები, როგორიცაა ხილის წვენების ქაღალდის კონტეინერებისგან გაკეთებული საფულეები და ლუდის ქილებისგან დამზადებული საფერფლეები.

ყველაზე გასაოგნებელი რამ, რასაც აქ გადავაწყდი არის სასაპნე ბავშვებისთვის, რომელსაც მოჰყვება მომცრო ისტორია და ხელის დაბანის წასახალისებლად საუკეთესო რამეა, რადგან ისტორიის დასასრულის გასაგებად საპონი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. გასაოცარია, არა?

კამპას წვენის ყუთებისგან დამზადებული საფულეები

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რასაც დათა და ანა აპირებენ თავიანთი სახლური ატმოსფეროს სივრცეში. სამომავლოდ ისინი გეგმავენ ნაკლებად ცნობილი არტისტების გამოფენებს თბილისის სხვადასხვა სახლებში, ასევე ვორქშოფებს მეზობლებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით, რომელთაც პერიოდულად სურთ, რომ რაღაც განსაკუთრებულით შეიქციონ თავი.

გულწრფელად რომ ვთქვა, როგორც ადგილობრივს, მართლა მეგონა, რომ თითქმის ყველაფერი ვიცოდი რაც თბილისში ხდება, მაგრამ ურბანარემ დამარწმუნა რომ ძალიან ვცდები! ეს გადასარევი ადგილია, დაინახო დედაქალაქი სხვადასხვა კუთხიდან, მოისმინო და წაიკითხო სხვადასხვა ამბები მის განვითარებაზე, ამბები რომელსაც ვერ იპოვი მეგზურწიგნებში. ასევე აქ გადაეყრები მასებისთვის ნაკლებად ცნობილ უნიკალურ ნაკეთობებს. როგორც კი ქალაქში აღმოჩნდები, აუცილებლად ეწვიე ურბანარეს და უკმაყოფილო არავითარ შემთხვევაში არ დარჩები.